მოკლედ
- როგორ დაკარგა ბელარუსმა თავისუფლება?
- და რა ემართება ქვეყანას, რომელიც თავისუფლებას ერთბაშად კი არა, წლიდან წლამდე კარგავს?
- როდის ხდება ცვლილება თითქმის შეუძლებელი და რა როლს თამაშობს რუსეთი ამ პროცესში?
- ბელარუსელი მწერლისა და უფლებადამცველისთვის , რომელიც ოთხი ათეული წელია მის ქვეყანაში დემოკრატიისთვის იბრძვის, ეს თეორიული კითხვები არ არის. მას რჩევები აქვს საქართველოსთვისაც.
„ციხიდან გამოსვლის შემდეგ საქართველოში ჩამოსვლის მეშინია“- ეუბნება ნობელიანტი ალეს ბიალიაცკი რადიო თავისუფლებას.
2022 წელს, როდესაც ნობელის კომისიამ მშვიდობის პრემია მიანიჭა, ბიალიაცკი ციხეში ელოდა ბელარუსის სასამართლოს გადაწყვეტილებას. მომდევნო წელს მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, 2025 წლის დეკემბერში აშშ-სთან მოლაპარაკებების შედეგად, სხვა, 123 პოლიტპატიმართან ერთად გაათავისუფლეს და ქვეყნიდან იძულებით გააძევეს.
ვაჟა თავბერიძესთან ინტერვიუში ბიალიაცკი საუბრობს ბელარუსის დაკარგულ შანსებზე, ლუკაშენკას ძალაუფლების საყრდენებზე, პუტინის ინტერესებსა და იმაზე, თუ რატომ მიაჩნია, რომ საქართველოს ჯერ კიდევ შეუძლია ბელარუსის სცენარის თავიდან აცილება.
რადიო თავისუფლება: წარსულს რომ გადავხედოთ - როგორ მივიდა ბელარუსი იქამდე, რასაც დღეს ვხედავთ? გავიხსენოთ ის შესაძლებლობებიც, როდესაც ქვეყანას შანსი ჰქონდა, სხვა გზას დასდგომოდა - რა წარიმართა არასწორად?
ალეს ბიალიაცკი: სამოქალაქო აქტივიზმით 1980-იანი წლებიდან ვარ დაკავებული. ეს ყველაფერი ჩემს თვალწინ ხდებოდა. სამწუხაროდ, საქართველოსგან განსხვავებით, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ერთი დღეც არ გვიცხოვრია დემოკრატიული ხელისუფლების პირობებში. თუმცა იყო სერიოზული კრიზისები, როდესაც ვითარება შეიძლებოდა ძირეულად შეცვლილიყო.
პირველი ასეთი მომენტი 1991 წელს იყო, როდესაც კომუნისტური პარტია იშლებოდა. მაშინ შეიძლებოდა ყველაფერი შეცვლილიყო, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დემოკრატი გამხდარიყო. პრეზიდენტი იმხანად ჯერ არ გვყავდა.
მოგვიანებით, უკვე ლუკაშენკას არჩევის შემდეგ, 1996 წლის შემოდგომაზე მოხდა ე.წ. კონსტიტუციური გადატრიალება. ლუკაშენკამ რეფერენდუმი ჩაატარა, რის შედეგადაც მთლიანად დაიქვემდებარა აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება. ყველაფერი მის ხელში აღმოჩნდა. ფაქტობრივად, კონსტიტუცია ფეხქვეშ გათელა და ბელარუსის დემოკრატიული წყობის საფუძვლები მოარღვია.
მაშინ დეპუტატები უნდობლობის გამოსაცხადებლად ხელმოწერებს აგროვებდნენ და საჭირო რაოდენობაც შეაგროვეს. საკონსტიტუციო სასამართლოს დაადგინა, რომ კონსტიტუცია დაირღვა, მის მიერ ჩატარებული რეფერენდუმი უკანონოდ სასამართლომ დაადგინა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმის შედეგებს მხოლოდ სარეკომენდაციო ძალა შეიძლებოდა ჰქონოდა. ლუკაშენკამ ეს გადაწყვეტილება უგულებელყო. ეს დარღვევები საკმარისი იყო იმისთვის, რომ ლუკაშენკა ხელისუფლებას ჩამოეშორებინათ - მისი გადაყენების კანონიერი საფუძველი არსებობდა. ქვეყანაში იმხანად საპროტესტო აქციები არ წყდებოდა.
