ღვინის და სპირტიანი სასმელების ექსპორტი 2016 წელს

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ გასულ წელს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელის ექსპორტის შედეგები შეაჯამა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ექსპორტის მატება აღსანიშნავია ევროკავშირის, ჩინეთის, აშშ-ისა და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით.

2016 წლის მონაცემებით, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 50 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლიტრიანი) ღვინო, რაც 38 %-ითაღემატება 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 113.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 16 %-ით მეტია 2015 წლის მაჩვენებელზე.

Your browser doesn’t support HTML5

ეკონომიკის მიმოხილვა

განსაკუთრებით აღსანიშნავია ახალი ბაზრის - ჩინეთის - გამოჩენა ღვინის ბაზარზე. ჩინეთში ღვინის ექსპორტის ზრდამ, 2015 წელთან შედარებით, შეადგინა 98 % (5 მილიონ 299 ათასი ბოთლი),უკრაინაში - 70 % (5 მილიონ 811 ათასი ბოთლი), რუსეთში -49 % (27 მილიონ 222 ათასი), პოლონეთში - 46 % (2 მილიონ 330 ათასამდე ბოთლი), კანადაში - 34 % (211 ათასამდე ბოთლი), ბელარუსში - 30 % (1 მილიონ 174 ათასი), დიდ ბრიტანეთში - 28(97 ათასი), ესტონეთში - 25 % (631 ათასი ), ყირგიზეთში - 24 % (230 ათასი), აშშ-ში - 19 % (294 ათასი), ლატვიაში - 19 % (1 მილიონ 258 ათასი),იაპონიაში - 15 % (159.6 ათასი), გერმანიაში - 6 % (292.4 ათასი), ჩეხეთში - 353 % (119,6 ათასი) და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველ ხუთეულში კვლავ გვხვდება ტრადიციული ბაზრები, თუმცა მესამე ადგილზეა უკვე ჩინეთი და, ფაქტობრივად, დაეწია უკრაინას, კერძოდ, ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (27,2 მილიონი ბოთლი), უკრაინა (5,8 მილიონი ბოთლი), ჩინეთი (5,3 მილიონი ბოთლი), ყაზახეთი(3,3 მილიონი) და პოლონეთი (2,3 მილიონი ბოთლი).

ექსპორტირებულ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს შორის პირველ ადგილს იკავებს „ქინძმარაული“ – 7, 4 მილიონი ბოთლი, შემდეგ მოდის „მუკუზანი“ – 2,6 მილიონამდე ბოთლი, „წინანდალი“ – 2 მილიონი, „ახაშენი“ – 923 ათას 780 და „ხვანჭკარა“ – 413 ათას 823 ბოთლი.

ღვინის გარდა 2016 წელს მსოფლიოს 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 10,3 მილიონი ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 43 %-ით აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 23,12 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - ზრდამ, 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფინანსურ გამოხატულებაში 24 % შეადგინა.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 194,3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. 2015 წელს ეს მაჩვენებელი 146,5 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა - ზრდამ 32 % შეადგინა.