სტუმრად ჩვენს ეთერში: დავით ვადაჭკორია და ლაშა აბესაძე

Your browser doesn’t support HTML5

2 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ დავით ვადაჭკორია, კლინიკა "ნეოგენის" ხელმძღვანელი, ექიმი-ნარკოლოგი, მედიცინის დოქტორი და ლაშა აბესაძე, "ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის" აღმასრულებელი დირექტორი, "ახალი ვექტორის" რუსთავის სერვისცენტრის კოორდინატორი. მათ ილაპარაკეს ე.წ. "სააფთიაქო ნარკომანიაზე".

ისინი გამოეხმაურნენ ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივას - გამკაცრდეს რეგულაციები იმ "ურჩი აფთიაქების" წინააღმდეგ, რომლებიც ურეცეპტოდ გასცემენ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს. სტუმრები თვლიან, რომ "სააფთიაქო ნარკომანიით" გამოწვეული ზიანის მასშტაბი საქართველოში ძალიან დიდია. ისაუბრეს იმაზეც, რომ სხვადასხვა რეგულაციის შემოღება ცვლის ნარკოსცენას, ვითარებას კი კომპლექსურად არ აუმჯობესებს. ანუ, ამა თუ იმ ნივთიერებაზე დამოკიდებული პირები, მისი მიუწვდომლობის შემთხვევაში სხვა ნივთიერებებითა და მედიკამენტებით ანაცვლებენ მას. დავით ვადაჭკორიამ ილაპარაკა პრევენციისა და მკურნალობა-რეაბილიტაციის საკითხებში სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე. ლაშა აბესაძემ ილაპარაკა იმაზე, რომ მთავრობას არასათანადო კომუნიკაცია აქვს პროფესიონალებთან და დაინტერესებულ ჯგუფებთან. ადეკვატური კომუნიკაციის არარსებობას აღნიშნავს დავით ვადაჭკორიაც. ის თვლის, რომ არასდროს ყოფილა ნება მოესმინათ პროფესიონალებისთვის და კომპლექსურად მიდგომოდნენ პრობლემას. ექიმი-ნარკოლოგი მიესალმება ყველა ღონისძიებას, რომელიც პრობლემის დაძლევას შეუწყობს ხელს, თუმცა, თვლის, რომ აკრძალვით "სააფთიაქო ნარკომანია" არ დაიძლევა, თუკი ამას არ ახლავს სერვისების ხელმისაწვდომობა მათთვის, ვისაც მკურნალობის სურვილი აქვს. ლაშა აბესაძემ აღნიშნა, რომ, თუ ნარკოპოლიტიკა არ გადაიხედება, პრობლემას არ ეშველება. მისი თქმით, მხოლოდ აფთიაქების რეგულაციის გამკაცრება არ შეამცირებს არსებულ მოთხოვნას და მხოლოდ ნარკოსცენას შეცვლის. დავით ვადაჭკორია თვლის, რომ სახელმწიფომ არ უნდა დაიშუროს სახსრები პრევენციისთვის, რადგან ამ საქმეში ჩადებული ერთი ლარი წლების შემდეგ ათმაგ და ასმაგ მოგებას მოუტანდა სახელმწიფოს. საქართველოში არსებული ვითარების აღწერისას, სტუმრებმა ილაპარაკეს პოლინარკომანიის პრობლემაზეც.

Your browser doesn’t support HTML5

დავით ვადაჭკორია და ლაშა აბესაძე