2026 წლის სექტემბრის დასაწყისში Google-ის კორპორაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა ერიკ შმიდტმა, რომლის კომპანიებიც დღეს უკრაინის არმიას მაღალტექნოლოგიური დრონებით ამარაგებენ, გაზეთ Washington Post-ისთვის გამოქვეყნებულ სვეტში დაწერა, რომ უკრაინიდან „ომის დაწყების შემდეგ ყველაზე ძლიერი შფოთვის განცდით“ დაბრუნდა.
ერიკ შმიდტის შეფასებით, კიევი დიდი ხნის განმავლობაში უსწრებდა მოსკოვს როგორც ახალი ტექნოლოგიების დანერგვით, ასევე ბრძოლის ველზე წარმოქმნილ ახალ გამოწვევებზე რეაგირებით, თუმცა ახლა ეს უპირატესობა სწრაფად მცირდება.
„როდესაც უკრაინამ შექმნა გადამჭერი დრონები, რომლებსაც რუსული „შაჰედების“ ჯგუფების განადგურება შეეძლოთ, რუსეთი ადაპტირდა და დაიწყო უფრო სწრაფი, რეაქტიული ძრავებით აღჭურვილი „შაჰედების“ გამოყენება, რომელთა გადაჭერაც გაცილებით რთულია. რუსეთი ასევე ავითარებს თანამგზავრულ დაჯგუფებას, რომელიც მიზნად ისახავს Starlink-თან კონკურენციას - ეს არის სისტემა, რომელსაც უკრაინის დანაყოფები ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსულ პოზიციებზე იერიშებისათვის იყენებენ. წლების განმავლობაში კრემლის სტრატეგია იყო უკრაინული ინოვაციებისთვის სამრეწველო წარმოების მასშტაბებით დაპირისპირება, მაგრამ ახლა ის ამ მასშტაბებს საკუთარ ინოვაციებსაც უთავსებს“, - წერს ერიკ შმიდტი.
ერიკ შმიდტი
ცოტა ხნით ადრე უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელმძღვანელობას „არ აქვს იმის საერთო ხედვა, თუ როგორ გაიმარჯვოს“ და, რომ უკრაინას „რამდენიმე თვე აქვს იმისთვის, რომ მიიღოს ვითარების თავის სასარგებლოდ შემობრუნებისთვის აუცილებელი საკვანძო გადაწყვეტილებები“.
რუსეთი ასევე იყენებს შორი მოქმედების სხვა საშუალებებს - ფრთოსან რაკეტებს „ბანდეროლსა“ და „დან-ტ“-ს (Дань-Т). უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მონაცემებით, აგვისტოში რუსეთს თვეში 80-მდე „ბანდეროლის“ წარმოება შეეძლო. ცალკეული შეფასებებით, რუსეთის ხელისუფლება 2026 წლის ბოლომდე „დან-ტ“ ტიპის 2 ათასამდე რაკეტის, ხოლო მომდევნო წელს - 14 ათასამდე რაკეტის წარმოებას გეგმავს.
უკრაინის არმია ავითარებს და უკვე იყენებს გადამჭერ (გამანადგურებელ) დრონებს, რომლებსაც რეაქტიული უპილოტო აპარატების ჩამოგდება შეუძლიათ, თუმცა ეს საშუალებები ჯერ საკმარისი არ არის პრობლემის კომპლექსურად გადასაჭრელად. სექტემბრის არასრული 27 დღის განმავლობაში სამხედრო ანალიტიკოსმა კლემან მოლენმა კიევზე 155 დადასტურებული იერიში დათვალა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება მიმდინარე წლის ნებისმიერი სხვა თვის მაჩვენებელს.
