ბელარუსში წამების ფაქტების გამოძიების კომიტეტმა, ორგანიზაცია „სამართლებრივ ინიციატივასთან“ ერთად, გამოაქვეყნა ანგარიში - „თანამონაწილე დუმს: იზოლაცია ბელარუსში, როგორც წამება და არაადამიანური მოპყრობა“.
უფლებადამცველთა თქმით, პატიმრობაში ყოფნა გარე სამყაროსთან კავშირის გარეშე ნიშნავს დაკავებულთა სრულ იზოლაციაში მოთავსებას, რაც უფლებადამცველთა შეფასებით, თავისი არსით დანაშაულებრივი პრაქტიკაა, რომელიც ფართოდ გამოიყენება ბელარუსში 2020 წლის აგვისტოს შემდეგ. სწორედ ასეთ, სრული იზოლაციის რეჟიმში აღმოჩნდნენ პრეზიდენტის არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების ლიდერები და მონაწილეები.
„მაშინ ასობით ადამიანს აკავებდნენ, სცემდნენ და აწამებდნენ პოლიციის განყოფილებებსა და დროებითი დაკავების იზოლატორებში, და ეს რომ არ გახმაურებულიყო, სპეციალურად არ ქვეყნდებოდა დაკავებულთა სახელები, მათ არ აძლევდნენ ადვოკატებთან შეხვედრის უფლებას. თავიდან ასე ხდებოდა „ოკრესცინის იზოლატორში“. მოგვიანებით ეს პრაქტიკა კიდევ უფრო გაფართოვდა და დაიხვეწა“, — განაცხადა ბელარუსმა ადვოკატმა არციომმა (უსაფრთხოების მიზნით სახელი შეცვლილია) ანგარიშის პრეზენტაციაზე.
„ჩემთვის ეს ძალიან მძიმე ემოციური პერიოდი იყო, რადგან ჩემმა ოჯახმა არ იცოდა, სად ვიყავით. როცა ადამიანი სახლიდან გადის, თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. მაგრამ არც კი მომცეს დარეკვის საშუალება“, - გაიხსენა ოკრესცინის ყოფილმა პატიმარმა 2020 წლის აგვისტოს მოვლენები.
„ჩემი ნათესავები და მეგობრები მივიდნენ ზავადსკის რაიონის პოლიციის განყოფილებაში, იკითხეს, ვიყავი თუ არა იქ, და უპასუხეს, რომ ასეთი ადამიანი იზოლატორში არ იმყოფებოდა. ვერავინ მიპოვა, დარეკვის უფლებაც კი არ მომცეს — არც ჩემს ადვოკატთან და არც სხვასთან“, — ამბობს კიდევ ერთი ყოფილი პატიმარი.
ოკრესცინა - წამების ადგილი
მინსკში, ოკრესცინას პირველ შესახვევში მდებარეობს სამართალდამრღვევთა მოთავსების ცენტრი და და დროებითი დაკავების იზოლატორი.
რას ამბობენ ბელარუსები, რომლებიც “ოკრესცინაზე” მოხვდნენ? ივანი (სახელი შეცვლილია რესპონდენტის თხოვნით) 2020 წლის 9 აგვისტოს დააკავეს ერთ-ერთ საუბნო საარჩევნო კომისიასთან.
„მიგვიყვანეს მილიციის განყოფილებაში, იქ 2,5 საათი ხელებაწეული ვიდექით, შემდეგ ხელები ზურგს უკან სამშენებლო პლასტმასის სამაგრებით შეგვიკრეს და ОМОН-ის თანხლებით გაგვგზავნეს იზოლატორში, უმნიშვნელო მოძრაობაზეც კი გვცემდნენ“, — იხსენებს მინსკელი ივანი, რომლის თქმითაც, ცემა და შეურაცხყოფა ოკრესტინაზეც გაგრძელდა.
