ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების ნაწილის მოხსნის სანაცვლოდ, ბელარუსის პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ შეიწყალა 123 პოლიტპატიმარი, მათ შორის 2020 წლის არჩევნებში პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, ვიქტორ ბაბარიკა და ადამიანის უფლებათა ცნობილი დამცველი, 2022 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში, ალეს ბიალიაცკი. გათავისუფლებულებს შორისაა 2020 წლის საპროტესტო აქციების ერთ-ერთი სახე, მარია კოლესნიკავაც.
13 დეკემბრისა და 2025 წლის სხვა შეწყალებების შედეგად, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ ციხეებიდან გაათავისუფლა ბელარუსის ოპოზიციის, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და დამოუკიდებელი მედიის თითქმის ყველა ცნობილი წარმომადგენელი.
ალეს ბიალიაცკიმ, რომელიც 10 წლიან სასჯელს იხდიდა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, თავისი გათავისუფლება ასე აღწერა „ვიასნასთვის“ მიცემულ ინტერვიუში:
„დილის ოთხ საათზე გამაღვიძა ზედამხედველმა - ჩვენ, „ყვითელ-იარლიყიანებსა“ და „ექსტრემისტებს“, ღამეში ორჯერ გვაღვიძებენ შემოწმებისთვის. ზედამხედველმა მითხრა, გარეთ გავსულიყავი. ციხის ოპერატიული განყოფილების უფროსმა მიბრძანა, რომ ნივთები ჩამელაგებინა. მივხვდი, რომ ეს „ის“ იყო.
გამაჩხრიკეს, ჩამომართვეს ჩემი ორი წიგნის ხელნაწერები, ყველა წერილი, ყველა დოკუმენტი, ჩანაწერები სისხლის სამართლის საქმეზე. ერთსაათიანი ჩხრეკის შემდეგ მანქანაში ჩამსვეს და აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ წამიყვანეს.
გორკის ციხიდან, სადაც ვიჯექი, მარტო მე გამომიყვანეს. თვალახვეული ვიჯექი, მაგრამ მაინც მივხვდი, რომ ჯერ მინსკს ჩავუარეთ, შემდეგ წრიული გზით ვიარეთ და ვილნიუსისკენ მიმავალ გზატკეცილზე ჩავუხვიეთ. მერე საზღვრის მახლობლად ტყეში გავჩერდით და ოთხი საათი ველოდეთ მანქანას, რომელშიც სხვა პატიმრები ისხდნენ.
მთელი ამ დროის განმავლობაში ჩემთვის არაფერი უთქვამთ, არცერთი დოკუმენტისთვის არ მომიწერია ხელი, უბრალოდ მანქანით მივყავდით. თუმცა მრავალი წლის შემდეგ პირველად მეპყრობოდნენ მზრუნველობით.
საზღვრიდან დავურეკე ცოლს, რომელსაც სამ წელზე მეტი ხნის შემდეგ, პირველად ველაპარაკე. შემდეგ, მე და კიდევ დაახლოებით რვა პატიმარი ჩაგვსვეს მიკროავტობუსში და საზღვარზე გადაგვიყვანეს. ჩვენთან ერთად იყო ამერიკული დელეგაცია, რომელიც ლუკაშენკოს შეხვდა. საღამოს ხუთი საათისთვის ვილნიუსში ვიყავით, სადაც ჩემი მეუღლე მელოდა.
ბევრი ბელარუსი ჟურნალისტი და ადამიანის უფლებათა დამცველი ჯერ კიდევ ციხეში რჩება. უმნიშვნელოვანესია მათი გათავისუფლების უზრუნველყოფა, ბელორუსში „ალქაჯებზე ნადირობისა“ და „ხალხის მტრების“ ძებნის დასრულება. ჩვენ უნდა შევაჩეროთ რეპრესიები - წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტპატიმრებით ვაჭრობა უსასრულოდ გაგრძელდება. მე გავაგრძელებ ჩემს საქმიანობას. ეს ჩემი მოვალეობაა ბელარუსული საზოგადოების წინაშე“.
როგორც ალეს ბიალიაცკიც ამბობს, ლიეტუვაში მხოლოდ 9 ყოფილი პატიმარი გადაიყვანეს, დანარჩენი 114 ბელარუსის ხელისუფლებამ უკრაინის ხელისუფლებას გადასცა. როგორც რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის პოლიტიკური მიმომხილველი, ვალერ კარბალევიჩი ამბობს, ასეთი რამ ოფიციალურმა მინსკმა პირველად გააკეთა და, მისი ვარაუდით, ამის მიზეზი 2020 წლის არჩევნებში ლუკაშენკას კონკურენტის, ვიკტარ ბაბარიკას დისკრედიტაციის მცდელობაა.