„სარაკეტო იერიშების რაოდენობა აგვისტოსა და ივლისთან შედარებით შემცირდა, რაც შეიძლება აიხსნას იმით, რომ ქალაქამდე აღწევს შედარებით იაფი „გერან-4“-„გერან-5“-ები და „ბანდეროლებიც“. სავარაუდოდ, რუსეთი ზამთრის იერიშებისთვის აგროვებს ბალისტიკურ რაკეტებს“, - აღნიშნა მან.
უკრაინის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრი თავის ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ რუსეთმა „გერანი“ აქცია სისტემად, რომელიც უწყვეტად და სწრაფად იხვეწება: დეველოპერები სიახლეებს ქმნიან, ამოწმებენ, ნერგავენ და მის მასშტაბირებას ახდენენ არა წლების ან თვეების, არამედ კვირების განმავლობაში. მსგავს დასკვნებამდე მივიდნენ გამოცემა Financial Times-ის ჟურნალისტებიც.
უკრაინელი სამხედრო ანალიტიკოსი Tatarigami და მისი ჯგუფი Frontelligence Insight ასკვნიან, რომ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი არა მხოლოდ დაეწია უკრაინას დრონების წარმოების რამდენიმე მიმართულებით (ხშირად უბრალოდ არსებული პროდუქტების კოპირებით) არამედ წინ გავიდა იმ მხრივ, თუ როგორ ზრდის დრონების კომპონენტების საწარმოებლად საჭირო აღჭურვილობის წარმოების მასშტაბებს და როგორ ავითარებს კავშირგაბმულობის სისტემებსა და მართვის საშუალებებს, რომლებიც Starlink-ის გარეშე საშუალო და დიდ მანძილზე დრონების გამოყენების საშუალებას იძლევა.
„უკრაინის ტექნოლოგიური უპირატესობა, რომელიც მას 2026 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში ჰქონდა, სწრაფად მცირდება. თუ უკრაინა მის შენარჩუნებას ვერ შეძლებს, მომდევნო წლის განმავლობაში რუსეთი შესაძლოა წინ წავიდეს როგორც წარმოების მასშტაბებით, ისე ტექნოლოგიების დონით. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ომის საერთო მიმდინარეობა შეიცვლება, თუმცა უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობას ამ პრობლემის მოგვარება აშკარად უახლოეს მომავალში მოუწევს“, - აღნიშნავს Tatarigami.
გერან-4-ის დაშლილი დრონი
ბუდანოვის დაპირება
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი აცხადებს, რომ რეაქტიული „შაჰედების“ მასობრივი განადგურება რამდენიმე თვის საკითხია - საზენიტო (ზენიტური) დრონები უკვე საბრძოლო პირობებში გადიან გამოცდას. სექტემბერში უკრაინის ხელისუფლება და მწარმოებლები უკვე არა მხოლოდ გამოცდებზე, არამედ გადამჭერი (გამანადგურებელი) დრონების რამდენიმე ნიმუშის საბრძოლო გამოყენებაზე იუწყებოდნენ. თუმცა დღეს უკრაინის ცა, განსაკუთრებით კი კიევის თავზე, თითქმის უწყვეტად ივსება რუსული რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატებით.
ექსპერტთა შეფასებით, რეაქტიული დრონები გაცილებით სწრაფია, ვიდრე წინა თაობის დამრტყმელი (მოიერიშე) დრონები, რომლებიც შიდაწვის ძრავებით იყვნენ აღჭურვილი. მობილურ საცეცხლე ჯგუფებსა და ტრადიციულ საზენიტო დრონ-გადამჭერებს უბრალოდ არ ჰყოფნით სიჩქარე, რათა რეაქტიულ უპილოტოებს დაეწიონ. საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით ან თვითმფრინავებზე დამონტაჟებული შეიარაღებით მათი ჩამოგდება კი, ისევე როგორც ზოგადად ნებისმიერი დრონის განადგურება ამ საშუალებებით, ძალიან ძვირი ჯდება.
