პროექტი ითვალისწინებს ოთხ ქვეყანას შორის არსებული ელექტროგადამცემი ხაზების განვითარებას, ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და ევროპულ ბაზრებზე ელექტროენერგიის ექსპორტის გაზრდას.
შეთანხმება 10 ნოემბერს თურქეთის ქალაქ ანტალიაში, გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP31) ფარგლებში გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს:
- საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა,
- აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა,
- თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა,
- ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრმა ივა პეტროვამ.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმების ფარგლებში ოთხი ქვეყანა განსაზღვრავს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემების ოპერატორებს, რომლებიც პროექტების განსახორციელებლად შექმნილი ერთობლივი საწარმოს აქციონერები გახდებიან.
პროექტის მიხედვით, ენერგეტიკული დერეფნის გამტარუნარიანობა 2-3 ათასი მეგავატი უნდა იყოს. სამინისტროს განმარტებით, ეს საქართველოს საშუალებას მისცემს, ელექტროენერგიის ექსპორტის მიმართულებები გააფართოოს და ქვეყანაში წარმოებული მწვანე ელექტროენერგია ევროპის ბაზრებზე გაყიდოს.
„საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი და ბულგარეთი შევთანხმდით, რომ მოხდება ძალების გაერთიანება იმისთვის, რომ ქვეყნებს შორის არსებული ელექტროგადამცემი სახმელეთო ხაზების კიდევ უფრო მეტად განვითარება მოხდეს, იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენს ქვეყნებში გენერირებული ელექტროენერგიის შემდგომში კიდევ უფრო მეტი წარმატებითა და მეტი გამტარუნარიანობით ექსპორტს ევროკავშირის ქვეყნებში“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
რას ამბობენ თურქეთში
თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს განცხადებით, შეთანხმება მიზნად ისახავს რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, სუფთა ენერგიით ვაჭრობის გაფართოებასა და ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციას.
თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა პროექტს „ელექტროენერგიის TANAP-ი" უწოდა, ტრანსანატოლიური გაზსადენის ანალოგიით, რომლითაც აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპულ ქვეყნებს მიეწოდება.
ბაირაქტარის თქმით, ოთხ ქვეყანას შორის თანამშრომლობას საფუძველი 2024 წელს ჩაეყარა, 2025 წლის აპრილში ბაქოში გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით გაგრძელდა, ახლა კი მთავრობათაშორისი შეთანხმებით გამყარდა.
რას ამბობენ აზერბაიჯანში
აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა შეთანხმებას ოთხი ქვეყნის მწვანე ენერგეტიკული დერეფნის განვითარებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა.
„ეს სტრატეგიული ინიციატივა ხელს შეუწყობს აზერბაიჯანის განახლებადი ენერგიის მნიშვნელოვანი პოტენციალის თურქეთისა და ევროპის ბაზრებთან დაკავშირებას, რეგიონული ენერგეტიკული კავშირების გაძლიერებას და ჩვენი ქვეყნის რეგიონთაშორის ელექტროენერგეტიკულ ჰაბად გარდაქმნას“, – განაცხადა შაჰბაზოვმა, რომლის სიტყვებსაც აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო AZERTAC-ი ავრცელებს.
აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ოთხი ქვეყნის მინისტრები 2026 წლის მაისშიც შეხვდნენ ერთმანეთს სტამბოლში. მაშინ ცნობილი გახდა, რომ პროექტის ტექნიკური დავალება უკვე მომზადებული იყო და მხარეები მისი განხორციელებისთვის სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე შეთანხმდნენ.
რას ამბობენ ბულგარეთში
ბულგარეთის ენერგეტიკის სამინისტროს განმარტებით, შეთანხმება ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადაცემისა და ვაჭრობის განვითარებასთან ერთად ოთხი ქვეყნის ელექტროენერგეტიკული ქსელების ინტეგრაციასაც ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, მხარეებმა უნდა განსაზღვრონ „აუცილებელი ტექნიკური, კომერციული და მარეგულირებელი პირობები, რათა უზრუნველყოფილი იყოს მონაწილე ქვეყნებს შორის ელექტროენერგიის უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტი გადაცემა“.
ბულგარეთის სამინისტრო ასევე მიუთითებს, რომ პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებით კომუნიკაციისა და მონაცემთა გადაცემის გაუმჯობესებაც.
შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტი
ოთხი ქვეყნის სახმელეთო ენერგეტიკული დერეფნის პარალელურად, საქართველო მონაწილეობს კიდევ ერთ რეგიონულ ინიციატივაში, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე ელექტროგადამცემი კაბელის გაყვანას ითვალისწინებს.
ეს ცალკე პროექტია, რომლის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას 2022 წლის დეკემბერში საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა მოაწერეს ხელი.
პროექტით გათვალისწინებულია დაახლოებით 1 155 კილომეტრის სიგრძის წყალქვეშა და სახმელეთო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა, რომელიც საქართველოსა და რუმინეთის ენერგოსისტემებს დააკავშირებს. მისი დაგეგმილი გამტარუნარიანობა 1 300 მეგავატია.
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, იტალიურმა საკონსულტაციო კომპანია CESI-მ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა დაასრულა და მისი განხორციელების შესაძლებლობა დაადასტურა.
2026 წლის თებერვალში სახელმწიფო ელექტროსისტემამ CESI-სთან კიდევ ერთი ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკური და გეოტექნიკური კვლევების მომზადებასა და ზედამხედველობას ეხება.
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტისთვის 2026-2027 წლებში ჯამში 50 მილიონი ლარია გათვალისწინებული. თანხას მსოფლიო ბანკი გამოყოფს.
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მსგავსად, 10 ნოემბერს ანტალიაში ხელმოწერილი შეთანხმებაც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიიდან ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტის გაფართოებას.
ოთხმხრივი შეთანხმების ფარგლებში ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობის კონკრეტული ვადები და დაფინანსების მოცულობა ჯერჯერობით არ გამოცხადებულა.
ფორუმი