4 L1 TF - რადიოკუნძული რაჭაში

68 წლის რადიომოყვარული თენგიზ ფრუიძე რაჭაში, სოფელ ქვიშარში ცხოვრობს.

მის კოლექციაში 50-მდე ძველი რადიომიმღები და ერთი ხელნაკეთი რადიოსადგური, სახელად 4 L1 TF-ია.

საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც რადიომოყვარულებმა კარგად იციან, რომ ეს სახმობი ქვიშარელ თენგოს ეკუთვნის.

რადიოსადგური სახლისგან ცოტა მოშორებით, თავის ვენახში აქვს მოწყობილი. საღამოობით, საოჯახო საქმეების მოთავების შემდეგ, ის თავის „რადიოკუნძულს“ აკითხავს და იქ გვიანობამდე რჩება - სწორედ ამ დროს იწყება მთელი საქართველოს მასშტაბით რადიომოყვარულების თავშეყრა ე.წ. „მრგვალი მაგიდა“ და ერთმანეთის მოკითხვა.

Your browser doesn’t support HTML5

4 L1 TF - რადიოკუნძული რაჭაში

გვიან ღამით, უცხოელებიც ხაზზე არიან - რადიომოყვარულები ევროპიდან, ლათინური ამერიკიდან, ამერიკიდან, სინგაპურიდან. ერთხელ თენგიზ ფრუიძე ჩრდილოეთ პოლუსზე მიმავალ ექსპედიციის წევრებსაც კი ელაპარაკა.

რაჭის ცნობილი მიწისძვრის დროს, პირველ ცნობებს დედაქალაქს სწორედ ადგილობრივი რადიომოყვარულები გადასცემდნენ. დღეს რაჭაში მხოლოდ ოთხი რადიომოყვარულია დარჩენილი.

თენგიზ ფრუიძის რადიოსადგურში რადიომიმღებების გარდა, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, აკრძალული რადიოსადგურების ეთერიდან გადმოწერილი ჩანაწერების კოლექციაც აქვს.

რადიო თავისუფლებაც იმ რადიოებს შორის იყო, საიდანაც საბჭოეთში მსოფლიოს შესახებ აკრძალულ ამბებს იგებდა.