მაგრამ, სამწუხაროდ, მაშინ მოსკოვიდან ჩამოვიდა ჯგუფი, რომელმაც მოლაპარაკება დაიწყო ლუკაშენკასთან ოპოზიციაში მყოფ უმაღლეს საბჭოსთან. მათ უმაღლესი საბჭო დააშოშმინეს, მით უმეტეს, რომ იქ, პრაქტიკულად, მხოლოდ პრორუსული პარტიები იყვნენ წარმოდგენილი, თანაც მკვეთრად პრორუსული. მოკლედ, ჩამოვიდნენ „მეგობრები“ და „წონიანი არგუმენტები“ მოიშველიეს: „არეულობა რად გვინდა? არ არის საჭირო, მოდი, შეთანხმების გზები ვეძებოთ“. მაგრამ ეს შეთანხმება, ფაქტობრივად, დამარცხებას ნიშნავდა. რეფერენდუმის შედეგები აღიარეს, ლუკაშენკა კი ხელისუფლებაში დარჩა.
ასევე ნახეთ
„შავბნელ დროშიც არ უნდა დავნებდეთ“ - ინტერვიუ ციხიდან გათავისუფლებულ ალეს ბიალიაცკისთანმიუხედავად იმისა, რომ შემდეგი წლების განმავლობაში რამდენჯერმე იყო მასობრივი საპროტესტო გამოსვლები, ვიტყოდი, რომ 2020 წლამდე რეალური შესაძლებლობა აღარ გვქონია. 2020 წლის არჩევნებმა უზარმაზარი აღშფოთება გამოიწვია. არჩევნები უტიფრად გააყალბეს - ხმები არავის დაუთვლია, საარჩევნო კომისიების ოქმებში ციფრებს უბრალოდ იგონებდნენ. ხალხი ხედავდა, რომ ყველა მათი მეზობელი ხმას სხვა კანდიდატს, სვეტლანა ციხანოუსკაიას აძლევდა, საბოლოოდ კი მას ხმების ძალიან მცირე პროცენტი დაუწერეს. ლუკაშენკას ისევ თითქმის 80 პროცენტი მიაწერეს. მილიონობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში ძალიან მარტივი მოთხოვნებით: სამართლიანი არჩევნები და ქვეყნის დემოკრატიული განვითარება.
ხელისუფლებისთვის ეს შოკი იყო. ყველა წინა არჩევნებს შედარებით მცირემასშტაბიანი, ლოკალური პროტესტი ახლდა თან, რომლის განეიტრალებასაც საკმაოდ მარტივად ახერხებდნენ. ამჯერად კი გათვლებში შეცდნენ. მათ ბელარუსი ყაზარმის პრინციპით მოწყობილ სახელმწიფოდ აქციეს, სადაც ყველაფერი კონტროლს ექვემდებარებოდა. ამასობაში კი წამოიზარდა ახალი თაობა, რომელმაც კითხვების დასმა დაიწყო: საით მივდივართ, რას ვაშენებთ? ლუკაშენკა და მისი გარემოცვა, პრაქტიკულად, ახალს არაფერს გვთავაზობენ. გვთავაზობენ სტრატეგიულ გეგმას, თუ როგორი იქნება ბელარუსი 5, 10, 15 წლის შემდეგ. გადის ხუთი წელი, მდგომარეობა უარესდება, ისინი კი ახალ გეგმებს გვთავაზობენ, თუ როგორ აყვავდება ბელარუსი 5, 10, 15 წლის შემდეგ.
აქედან მოდიოდა გამოუვალობის განცდაც. იმ დროისთვის ლუკაშენკა უკვე 26 წელი იყო ხელისუფლებაში, 1994 წლიდან. ყველა გრძნობდა, რომ მან საკუთარი თავი ამოწურა. ასეთი მასშტაბის პროტესტი ჩვენთან მანამდე არასოდეს ყოფილა. ვითარება არასტაბილური გახდა.
