რკინის ფარდის პირველი ბზარი - 70 წელი უნგრეთის რევოლუციიდან

ბუდაპეშტის ქუჩები. 1956 წელი

1956 წლის 23 ოქტომბერს უნგრელი ხალხი საბჭოთა ჰეგემონიის წინააღმდეგ აჯანყდა და რამდენიმე დღით ბუდაპეშტის ქუჩებზე კონტროლი დაამყარა. საბჭოთა კავშირმა ქალაქში ჯარები შეიყვანა და აჯანყება სასტიკად ჩაახშო. დამარცხების მიუხედავად, 1956 წლის უნგრეთის აჯანყება ერთგვარ „პირველ ბზარად“ იქცა რკინის ფარდაში.

აჯანყებამდე

1955 წლის 15 მაისს საბჭოთა კავშირის მიერ ავსტრიის ნეიტრალიტეტის აღიარებისა და იქიდან საბჭოთა საოკუპაციო ჯარების გასვლის შემდეგ, ისტორიკოსების თქმით, წესით, უნგრეთის ტერიტორიაც უნდა გათავისუფლებულიყო საბჭოთა ძალებისგან, რომლებიც ამ ქვეყანაში 1947 წლიდან მოყოლებული, ფორმალურად, ავსტრიის საოკუპაციო ჯარების ლოგისტიკის უზრუნველსაყოფად რჩებოდნენ. თუმცა ვარშავის პაქტის დაარსებით (1955 წ.) მოსკოვს უნგრეთის ტერიტორიაზე ჯარის დატოვების შესაძლებლობა მიეცა.

1955 წლის 14 მაისს სოციალისტურმა ქვეყნებმა (სსრკ-ს პოლიტიკური ნებითა და კარნახით) მართლაც გააფორმეს მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ ვარშავის ხელშეკრულება, რამაც საბჭოთა კავშირს უნგრეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჯარების დატოვების შესაძლებლობა მისცა.

ვარშავის ხელშეკრულების სრული სახელწოდება:„მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულება ალბანეთის სახალხო რესპუბლიკას, ბულგარეთის სახალხო რესპუბლიკას, უნგრეთის სახალხო რესპუბლიკას, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას, პოლონეთის სახალხო რესპუბლიკას, რუმინეთის სახალხო რესპუბლიკას, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირსა და ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკას შორის“.

ამ პროცესების პარალელურად სტალინის გარდაცვალების შემდეგ (1953 წ) საბჭოთა კავშირის მიერ ფაქტობრივად ოკუპირებული უნგრეთის მმართველ, მშრომელთა პარტიაში (ВПТ) მიმდინარეობდა შიდაპარტიული ბრძოლა სტალინიზმის მომხრეებსა და რეფორმების მხარდამჭერებს შორის. 1956 წლის 18 ივლისს თანამდებობიდან გადადგა უნგრეთის შრომის პარტიის გენერალური მდივანი, მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი მატიაშ რაკოში.

„უნგრეთში შიდაპოლიტიკური ვითარება მკვეთრად გაუარესდა და ახლა საქმე უკვე სერიოზულ მდგომარეობას ეხება არა მხოლოდ პარტიაში, არამედ მთლიანად ქვეყანაში“, - ასეთი შინაარსის ინფორმაცია გაიგზავნა მოსკოვში უნგრეთში საბჭოთა კავშირის საელჩოდან.

1956 წლის 16 ოქტომბერს სეგედში უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფი ორგანიზებულად გავიდა პროკომუნისტური „ახალგაზრდობის დემოკრატიული კავშირიდან“ და აღადგინა ომის შემდგომ პერიოდში არსებული, მაგრამ მთავრობის მიერ დაშლილი „უნგრეთის უნივერსიტეტებისა და აკადემიების სტუდენტთა კავშირი“. რამდენიმე დღეში სტუდენტთა კავშირის მსგავსი განყოფილებები სხვა ქალაქებშიც შეიქმნა.

1956 წლის ბუდაპეშტში აჯანყებამდე ცოტა ხნით ადრე პოლონეთის ხელმძღვანელმა ვლადისლავ გომულკამ ღიად დაიწყო სტალინიზმის კრიტიკა, რამაც დიდად აღაფრთოვანა უნგრელი სტუდენტები, რომლებმაც გადაწყვიტეს, მშვიდობიანი მანიფესტაციით მხარდაჭერა გამოეცხადებინათ პოლონელებისთვის. მალე პოლონელების მხარდაჭერას მოჰყვა პოლიტიკური ლოზუნგები საბჭოთა ჯარის გაყვანისა და იმრე ნადის პრემიერ-მინისტრად დაბრუნების მოთხოვნით.

იმრე ნადი

იმრე ნადი - 1953 წელს, სტალინის გარდაცვალების შემდეგ, მატიაშ რაკოშის (უნგრ. დიქტატორი 1945-1956 წლებში) რეჟიმის შესარბილებლად, იმრე ნადი პირველად გახდა უნგრეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე (პრემიერ-მინისტრი). როგორც პრემიერმა, მან დაიწყო ე.წ. „ახალი კურსი“: შეამცირა მძიმე მრეწველობის წნეხი, შეასუსტა ტერორი და გაათავისუფლა ზოგიერთი პოლიტიკური პატიმარი. რაკოშისა და ორთოდოქსი სტალინისტების ძალისხმევით, 1955 წელს ნადი თანამდებობიდან გადააყენეს, პარტიიდან გარიცხეს და ბრალი დასდეს „მემარჯვენე გადახრებსა“ და ანტისაბჭოთა პოლიტიკაში. იმრე ნადი სარგებლობდა უზარმაზარი პოპულარობითა და ავტორიტეტით უნგრელ ხალხში, რამაც განაპირობა კიდეც 1956 წლის ოქტომბრის მოვლენების დროს მისი ქვეყნის სათავეში დაბრუნება.

22 ოქტომბერს ბუდაპეშტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტები ქვეყანაში არსებულ ანტიკომუნისტურ მოძრაობას შეუერთდნენ. სტუდენტური ახალგაზრდული მოძრაობის მიერ ხელისუფლების ორგანოებისთვის წაყენებულ ძირითად მოთხოვნებს შორის იყო პარტიის რიგგარეშე ყრილობის დაუყოვნებლივ მოწვევა, იმრე ნადის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა, საბჭოთა ჯარების ქვეყნიდან გაყვანა, სტალინის ძეგლის აღება და სხვა მოთხოვნები - ჯამში 16 პუნქტი.

ამავე დღის 15 საათზე ბუდაპეშტში დაიწყო დემონსტრაცია, რომელშიც დაახლოებით 200 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. 20 საათზე უნგრეთის მშრომელთა პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა, ერნიო გერემ, რადიოთი წარმოთქვა სიტყვა, რომელშიც მკაცრად დაგმო დემონსტრანტები. ამის პასუხად დემონსტრანტთა დიდმა ჯგუფმა შეჭრა სცადა რადიომაუწყებლობის სტუდიაში, რადიოს სახლში. ამ ჯგუფის წევრები მოითხოვდნენ, ეთერში გაეშვათ დემონსტრანტთა პროგრამული მოთხოვნები. სწორედ ამ დროს, უნგრეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის, AVH-ის რაზმთან შეტაკებისას, ჩნდებიან პირველი დაღუპულები და დაჭრილები.

აჯანყებულებმა იარაღი წაართვეს სახელმწიფო უშიშროების რაზმის დასახმარებლად გაგზავნილ რაზმს და პოლიციის განყოფილებებს. შემდეგ აჯანყებულთა ჯგუფი შეიჭრა კილიანის ყაზარმის ტერიტორიაზე და ხელთ იგდო სამშენებლო ბატალიონების შეიარაღება.

რადიოს სახლში ბრძოლა მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. ბუდაპეშტის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა, შანდორ კოპაჩიმ, გასცა ბრძანება, აჯანყებულებისთვის არ ესროლათ და მათ მოქმედებებში არ ჩარეულიყვნენ. პოლიციამ უპირობოდ შეასრულა სამმართველოს შენობის წინ შეკრებილი ბრბოს მოთხოვნები: გაათავისუფლა პატიმრები და შენობის ფასადიდან წითელი ვარსკვლავები ჩამოხსნა.

