წლის იღბლიანი დასაწყისი ღვინის მწარმოებლებისთვის

2016 წლის დასაწყისი საქართველოს ღვინის მწარმოებლებისთვის იღბლიანი გამოდგა - გასული წლის კრიზისულ პერიოდთან შედარებით, ვალუტების შედარებითმა დასტაბილურებამ ასახვა პოვა ქართული ღვინის ტრადიციული ბაზრების მოთხოვნის ზრდაზე და, შესაბამისად, ექსპორტიც ამ ქვეყნებში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

თუმცა ზრდა დაფიქსირდა არამხოლოდ ტრადიციულ ბაზრებზე, კერძოდ: ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან მსოფლიოს 26 ქვეყანაში ექსპორტირებულია 7 მილიონ 694 ათასზე მეტი ბოთლი ღვინო, რაც 51 %-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებული ღვინის ფასმა 18 მილიონ 144 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 20 %-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

თუ ამ სტატისტიკას დავაკვირდებით, ფაქტია, რომ ბოთლი ღვინის საშუალო საცალო საექსპორტო ფასი შემცირებულია, თუმცა ბრუნვის მნიშვნელოვანი ზრდა მაინც აღსანიშნავი გახლავთ. უნდა ითქვას, რომ ზრდა აღინიშნა არამხოლოდ ღვინის ექსპორტში. მსოფლიოს 10 ქვეყანაში ექსპორტირებულია 2, 2 მილიონამდე ბრენდი, რაც 116 %-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - მატება, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 70 %-ს აღწევს.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი - 4 მილიონზე მეტი ბოთლი, უკრაინა - 1 მილიონი ბოთლი, ყაზახეთი - 784, 8 ათასი, პოლონეთი - 443 ათასი და ჩინეთი - 371 ათასი ბოთლი.
საანგარიშო პერიოდისთვის ექსპორტის მატება დაფიქსირდა: რუსეთი - 124 % , უკრაინა - 66 %, პოლონეთი - 26 %, ლიტვა - 34 %, ყირგიზეთი - 70 %, აშშ - 19 %, გერმანია - 89 %, ჩინეთი - 2 %, ბელორუსი - 297 %, დიდი ბრიტანეთი - 40 % და სხვა.

ჩამონათვალში განსაკუთრებთ დიდი ზრდით გამოირჩევა ბელორუსის ბაზარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბელორუსი, თავისი მოცულობითა და ბაზრის პოტენციალით, საინტერესო და პერსპექტიული ბაზარია.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 2016 წლის პირველ სამ თვეში 33,1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.