Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფარსი და ტრაგედია


საბჭოთა იმპერიის უკიდეგანო ტერიტორიაზე 65 წლის წინ განვითარებული მოვლენების შემყურე უცხო დამკვირვებელი შეიძლება საგონებელში ჩავარდნილიყო: 1956 წლის ადრეულ გაზაფხულზე იმპერიის ერთ ბოლოში (საქართველოში) მოსახლეობამ პროტესტი გამოთქვა დესტალინიზაციის გამო, რასაც კრემლმა ტანკებით უპასუხა. იმავე წლის გვიან შემოდგომაზე იმავე იმპერიის მეორე ბოლოში (უნგრეთში) მოსახლეობა ამჯერად ქუჩაში გამოვა შეჩერებული დესტალინიზაციისა და ხელახლა დაწყებული რესტალინიზაციის გამო. კრემლის პასუხი ამჟამადაც იგივე იყო - ტანკები.

თუ 1956 წლის მარტში თბილისელი ახალგაზრდები გვირგვინებით რთავდნენ სტალინის ძეგლს და ქალაქში შავ არშია შემოვლებული წითელი დროშებით და ლენინ-სტალინის ფოტოებით დაქროდნენ ქუჩებში, ბუდაპეშტში სტუდენტები იკრიბებოდნენ შანდორ პეტეფის (პოეტი და უნგრელი ერის სულიერი მამა) ძეგლთან და მისი ლექსების ციტირებით შთაგონებულნი მიემართებოდნენ სტალინის ძეგლის დასანგრევად. ორივე ამ კარდინალურად განსხვავებულ მოვლენას კრემლი თბილისსა და ბუდაპეშტში მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვით უპასუხებს.

1956 წლის საქართველოში განვითარებულ მოვლენებში მკითხველი მეტ-ნაკლებად ჩახედულია. რაც შეეხება უნგრეთის რევოლუციას, ის სავარაუდოდ ნაკლებადაა ცნობილი. არადა 1956 წლის უნგრეთის რევოლუციამ დიდი როლი ითამაშა ევროპის ისტორიაში.

მოსკოვის მიერ ავსტრიის ნეიტრალიტეტის აღიარების შემდეგ (1955 წლის 15 მაისი) და საბჭოთა საოკუპაციო ჯარების გასვლასთან ერთად, უნგრეთის ტერიტორიაც უნდა გათავისუფლებულიყო საბჭოთა ძალებისგან - 1947 წლიდან მოყოლებული, ფორმალურად, უნგრეთში საბჭოთა ძალები ავსტრიის საოკუპაციო ჯარების ლოგისტიკის უზრუნველსაყოფად რჩებოდნენ. თუმცა, ვარშავის პაქტის დაარსებით (1955 წლის 14 მაისი) მოსკოვს შესაძლებლობა მიეცა, ჯარი დაეტოვებინა უნგრეთის ტერიტორიაზე.

მეორეს მხრივ, სტალინის სიკვდილის შემდეგ, უნგრეთში წლინახევრის განმავლობაში ე.წ. დათბობის პერიოდი დადგება. ამ დათბობის პერიოდის განსახიერება იყო იმრე ნადი, რომელიც ლავრენტი ბერიას დახმარებით მოვა ხელისუფლების სათავეში. თუმცა ბერიას დაცემიდან მალე ნადიც დაკარგავს სადავეებს და უნგრეთი ისევ რესტალინიზაციის გზას დაადგება.

1956 წლის ბუდაპეშტში აჯანყებამდე რამდენიმე დღით ადრე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდება: ე.წ. „სახალხო დემოკრატიების“ ისტორიაში პირველად, პოლონეთის ხელმძღვანელი ვლადისლავ გომულკა ღიად დაიწყებს სტალინიზმის კრიტიკას. ეს ფაქტი აღაფრთოვანებს უნგრელ სტუდენტებს, რომლებიც 23 ოქტომბერს გადაწყვეტენ, მშვიდობიანი მანიფესტაციით მხარდაჭერა გამოუცხადონ პოლონელებს. მალე პოლონელების მხარდაჭერას მოჰყვება პოლიტიკური ლოზუნგები საბჭოთა ჯარის გაყვანისა და იმრე ნადის ხელისუფლებაში დაბრუნების მოთხოვნით. პარალელურად მანიფესტანტების ერთი ჯგუფი იერიშს მიიტანს 6,5-ტონიან და რვამეტრიან სტალინის ქანდაკებაზე, საბჭოთა ოკუპაციის ამ მთავარ სიმბოლოზე, რომელიც ბუდაპეშტის ცენტრში იყო წამოჭიმული. უნგრეთის შეშინებული მთავრობა სსრკ-ს ელჩ იური ანდროპოვს საბჭოთა ჯარების ქუჩაში გამოყვანას მოსთხოვს.