23 ოქტომბერი

23 ოქტომბერს დაიწყო დემონსტრაცია, რომელშიც დაახლოებით ათასი ადამიანი მონაწილეობდა, ძირითადად სტუდენტები და ინტელიგენციის წარმომადგენლები. დემონსტრანტებს წითელი დროშები და პლაკატები ეჭირათ, რომლებზეც საბჭოთა-უნგრული მეგობრობისა და იმრე ნადის მთავრობაში შეყვანის მხარდამჭერი ლოზუნგები იყო დაწერილი. დემონსტრანტებს რადიკალურად განწყობილი ჯგუფებიც შეუერთდნენ, რომლებიც განსხვავებული შინაარსის ლოზუნგებს სკანდირებდნენ. მანიფესტანტების ერთმა ჯგუფმა იერიში მიიტანა 6,5 ტონიან და რვა მეტრიან სტალინის ქანდაკებაზე, საბჭოთა ოკუპაციის მთავარ სიმბოლოზე, რომელიც ბუდაპეშტის ცენტრში იყო აღმართული.

უნგრელები ამტვრევენ სტალინის დამხობილ ქანდაკებას. ბუდაპეშტი, 1956 წ.

უკვე 23 ოქტომბრის საღამოს, სამართალდამცავ ძალებთან პირველი შეტაკებების დროს, შეიცვალა დემონსტრაციის მშვიდობიანი ხასიათი და გადაიზარდა იგი შეიარაღებულ აჯანყებაში. რაზმები იქმნებოდა არა მხოლოდ ბუდაპეშტში, არამედ ქვეყნის სხვა ქალაქებშიც. აჯანყებულთა შეიარაღებული ჯგუფები, რომლებიც ძირითადად სტუდენტების, მოსამსახურეებისა და ინტელიგენციის წარმომადგენლებისგან შედგებოდა, სახელმწიფო ობიექტებს, ყაზარმებსა და სამხედრო საწყობებს იკავებდნენ.

1956 წლის 23 ოქტომბრის ღამეს უნგრეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა იმრე ნადის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. უნგრეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა, ერნიო გერემ კი, ნიკიტა ხრუშჩოვთან სატელეფონო საუბრისას უნგრეთში საბჭოთა ჯარების შეყვანა ითხოვა.

1956 წლის 23 ოქტომბერს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომაზე ნიკიტა ხრუშჩოვმა უნგრეთის დედაქალაქში ჯარების შეყვანა მოითხოვა. უნგრეთის ხელმძღვანელობასთან სატელეფონო საუბრისას ხრუშჩოვმა განაცხადა, რომ სასურველი იქნებოდა, უნგრეთის ხელისუფლებას სსრკ-ის მთავრობისთვის სამხედრო დახმარების თხოვნით ოფიციალური წერილობითი მიმართვა გაეგზავნა. მართლაც, რამდენიმე საათის შემდეგ, 1956 წლის 24 ოქტომბერს, უნგრეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ანდრაშ ჰეგედიუშმა უნგრეთის მთავრობის სახელით საბჭოთა კავშირს წერილობით მიმართა და ოფიციალურად ითხოვა საბჭოთა ჯარების შეყვანა.

23 საათზე სსრკ-ის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, მარშალმა ვასილი სოკოლოვსკიმ, სპეციალური კორპუსის სარდლობას ბუდაპეშტისკენ ჯარების გადაადგილების ბრძანება მისცა და შემდეგი ამოცანები დაუსახა: დედაქალაქის საკვანძო ობიექტებზე კონტროლის დამყარება, ქალაქში საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენა და შეიარაღებული ძალების ნაწილის გამოყენებით უნგრეთ-ავსტრიასთან საზღვრის დაცვა, ცეცხლის გახსნის გარეშე.

ასევე ნახეთ

დღე, როცა სტალინის პირველი ძეგლი ჩამოაგდეს

საბჭოთა ჯარებმა დაცვა მოაწყვეს უნგრეთის მშრომელთა პარტიის ცენტრალური კომიტეტის, პარლამენტის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ბანკების, აეროდრომისა და იარაღის საწყობების შენობებთან. საბჭოთა წითელმა არმიამ სრულად ჩამოართვა იარაღი უნგრეთის არმიას, უნგრული სამხედრო ნაწილების გარნიზონები კი ბლოკადაში მოაქცია. საბჭოთა ჯარებს შეუერთდნენ უნგრეთის სახალხო არმიის მე-3 მსროლელი კორპუსის ნაწილები.

ქვეყანაში რევოლუციური მოვლენები სულ უფრო სწრაფად ვითარდებოდა და 25 ოქტომბერს სახალხო მოძრაობამ მთელი ქვეყანა მოიცვა. ბუდაპეშტში გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა აჯანყებულებს (რომელთა რაოდენობაც განუწყვეტლივ იზრდებოდა) და სახელმწიფო უშიშროების ჯარებს შორის, რომლებსაც საბჭოთა სამხედრო ნაწილები უჭერდნენ მხარს.

შემდეგი დღეები

25 ოქტომბერს უნგრეთის პარლამენტის შენობასთან გამართული მიტინგის დროს, ცეცხლი გახსნეს ზედა სართულებიდან, რის შედეგადაც დაიწვა საბჭოთა ტანკი, ერთი ოფიცერი კი დაიღუპა. საპასუხოდ საბჭოთა ჯარებმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს. ორივე მხარეს, ჯამში, 61 ადამიანი დაიღუპა და 284 დაიჭრა. იმ დროისთვის ბუდაპეშტის მისადგომებთან საბჭოთა ჯარების ორი დივიზია იდგა.

1956 წლის 26 ოქტომბერს უნგრეთის მთავრობამ ამნისტია გამოაცხადა ყველა იმ პირისთვის, ვინც ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლებში მონაწილეობდა და იარაღს 22:00 საათამდე დაყრიდა. თუმცა აჯანყებულებმა ეს შეთავაზება უარყვეს. შეტაკებები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. უნგრეთის არმიის სამხედრო მოსამსახურეებმა თვითნებურად დატოვეს თავიანთი ნაწილები და დემონსტრანტებს დაუჭირეს მხარი.

27 ოქტომბერს უნგრეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის თანამდებობაზე ერნიო გერე შეცვალა იანოშ კადარმა, გერემ კი საბჭოთა ჯარების სამხრეთის დაჯგუფების სარდლობას შეაფარა თავი ქალაქ სოლნოკში. თუმცა, როგორც მკვლევრები შენიშნავენ, ეს საკადრო ცვლილება ძალიან გვიან განხორციელდა და მას მოვლენებზე გავლენა არ მოუხდენია. ამავე დღეს რადიოთი გამოვიდა იმრე ნადი და დაპირისპირებულ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ადგილობრივი პარტიული ორგანოების წარმომადგენლები გაიქცნენ, მათ ადგილას კი სპონტანურად ჩამოყალიბებული სახალხო თვითმმართველობის ორგანოები გაჩნდნენ - საწარმოებში მუშათა კომიტეტები შეიქმნა, ხოლო ადგილობრივი ადმინისტრაციის ფუნქციების შესასრულებლად - რევოლუციური კომიტეტები.

28 ოქტომბრის დილას დაიგეგმა ბუდაპეშტის ცენტრის იერიში უნგრეთის მთავრობის მხარდამჭერი მე-5 და მე-6 მექანიზებული პოლკების ძალებით. თუმცა იერიშის დაწყებამდე უნგრულმა ნაწილებმა სარდლობისგან მიიღეს ბრძანება, რომ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიეღოთ. ამის მიზეზად დასახელდა თითქოსდა აჯანყებულთა მზადყოფნა დაეყარათ იარაღი.

ბუდაბეშტის ქუჩები 70 წლის წინ

იმრე ნადიმ მოლაპარაკებები გამართა შეიარაღებული რაზმების ხელმძღვანელებთან - ლასლო ივანკოვიჩთან, გერგეი პოგრანაცთან და სხვებთან და მიიღო მათი მოთხოვნები, რის შემდეგაც იმრე ნადიმ თავდაცვის სამინისტროს დაურეკა და გააფრთხილა, რომ „კორვინის“ შტურმის შემთხვევაში თანამდებობიდან გადადგებოდა. სამხედრო ოპერაცია აღარ განხორციელებულა. უნგრეთის სახალხო არმიის ნაწილებს აჯანყებულებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ და არც აჯანყებულთა წინააღმდეგ მოქმედების ბრძანება გაცემულა.

28 ოქტომბერს მოხდა ძირეული გარდატეხა 1956 წლის რევოლუციურ მოვლენებში. იმრე ნადის მთავრობამ, ფაქტობრივად, აღიარა და გამოაცხადა სახალხო რევოლუციის გამარჯვება, ხოლო თავად 60 წლის პრემიერ-მინისტრი მის ლიდერად იქცა. ბუდაპეშტში შეიქმნა რევოლუციური სამხედრო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ გენერალ-მაიორი ბ. კირაი, ლ. კანი, ი. კოვაჩი და პოლკოვნიკი პ. მალეტერი. იმრე ნადი რადიოთი გამოვიდა და უნგრეთში მიმდინარე მოვლენებს „რევოლუცია“ უწოდა. მან განაცხადა, რომ „მთავრობა გმობს შეხედულებებს, რომელთა თანახმადაც, ამჟამინდელი სახალხო მოძრაობა კონტრრევოლუციად განიხილება“. მთავრობამ ცეცხლის შეწყვეტის, უნგრეთის სახალხო არმიის დაშლისა და ახალი შეიარაღებული ძალების შექმნის შესახებ გამოაცხადა. ასევე გამოცხადდა უნგრეთის მშრომელთა პარტიის საქმიანობის შეწყვეტა და საბჭოთა კავშირთან მოლაპარაკებების დაწყება ქვეყანაში განლაგებული საბჭოთა ჯარების გაყვანის თაობაზე.

29 ოქტომბერს ბუდაპეშტში სიმშვიდე სუფევდა. საბჭოთა ჯარებმა ბუდაპეშტის დატოვება დაიწყეს. უნგრეთის ყოფილმა ლიდერმა, მიკლოშ ჰორტიმ, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და დასავლეთ გერმანიის ლიდერებს მიმართა თხოვნით, დახმარებოდნენ „უნგრეთის რევოლუციას“ და, საჭიროების შემთხვევაში, მისი გამარჯვების უზრუნველსაყოფად სამხედრო ძალითაც ჩარეულიყვნენ. უნგრეთის მთავრობა კვლავ დაჟინებით მოითხოვდა საბჭოთა ჯარების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაყვანას.

30 ოქტომბერს საბჭოთა ჯარები თავიანთი დისლოკაციის ადგილებიდან გაიყვანეს, ხოლო აჯანყებულებმა უნგრეთის მშრომელთა პარტიის ბუდაპეშტის საქალაქო კომიტეტი დაიკავეს. შეწყდა სარკინიგზო მიმოსვლა, აეროპორტებმა მუშაობა შეწყვიტეს, დაიკეტა სავაჭრო დახლები, მაღაზიები და ბანკები. დაფიქსირდა კომუნისტების ქუჩებში გასამართლების შემთხვევებიც.

უნგრეთში ფაქტობრივად გაიმარჯვა დემოკრატიულმა რევოლუციამ. იმრე ნადის მთავრობა კოალიციური გახდა: რეფორმისტ კომუნისტებთან ერთად მასში შევიდნენ ძველი პარტიების წარმომადგენლებიც - სოციალ-დემოკრატები, მცირე მიწათმფლობელთა პარტია და ეროვნულ-გლეხთა პარტია. გამოცხადდა უნგრეთის მშრომელთა პარტიის დაშლის შესახებ. მის ნაცვლად შეიქმნა უნგრეთის სოციალისტური მუშათა პარტია, რომელსაც იანოშ კადარი ჩაუდგა სათავეში.

ნიკიტა ხრუშჩოვი (მარცხენა) და მარშალი გიორგი ჟუკოვი

თუმცა 31 ოქტომბერს ნიკიტა ხრუშჩოვმა უნგრეთში „ამბოხის“ ჩახშობის ბრძანება გასცა. ოპერაცია „გრიგალს“ (რუს. Вихрь) ვარშავის ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოების გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, საბჭოთა კავშირის მარშალი ივან კონევი ხელმძღვანელობდა. ჯარების შეყვანის ბრძანება შენაერთების მეთაურებმა თავდაცვის მინისტრ გიორგი ჟუკოვისგან მიიღეს.

1 ნოემბერს უნგრეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, უნგრეთი გასულიყო ვარშავის ხელშეკრულებიდან და შესაბამისი ნოტა გადასცა სსრკ-ის საელჩოს. ნოემბრის პირველ დღეებში იმრე ნადის მთავრობამ ბუდაპეშტის გამაგრება დაიწყო. შეიარაღებულმა რაზმებმა დაიკავეს უმნიშვნელოვანესი ობიექტები და ქუჩებში პატრულირება დაიწყეს. ბუდაპეშტში უნგრეთის სამხედრო ნაწილების პირადი შემადგენლობის რაოდენობამ 50 ათას ადამიანს მიაღწია, ხოლო ეროვნულ გვარდიასა და შეიარაღებულ რაზმებში 15 ათასამდე მოქალაქე იყო გაერთიანებული. აჯანყებულებს 100-მდე ტანკი ჰყავდათ. თავდაცვის რევოლუციურ კომიტეტს გენერალი ბელა კირაი ხელმძღვანელობდა.