რვაკაციან საკანში, სადაც ივანი მოხვდა, 37 ადამიანი იყო. ჰაერი არ ჰყოფნიდათ, კედლები ნესტიანი იყო.
„2,5 დღის განმავლობაში ერთხელაც არ მოგვცეს საჭმელი, წყალს ონკანიდან ვსვამდით, ჭუჭყიან იატაკზე გვეძინა. ერთმა დაკავებულმა მცველს ჰკითხა, როგორ შეიძლებოდა ცემის შეწყვეტა. პასუხად მთელი სათლი წყალი დაასხეს თავზე. მუდმივად გვემუქრებოდნენ, ამბობდნენ: „ნეხვები ხართ, ჩააოხრეთ ჩვენი ქალაქი. ყველა ხმა, რომელიც ციხანოუსკაიას მიეცით, მაინც ლუკაშენკას მიეთვალა“, — უყვებოდა ივანი ადგილობრივ მედიას.
მისი თქმით, საკანში ისმოდა, როგორ სცემდნენ ახალ დაკავებულებს: „მოდის “ავტოზაკი”, კარი იღება და ცემა-ცემითა და ყვირილით შემოჰყავთ დაკავებულები. ყველას სცემენ”.
მინსკელი ევგენი 11 აგვისტოს საღამოს დააკავეს სერებრიანკაში: „ავტოზაკის საკნებში, რომლებიც ერთ ადამიანზეა გათვლილი, სამ-ოთხს სვამდნენ, დანარჩენებს იატაკზე აწვენდნენ. ჩემზე კიდევ ერთი ადამიანი იწვა, ზემოდან კი ძალოვნები ფეხებით გვედგნენ“. ევგენის თქმით, თავდაპირველად რომელიღაც მოედანზე მიიყვანეს, ასფალტზე დაყარეს და წიხლებით შედგნენ. ამის შემდეგ ნაწილი პარტიზანსკის რაიონულ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ცემა გაგრძელდა:
„ძალოვნები ხელკეტებით გვცემდნენ, ხერხემლის გასწვრივ გვირტყამდნენ. თუ გონებას არ დაკარგავდი, უნდა დაგესახელებინა სახელი, გვარი და დაბადების თარიღი“.
„ოკრესცინაზე 12 აგვისტოს შუადღისას მიგვიყვანეს, ხელებშეკრულები მუხლებზე დაგვაყენეს და გცემეს“, — ამბობს ევგენი, რომლის თქმითაც, ღამით გასათბობად ადამიანები ერთმანეთს ეკვროდნენ: „არ იყო არც ტუალეტი და და არც წყალი. ძალიან ცუდად ვიყავით - თვალის ტრავმებით, მოტეხილობებით, ჩამტვრეული კბილებით. ერთ ბიჭს, რომელსაც დიაბეტი ჰქონდა, ინსულინს არ აძლევდნენ, ნებისმიერ თხოვნაზე სცემდნენ“.
ბელარუსი ავტორიტარმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ 2020 წლის აგვისტოში იზოლატორ “ოკრესცინაზე” დაკავებულთა წამების შესახებ გავრცელებული ცნობებს ფეიკი უწოდა: „ოკრესტინაზე სულ 47 ადამიანი მსახურობს. რა, მათ ორი ათასი ადამიანი აწამეს და მათი ხმები კილომეტრის მანძილზე ესმოდათ დასახლებაში? ეს ყველაფერი ფეიკი და ტყუილია“.