რადიო თავისუფლება: ყოველთვის მაინტერესებდა: რამდენად ახლოს იყავით მაშინ ლუკაშენკას ხელისუფლებიდან ჩამოშორებასთან? რამდენად რეალური იყო ეს?
ალეს ბიალიაცკი: რა თქმა უნდა, ვითარების შეცვლის შანსი არსებობდა, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან, ვფიქრობ, რომ ძალიან მცირე. გადამწყვეტი ამჯერადაც რუსეთის პოზიცია აღმოჩნდა. მხოლოდ ახლა ვხვდებით, რომ უკრაინაზე თავდასხმის რუკები მაშინ უკვე პუტინის მაგიდაზე იდო. მისთვის ბელარუსი უკრაინის წინააღმდეგ ოპერაციაში ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პლაცდარმი იყო.
ამიტომაც მოხდა ის, რაც მოხდა. ამას გარდა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელარუსის საზღვართან უკვე იდგა რუსეთის ეროვნული გვარდია, როსგვარდია. ხალხს აშინებდნენ: „ხედავთ, როსგვარდია უკვე იქ დგას. თუ საპროტესტო გამოსვლებს გააგრძელებთ, რუსები შემოვლენ და კიდევ უფრო ცუდად დამთავრდება ყველაფერი“. ერთი მხრივ, არსებობდა ოკუპაციის საფრთხის განცდა, მეორე მხრივ კი დაიწყო მასობრივი რეპრესიები.
ასევე ნახეთ
"საკანშიც შეიძლება იყო თავისუფალი" - ინტერვიუ ყოფილ პოლიტპატიმარ მაქსიმ ზნაკთანშეიქმნა დემოკრატიული ძალების საკოორდინაციო საბჭო, რომლის წევრი მეც ვიყავი. ჩვენ ხელისუფლებას მრგვალ მაგიდასთან დასხდომას ვთავაზობდით, მოლაპარაკებას იმაზე, თუ როგორ განმუხტულიყო ვითარება, რა გადაწყვეტილებები მოგვცემდა პოლიტიკური და საზოგადოებრივი კრიზისიდან გამოსვლის საშუალებას. მაგრამ ჩვენს წინადადებებს უკიდურესად მტრულად შეხვდნენ. საბოლოოდ, საკოორდინაციო საბჭოს წევრების ნაწილი ციხეში აღმოჩნდა, მათ შორის მეც, ნაწილი კი იძულებული გახდა, ბელარუსი დაეტოვებინა.
ლუკაშენკა მოლაპარაკებაზე არ წამოვიდა, ისევე როგორც არ წამოსულა მანამდე და არც შემდეგ, ხელისუფლებაში ყოფნის მთელი ამ 32 წლის განმავლობაში. ის ისეთი ადამიანია, რომელთანაც შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია. ვიცნობთ ასეთ მმართველებს, მაგალითებისთვის შორს წასვლაც არ გვჭირდება: ავიღოთ პუტინი, ალიევი. ისინი მოლაპარაკებისთვის მზად არ არიან. მათთვის არსებობს ან ყველაფერი, ან არაფერი.
დღეს უკვე თითქმის ექვსი წელია, კრიზისში ვართ. სამოქალაქო საზოგადოება ბელარუსიდან განდევნეს, ბევრი ციხეში აღმოჩნდა. ვინც დარჩა, იატაკქვეშეთიდან ცხვირს აღარ აყოფინებენ. აღარაფერი დარჩა: არც სამოქალაქო სექტორი, არც დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიები, არც მედია, არც ჟურნალისტები, არც ბლოგერები. ქვეყანაში, ფაქტობრივად, მუდმივი საომარი მდგომარეობაა.
რადიო თავისუფლება: უშუალოდ ლუკაშენკაზეც ვისაუბროთ, თქვენი თვალით დანახულ ლუკაშენკაზე. როგორ მოახერხა მან ხელისუფლების შენარჩუნება მთელი ამ 32 წლის განმავლობაში? როგორ აღმოჩნდა ასეთი „სიცოცხლისუნარიანი“?
ალეს ბიალიაცკი: იმის ხარჯზე, რომ შექმნა სისტემა, ძალიან ხისტი სისტემა. მისი კერპი სტალინია. მართვის მეთოდებს სწორედ სტალინის ეპოქიდან იღებს და არა თუნდაც 1970-იანი წლებიდან, როდესაც თავად ახალგაზრდა კომკავშირელი იყო და კარიერას იწყობდა.