უკრაინა მოუმზადებელი აღმოჩნდა დიდი რაოდენობით მაღალსიჩქარიანი უპილოტო აპარატებისათვის, რომლებიც ბოლო პერიოდში უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო გამოწვევად იქცა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის კომუნიკაციების სამმართველოს უფროსის, იური იგნატის, მონაცემებით, 21 სექტემბრის მდგომარეობით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დაახლოებით 7700 რეაქტიული დრონი გაუშვა. მარტო ზაფხულის სამ თვეში აგრესორმა გამოყენებული დრონების რაოდენობა 5-6-ჯერ გაზარდა.
„გერან-3“, „გერან-4“, რაკეტდრონები „გერან-5“ და „ბანდეროლი“ - ეს რეაქტიული დრონები, წინა თაობის შორ მანძილზე მოქმედი დამრტყმელი (მოიერიშე) უპილოტო აპარატებისგან განსხვავებით, ფრენის პროფილით (სიჩქარით, ტრაექტორიით და სხვა მახასიათებლებით) ფრთოსან რაკეტებს შეესაბამებიან, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მათი დამზადება და ექსპლუატაცია გაცილებით იაფი ჯდება.
იური იგნატი
მობილური საცეცხლე ჯგუფები, რომლებიც 2025 წელს შიდაწვის ძრავიანი რუსული დრონების დაახლოებით 40%-ს ანადგურებდნენ, ახლა რეაგირებას ვეღარ ასწრებენ - რეაქტიული დრონების სიჩქარე 400-600 კმ/სთ-ს აღემატება, ხოლო ფრენის შთამბეჭდავმა სიმაღლემ ტყვიამფრქვევებით აღჭურვილი ჯგუფეულები ფაქტობრივად არაეფექტიანი გახადა.
დრონ-გამანადგურებლებსაც, რომლებმაც ადრე ჩამოგდებების 35-40% უზრუნველყვეს, ასეთი უპილოტო აპარატების გასანადგურებლად საკმარისი სიჩქარე აღარ აქვთ.
უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, კლასიკური დამრტყმელი (მოიერიშე) დრონების ჩამოგდების მაჩვენებელი დაახლოებით 90-95%-ს აღწევს, მაშინ როცა რეაქტიული დრონებისა დაახლოებით 60%-ია.
“ამ უკანასკნელების მოგერიება ამჟამად ძვირადღირებული სისტემებით - ავიაციით, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებითა და გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით გვიწევს, - ამბობს ერთ-ერთი უკრაინული სამხედრო საწარმოს განვითარების დირექტორი, საჰაერო ძალების თადარიგის ოფიცერი ანატოლი ხრაპჩინსკი, - ანუ კლასიკური ტაქტიკური საჰაერო თავდაცვის სისტემით. პირობითად, როდესაც 300-600 კმ/სთ სიჩქარის მქონე სამიზნის წინააღმდეგ ავტომატური დამიზნებისა და გადაჭერის რეჟიმში მოქმედებს რაკეტა ან ნებისმიერი სხვა საშუალება“.
“ეს საშუალებები დეფიციტურია, ამიტომ მათმა მასობრივმა გამოყენებამ შესაძლოა უკრაინა მოწყვლადი გახადოს ფრთოსანი რაკეტების წინაშე, როდესაც რუსეთი ზამთარში კომბინირებული დარტყმების განხორციელებას დაიწყებს, - წერს პორტალ „მილიტარნის“ სვეტში საზოგადოებრივი კავშირის „უკრაინის ტექნოლოგიური ძალების“ აღმასრულებელი დირექტორი ანასტასია მიშკინა, - სხვათა შორის, შესაძლოა ეს იყოს მტრის ერთ-ერთი მიზანიც, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანებასთან ერთად“.