„2020 წლის საპრეზიდენტო კამპანიის შემდეგ ბაბარიკამ, რომელიც წლების განმავლობაში „ბელგაზპრომბანკს“ ხელმძღვანელობდა, პრორუსი პოლიტიკოსის ნიშა დაიჭირა. ახლა კი ბელორუსის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, როგორმე შელახოს მისი ამგვარი იმიჯი. საქმე ის არის, რომ უკრაინაში ჩასულ ყოფილ პატიმრებს დახვედრა მოუწყო უკრაინის დაზვერვის სამსახურის უფროსმა, კირილ ბუდანოვმა - რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის წინააღმდეგობის საკულტო ფიგურამ.
მარინა კოლესნიკავას [ბაბარიკას გუნდის წევრი] თავად ვოლოდიმირ ზელენსკი ესაუბრა. ამრიგად, ოფიციალური მინსკი ცდილობს ბაბარიკა რუსეთისთვის სრულიად ტოქსიკურ ფიგურად წარმოაჩინოს და პრევენციულად ჩაშალოს შესაძლო საიდუმლო გეგმები, რომლებიც შესაძლოა ჰქონდეს მოსკოვს ყოფილ ბანკირთან დაკავშირებით“, - ვალერ კარბალევიჩი, რომლის თქმითაც, ლუკაშენკოს პრესმდივანმა, ნატალია ეისმანმა სწორედ ამიტომ გაავრცელა ვერსია, რომ პოლიტპატიმრები თითქოს დაჭრილ რუსებსა და რუსეთის მხარეს მებრძოლ, ტყვედ ჩავარდნილ ბელარუსებში გაცვალეს.
„მთლიანობაში, ბაბარიკას ფიგურას შესაძლოა უკავშირდებოდეს ოფიციალური მინსკის მრავალსვლიანი გათვლაც: ემიგრაციაში მყოფი ბელარუსის ოპოზიციის ინსტიტუციური კონფიგურაციის დარღვევა, ხელოვნური კონკურენციის შექმნა და ოპონენტებს შორის უთანხმოების დათესვა. ამ ეტაპზე „ბაბარიკები“ ზომიერად ეწინააღმდეგებიან ციხანოუსკაიას ოფისის საქმიანობას. საკითხავია, შეეცდება თუ არა „მძიმეწონოსანი“ ბაბარიკა შეარყიოს სვიატლანას ან პაუელ ლატუშკას სტატუსი? ჯერჯერობით ბევრი რამ უცნობია“, - ამბობს ვალერ კარბალევიჩი.
როგორც „ვიასნას“ კიდევ ერთი წევრი, ულაძიმირ ლაბკოვიჩი ამბობს, გათავისუფლებული პოლიტპატიმრები ბელორუსიიდან პასპორტების გარეშე გაიყვანეს:
„მოგვცეს მხოლოდ გათავისუფლების მოწმობა - A4 ფორმატის ფურცელი ჩვენი ფოტოსურათით და ჩანაწერით, რომ ჩვენ გავთავისუფლდით და რომ ჩვენი პასპორტები კონფისკაციას დაექვემდებარა“.
ლაბკოვიჩმა მადლობა გადაუხადა უკრაინის ხელისუფლებას დოკუმენტების გარეშე გათავისუფლებული ბელარუსი პოლიტპატიმრების მიღებისთვის.
რა უძღოდა შეწყალებას
ალიაქსანდრ ლუკაშენკასა და აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს, ჯონ კოულს შორის დაძაბული მოლაპარაკებები ორ დღეს გაგრძელდა. შედეგად, მიღებული შეთანხმებით 123 პოლიტპატიმარი გათავისუფლდა, ხოლო ბელარუსის კალიუმის სასუქების წარმოების ინდუსტრია გათავისუფლდა აშშ-ის სანქციებისგან.
ექსპერტთა გათვლებით, სანქციებამდე ბელარუსს კალიუმის სასუქების გლობალურ ბაზარზე დაახლოებით 20% ეკავა, რაც სანქციების შემდეგ 6%-მდე შემცირდა (2024 წელს).
ეკონომისტთა გათვლით ამჟამინდელ შეთანხმებას შეიძლება ორი შედეგი ჰქონდეს:
ბელარუსს შეეძლება კალიუმის სასუქების აშშ-ში გაყიდვა. სანქციებამდე აშშ-ზე „ბელარუსკალის“ ექსპორტის 4-4,5% მოდიოდა.