ეს მისი იდეოლოგიაა. სტალინის დროინდელი სახელმძღვანელოებით სწავლობდა, ადამიანების მართვის სწორედ ეს მანერა შეითვისა. ჯარში სასაზღვრო ნაწილებში მსახურობდა, რომლებიც კგბ-ს ექვემდებარებოდა. ე.წ. პოლიტრუკი იყო, აგიტაციებს კითხულობდა იმაზე, თუ რა საფრთხე ემუქრებოდა საბჭოთა კავშირს ევროპის მხრიდან.
ეს საბჭოთა მენტალიტეტი, რომ გარშემო მტრები გვყავს და ჩვენ უნდა გავუძლოთ, გადავრჩეთ და გავიმარჯვოთ, ახალგაზრდობიდან აქვს გამჯდარი. თავის შეხედულებებსა და ქმედებებში საკმაოდ თანმიმდევრულია - ის საბჭოთა ეპოქის ადამიანია და ამას არასოდეს მალავდა.
მას ყოველთვის ჰქონდა განცდა, რომ მის გარშემო ყველა - მთელი სამყარო - მის მიმართ მტრულად იყო განწყობილი. და კიდევ, ასე ვთქვათ, რუსეთის იმპერიის, საბჭოთა კავშირის აღდგენის ქიმერა. სწორედ ამ ლოზუნგებით გავიდა არჩევნებზე.
ასევე ნახეთ
დნმ-მასალა მუქარითა და მოტყუებით: ბელარუსში რეჟიმის მოწინააღმდეგეთა გენომურ ბაზას ქმნიან1994 წელს ამან იმუშავა. მაშინ მოსახლეობის უმრავლესობა ეკონომიკური ცვლილებებით იყო შოკირებული. ამ ადამიანებმა მას მისცეს ხმა, დემოკრატიულ ცვლილებებში სასიკეთოს ვერაფერს ხედავდნენ. ეს იყო მისი ელექტორატი.
მაგრამ 30 წელი გავიდა, ეს ხალხი უკვე აღარ არის ცოცხალი. ლუკაშენკამ კი ცვლილებები ვერ შენიშნა. საზოგადოება შეიცვალა, ის კი ისეთი დარჩა, როგორიც იყო. სწორედ ეს არის ლუკაშენკასა და მისი ხელისუფლების მთავარი პრობლემა, რომელზეც ისინი ცდილობენ, თვალი დახუჭონ.
ბელარუსში მისი პრაქტიკულად აღარავის სჯერა, არ უნდათ მისი ყურება და მოსმენა. მაგრამ ეშინიათ: სტალინის სიკვდილის შემდეგ ასეთი რეპრესიები ჩვენთან, პრაქტიკულად, არ ყოფილა. ხელისუფლებას სწორედ რეპრესიებით ინარჩუნებენ.
ის ზიზღით უყურებს ბელარუსულ ენას, ბელარუსულ კულტურას. ესეც საბჭოთა აღზრდის ნიშანია: ყველა ერი ერთ ქვაბში უნდა მოხარშო. თავად ბელარუსია, მაგრამ რუსიფიკაციის პოლიტიკას აგრძელებს და ბელარუსულ იდენტობას ებრძვის.
მაშინვე თვალში გეცემა კულტურისა და ნორმალური განათლების უქონლობა. ხშირად დაცინვით „კოლხოზნიკს“ - კოლმეურნეს უწოდებენ. ის მართლაც კოლმეურნეა, ოღონდ არა ამ სიტყვის კარგი გაგებით: ნორმალური კოლმეურნეებისგან განსხვავებით, მისი კულტურის დონე ძალიან დაბალია.
სწორედ ეს არის მისი მთავარი სისუსტე. ჩემი აზრით, მას არ ძალუძს იყოს დღევანდელ დღეს ფეხი აუწყოს. ის გუშინდელი დღის ადამიანია, რომელიც საერთოდ ვერ ერგება მსოფლიოში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მომხდარ ცვლილებებს.
რადიო თავისუფლება: მაგრამ მიუხედავად ამისა, კვლავაც ის უკარნახებს, როგორი იქნება ბელარუსის ხვალინდელი დღე...
