პრემიებს კახეთში 2017 წლის ბიუჯეტიდანაც გასცემენ

სიღნაღი

კახეთის მუნიციპალიტეტებში 2017 წლის ბიუჯეტის პროექტებს განიხილავენ. შენიშვნები ძირითადად ოპოზიციას აქვს, გამგებლები და მერები კი ირწმუნებიან, რომ ბიუჯეტის პროექტებში ხალხის მოთხოვნები გაითვალისწინეს. სხვაგვარად ფიქრობს თავად ხალხი.

Your browser doesn’t support HTML5

პრემიებს კახეთში 2017 წლის ბიუჯეტიდანაც გასცემენ

ლაგოდეხის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი განსახილველად საკრებულოს გადაეცა. საკრებულოს წევრები პროექტს საკომისიო ფორმატში განიხლავენ და, შენიშვნების შემთხვევაში, მას შესასწორებლად გამგეობას დაუბრუნებენ. ვიდრე ეს პროცედურული საკითხები ჩაივლის, ბიუჯეტის პროექტს ეცნობა საკრებულოს ოპოზიციური სპექტრიც. სწორედ ოპოზიციას აქვს თითქმის ყოველთვის ბიუჯეტის მიმართ პრეტენზიები. საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ვახტანგ დევიძე ამბობს, რომ, „ისევე როგორც წინა წლებში, არც ამჯერად არის ასახული საზოგადოების მოთხოვნები მუნიციპალიტეტის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში“. დევიძის მოთხოვნაა, დაფინანსება გაეზარდოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს, რათა ბავშვებისა და პედაგოგების პირობები გაუმჯობესდეს.

ოპოზიციისგან განსხვავებით, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი მოსწონს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელს. კახა ჯამბურიას თქმით, მომავალ წელს პრიორიტეტადმიიჩნიეს ინფრასტრუქტურული და სოციალური საკითხები.გამგებელი გვეუბნება, რომ ისინი მოსახლეობას უკვე შეხვდნენ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში და საზოგადოების საჭიროებებს კარგად იცნობენ.

ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა დასრულდა თელავშიც. თელავის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 10 მილიონ ლარზე მეტია და, როგორც თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ განაცხადა, ამ თანხიდან 2017 წელს 2 მილიონ ლარზე მეტი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება.

რა სურვილები აქვთ ადგილობრივებს, რა უჭირთ და რაში უნდა დაიხარჯოს ხალხის მიერ გადასახადებისგან შემდგარი ბიუჯეტი?

თვითმმართველობები პრემიების გაცემაზე უარს არც ამჯერად ამბობენ. ლაგოდეხისა და თელავის ბიუჯეტის პროექტების მიხედვით, 2017 წელს თელავშიც და ლაგოდეხშიც დანამატები ორჯერ გაიცემა. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე არ არის დადგენილი კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც უნდა გაიცეს პრემიები.