პირველმა რეაქტიულმა (მაშინ ჯერ კიდევ ირანულმა) “შაჰედ-238“-ებმა უკრაინაზე თავდასხმა 2024 წლის იანვარში განახორციელეს, 2025 წლის ივნისში კი გამოჩნდა მისი რუსული ასლი, „გერან-3“. მოგვიანებით, ჩინეთიდან რეაქტიული ძრავების შესყიდვამ და სანქციებისთვის გვერდის ავლამ რუსეთს საშუალება მისცა, მასობრივად დაეწყო რეაქტიული დრონების წარმოება და ინტენსიური გამოყენება 2026 წლის ზაფხულიდან.
ასევე ნახეთ
მონადირეებზე მონადირენი: უკრაინის ფრონტზე FPV-დრონების საწინააღმდეგო მოწყობილობები გამოჩნდარატომ დააგვიანა უკრაინამ რეაქტიული გადამჭერ-გამანადგურებლების შექმნა: დასკვნები
თეორიულად, რეაქტიული დრონების წინააღმდეგ ბრძოლის აშკარა გამოსავალი სავარაუდოდ სწორედ რეაქტიული გადამჭერები უნდა ყოფილიყვნენ. უკრაინას უკვე აქვს საზენიტო გადამჭერების შექმნისა და წარმატებით გამოყენების გამოცდილება - ასეთი აპარატები პირველი თაობის რუსულ დრონებს ანადგურებდნენ. თუმცა რეაქტიული მოდელის შექმნა გაცილებით რთული აღმოჩნდა.
19 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში აჩვენა რეაქტიული გადამჭერის პირველი წარმატებული გამოყენება რუსული რეაქტიული უპილოტო აპარატის წინააღმდეგ. მოგვიანებით ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიდევ ოთხმა მაღალსიჩქარიანმა გადამჭრელმა გაიარა გამოცდა.
შეიარაღების სპეციალისტების თქმით, ასეთი დრონების წარმოება უფრო ძვირი ჯდება და მოითხოვს რეაქტიულ ძრავებს (მათ სტაბილურ მიწოდებას), რომლებსაც უკრაინაში არ აწარმოებენ.
„რუსეთი რეაქტიულ ძრავებს ჩინეთში ყიდულობს. ნაწილობრივ ჩვენც ჩინეთში ვყიდულობთ. არსებობს რამდენიმე ევროპული კომპანია, რომელსაც მათი მოწოდება შეუძლია, მაგრამ ამ ძრავების ღირებულება ძალიან მაღალია“, - ამბობს ანატოლი ხრაპჩინსკი.
„რეაქტიული გადამჭერები გამოწვევაა როგორც მწარმოებლებისთვის, ისე სახელმწიფოსთვის", - აღნიშნავს თავის სვეტში საზოგადოებრივი კავშირის „უკრაინის ტექნოლოგიური ძალების“ აღმასრულებელი დირექტორი ანასტასია მიშკინა.
მისი თქმით, აქამდე უკრაინაში კერძო მწარმოებლები დრონ-გადამჭერებს კომერციულ ბაზარზე ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების გამოყენებით ქმნიდნენ. თუმცა რეაქტიული გადამჭერებისთვის მხოლოდ უფრო მძლავრი და ძვირი ძრავა საკმარისი არ არის.
პირველი თაობის გადამჭერების შემთხვევაში ოპერატორი ხშირად ხელით ახორციელებდა დამატებით დამიზნებას და საბრძოლო ნაწილის აფეთქებას. რეაქტიული სამიზნეების წინააღმდეგ, მათი მაღალი სიჩქარის გამო, ეს პროცესები ავტომატიზებული უნდა იყოს. ამისთვის კი საჭიროა ისეთი ტექნოლოგიები, რომლებიც კომერციულ ბაზარზე ხელმისაწვდომი არ არის.
„ასეთ ტექნოლოგიებს სჭირდებათ სერიოზული სპეციალიზებული სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები ანუ სულ სხვა მატერიალური ბაზა, სხვა სპეციალისტები და სხვა ფინანსური რესურსი, ვიდრე ის, რასაც დღეს კერძო მწარმოებელი ფლობს“, - წერს ანასტასია მიშკინა.