ალეს ბიალიაცკი: დიახ, და ეს ტრაგედიაა. ცხადია, რომ არა რუსეთის დახმარება მთელი ამ 30 წლის განმავლობაში... მაგრამ არც ეს დახმარებაა უსასყიდლო. სანაცვლოდ სუვერენიტეტის მნიშვნელოვანი ნაწილის დათმობა მოგვიწია.
ბელარუსი ახლა ნახევრად კოლონიურ მდგომარეობაშია, საკუთარი პოლიტიკის გატარების შესაძლებლობა არ აქვს, არც ეკონომიკურის, არც ზოგადი თუ გეოპოლიტიკურისა.
ლუკაშენკა და პუტინი ერთმანეთზე არიან დამოკიდებული, რადგან ლუკაშენკაც ეხმარება პუტინს. აჩვენებს, რომ პუტინს სჭირდება, რომ მის გარეშე გაუჭირდებოდა. 2020 წელს რუსეთი დაეხმარა მას ხელისუფლების შენარჩუნებაში. მაგრამ ისიც ვნახეთ, რომ 2023 წელს, როდესაც პრიგოჟინის ამბოხი დაიწყო, სწორედ ლუკაშენკამ დაიყოლია პრიგოჟინი, მოსკოვზე ლაშქრობა შეეჩერებინა. რით დასრულდა ეს ყველაფერი, ორივემ კარგად ვიცით.
ასევე ნახეთ
„მეც მეშინია, მაგრამ...“ - ყოფილი პოლიტპატიმარი ანჯეი პოჩობუტი პოლონეთიდან ბელარუსში დაბრუნდაბელარუსი რუსეთისთვის სტრატეგიული თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია. რუსეთის აღმოსავლეთი საზღვრებიდან ევროპის მიმართულებით 600 კილომეტრი ბელარუსის ტერიტორიას უჭირავს. გამოდის, რომ სამხედრო თვალსაზრისით ისინი ევროპის გულს 600 კილომეტრით მიუახლოვდნენ. მათთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ასეთი მოკავშირის ყოლა.
ამიტომაც რუსეთში მის მიმართ სულ ასეთი მიდგომა ჰქონდათ: „კი, ძაღლისშვილია, მაგრამ ჩვენი ძაღლისშვილია“. პუტინი მას არანაირ პატივს არ სცემს. მაგრამ პრაქტიკული თვალსაზრისით მათთვის ლუკაშენკა ყველა სხვა ვარიანტზე ხელსაყრელია და „ტახტზე“ ბოლო წუთამდე შეინარჩუნებენ.
ისიცაა, რომ რუსეთის პოლიტიკური ელიტისთვის, იდეოლოგიური თვალსაზრისით, დამოუკიდებელი ბელარუსული სახელმწიფოს არსებობა სრული ნონსენსია. საბოლოო ჯამში, მათ მაინც სურთ, როგორმე გადაყლაპონ ბელარუსი. თუ არა ტანკებით და ოკუპაციის გზით, მაშინ რუსული ენისა და კულტურის მეშვეობით სრულად დაიქვემდებარონ, უბრალოდ „რუსკი მირის“ განუყოფელ ნაწილად აქციონ.
ამიტომაც ბელარუსში მოვლენების განვითარება არა მხოლოდ ბელარუს ხალხზე, არამედ გეოპოლიტიკურ ვითარებაზეც არის დამოკიდებული, იმ მოთამაშეებზე, რომლებსაც მასზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ. ესენი არიან ევროკავშირი და რუსეთი. და ცალკე ფაქტორია, რა თქმა უნდა, უკრაინა.
ჩვენთან სამომავლო დემოკრატიული ცვლილებებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ ამ ომს გაუძლოს, დემოკრატიულ სახელმწიფოდ დარჩეს და რაც შეიძლება სწრაფად გაწევრიანდეს ევროკავშირში. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, რადგან უკრაინის გავლენა ბელარუსზე შესაძლოა სამომავლო ცვლილებების გადამწყვეტ ფაქტორად იქცეს.
