ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 7 ოქტომბერი

ე.წ. „ჯიჰადის ვიდეორგოლის“ საქმის გახსნა და ოფიციალური ვერსია დღევანდელ პრესაშიც იხილება. „კვირის პალიტრისთვის“ საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტ გიორგი კობიაშვილს უთქვამს: „ჩემთვის, როგორც აიტი-სპეციალისტისთვის, საინტერესო ამ საქმეში ის არის, რომ ჩოკუტაევმა მოახერხა მალაიზიაში სერვერის ისე პროგრამირება, რომ დახურული (დაცული) ხაზით ემუშავა. დახურული ხაზის შიფრის მოხსნას წლები სჭირდება და ზოგჯერ ვერც ხსნიან. ალბათ, სწორედ ამაში დაეხმარნენ ჩვენს სამართალდამცავებს ამერიკელები“. მეორე რესპონდენტი, უსაფრთხოების ექსპერტი ლაშა პატარაია კი თვლის, რომ „გამორიცხულია, სამარ ჩოკუტაევს ყველაფრისაგან დამოუკიდებლად ჰქონოდა ასეთი დიდი მოტივაცია და დაუსჯელობის გარანტია. ეს სპეცსამსახურების აქტივობის ნათელი მაგალითია. არსებობს ინდიკატორები, რომ გამოვკვეთოთ, თუ რომელი ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესებშია ამ შემთხვევაში. კერძოდ, სამარ ჩოკუტაევი დსთ-ის წევრი ქვეყნის, ყირგიზეთის მოქალაქეა. დსთ-ის წევრი ქვეყნები კი რუსული სპეცსამსახურების დაქვემდებარებაში არიან“.
ყოფილი პოლიტპატიმარი, პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია ე.წ. „ჯიჰადის საქმეზე“ „ასავალ-დასავალს“ ეუბნება: „ვინც ჯიჰადის სახელით კლიპი გააკეთა, ის კარგად ერკვეოდა პოლიტიკური ისლამის საკითხებში, ჩვენთან არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაში, საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების საკითხებზეც ჰქონდა ინფორმაცია; ასევე გარკვეული იყო ავღანეთის კონფლიქტში, იცნობდა მასმედიის სპეციფიკას... ერთი სიტყვით, ეს კლიპი გაკეთებული იყო მრავალმხრივი ცოდნით აღჭურვილი ადამიანის მიერ, 23 წლის ჩოკუტაევი კი ასეთი ადამიანის შთაბეჭდილებას ნამდვილად არ ტოვებს“.

„კვირის ქრონიკის“ ავტორი მიმართავს ბიძინა ივანიშვილს: „დავიღალეთ, ბატონო პრემიერო, დრო გადის და ღირებული არაფერი შექმნილა. დროს მხოლოდ ნაციონალების „გაპრავება“ მოჰყვება, დრომ ვერ გაამართლა საპარლამენტო უმრავლესობის ვარგისიანობა. ეს არის სამარცხვინო, არაკომპეტენტური ადამიანებისგან შექმნილი პარლამენტი, რომლებმაც არათუ კანონების წერა, დოკუმენტზე რეზოლუციის დადებაც არ იციან! შესაბამისად, ექსპერტების, ჟურნალისტების კომპეტენციას თუკი გადაამოწმებთ, იქვე პარლამენტარების კომპეტენციაც მოიკითხეთ“.

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე შალამბერიძე, „ახალი თაობისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს: „პრემიერმა კრიტიკის მიღება უნდა ისწავლოს. მე მადლობას ვეტყვი ჩვენს ჟურნალისტებს, რომლებმაც პრემიერის ჯირყვნას, ჯირყვნითვე უპასუხეს. ამ მხრივ, ექსპერტებმა თავი ნამდვილად ვერ გამოიჩინეს. ახლა მოუთმენლად ველოდები როდის შეხვდება ივანიშვილი ბეჭდურ მედიას“, - ეუბნება „ახალ თაობას“ ალექსანდრე შალამბერიძე და ინტერვიუს ასე ასრულებს: „შეგვხვდეს ოპოზიციონერებს და ვანახვებთ, როგორია ნამდვილი მიჯირყვნაო“.

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ზურაბიშვილი, „ვერსიის“ ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც, თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილის მიერ დასმულ კითხვას შეიცავს, ასე უპასუხებს: „დიცსა და დვანში მიმდინარე სადემარკაციო სამუშოებთან დაკავშირებით ხელისუფლების რეაქცია მართლაც დაგვიანებული იყო. მაშინვე უნდა გვეზრუნა იმაზე, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ხმა მასშტაბური კამპანიის საშუალებით მიგვეწვდინა. სამწუხაროდ, რუსეთთან სხვანაირი ურთიერთობა წარმოუდგენელია. სალომე ზურაბიშვილს კი მარტივად ვუპასუხებ - ჩვენ ევრაზიული კავშირისკენ არ მივდივართ. თვით იანუკოვიჩიც კი მიხვდა, რომ რუსეთთან თანამშრომლობას ევროკავშირის მიმართულებით სვლა სჯობს და როგორ ფიქრობთ, ქართველები ახალ საბჭოთა კავშირში შევალთ?!“.

„პრაიმ-ტაიმი“ წერს, რომ უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება დოკუმენტები ბადრი პატარკაციშვილის მეუღლესა და წინა ხელისუფლებას შორის დადებულ გარიგებაზე, რომელსაც ამ დრომდე გრიფი „საიდუმლო“ ედო: „გამომდინარე იქიდან, რომ პატარკაციშვილის ოჯახსა და ჯოზეფ კეის შორის „რუსთავის ფოლადთან“ დაკავშირებული სასამართლო დავა უკვე მეორე ინსტანციაში ჯოზეფ კეის სასარგებლოდ დასრულდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ დოკუმენტების გამოქვეყნება სასამართლოზე გავლენას ვეღარ მოახდენს“, - წერს „პრაიმ-ტაიმის“ ავტორი, რომელიც აქვეყნებს ინტერვიუს „ქართული ფოლადის“ დირექტორ ნათია ჯაყელთან. მისი თქმით, დოკუმენტების გამოქვეყნებით „საზოგადოება ნათლად დაინახავს, „როგორ ძარცვავდა სახელმწიფო ბიუჯეტს პატარკაციშვილის ქვრივი ინა გუდავაძე, „ნაციონალების“ ხელშეწყობით“.