"ესეც ასე, მორჩა” - ბარგით გატენილი მანქანის საბარგული იკეტება. ცოლ-ქმარი სახლის კარის გასაღებს ბოლოჯერ ატრიალებს. “დავიძარით” - შესძახებს მათი ერთ-ერთი შვილი. მერე კი ყველანი მანქანაში სხდებიან და საკუთარ ეზოს ტოვებენ - ასე იწყება “ქორიძეების ოჯახის თავგადასავალი” ამავე სახელწოდების იუტუბარხის ვიდეოში, რომელიც საქართველოდან ესპანეთში ემიგრაციაში მიმავალ ოჯახზე გვიამბობს.
2025 წელს საქართველოდან 114 374 ადამიანი წავიდა - უმრავლესობა ახალგაზრდა. ეს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით. და თუ ადრე ემიგრაციაში ოჯახიდან ერთი წევრი მიდიოდა, ახლა მთელი ოჯახი მიდის - დაბრუნების ბუნდოვანი პერსპექტივით.
სასწავლებლად თუ უკეთესი სამუშაოს პოვნის მიზნით წასულ ემიგრანტებს შეემატნენ ისინიც, ვინც უწყვეტი საპროტესტო აქციების პერიოდში ბევრჯერ დააჯარიმეს, ვისაც ქონება დაუყადაღეს, ვინც სამსახური დაკარგა, ვინც ციხეში აღმოჩნდა და გამკაცრებული კანონების გამო ისევ დაემუქრა პატიმრობა. ვინც ამ ქვეყანაში დარჩენის და ცხოვრების გაგრძელების აზრი ვეღარ იპოვა.
ასევე ნახეთ
რატომ წავედი საქართველოდანრას გვეუბნება რიცხვები?
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წელს, საქართველოდან ემიგრაციაში წავიდა 114 374 ადამიანი. 2025 წელს ქვეყანაში დაბრუნდა 131 501 ადამიანი.
ემიგრაცია და იმიგრაცია
| მაჩვენებელი | რაოდენობა |
|---|---|
| საქართველოდან წავიდა | 114 374 |
| საქართველოში შემოვიდა | 131 501 |
| მიგრაციული სალდო | +17 127 |
- საქართველოში შემოსულთა რაოდენობა გასულთა რაოდენობაზე 15,0%-ით მეტია.
ემიგრაციის მონაცემები პროცენტებში
| მაჩვენებელი | რაოდენობა | პროცენტი |
|---|---|---|
| სულ ემიგრანტი | 114 374 | 100% |
| საქართველოს მოქალაქე | 58 799 | 51,4% |
| კაცი | 68 152 | 59,6% |
| ქალი | 46 222 | 40,4% |
| 20–29 წლის | 31 828 | 27,8% |
| 25–29 წლის | 17 105 | 15,0% |
| 20–24 წლის | 14 723 | 12,9% |
20–29 წლის ახალგაზრდები ყველა ემიგრანტის 27,8%-ს შეადგენენ, ანუ დაახლოებით ყოველი მეოთხე ემიგრანტი ამ ასაკობრივ ჯგუფშია.
ეს მონაცემები 1994 წლიდან არ მოიცავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიებს, ხოლო 2009 წლიდან აჟარის და ახალგორის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებს.
2015 წელთან შედარებით, 2025 წელს საქართველოდან ემიგრაციაში 19,2%-ით მეტი ადამიანი წავიდა. თუმცა ბოლო ათწლეულის განმავლობაში ემიგრაციის მაჩვენებელი არათანაბრად იცვლებოდა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2023 წელს წელს იყო - 245 064 ემიგრანტი. 2025 წელს ეს რიცხვი პიკურ მაჩვენებელთან შედარებით 53,3%-ით შემცირდა, თუმცა კვლავ აღემატება 2015 წლის მონაცემს.
| შედარება | რაოდენობრივი სხვაობა | პროცენტული ცვლილება |
|---|---|---|
| 2025 წელი 2015 წელთან შედარებით | +18 409 | +19,2% |
| 2023 წელი 2015 წელთან შედარებით | +149 099 | +155,4% |
| 2025 წელი 2023 წელთან შედარებით | −130 690 | −53,3% |
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს რიცხვები მოიცავს როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნების მოქალაქეებს. შესაბამისად, ყველა ემიგრანტის რაოდენობის ზრდა ავტომატურად არ ნიშნავს საქართველოს მოქალაქეთა ემიგრაციის იმავე პროპორციით ზრდას.
ასევე ნახეთ
კატათაგვობანას თამაში სიკვდილის გზაზე - ქართველი მიგრანტების ისტორიები ირლანდიიდან“ჩვენ რიცხვებით ვაფასებთ და არა ემოციებით“ - საქსტატი
საქსტატის დირექტორის მოადგილე, პაატა შავიშვილი გვეუბნება რომ მიგრაციისთვის ყველაზე აქტიური ასაკი 20-29 წელია და ეს ასე იყო ყოველთვის.
“ამაში ახალი არაფერია. ადამიანი მორჩა სწავლას. ფიქრობს ახალ შესაძლებლობებზე და მიდის”.
პაატა შავიშვილი აზუსტებს, რომ მართალია ემიგრაცია ისევ ზრდადია, მაგრამ ბოლო ორ წელში საქართველოს დადებითი მიგრაციული სალდო აქვს - 2025 წელს 3274 მოქალაქით მეტი შემოვიდა, ვიდრე დატოვა.
“ჩვენ მიზეზებს არ ვიკვლევთ, რიცხვებს ვუყურებთ, ამ რიცხვების მიხედვით, განსაკუთრებული მოვლენა არ ხდება. ფაქტია, რომ 2025 წელს, თუ ემიგრანტთა რიცხვი არის 114 000, იმიგრანტთა რაოდენობა 131 000-ა”.
ასევე ნახეთ
ნაკლები ბავშვი, მეტი მოხუცი - ასეთია საქართველოს დემოგრაფიული პორტრეტითუ საქართველოდან წასულთა უმრავლესობა 20-40 წლამდე ასაკისაა, ქვეყანაში დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა ასაკი საშუალოზე მაღალია.
ბრუნდებიან ძირითადად 60+ ადამიანები.
საქართველოში შემოსული სხვა ქვეყნის მოქალაქე იმიგრანტებიც, როგორც წესი, ახალგაზრდები არიან.
2025 წელს, ქვეყანაში ჩამოსული და დარჩენილი 131 501 ადამიანიდან საქართველოს მოქალაქე იყო 65 436. მოქალაქეობის მიხედვით სხვა ქვეყნების სია ასე გამოიყურება:
"ემიგრაციული ცხოვრების გამოცდილებაც დაგროვდა"
ემიგრაცია, განსაკუთრებით ახალგაზრდების - სწავლის გაგრძელებას ან უკეთესი შემოსავლის პოვნას უკავშირდება და ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს დემოგრაფი მზია შელია, თუმცა - აზუსტებს იგი - როცა ქვეყანას ტოვებს რეპროდუქციული ასაკის, შრომისუნარიანი მოქალაქეების ნაწილი, ეს შობადობის მაჩვენებელს ამცირებს. აი მოსახლეობის დაბერება კი, შეუქცევადი ხდება.
მზარდი ემიგრაციის ფონზე საქართველოში უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება. 2025 წელს:
- დაიბადა 37 867 ადამიანი.
- გარდაიცვალა 44 319 ადამიანი.
“ბოლო აღწერის მიხედვითაც, საქართველოში ყოველი მეოთხე ადამიანი უკვე 60 წელს გადაცილებულია”, - ამბობს მზია შელია და იხსენებს 2018 წელს პოტენციურ ემიგრაციაზე სტუდენტებთან ჩატარებულ კვლევას:
„ვინც სასწავლებლად მიდიოდა, ვეკითხებოდით, დაბრუნდებოდნენ თუ არა უკან სამშობლოში. მათი აბსოლუტური უმრავლესობის პასუხი იყო - “არ ვიცი” - ეს ნიშნავს, რომ ის პოტენციურად დამრჩენია”.
ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, ემიგრაციის მიზეზებს შორის არის თუ არა გადამწყვეტი ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობა, ძნელი სათქმელია. ზუსტი პასუხი ამაზე მანამ არ იქნება, სანამ მიგრაციის მიზეზებზე მასშტაბური კვლევა არ ჩატარდება.
მსგავსი კვლევა საქართველოში წლებია არ ჩატარებულა.
დემოგრაფის შეფასებით, თუ ადრე, სწავლის გაგრძელების თუ ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით წასულებს ოჯახიდან ერთი ადამიანი მიდიოდა ემიგრაციაში - ახლა უკვე მიდიან ოჯახებით.
“ემიგრაციული ცხოვრების გამოცდილებაც დაგროვდა და სავიზო ლიბერალიზაციამაც გაამარტივა წასვლა. ადრე თუ ყველა არალეგალურად მიდიოდა, ახლა წასვლის სხვა ბევრი გზა გამოიძებნა”.
