ძლიერნი ამა ქვეყნისა და მათი მდიდრული საათები

​რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვისა და ფიგურულ სრიალში ოლიმპიური ჩემპიონის ტატიანა ნავკას ქორწილი.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვისა და ფიგურულ სრიალში ოლიმპიური ჩემპიონის ტატიანა ნავკას ქორწილი შეიძლებოდა ჩვეულებრივ ელიტურ ქრონიკად დარჩენილიყო, რომ არა ის ძვირად ღირებული მაჯის საათი, რომელიც ნეფის მაჯაზე ფოტოგრაფებმა დააფიქსირეს. როგორც გაირკვა, საკუთარ ქორწილში პატარძლის კისერზე შემოხვეულ პესკოვის მარჯვენას ამშვენებდა Richard Mille-ის, ცნობილი შვეიცარიული ფირმის, RM-52-01 მოდელის ოქროს თავისქალიანი საათი, რომელიც, დაახლოებით, 620 ათასი დოლარი ღირს.

სკანდალურ ინფორმაციას მალევე მოჰყვა დმიტრი პესკოვის მეუღლის, ტატიანა ნავკას, განმარტება:

„მე საკმაოდ დიდი შემოსავალი მაქვს და შემიძლია ჩემს თავს მივცე ასეთი საჩუქრის გაკეთების უფლება. თუმცა საათის ფასი, რაზეც ყველა ლაპარაკობს, არ შეესაბამება სინამდვილეს“.

ისე კი, მდიდრული საათი რომ სკანდალს გამოიწვევდა, ალბათ, უნდა განეჭვრიტა დმიტრი პესკოვს, რადგან რამდენიმე წლის წინ სწორედ მისი უშუალო უფროსი, ვლადიმირ პუტინი, აღმოჩნდა საყოველთაო ყურადღების ცენტრში მაჯის საათის გამო.

2009 წელს, მაშინ რუსეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე მყოფმა ვლადიმირ პუტინმა, რუსეთის ინდუსტრიულ ქალაქ ტულაში ვიზიტის დროს, ერთ-ერთ მუშას, ვიქტორ ზაევკსის, სახსოვრად 6 000 დოლარად ღირებული Blancpain-ის ფირმის მაჯის საათი აჩუქა. სოციალურ ქსელში ხუმრობდნენ, პუტინს გაუმართლა, რომ იმ დღეს Patek Philippe-ის 60 ათას დოლარად ღირებული მაჯის საათი არ ეკეთაო.

ხუმრობა იქით იყოს და, მდიდრული მაჯის საათისადმი გულგრილ დამოკიდებულებას არც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, პატრიარქი კირილე უჩივის. ცნობილია კირილეს 2009 წლით დათარიღებული ოფიციალური ფოტო, რომელზეც მღვდელმთავარს 30 ათას დოლარად შეფასებული შვეიცარიული Breguet-ის ფირმის საათი ამშვენებს. მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ ფაქტს სკანდალი მოჰყვა, საპატრიარქოს ოფიციალური ვებსაიტის გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოზე კირილეს მაჯიდან საათი გაქრა, თუმცა მაგიდაზე დარჩა მისი ანარეკლი.

უკრაინის ამჟამინდელი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მაჯის საათის მხრივ უფრო მოკრძალებულად გამოიყურება. 2015 წლის მაისში, როდესაც სლოვაკ კოლეგას ხვდებოდა, პეტრო პოროშენკოს 600 დოლარად ღირებული ინტერნეტსაათი, ე.წ. „აი ვოჩი“ ეკეთა.

უფრო მდიდრული მაჯის საათების ტრფიალი იყო უკრაინის დევნილი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი. საზოგადოებას მის ხელზე სხვადასხვა დროს უნახავს საათები, რომელთა ფასი 6 000 დოლარიდან 165 ათას დოლარამდე მერყეობს.

დაბოლოს, ძვირად ღირებული საათებისადმი ნაკლებად მიდრეკილი არც მიხეილ სააკაშვილია, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ამჟამად ოდესის ოლქის გუბერნატორი, რომლის მარჯვენასაც 8 ათას დოლარად ღირებული „ომეგას“ ფირმის ოქროს საათი ამშვენებს. შესაძლოა, სააკაშვილის გემოვნება წლების განმავლობაში უფრო დაიხვეწა. 2009 წელს, როდესაც პრეზიდენტი იყო, მისმა უცნაურმა მაჯის საათმა გამოცემა „ინდიფენდენტის“ ყურადღებაც კი მიიპყრო. ესაა „ლურჯი პლასტიკური საათი, მხიარული კურდღლით“, - წერდა გამოცემა. თუმცა მოგვიანებით სააკაშვილმა განმარტა, რომ ის იუმორით ეკიდება ღვარძლიან კრიტიკას ოპონენტებისა, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტს „დამფრთხალ კურდღელს“ ადარებდნენ.