სტუმრად ჩვენს ეთერში: მარი კორკოტაძე

5 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მარი კორკოტაძე, "ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ" ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილ პროგრამაში საჭიროების მქონე ყველა ბავშვის ჩართვის საკითხზე. 4 დეკემბერს აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებმა თბილისის მერიასთან გამართეს აქცია და მოითხოვდნენ მერთან შეხვედრას მისთვის წინასაარჩევნო დაპირების შესრულების მოსათხოვად. მარი კორკოტაძე თვლის, რომ აუტიზმის მქონე ყველა ბავშვისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამა და ის არ უნდა ფერხდებოდეს. "დილის საუბრების" სტუმრის თქმით, მნიშვნელოვანია მსგავსი პროგრამების დაგეგმვა და ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი იყოს რეგიონებში და ოჯახებს არ უწევდეთ აუტიზმის მქონე ბავშვების საჭიროებებისთვის თბილისში გადასახლება. მარი კორკოტაძის თქმით, ბოლო ხანს მშობლების აქტიურობის ფონზე პროგრამები სხვადასხვა ფორმით ამოქმედდა ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აუტიზმის პროგრამის დაფინანსება თბილისის ბიუჯეტში ნახევარი მილიონით გაიზრდება და ეს დამატებით 120 ბავშვის პროგრამაში ჩართვისთვის იქნება საკმარისი. მარი კორკოტაძე განმარტავს, რომ უნდა არსებობდეს იმგვარი სისტემური უზრუნველყოფა, რომელიც ფინანსური მიზეზით დროში არ შეაფერხებს აუტიზმის მქონე ბავშვების მუნიციპალურ პროგრამაში ჩართვას და დღის ცენტრებში სერვისების მიღებას.

Your browser doesn’t support HTML5

მარი კორკოტაძე "დილის საუბრებში"