სისტემური და მიზანმიმართული
ანგარიშის სხვა ავტორებთან ერთად არციომი მივიდა დასკვნამდე, რომ გარე სამყაროსთან კავშირის გარეშე პატიმრობის გამოყენება მასობრივი პროტესტების ჩახშობის შემდეგაც არ შემცირებულა. პირიქით, „გახდა სისტემური და მიზანმიმართული“. კვლევის მიხედვით, ასეთი პატიმრობა გამოიყენება არა მხოლოდ პროტესტის ყველაზე თვალსაჩინო მონაწილეთა დასასჯელად, არამედ მათი ოჯახებისა და მთელი საზოგადოების დასაშინებლადაც. უფლებადამცველების აზრით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბელარუსის ხელისუფლება უზრუნველყოფს სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას, დაუსჯელობის ერთგვარ გარანტიას, რის გამოც პოლიციელები და სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლები არ ერიდებიან კანონის უხეშ დარღვევას.
„იზოლაციის უკანონო რეჟიმს ახორციელებენ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები. საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს რომის სტატუტის მიხედვით, ეს არის კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული, რომელსაც ხანდაზმულობის ვადა არ აქვს. სამართალდამცავები კარგად აცნობიერებენ, რა საფრთხეს უქმნის ეს მათ, ამიტომ ცნობილ პოლიტპატიმრებთან, რომლებზეც განსაკუთრებული ყურადღება იყო მიპყრობილი, შეიქმნა დუმილის სისტემა“, - მიიჩნევს უფლებადამცველი.
მან ასევე დაასახელა ის დრო, როდესაც პოლიტპატიმრების სრული იზოლაციის (გარე სამყაროსთან კავშირის სრული გაწყვეტის) რეჟიმი იქცა „საზოგადოებისთვის ცნობილ ფაქტად“ - 2023 წლის თებერვალი.
„მოულოდნელად ციხეებში ერთბაშად შეწყდა პოლიტპატიმრებისთვის განკუთვნილი წერილების მიღება, პოლიტპატიმრებს ასევე აღარ აძლევდნენ ადვოკატებთან და ოჯახის წევრებთან შეხვედრის უფლებას. კოლონიაში ერთ-ერთი ვიზიტის შემდეგ მეც დამაკავეს - და ეს ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა“, — იხსენებს ყოფილი ადვოკატი არციომი, რომლის თქმითაც, ბელარუსის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ დაეშვა კოლონიებიდან ნეგატიური ინფორმაციის გავრცელება და ამავდროულად კიდევ უფრო მეტად დაეშინა საზოგადოება.
„დღეს ზუსტად 500 დღეა, რაც მის შესახებ არანაირი ცნობა არ გვაქვს. 1484 დღეა გისოსებს მიღმა იმყოფება. ეს ნამდვილი უფსკრულია, უფსკრული. რამდენი სიბნელე და ბოროტებაა, რამდენი ნეგატიური ენერგიაა ამაში ჩადებული, მაგრამ სინათლე აუცილებლად გაფანტავს სიბნელეს. დღეს ეს განსაკუთრებით ნათელია“, - ეუბნება ანგარიშის ავტორებს ერთ-ერთი ცნობილი ბელარუსი პოლიტიკოსისა და პოლიტპატიმრის მეუღლე.
ციხანოუსკის იზოლაცია - ბელარუსული ოპოზიციის ლიდერმა სიარჰეი ციხანოუსკიმ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ (2025 წლის 22 ივნისს) პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხუთი წელი გაატარა სამარტოო საკანში და ამ ხნის განმავლობაში თითქმის არავისთან ჰქონია კავშირი. როგორც ბელარუსელი უფლებადამცველები ამბობენ, პოლიტპატიმარი მთელი 2,5 წელი ე.წ. ინკომუნიკადო (სრულად იზოლირებულ) რეჟიმში იყო: ჩამორთმეული ჰქონდა მიმოწერის, ტელეფონზე დარეკვის, პაემნის, ამანათების მიღებისა და სამედიცინო მომსახურების უფლება. ამ პირობებს პოლიტიკოსმა წამება უწოდა და იქვე შენიშნა, რომ ასეთ პირობებში იმყოფებიან ახლა სხვა პოლიტპატიმრები.
