მალაკნები რელიგიური ჯგუფის წევრები არიან, რომელთა სახელიც რუსული სიტყვა “მოლოკოსგან” მომდინარეობს. ეს სახელი მათ მართლმადიდებლებმა შეარქვეს, რადგან მარხვის დროს რძის ნაწარმს ჭამდნენ. XVIII საუკუნის რუსეთში აღმოცენებული რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენლები XIX საუკუნის 30-იან წლებში მწვალებლებად და მავნე ერეტიკოსებად გამოაცხადეს. მათ დევნიდნენ, ასამართლებდნენ და სამშობლოდან ასახლებდნენ. ასე აღმოჩნდნენ დევნილი მალაკნები საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ამერიკასა და მექსიკაშიც კი. მალაკნებმა კახეთში ჩამოსვლა სარატოვის გუბერნიიდან 1850 წელს დაიწყეს. სოფელ ულიანოვკაში, რომელსაც ადრე ახალი ალექსეევკა ერქვა და ახლა ილიაწმინდა ჰქვია, გასული საუკუნის ბოლომდე 1500-მდე ოჯახი ცხოვრობდა. დღეს მათი რიცხვი მკვეთრად არის შემცირებული.