რადიო თავისუფლება: საქართველოს შესახებაც მინდა გკითხოთ. ჩვენთან მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს ხშირად ბელარუსის პროტესტს ადარებენ, საუბრობენ საქართველოს „ბელარუსიზაციაზე“. რა პარალელებს ხედავთ და, თქვენი აზრით, ბელარუსის გამოცდილებიდან რა გაკვეთილები არ უნდა გამორჩეთ საქართველოში?
ალეს ბიალიაცკი: საქართველოში მეგობრები მყავს, მაგრამ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჩამოსვლის მეშინია. ჩემი სახელი შეტანილია რუსეთისა და ბელარუსის სისხლის სამართლის საქმეებზე ძებნილთა ბაზაში. დღევანდელ საქართველოში, რომელიც საკმაოდ დაახლოებულია რუსეთთან, ჩემი ჩამოსვლა უბრალოდ ზედმეტად სარისკოა - შესაძლოა რუსეთში გამიკეთონ ექსტრადიცია, იქიდან კი ბელარუსში.
ასევე ნახეთ
სრული იზოლაცია - წამების ფორმა და სისტემური რეპრესიის მექანიზმი ბელარუსის ციხეებშიმაგრამ ის, რაც ხდება, ჩემთვის გულდასაწყვეტი და შემაშფოთებელია. ჩვენ, ბელარუსში წლიდან წლამდე ვკარგავდით დემოკრატიულ თავისუფლებებს და ვერაფერს ვუხერხებდით, ვერ ვაჩერებდით ამ პროცესებს. ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ იკარგებოდა. მაგრამ ამას თავისი მიზეზები ჰქონდა, რომლებზეც უკვე ვისაუბრე. საზოგადოების უმრავლესობა პოსტსაბჭოთა ყაიდის ხალხი იყო, ადამიანებმა თავისუფლების ფასი არ იცოდნენ. მთელი ცხოვრება იმ დიდ ყაზარმაში თუ ციხეში ჰქონდათ გატარებული, რომელსაც საბჭოთა კავშირი წარმოადგენდა. როგორ შეიძლება ციხეში დაბადებულ-გაზრდილმა ადამიანმა თავისუფლება დააფასოს? მან ხომ არ იცის, რა არის თავისუფლება.
მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ იცოდა და იცის, რა არის თავისუფლება. უზარმაზარი ტრაგედია იქნებოდა იმ დემოკრატიული მონაპოვრის დაკარგვა, რომელიც ასეთი მძიმე გზის გავლით მოიპოვეთ... ჩვენ გვახსოვს ეკონომიკური ბლოკადებიც და ომებიც, რომლებიც საქართველომ ბოლო 30 წლის განმავლობაში გადაიტანა. ამას უნდა ებრძოლოთ, წინააღმდეგობა გაუწიოთ.
ჩემი აზრით, ბელარუსისგან განსხვავებით, საქართველოში ხალხს სახელმწიფოზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა ჯერ ბოლომდე არ დაუკარგავს. ეს გავლენა შეიძლება საკმაოდ დიდიც იყოს. მაგრამ დიდი ძალისხმევაა საჭირო, თავისით არაფერი გამოვა.
თუ ხელისუფლებაში ცინიკოსები არიან, რომლებიც სამყაროს ბანკნოტების პრიზმიდან უყურებენ, ლარის, დოლარისა თუ ევროს პრიზმიდან, რთულია მათთან იმ ზნეობრივ ფასეულობებზე საუბარი, რომლებიც ხალხისა და სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია. ამას მხოლოდ სოლიდარობა, ერთიანობა და მასობრიობა შეიძლება დაუპირისპირო. ხუთი ადამიანი საქართველოში ვითარებას ვერ შეცვლის, ვერც ორმოცდაათი. მაგრამ თუ ამაში ასეულობით ათასი ადამიანი ჩაერთვება, ვფიქრობ, ეს შესაძლებელია. ეს შესაძლებლობები ხელიდან არ უნდა გაუშვათ.
ვხედავთ, რა კანონებს იღებენ თქვენთან ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში, როგორ იზღუდება მოქალაქეების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური ძალების დემოკრატიული თავისუფლებები. ეს ყველაფერი ერთგვარ „აზერბაიჯანიზაციამდე“ ან „ბელარუსიზაციამდე“ მიგიყვანთ და მერე ხელების შლა უკვე გვიანი იქნება.