კიევში გრძელდება ევროინტეგრაციის მხარდამჭერთა აქცია

ჯონ მაკკეინი ევრომაიდანზე შეკრებილებს მიმართავს

კიევში გრძელდება ევროინტეგრაციის მომხრეთა დემონსტრაცია. ცნობების თანახმად, 200 ათასამდე დემონსტრანტი შეიკრიბა აქციაზე მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ლიდერებმა თანამოაზრეებს მოუწოდეს, ბევრი მივიდეს დამოუკიდებლობის მოედანზე და გააძლიეროს ზეწოლა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩზე მისი გადაწყვეტილების გამო, ხელი არ მოაწეროს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. კვირას გაიმართა აგრეთვე პრეზიდენტის მომხრეთა კონტრდემონსტრაცია კიევის ცენტრში მდებარე ევროპის მოედანზე. ამ აქციაზე 15 000-მდე ადამიანი შეიკრიბა. კიევში დამოუკიდებლობის მოედანზე, ანუ ევრომაიდანზე შეკრებილებს კვირას მიმართა ამერიკელმა სენატორმა, რესპუბლიკელმა ჯონ მაკკეინმა. მისი თქმით, ის და დემოკრატი სენატორი კრის მერფი კიევში ჩავიდნენ, რათა მხარი დაუჭირონ უკრაინის უფლებას, დამოუკიდებლად განსაზღვროს თავისი ბედი. „უკრაინა ევროპას უკეთესს გახდის და ევროპა უკრაინას გახდის უკეთესს. ყველა უკრაინელს მივმართავ: ამერიკა მხარში გიდგათ, თავისუფალი სამყარო მხარში გიდგათ! ამერიკა თქვენს გვერდითაა, მე ვარ თქვენს გვერდით!“ - განაცხადა სენატორმა ჯონ მაკკეინმა კიევში, ევრომაიდანზე შეკრებილებისადმი მიმართვისას.

Your browser doesn’t support HTML5

კიევში გრძელდება ევროინტეგრაციის მხარდამჭერთა აქცია