„თითქმის სამი წლის განმავლობაში არ მაძლევდნენ წერილებს, არც ჩემი წერილები იგზავნებოდა. თითქოს დროის პარალელურ განშტოებაში ვიმყოფებოდი. პარალელურ რეალობაში მიწევდა ცხოვრება. <...> არ მქონდა უფლება კბილის ჯაგრისი და საპონი მეყიდა. ამას ყველაზე მკაცრ რეჟიმს უწოდებენ. არაფერია ნებადართული: ადვოკატებს არ უშვებენ, საჩივრებს არ იღებენ. მიმოწერა აკრძალულია. მხოლოდ ამ საკანში ზიხარ, რომელსაც დღეში ოთხჯერ ალაგებ. თუ გამუდმებით არ ხეხავ იატაკს, საჯარიმო საკანში გაგზავნიან “.
სტატკევიჩის იზოლაცია - „ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერზე, მიკალაი სტატკევიჩზე უკვე 800 დღეა ციხიდან არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება. ახლობლებს არ შეუძლიათ გაიგონ პოლიტპატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვერ ახერხებენ მასთან შეხვედრას ან თუნდაც სატელეფონო საუბარს. სტატკევიჩს ასევე აკრძალული აქვს წერილების როგორც მიღება, ასევე გაგზავნა”, - წერდნენ ბელარუსი უფლებადამცველები 2025 წლის აპრილში.
ბელარუსი უფლებადამცველების განმარტებით, პატიმრობის ასეთ წესს „ინკომუნიკადო რეჟიმი“ ეწოდება. ბელარუსის რეპრესიული ხელისუფლება მას იყენებს თავისი ყველაზე პრინციპული ოპონენტების წინააღმდეგ.
სტატკევიჩი 2020 წლის 31 მაისს დააკავეს მინსკში და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს 2021 წლის. სტატკევიჩმა ციხე დატოვა 2026 წლის 19 თებერვალს.
ინკომუნიკადო - ბელარუსული გამოცემის, NEXTA-ს ინფორმაციით, „ინკომუნიკადო“ გამოცხადდა 2024 წლის მთავარ სიტყვად ბელარუსში. „ეს ტერმინი გარე სამყაროსგან სრულ იზოლაციას აღნიშნავს და ზუსტად აღწერს ბელარუსში არსებული მრავალი პოლიტპატიმრის მდგომარეობას. მათ შორისა მიკალაი სტატკევიჩისას, რომლის შესახებაც 665 დღეა არაფერი ისმის“, - განმარტა გამოცემა NEXTA-ამ, რომლის მიხედვითაც, „წლის სიტყვის“ ხმის მიცემაში, რომელიც რადიო თავისუფლების ბალარუსულმა სამსახურმა, ენათმეცნიერებმა და დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა ჩაატარეს, მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 1500 ადამიანმა, „ინკომუნიკადომ“ ხმების , 26.5% მიიღო.
ბელარუს უფლებადამცველთა მონაცემებით, სრულ იზოლაციაში იმყოფებოდა 20-ზე მეტი ცნობილი პოლიტპატიმარი:
- ალეს ბიალიაცკი — 1600 დღეზე მეტი;
- ვიქტორ ბაბარიკა — 1041 დღე;
- მაქსიმ ზნაკი — 1039 დღე;
- სიარჰეი ციხანოუსკი — დაახლოებით 730 დღე;
- მარია კოლესნიკოვა — 500 დღეზე მეტი.
უფლებადამცველი ტატიანა ხომიჩი, ყოფილი პოლიტპატიმრის, მარია კოლესნიკავას და, ანგარიშის პრეზენტაციის დროს საუბრობდა თავისი დის რეაქციაზე, როდესაც მას ახლობლებისგან ინფორმაცია არ ჰქონდა.