მისი აზრით, გადამჭერების მწარმოებლები საკუთარი შესაძლებლობების ზღვარზე გავიდნენ, შედეგის მოტანა კი მხოლოდ რეალურ სახელმწიფო-კერძო პარტნიორობას შეუძლია. „სერიოზული სამხედრო ტექნოლოგიების შესყიდვის ან მათი შექმნის დაფინანსების შესაძლებლობა მხოლოდ სახელმწიფოს აქვს“, - ამბობს მიშკინა.
რუსული „გერან-5“ ტიპის რეაქტიული დრონი, რომელსაც უკრაინული გამანადგურებელი ეძებს.
2025 წლის დეკემბერში, მაშინდელმა ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა გრანტების პროგრამის, Brave1 - EU4UA Defence Tech-ის ამოქმედება დააანონსა. პროგრამა ითვალისწინებდა დაფინანსებას 450 კმ/სთ სიჩქარის მქონე მაღალსიჩქარიანი გადამჭერების შესაქმნელად. თუმცა სახელმწიფომ საჭიროება არ განაახლა და მწარმოებლებმა ჩვეულებრივი „შაჰედების“ გადასაჭერად უფრო მარტივ გადაწყვეტილებებზე გააკეთეს აქცენტი.
საზოგადოებრივი კავშირის „უკრაინის ტექნოლოგიური ძალების“ აღმასრულებელი დირექტორის თქმით, დამრტყმელი (მოიერიშე) რეაქტიული უპილოტო აპარატების წინააღმდეგ შექმნილი ყველაზე ეფექტიანი გადამჭერებიც კი დამოუკიდებლად ყველა სამიზნის აღმოჩენასა და განადგურებას ვერ შეძლებენ. ისინი სხვა საშუალებებთან - რადარებთან, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებთან და ავიაციასთან - ერთად, „ორკესტრის“ პრინციპით, ეშელონირებული თავდაცვის სისტემაში მუშაობენ.
„ამ კომპლექსური სისტემის ეფექტიანობა დამოკიდებულია რადიოლოკაციური ველის გაძლიერებასა და სიტუაციური გაცნობიერების სისტემების შემდგომ განვითარებაზე. ანუ ჩვენ კვლავ ვუბრუნდებით ყველა თანმხლები ელემენტისგან შემდგარი ეკოსისტემის შექმნის საკითხს, რომელიც გადამჭერს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას მისცემს“, - განმარტავს ანასტასია მიშკინა.
როგორ აღმოვაჩინოთ და დავახშოთ MESH
„რეაქტიული დრონების მასობრივი და უწყვეტი თავდასხმები გადაუდებელს ხდის მათი აღმოჩენის ისეთი სისტემის შექმნასაც, რომელიც მთელ უკრაინის ტერიტორიაზე მუშაობის საშუალებას მოგვცემს, - ამბობს ანატოლი ხრაპჩინსკი, - ის რადიოლოკაციური საშუალებები და საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებსაც ჩვენ ვიყენებდით, განკუთვნილი იყო მხოლოდ შიდაწვის ძრავებით აღჭურვილ „შაჰედებთან“ საბრძოლველად. მათი რაოდენობა უნდა გაიზარდოს. მთელი უკრაინის ტერიტორია უნდა დაიფაროს სხვადასხვა სენსორით: აკუსტიკურით, ვიზუალურით, კლასიკური რადიოლოკაციით, რადიოელექტრონული დაზვერვის საშუალებებით“.