ბელარუსული კალიუმის სასუქის მომხმარებლები უფრო თამამად შეიძენენ მას, რადგან მოეხსნებათ აშშ-ის მეორადი სანქციების შიში. მაგალითად, ინდოეთი ოდესღაც ბელორუსიდან კალიუმის სასუქის მნიშვნელოვანი მყიდველი იყო, მაგრამ უკრაინაში ომის დაწყებისთანავე დელიმ შეწყვიტა მისი იმპორტი, რაც ახლა, სავარაუდოდ, ომამდელ ნიშნულს დაუბრუნდება.
თუმცა, ძალაში რჩება ევროკავშირის სანქციები, რაც იმას ნიშნავს, რომ ლიეტუვის კლაიპედის პორტი ბელარუსული კალიუმის სასუქის ექსპორტისთვის კვლავაც დახურულია.
ვინ გათავისუფლდა და ვინ - არა
ბელარუსის ისტორიაში პოლიტპატიმრების ყველაზე მასშტაბური გათავისუფლება შეეხო 123 ადამიანს, რომელთა შორის არიან რვა ქვეყნის მოქალაქეები. ბელარუსი უფლებადამცველების თქმით, ლუკაშენკას რეჟიმმა შეგნებულად შეკრიბა ადამიანები რამის მთელი მსოფლიოდან (ავსტრალია, იაპონია, პოლონეთი, უკრაინა და ა.შ.), რათა კარგად გასაყიდი სავაჭრო „საქონელი” ჰქონოდა.
“და რადგან, როგორც გაირკვა, ეს „საქონელი“ მართლაც კარგად იყიდება მსოფლიო ბაზარზე”, - ამბობენ ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის ოპონენტები.
ლუკაშენკას რეჟიმმა ტრადიციულად მოითხოვა, რომ ყველა გათავისუფლებულს დაეტოვებინა ბელარუსი, აშშ-ის პირობა კი, როგორც ჩანს, ცნობილი პირების გათავისუფლება იყო. შედეგად, გაათავისუფლეს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წამყვანი კანდიდატი ვიქტორ ბაბარიკა და მისი გუნდის წევრები, მარია კოლესნიკავა და მაქსიმ ზნაკი. ასევე გაათავისუფლეს ადამიანის უფლებათა ცენტრ „ვიასნას” ხელმძღვანელები, ალეს ბიალიაცკი (ნობელის პრემიის ლაურეატი), ულაძიმირ ლაბკოვიჩი და ისეთი ცნობილი ფიგურები, როგორებიც არიან: მარინა ზოლატავა, ალიაქსანდრ ფიადუტა და პავალ სევიარინეცი.
პატიმრობაში რჩება ვიქტორ ბაბარიკას ვაჟი, ედუარდი, რჩება ფაქტობრივად მძევლად, რათა, როგორც ბელარუსის ოპოზიციური მედია წერს, მამამისს ხელ-ფეხი ჰქონდეს შეკრული. ასევე არ გაათავისუფლეს ბიალაცკის მოადგილე, ვალიანცინ სტეფანოვიჩი.
“თუმცა, ყველაზე დიდი სიურპრიზი უკავშირდებოდა პოლიტპატიმრებს, რომელთა გათავისუფლებასაც პოლონური მხარე ითხოვდა, მაგრამ ლუკაშენკამ არ შეიწყალა, - წერს რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური, - ესენია: ბერი ჰაველი, რომელიც ბელარუსის ხელისუფლებამ ჯაშუშად გამოაცხადა; Belsat-ის ჟურნალისტები კატია ანდრეევა და, რაც მთავარია, ანჯეი პოჩობუტი. თავად ლუკაშენკომ განაცხადა ვარშავასა და მინსკს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური შეთანხმებების შესახებ. ლუკაშენკას ნათქვამი ჰქონდა, რომ მზად იყო პოლონელებთან გარიგების გაფორმებისთვის და ამ კონტექსტში ახსენა პოჩობუტის სახელი. პოლონურმა მხარემ შეასრულა შეთანხმების თავისი ნაწილი და გახსნა ორი სასაზღვრო პუნქტი. როგორც ჩანს, ლუკაშენკომ „გადააგდო“ პოლონელები”.
ციხეში რჩება პოლიტპატიმარი მიკოლა სტატკევიჩი, რომელმაც უარი თქვა ბელორუსიის დატოვებაზე 2025 წლის სექტემბერში გათავისუფლების შემდეგ. უფლებადამცველთა ვარაუდით, სტატკევიჩი შეიძლება ბელარუსის კგბ-ს დაკავების იზოლატორში იმყოფებოდეს.