„მამას ბლოკნოტში ვწერდი წერილებს, რადგან ვიცოდი, რომ ჩემი წერილები მაინც არ მივიდოდა“, — უთხრა მოგვიანებით მარიამ ტატიანას. ტატიანა ხომიჩის თქმით, მისი დის იზოლაციის რეჟიმი ფაქტობრივად გაგრძელდა მაშინაც, როცა ის დროებითი დაკავების ცენტრიდან სასჯელაღსრულების დაწესებულების სხვა განყოფილებაში გადაიყვანეს.
„ზოგჯერ მაშას შესახებ ინფორმაცია გამოდიოდა კოლონიიდან, მაგრამ მისი გადამოწმება შეუძლებელი იყო, რადგან ადმინისტრაცია და პროკურატურა, ფაქტობრივად, ჩვენს წერილებსა და საჩივრებზე არ რეაგირებდა და მხოლოდ ფორმალურად გვწერდნენ. ამიტომ სრული იზოლაციის პირობებში ყოფნა უდიდესი ტანჯვაა არა მხოლოდ პატიმრებისთვის, არამედ მათი ახლობლებისთვისაც“, — თქვა ტატიანა ხომიჩმა.
ტატიანა ხომიჩი და უფლებადამცველები ორგანიზაცია „პობაჩიდან“ ფსიქოლოგიურ კონსულტაციებს უწევენ ყოფილი პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებს.
„ადამიანებს ათავისუფლებენ, მაგრამ ისინი ვერ ხედავენ იმას, რასაც წლების განმავლობაში ელოდნენ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მათთან სწორად საუბარი შევძლოთ“, - განმარტა უფლებადამცველმა.
მარია კოლესნიკავა სასჯელს გომელის N4 კოლონიაში იხდიდა. კოლესნიკავას მამამ, ალიაქსანდრმა, Associated Press-ს 2024 წლის ოქტომბერში უთხრა, რომ რამდენჯერმე სცადა ქალიშვილის ნახვა, მაგრამ ყოველ ჯერზე უარი უთხრეს.
პატიმრის მამამ საინფორმაციო სააგენტოს უთხრა, რომ ქალიშვილის მონახულების ბოლო მცდელობისას კოლონიის თანამშრომლებმა ასე „დაამშვიდეს“: „თუ არ გირეკავს და არ გწერს, ესე იგი, თავად არ სურს“.
„მე მხოლოდ ის შემიძლია, რომ ღმერთს ვთხოვო, რომ კიდევ ცოცხალი იყოს. ხელისუფლება უგულებელყოფს ჩემს თხოვნებს შეხვედრებსა და წერილებზე — ეს მამისთვის უმწეობის საშინელი განცდაა“, — განაცხადა მაშინ ალიაქსანდრ კოლესნიკოვმა AP-თან საუბრისას.
ანგარიშის ავტორთა მონაცემებით, ბელარუსის ციხეებში კვლავ რჩება მინიმუმ ოთხი პოლიტპატიმარი, რომლებიც ამჟამად სრულ იზოლაციაში იმყოფებიან:
- ულადიმირ კნიგა — 890 დღეზე მეტი;
- ალიაქსანდრ არანოვიჩი — 610 დღეზე მეტი;
- ალიაქსანდრ ფრანცკევიჩი — 490 დღეზე მეტი;
- ნიკიტა სამარინი — 270 დღეზე მეტი.
ბელარუსი უფლებადამცველები ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ ლუკაშენკას რეჟიმი ასევე იყენებს მოკლევადიან, მაგრამ სრული იზოლაციის მრავალთვიან რეჟიმებსაც, რომლებიც არა მხოლოდ პოლიტპატიმრების, არამედ მათი ოჯახების წევრების დასასჯელად გამოიყენება.
უფლებადამცველების შეფასებით, ბელარუსში კვლავ არსებობს საფრთხე, რომ რეჟიმი, საჭიროების შემთხვევაში. განაახლებს პოლიტიკური ოპონენტების სრული იზოლაციის მასობრივ პრაქტიკას.
ფორუმი