მისი თქმით, ასევე საჭიროა გაძლიერება რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებისა, რომლებიც არა მხოლოდ დრონების სივრცეში ორიენტაციას, არამედ MESH-კავშირსაც დაუპირისპირდებიან.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა თავდაცვის ტექნოლოგიური მიმართულებების განვითარების საკითხებში, სერგი „ფლეშ“ ბესკრესტნოვმა, თავის ტელეგრამ-არხზე აღნიშნა, რომ თითქმის ერთი წლის წინ გააქტიურა პრობლემა, რომელსაც რუსეთის მიერ „შაჰედების“ სამართავად MESH-კავშირის გამოყენება ქმნის.
ასევე ნახეთ
"დიდი პრობლემა": რუსეთის რეაქტიული დრონები უკრაინას ურტყამენ„დღეს მინდა მადლობა გადავუხადო ყოფილ მთავარსარდალს და მის რადიოელექტრონული ბრძოლის ხელმძღვანელს იმისთვის, რომ მთელი წლის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებში სისტემურად არავინ მუშაობდა MESH-მოდემებთან ბრძოლის ტექნოლოგიებზე და არავინ უზრუნველყო დედაქალაქის რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით დაცვა. მხოლოდ აკვირდებოდნენ, როგორ ავითარებდა მტერი ამ ტექნოლოგიას“, - დაწერა სერგი „ფლეშ“ ბესკრესტნოვმა.
მისი თქმით, რადიოელექტრონული ბრძოლის სპეციალისტების ახალ გუნდს გამოსავლის სასწრაფოდ მოძიება უწევს.
„როდესაც რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ერთ „შაჰედს“ ვებრძვით და MESH-კავშირის გამოყენების შესაძლებლობას ვახშობთ, დანარჩენ „შაჰედებს“ შეუძლიათ ეს რისკები გადაანაწილონ და თავიანთი კავშირის სისტემა სხვა დრონებთან გადააწყონ. ამიტომ საჭიროა, მთელი უკრაინის ტერიტორიაზე დაიფაროს ის სიხშირული დიაპაზონები, რომლებიც MESH-კავშირისთვის გამოიყენება“, - განმარტავს ანატოლი ხრაპჩინსკი.
MESH - ტექნოლოგია, რომელიც დრონს საშუალებას აძლევს მიიღოს (და გაავრცელოს) სიგნალი უპილოტო საფრენი აპარატის მიწის მართვის სადგურიდან. ამგვარად იქმნება ქსელი, რაც უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატორს აძევს შესაძლებლობას ხელით მართოს თითოეული დრონი.
მისი აზრით, უკრაინამ მთელი ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერი სიხშირული დიაპაზონის გამოყენება უნდა დაარეგულიროს - გამოიყენოს თვითონ ან რადიოელექტრონული ხარვეზების შექმნით გამოუსადეგარი გახადოს მტრისთვის.
რუსეთის შემდეგი ნაბიჯი - „რასსვეტი“ და „არიადნა“. როგორ უნდა უპასუხოს უკრაინამ
სამხედრო ექსპერტი ოლექსანდრ კოვალენკო, რომელიც აანალიზებს უკრაინის დაგვიანებულ რეაქციას ახალ მაღალსიჩქარიან დრონებზე, თავის ტელეგრამ-არხზე წამოჭრის წინმსწრები მოქმედებების დაგეგმვის საკითხს, რადგან, მისივე თქმით, უკვე აშკარაა მომავალი საფრთხეების კონტურები.
„იყო თუ არა შესაძლებელი, მასობრივი დგუშიანი Shahed-136-ების გადამჭერი დრონის შექმნის პარალელურად, რეაქტიული ძრავით აღჭურვილი აპარატის მოდიფიცირებული ვერსიის შემუშავებაც? დიახ, შესაძლებელი იყო, მაგრამ ამაზე მოთხოვნა არ არსებობდა, რადგან საფრთხეების საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში დაგეგმვა არ მომხდარა. ამოცანები უკვე არსებული ვითარებიდან გამომდინარე ან დაგვიანებით წყდებოდა“, - დაწერა მან.