ასევე ნახეთ
ამდენი ემიგრანტი საქართველოს არასდროს ჰყოლია? - რატომ და სად მიდიან სამშობლოდან„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძემ ემიგრაციის თემაზე საჯაროდ 2026 წლის მარტის დასაწყისში ისაუბრა პროსახელისუფლებო ტელეკომპანია "იმედის" ეთერში და თქვა, რომ „ემიგრაცია არის პრობლემური საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის“. მან მიგრაციულ პროცესები „ეკონომიკური გრავიტაციის კანონს“ დაუკავშირა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის გადაადგილებაზე უმთავრეს გავლენას "ეკონომიკური ფაქტორები და განვითარების დონე ახდენს".
“ვიცი, ათი წელი ვერ დავბრუნდები“ - სალომე საფრანგეთიდან
დიდი ხანი არ არის, რაც სალომე ცისკარაულმა საფრანგეთისგან პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.
საქართველო მან რამდენიმე თვის ფეხმძიმემ დატოვა.
სალომე ყოფილი საჯარო მოხელეა - ის ფოლკლორის ცენტიდან დაითხოვეს და იმ ასობით საჯარო მოხელეს შორის აღმოჩნდა, ვინც 2025 წელს მასობრივად გაათავისუფლეს, ოფიციალურად საკადრო რეორგანიზაციის პროცესში.
სალომე ცისკარაული შვილთა ერთად საფრანგეთში.
გათავისუფლების მიზეზებზე სალომე ცისკარაული მაშინ რადიო თავისუფლებისათვის მიცემულ ვრცელ ვიდეოინტერვიუშიც ლაპარაკობდა და დღესაც იმავეს ფიქრობს: ,,ჩემი აქტიურობის გამო და პროტესტში მონაწილეობის გამო მოხდა ის, რომ მე აღარ ვიყავი საჭირო ჩემს სამსახურში”.
წასვლა მას მერე გადაწყვიტა, რაც მიხვდა, რომ უსამსახუროდ, უხელფასოდ, დაზღვევის გარეშე დარჩენილი და თან ხუთი თვის ორსული, საქართველოში შვილის გაზრდას თავს ვერ გაართმევდა. სალომე მარტოხელა დედაა:
„ამ გადაწყვეტილებას უამრავი გათენებული ღამე უძღოდა წინ. ყველა და ყველაფერი გამოვიტირე. ვფიქრობდი, რა უნდა მექნა ბავშვი რომ გაჩნდებოდა და უბრალოდ, სხვა ვერაფერი მოვიფიქრე. საფრანგეთს ვთხოვე თავშესაფარი. გამიმართლა - მომცეს”.
ახლა სალომეს აქვს განცდა, რომ შვილს უსაფრთხოდ ზრდის - “არ მეშინია, რომ ქუჩაში გასულს თავში რამე დამეცემა ან სასწრაფოს თუ გამოვიძახებ, ორ საათში მოვა. რომ წამლებს ვერ ვიყიდი…და ეს უსაფრთხოების განცდა მეხმარება გაძლებაში” - აქვს მუშაობის უფლება, სხვა ქვეყნებში მოგზაურობაც შეუძლია. მხოლოდ საქართველოში წამოსვლის უფლება არ აქვს - კიდევ ათი წელი.
გვიყვება, რომ ქალაქში, სადაც ის ახლა ცხოვრობს, უამრავი ქართველი ხვდება, ვინც სხვადასხვა მიზეზით თავშესაფარს ითხოვს:
“განსაკუთრებით ბევრია ისეთი, ვინც ბოლო დროს წამოვიდა - ზოგს ბავშვი ჰყავს ავად, ზოგმა სამსახური დაკარგა, ზოგი ძალადობის მსხვერპლია. უცნაური ის არის, რომ არ ვარ დიდ ქალაქში და აქ მაინც ბევრი ქართველია. ახლაც, საავადმყოფოში მოვიყვანე ბავშვი და ქართველი წყვილი შემოვიდა”.
ასევე ნახეთ
„სამაგალითოდ დავისაჯე, როგორც ქალი და როგორც თანამშრომელი“ - გათავისუფლება ფოლკლორის ცენტრიდან“სანამ ეს ხელისუფლებაა, ვერ დავბრუნდები” - ბაჩო გერმანიიდან
რუსთაველზე მიმდინარე უწყვეტი საპროტესტო აქციების მონაწილე, ბაჩო კუცია ახლა გერმანიაში ელის პოლიტიკურ თავშესაფარს.
საქართველოდან წასვლა მან მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც აქციის დროს ტროტუარზე დგომის გამო პატიმრობა დაემუქრა.
“დარბევების, ცემის, გაზის ყლაპვის გამო ჯანმრთელობა, ფიზიკურიც და ფსიქოლოგიურიც საშინლად შემერყა, ციხეში წასვლა გამორიცხული იყო. ძალიან უცებ ამიღეს ბილეთი და ისე წამოვედი… ძალიან ძნელია ოჯახის, მეგობრების, თანამებრძოლებისგან ასე შორს ყოფნა, თან როცა ისიც არ იცი, რა პასუხს გეტყვიან. მაგრამ გული მაინც იმაზე მწყდება, რომ მათთან არ ვარ, რუსთაველზე”.