69 მიკოლა სტატკევიჩი (ბელარუსის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი), რომელიც 14 წლიან სასჯელს იხდიდა, 51 სხვა პატიმართან ერთად, გაათავისუფლეს შეერთებულ შტატებთან 2025 წლის 11 სექტემბრის შეთანხმების ფარგლებში. ბელორუსის ხელისუფლების მიერ სხვა ყოფილ პატიმრებთან ერთად ბელორუს-ლიეტუვის საზღვარზე გადაყვანის შემდეგ, მან უარი თქვა ქვეყნის დატოვებაზე, მეუღლისა და თანამებრძოლების თხოვნის მიუხედავად.
ყოფილი პოლიტპატიმრები ლუკაშენკაზე, რუსეთ-უკრაინის ომზე...
უკრაინაში გამართულ პრესკონფერენციაზე მარია კოლესნიკავამ მადლობა გადაუხადა დონალდ ტრამპს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და თვით ალიაქსანდრ ლუკაშენკას პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის.
„მადლობას ვუხდი ალიაქსანდრ გრიგორიევიჩს, რომ შესაძლებელი გახადა ადამიანების, ჩვენი გათავისუფლება. და მე მივესალმები ამ მიმართულებით ყველა შემდგომ ნაბიჯს“, - თქვა კოლესნიკავამ, რომელსაც პრესკონფერენციაზე უამბეს ბელარუსი ქალების სოლიდარობის კამპანიის შესახებ, რომლის ფარგლებშიც პოლიტპატიმრის გათავისუფლების მოთხოვნით სოციალურ ქსელებში ქალები აქვეყნებდნენ ფოტოებსა და ვიდეოებს, რომლებშიც ისინი წითელ პომადას ისვამდნენ. ცნობილია, რომ კოლესნიკავა ასეთ მაკიაჟს იყენებდა 2020 წლის საპროტესტო აქციების დროს და ის პროტესტის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა.
„წითელი პომადა შესანიშნავია! დიდი მადლობა, მე არაფერი ვიცოდი სოლიდარობის ამ აქციის შესახებ. ახლა მეც გამოვხატავ სოლიდარობას - დღესაც წითელი პომადით მაქვს ტუჩები შეღებილი“, - თქვა ყოფილმა პოლიტპატიმარმა, რომელსაც უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებაც ჰკითხეს:
„ომი საშინელებაა. ის, რასაც ადამიანები აკეთებენ, საშინელებაა. ვფიქრობ, დადგა მომენტი, როდესაც ეს შეიძლება შეწყდეს. მე ძალიან მინდა, რომ ეს შეწყდეს... რომ შეწყდეს ადამიანების მკვლელობა, რომ შეწყდეს ასეთი არაადამიანური ქმედებები... მე თანავუგრძნობ და ღრმად ვიზიარებ უკრაინის ტკივილს. ეს დიდი ტკივილია და ის უნდა შეწყდეს“.
უკრაინასთან ომზე ილაპარაკა ვიკტარ ბაბარიკამაც: „ადრეული ბავშვობიდან ვიცოდი... რომ ომი ყოველთვის ცუდია... ომი ტანჯვის მიზეზია, პირველ რიგში კონფლიქტში ჩართული ქვეყნებისა და ხალხებისთვის. მაგრამ ყველაზე საშინელი ის არის, რომ ომი სინამდვილეში განხეთქილების, გახლეჩის წერტილია. <...> „ყველაფერი, რაც ჩადენილია ადამიანურობის წინააღმდეგ, ადამიანის მხარდაჭერის გარეშე ვერ მოხდებოდა. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ასეთი ქმედებები [ომის დანაშაულები] არ შეიძლება მხარდაჭერილი იყოს [...] ამის გამართლება აბსოლუტურად შეუძლებელია, რადგან მე სამართლიანობის მხარეს ვარ“.