„სწორედ ამ მაგალითის ფონზე ჩანს, რამდენად ჩამოვრჩებით წინმსწრები დაგეგმვისა და მოქმედების საკითხებში, მაშინაც კი, როდესაც ვიცით იმ საფრთხეების შესახებ, რომელთა წინაშეც უკრაინა შეიძლება აღმოჩნდეს“, - აღნიშნავს ექსპერტი.
რუსეთი „ალაბუგის“ განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში აფართოებს და ზრდის დამრტყმელი (მოიერიშე) დრონების წარმოებას. პროექტ Dnipro Osint-ის ინფორმაციით, მოსკოვი იქ ახალ კორპუსებს აშენებს და წარმოების მიწისქვეშეთში გადატანაზე ზრუნავს. შესაბამისად, სამომავლოდ დრონები კიდევ უფრო მეტი იქნება.
ასევე ნახეთ
ახალი „მეფე“, ძველი კანონები? - დრონები, ომის უცვლელი ბუნება და გაფანტული ნისლიანატოლი ხრაპჩინსკის მიაჩნია, რომ დროული რეაგირებისთვის საჭიროა შეიქმნას ცალკე ტექნიკური ორგანო, რომელიც ბრძოლის ველზე ტექნოლოგიების განვითარების პროგნოზირებას შეძლებს.
„ჩვენ არ გვაქვს საინჟინრო შტაბი, რომელიც მტრის მხრიდან მომდინარე ნებისმიერი საფრთხის პროგნოზირებას შეძლებდა. შესაბამისად, ვერ ვპროგნოზირებთ, საით უნდა წავიდეთ, რა უნდა შევქმნათ იმისთვის, რომ საფრთხეებს სათანადოდ, ხარისხიანად დავუპირისპირდეთ, - აღნიშნავს ის, - ეს ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მწარმოებლებისთვის შესაბამისი ტექნიკური დავალებების მიცემის საშუალებას მოგვცემდა“.
ექსპერტების თქმით, უკვე ცნობილია რუსეთის მხრიდან მომდინარე სხვა ტექნიკური საფრთხეების შესახებაც, რომელთა გასამკლავებლად მომზადება დაწყებული უნდა იყოს.
რუსეთი ავითარებს საკუთარი Starlink-ის ანალოგს და ორბიტაზე უშვებს „რასსვეტის“ თანამგზავრებს, ახდენს რაკეტა-დრონის „დან-ტ“ („Дань-Т“) მოდერნიზებას და ავითარებს „არიადნას“ რადიოშუქურებით ნავიგაციის ტექნოლოგიას. ასევე, კრემლი აქტიურად თანამშრომლობს ჩინეთთან, ირანთან, ჩრდილოეთ კორეასთან და ბელარუსთან და თავდაცვის ინდუსტრიის ერთიან სისტემას ქმნის. „ამიტომ გასათვალისწინებელია ჩინური და ირანული ტექნოლოგიებიც”, - აღნიშნავს ანატოლი ხრაპჩინსკი.
ექსპერტების თქმით, ასეთ პირობებში უკრაინამ, როგორც სახელმწიფომ, რესურსები მომავალი საფრთხეების გამოვლენაში უნდა ჩადოს, უკრაინელ იარაღის მწარმოებლებს კი გრძელვადიანი კონტრაქტები უნდა გაუფორმოს, შემდგომი გამოსყიდვის გარანტიით, უზრუნველყოს ისინი სამხედრო დანიშნულების კომპონენტებით და ყველანაირად შეუწყოს ხელი წარმოების მასშტაბების გაზრდას.
ბელარუსის როლი
2026 წლის სექტემბრის განმავლობაში რუსეთი თითქმის განუწყვეტლივ ბომბავდა კიევსა და კიევის ოლქს. უკრაინული მხარის ინფორმაციით, დღის განმავლობაში იბომბება ათეულობით სამოქალაქო ობიექტი, მათ შორის სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებებიც. 28 სექტემბერს იერიში იქნა მიტანილი კიევის ცენტრში მდებარე მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობაზე. შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, 24 კი დაიჭრა.