ბაჩო კუცია თავშესაფარში. გერმანია. 2026.
ბაჩო კუცია გვიყვება, რომ მის გარშემოც ბევრი ქართველია, ვინც ქვეყანა ბოლო ორ-სამ წელში დატოვა. ნაწილმა - ეკონომიკური პრობლემების, ნაწილმა ჯანმრთელობის, ნაწილმა, როგორც ამბობს, პოლიტიკური დევნის გამო.
“მათი უმეტესობა იმედგაცრუებულია. მართალია, ყველას თავის სამშობლოში ურჩევნია, მაგრამ ამავე დროს, ყველას აქვს მიზეზი, რის გამოც ემიგრაცია არჩიეს”.
თავად ბაჩოც იმ იმედით ცხოვრობს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, დაბრუნებას შეძლებს.
“ეგ იმედია, რაც აქ ყველას აძლებინებს”.
ხედი ბაჩო კუციას ოთახიდან
სამოქალაქო აქტივისტი ბაჩო კუცია ზუსტად ერთი წლის წინ დააკავა პოლიციამ - იზოლატორში გზის გადაკეტვის გამო მან 14 დღე გაატარა. “ერთადერთი პასუხი რეჟიმს - დაუმორჩილებლობა“ - იყო მაშინ მისი პასუხი. საპროტესტო აქციების აქტიურმა მონაწილემ საქალაქო სასამართლოსთან სისხლის სამართლის კოდექსიც დაწვა და თქვა, რომ ეს იყო “ძალადობრივი რეჟიმის სიმბოლური აუტოდაფე“.
ასევე ნახეთ
“ოჯახებით მიდიან, უკან დაბრუნებას აღარ აპირებენ” - როგორ ცვლის მიგრაცია დემოგრაფიულ სურათს საქართველოში“დაბრუნებულებს ვეხმარებოდი, ახლა მეც წავედი“ - ნინო ირლანდიიდან
ნინოც (სახელი მისივე თხოვნით შეცვლილია) პოლიტიკური თავშესაფრის მოლოდინშია - ირლანდიაში.
საქართველოში ის ერთ-ერთი აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომელი იყო. წლები მუშაობდა რეგიონში, მაგრამ “გრანტების კანონის” შემოღების და არასამთავრობოების უდიდესი ნაწილის დახურვის ან საქმიანობის შეჩერების შემდეგ, ისიც, მისი ათობით თანამშრომლის მსგავსად, სამსახურის გარეშე დარჩა.
“ახლა უცხო ქვეყანაში ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყო. ძალიან რთულია. წასვლაც, თავიდან დაწყებაც, დანაშაულის განცდაც, რომ რაღაც მიატოვე, მაგრამ სხვა გზა ვერ ვიპოვე”.
ნინო გვიყვება, რომ 2024 წლის შემდეგ ბევრი რამ სცადა, რომ ემიგრაცია ერთადერთ გამოსავლად არ დარჩენილიყო.
“რასაც ჩვენ ვაკეთებდით, ერთი ხელის მოსმით გააუქმა სახელმწიფომ, მტრად გამოგვაცხადა და მძლავრი პროტესტის მიუხედავად, რაშიც ყველანი ვიყავით ჩართული, არაფერი შეიცვალა. ბევრი ვიფიქრე, რას ვთავაზობდი ასეთ ქვეყანაში ჩემს შვილებს, როგორ გარემოში უნდა გვეცხოვრა და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვდარდობ, ასე რადიკალურად მათი ცხოვრების შეცვლას, მაინც წასვლა გადავწყვიტეთ…”
ნინოს ოჯახთან ერთად წინ თავშესაფრის მიღების ხანგრძლივი პროცესი ელის.
ასევე ნახეთ
არსადაც არ წავალ! - მოუსმინეთ მათ, ვინც წლებია წასვლაზე ფიქრობს და მაინც საქართველოში რჩებასაქართველო კი, ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა ტოპ 20-ეულში რჩება (მე-17 პოზიციაზე). ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) ოფიციალური ანგარიშის მიხედვით: 2025 წლის განმავლობაში ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებმა თავშესაფრის მისაღებად 15 295 განაცხადი წარადგინეს (მათი დიდი ნაწილი - 12 788 იყო პირველადი განაცხადი).
EUAA-ს მონაცემებით, თავშესაფრის მოთხოვნაზე საქართველოს მოქალაქეების განაცხადების დაკმაყოფილების (აღიარების) მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია და ის საშუალოდ 5-8%-ს შორის მერყეობს.