ბაბარიკების ბრძოლა
ვიკტარ ბაბარიკამ, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღო. ის და მისი შვილი ედუარდი, რომელიც საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა, არჩევნების წინ (2020 წლის 18 ივნისს) დააპატიმრეს და, შესაბამისად, 14 და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
„ეს იყო თითქმის სამწლიანი სრული იზოლაცია, - განაცხადა ვიკტარ ბაბარიკამ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, - ჩემი შვილის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ ფრაგმენტულად ვიღებდი იმ იშვიათი შესაძლებლობების წყალობით, როდესაც ადამიანები ერთმანეთს ახალ ამბებს უზიარებენ. გუშინ, როგორც იქნა, მივიღე ზუსტი ინფორმაცია. ვიცი, რომ ის ამჟამად ორშის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იმყოფება, იმის გათვალისწინებით, რომ მას კიდევ ორი წელი დაუმატეს ე.წ. 411-ე მუხლით. მახსენდება ფრაზა, რომელიც მან ჯერ კიდევ 2020 წელს წარმოთქვა. როდესაც ჰკითხეს, რომელი მუხლით გაგასამართლესო, მან მარტივად უპასუხა: „ჩემი მუხლი ჩემი გვარია“. მიუხედავად იმისა, რომ მე ნამდვილად ვნერვიულობ მასზე, ძალიან ვამაყობ, რომ ის ღირსეულად უძლებს თავის წილ განსაცდელს.“
მნიშვნელოვან განსაცდელს გაუძლო თვითონ ვიკტარ ბაბარიკამაც, რომელსაც პატიმრობისას „გონების უკონტროლო დაკარგვის“ რამდენიმე ეპიზოდი ჰქონდა:
„გონს რომ მოვედი - ნეკნი მქონდა მოტეხილი, ფილტვი - გახეული, თავზე 23 ნაკერი მედო, განვითარდა ორმაგი პნევმონია. ამაზე კომენტარს არ გავაკეთებდი, მაგრამ არ ვიცი, რამ გამოიწვია ეს. რადგან ეს გონების დაკარგვის შემდეგ მოხდა. არ შემიძლია ვთქვა, რომ თავი დავიზიანე ან მცემეს“.
ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს ვიკტარ ბაბარიკას, გააგრძელებდა თუ არა ის პოლიტიკურ საქმიანობას, რაზეც ყოფილმა პოლიტპატიმარმა უპასუხა:
„მთელი ცხოვრება ვცდილობდი ვყოფილიყავი ისეთი ადამიანი, ვინც საზოგადოებისთვის იქნებოდა საჭიროა. თუ ბელარუსში დავჭირდები ვინმეს, შევეცდები რაღაცის გაკეთებას ბელარუსში. ან იქნებ მხოლოდ ჩემს ოჯახს დავჭირდე... არ ვიცი, ჯერ ნამდვილად არაფერი არ ვიცი. მინდა ვიმუშაო პროექტებზე იქ, სადაც მათი განხორციელება ყველაზე ეფექტიანად იქნება შესაძლებელი. <…> ბოლო 24 საათის განმავლობაში მხოლოდ ის გავიგე, რომ სინამდვილეში არაფერი გაჩერებულა. ყველაფერი, რაც დაიწყო, გრძელდება. და ეს ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა“.
მარია კოლესნიკავას თქმით, არ ნანობს 2020 წელს პოლიტიკაში მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღო.
„ეს რთული არჩევანი ძალიან მარტივად გავაკეთე, რადგან აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი და ახლაც ვარ, რომ მხარს ვუჭერდი სწორ იდეას, ვუჭერდი მხარს ჩემს ღირებულებებს, როგორც ეს ვიქტორ დმიტრიევიჩმა [ბაბარიკამ] და მისმა შვილმა, ედუარდ ბაბარიკამ გამოხატეს“, - თქვა მარია კოლესნიკავამ, რომელსაც „დიდი განსაცდელებისა და დიდი ტანჯვის“ შემდეგაც მიაჩნია, რომ „ქვეყნისთვის კრიტიკულ მომენტებში, თუ რამის გაკეთება შეგიძლია, მაშინ ვალდებულიც ხარ“.
ვიკტარ ბაბარიკამ კი მოუწოდა ყველას, რომ არ დაივიწყონ ბელარუსის ციხეებში დარჩენილი სხვა პოლიტპატიმრები.
„ეს იქნებოდა დიდი ღალატი ჩვენი მხრიდან, იმის დავიწყება, რომ იქ ჯერ კიდევ ათასობით ადამიანია. და მე მშვიდად ძილს შევძლებ არა მაშინ, როდესაც ჩემი შვილი იქნება თავისუფალი, არამედ მაშინ, როდესაც იქ არავინ იქნება“, - განაცხადა ვიკტარ ბაბარიკამ, ყოფილმა პოლიტპატიმარმა, რომელიც 13 დეკემბერს გათავისუფლდა ბელარუსის ციხიდან სხვა 122 პოლიტპატიმართან ერთად.
ფორუმი