უკრაინელი სამხედროების განცხადებით, ყველაზე რთულად ჩამოსაგდებია რუსული რეაქტიული უპილოტო აპარატები - „გერან-4“ და „გერან-5“, რომლებიც ირანული „შაჰედების“ ბაზაზეა შექმნილი. ეს დრონები ტურბორეაქტიული ძრავებითაა აღჭურვილი და საათში 500-900 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებენ. ამასთან, მათ აქვთ 90 კგ-მდე წონის საბრძოლო ქობინი, კამერები და კავშირგაბმულობის სისტემები, რომლებიც კურსის კორექტირებისა და ზუსტი დარტყმების განხორციელების საშუალებას იძლევა.
ექსპერტების განცხადებით, სიჩქარე და კავშირის მაღალი ხარისხი, რომელსაც ბელარუსი უზრუნველყოფს, რუსული დრონების მართვისა და ზუსტი დამიზნების მთავარი მიზეზებია.
ანატოლი ხრაპჩინსკის, უკრაინაში მოქმედი თავდაცვის საწარმოს განვითარების დირექტორის, თქმით, რეტრანსლატორები განთავსებულია სასაზღვრო სამსახურის პუნქტებში.
2025 წლის იანვარში უკრაინის სამხედრო დაზვერვამ აჩვენა, თუ როგორ გაანადგურა რუსული რეტრლანსლატორები ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
„ასეთი რეტრანსლატორის მოქმედების რადიუსი 140 კილომეტრის პერიმეტრის დაფარვის საშუალებას იძლევა. თუ საკომუნიკაციო ანტენა ბელარუსის ტერიტორიაზე, პირობითად, ჩერნობილის ზონის სიახლოვეს არის განთავსებული, კიევის წყალსაცავის თავზე არსებობს პირდაპირი რადიოჰორიზონტი, რომელიც 140 კილომეტრის დაფარვის საშუალებას იძლევა. ანუ მის მოქმედების არეალში ხვდება მთელი კიევის ტერიტორია. ამიტომ გასაგებია, რატომ გრძნობენ ისინი თავს ასე თავისუფლად უკრაინის საჰაერო სივრცეში“, - განაცხადა ანატოლი ხრაპჩინსკიმ „რადიო თავისუფლების“ უკრაინული სამსახურის ეთერში.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბელარუსი რუსეთს უკრაინაზე დრონებით იერიშის განხორციელებაში ეხმარებოდა, პირველად მიმდინარე წლის ივნისში გავრცელდა. მაშინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალიაქსანდრ ლუკაშენკას ერთი კვირა მისცა რეტრანსლატორების დემონტაჟისთვის.
„თუ ის ამას არ გააკეთებს, მაშინ ჩვენ გავაკეთებთ“, - გააფრთხილა ზელენსკიმ. მისი თქმით, იმ დროისთვის გომელისა და ბრესტის ოლქებში სულ მცირე ოთხი ასეთი რეტრანსლატორი მოქმედებდა. ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში ზელენსკიმ განაცხადა, რომ რეტრანსლატორებმა, სავარაუდოდ, 22 ივნისს მუშაობა შეწყვიტეს.
„მოშალეს თუ არა ისინი, სიმართლე გითხრათ, ჯერჯერობით არ ვიცი. მაგრამ ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ, ძალიან ყურადღებით ვაკვირდები და ყოველდღე ვიღებ ანგარიშებს. ფაქტია, რომ დღეს რეტრანსლატორები არ მუშაობენ“, - თქვა ზელენსკიმ 24 ივნისს, თუმცა 18 სექტემბერს კიევმა ისევ განაცხადა, რომ ბელარუსმა რუსული დრონებისთვის რეტრანსლატორების მუშაობა განაახლა.