ერევანში ორი მძევალი გაათავისუფლეს პოლიციის განყოფილებასთან დაპირისპირებისას

პოლიციის განყოფილების მიმდებარე ტერიტორია

ერევანში ორი მძევალი გაათავისუფლეს პოლიციის განყოფილებასთან სამართალდამცველებისა და შეიარაღებული პირების დაპირისპირებისას. სომეხი ოფიციალური პირების ცნობით, მძევლები - პოლიციელი და სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი - გამოუშვეს ახლაც მიმდინარე მოლაპარაკების შედეგად.

ოფიციალური ინფორმაციით, შეიარაღებული პირები, რომლებიც დაკავშირებული არიან ოპოზიციურ ჯგუფ „დამფუძნებელ პარლამენტთან“ და ჯგუფის დაპატიმრებული ლიდერის გათავისუფლებას მოითხოვენ, 17 ივლისს შეიჭრნენ ერებუნის პოლიციის განყოფილებაში. თავდასხმის დროს მოკლეს პოლიციის პოლკოვნიკი და დაჭრეს ექვსი პოლიციელი. შეიარაღებული პირების ხელში რჩება კიდევ ხუთი მძევალი.

თავდამსხმელებმა გაავრცელეს განცხადება, რომლითაც მოითხოვენ, გათავისუფლებულ იქნეს მათი ლიდერი ჟირაირ სეფილიანი - ოპოზიციონერი, რომელიც სომხეთში გასულ თვეში დააკავეს იარაღის ფლობის ბრალდებით. სომხეთის მთავრობა გამორიცხავს მის გათავისუფლებას და თავდამსხმელებს იარაღის დაყრისაკენ მოუწოდებს. უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები წუხელ მოლაპარაკებას აწარმოებდნენ შეიარაღებულ პირებთან, მაგრამ ვერ შეძლეს დაპირისპირებისათვის ბოლოს მოღება.