თათია ვაშაკიძე: "ქალთა მიმართ ძალადობა დიდწილად რჩება ქალის დისციპლინირების მისაღებ ფენომენად მოსახლეობისთვის"

7 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო თათია ვაშაკიძე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) პროექტის მენეჯერი. მან ილაპარაკა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქსტატის მიერ მომზადებულ ეროვნულ გამოკვლევაზე საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ. დოკუმენტის თანახმად, გამოკითხული ქალების თითქმის ერთ მეოთხედს (22%) და კაცების ერთ მესამედს (31%) მიაჩნია, რომ ცოლის ცემა გარკვეულ გარემოებებში გამართლებულია. თათია ვაშაკიძემ განმარტა ქალთა მიმართ ძალადობაზე ჩატარებული გამოკითხვის სპეციფიკა და აღნიშნა, რომ შედეგები აჩვენებს აისბერგის მხოლოდ წვერს. გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი ლაპარაკობს დადებით დინამიკაზეც, მათ შორის - ქალების გაზრდილ ნდობაზე სამართალდამცავი სტურქტურების მიმართ (ძალადობის შემთხვევაში 18% მიმართავს პოლიციას. 2009-ში ასეთი 1,5% იყო). თუმცა, პროექტის მენეჯერი აღნიშნავს, რომ ნდობის გაზრდის მიმართულებითაც და საზოგადოებაში გამეფებული არაერთი ტაბუს მოხსნისთვისაც ბევრია გასაკეთებელი. კერძოდ, ბოლო გამოკვლევამაც აჩვენა, რომ საზოგადოების ნაწილი ქალთა მიმართ ჩადენილი ძალადობის საფუძვლად ქალის ბრალსაც ასახელებს. ამით არის გაპირობებული ისიც, რომ ძალადობის მსხვერპლი ქალების მნიშვნელოვანი ნაწილი ახლობელსაც კი არ უზიარებს თავის წუხილს.

Your browser doesn’t support HTML5

თათია ვაშაკიძე "დილის საუბრებში"