სისხლიანი “გრიგალი”

ოპერაცია „გრიგალი“ დაიწყო 1956 წლის 4 ნოემბერს, გამთენიისას. დამატებით უნგრეთში შეყვანილი იქნა კიდევ ერთი დივიზია სსრკ-ის ტერიტორიიდან და ორი არმია კარპატისწინა სამხედრო ოლქიდან. მათი ამოცანა იყო საზღვრის დაცვა, დასავლეთიდან შესაძლო აგრესიის აღკვეთა და ამით ბუდაპეშტში მოქმედი საბჭოთა ჯარების ზურგის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ოპერაციაში ასევე ჩაერთო რუმინეთში დისლოცირებული ცალკეული არმიის მექანიზებული დივიზია. დამატებით სადესანტო ძალები გადასხეს ბალატონის ტბის მახლობლად და ავსტრიის საზღვართან (კარპატისწინა და მოსკოვის სამხედრო ოლქებიდან).

საბრძოლო განგაშით მზადყოფნაში მოიყვანეს ხუთი საბჭოთა დივიზია, რომელთა შემადგენლობაში იყო: 31 550 სამხედრო მოსამსახურე, 1 130 ტანკი და თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, 615 ქვემეხი და ნაღმმტყორცნი, 185 საზენიტო ქვემეხი, 380 ჯავშანტრანსპორტიორი, 3 930 ავტომობილი, 159 გამანადგურებელი და 122 ბომბდამშენი.

ასევე ნახეთ

ფარსი და ტრაგედია

აჯანყებულები ცეცხლს უხსნიდნენ ჯარებს, ჩასაფრებებს აწყობდნენ და ჯავშანტრანსპორტიორებსა და ტანკებს ხელყუმბარებსა და ცეცხლგამჩენი ნარევით სავსე ბოთლებს ესროდნენ.

ეროვნული გვარდიის რაზმები და არმიის ცალკეული ქვედანაყოფები ყველგან უწევდნენ წინააღმდეგობას საბჭოთა ჯარებს. საბჭოთა სამხედრო ნაწილები საარტილერიო დარტყმებს აყენებდნენ აჯანყებულებსა და წინააღმდეგობის ყველაზე ძლიერი კერებს, შემდეგ კი ტანკების მხარდაჭერით ქვეითი ჯარის ძალებით ახორციელებდნენ ტერიტორიების წმენდას.

1956 წლის 11 ნოემბერს, სასტიკი ბრძოლების შემდეგ, ბუდაპეშტში აჯანყებულთა წინააღმდეგობა ჩახშობით დასრულდა ოპერაცია „გრიგალი“.

აჯანყების ჩახშობისთანავე დაიწყო მასობრივი დაპატიმრებები. სსრკ-ისა და უნგრეთის სპეცსამსახურებმა, საერთო ჯამში, დაახლოებით 5 000 უნგრელი დააპატიმრეს (მათგან 846 საბჭოთა ციხეებში გადაიყვანეს). დაპატიმრებულთა შორის მნიშვნელოვანი რაოდენობით იყვნენ უნგრეთის მშრომელთა პარტიის წევრები, სამხედრო მოსამსახურეები და სტუდენტი ახალგაზრდები.

ცხედრები ბუდაპეშტის ქუჩაში 1956 წლის უნგრეთის აჯანყების ჩახშობის შემდეგ.

აჯანყებისა და საბრძოლო მოქმედებების შედეგად, 1956 წლის 23 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე, ჯამში ორივე მხარეს 2 652 უნგრეთის მოქალაქე დაიღუპა, 19 226 კი დაიჭრა.

უნგრეთში საბჭოთა ჯარისკაცებისა და ოფიცრების დანაკარგმა 707 ადამიანი შეადგინა; დაიჭრა 1 500-მდე სამხედრო მოსამსახურე. განადგურდა ან დაზიანდა ტანკების, ჯავშანტრანსპორტიორებისა და სხვა სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვანი რაოდენობა.

იმრე ნადი და მისი მთავრობის წევრები, რომლებიც იუგოსლავიის საელჩოს აფარებდნენ თავს, მოტყუებით გამოიყვანეს იქიდან და რუმინეთის ტერიტორიაზე დააკავეს. მოგვიანებით ისინი უნგრეთში დააბრუნეს, გაასამართლეს და 1958 წლის ივნისში ჩამოახრჩვეს.