23-დან 24 ოქტომბრის ღამეს პროვინციაში განლაგებული საბჭოთა ჯარები ბუდაპეშტისკენ დაიძვრებიან. ხმები უნგრეთის დედაქალაქისკენ მომავალი ტანკების შესახებ სწრაფად გავრცელდება ბუდაპეშტში. იმავე ღამეს შეიქმნება საბრძოლო ჯგუფები, რომლებიც მთავარი სატრანსპორტო კვანძების მახლობლად განლაგდებიან. 24 ოქტომბერს მოხდება პირველი შეტაკება უნგრელებსა და საბჭოთა ჯარებს შორის. წინააღმდეგობა ისეთი დიდი იქნება, რომ შეტაკების პირველ საათებშივე 20 წითელარმიელი იქნება მოკლული, ხოლო 48 - დაჭრილი. საბჭოთა ჯარი ბრძოლის ამ პირველ საათებში დაკარგავს ასევე ოთხ ტანკსა და ოთხ ჯავშან ტრანსპორტიორს.

ასეთი წინააღმდეგობის ფონზე კრემლი დათმობაზე წასვლას გადაწყვეტს და 29 ოქტომბერს ბუდაპეშტიდან ჯარების გაყვანას დაიწყებს. ამასთან ერთად იმრე ნადი ჩაანაცვლებს მატიაშ რაკოშის - უნგრული რესტალინაზიის სიმბოლოს. 1 ნოემბერს უნგრეთი, ავსტრიის მსგავსად, ნეიტრალიტეტს გამოაცხადებს.

თუმცა ამ დროისათვის მოსკოვი თავიდან გადაწყვეტს ბუდაპეშტის ქუჩებში ტანკების დაბრუნებას. 3 ნოემბერს საბჭოთა დელეგაციასთან მოსალაპარაკებლად მისულ უნგრეთის მთავრობის დელეგაციას კგბ-ს უფროსი ივან სეროვი დააპატიმრებს. ხოლო 4 ნოემბერს მარშალ კონევის მეთაურობით დაიწყება ოპერაცია „გრიგალი“. ორკვირიანი ბრძოლის შედეგად დაიღუპება 2 652 უნგრელი და 640 საბჭოთა სამხედრო მოსამსახურე (19 226 უნგრელი და 1 251 საბჭოთა სამხედრო დაიჭრება).

მიუხედავად იმისა, რომ 1956 წლის ოქტომბრის ბოლოს ლონდონი და პარიზი ეგვიპტეს დაესხმებიან თავს, ბუდაპეშტის რევოლუციას მძლავრი ექო ექნება დასავლეთის საზოგადოებაში. 7 ნოემბერს პარიზელი სტუდენტები შევარდებიან საფრანგეთის კომუნისტური პარტიის შტაბბინაში და ცეცხლს წაუკიდებენ მას. შეტაკებების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპება და 70 დაშავდება. ფრანგი კომუნისტები სახალხოდ დაიწყებენ პარტბილეთების დახევას. ამის შემყურე იშტვან ბიბო დაწერს, რომ კრემლმა უნგრული რევოლუციის სისხლში ჩახშობით სავარაუდოდ სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ევროკომუნიზმს. 65 წლის თავზე შეიძლება ითქვას, რომ იშტვან ბიბო არც ისე შორს იყო სიმართლისგან.

დაბოლოს, როგორც ინგლისელები იტყოდნენ, last but not least: თბილისსა და ბუდაპეშტში განვითარებულ მოვლენებამდე ერთი საუკუნით ადრე საფრანგეთის სახელმწიფო გადატრიალების შემყურე კარლ მარქსი დაწერს, ერთი და იგივე მოვლენა ქვეყანას ჯერ ტრაგედიის და შემდეგ ფარსის სახით ევლინებაო. 1956 წელს ჯერ თბილისში, შემდეგ კი ბუდაპეშტში განვითარებული მოვლენების მოწმე რომ გამხდარიყო, ეს გერმანელი ფილოსოფოსი ალბათ დაწერდა, რომ ზოგჯერ პირიქითაც ხდება - მოვლენები ჯერ ფარსის, შემდეგ კი ტრაგედიის სახით ევლინება სამყაროს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG