კამპანიას - ”მილიარდი ამბოხებული” - საქართველოც უერთდება

ნათია ხარატიშვილი, ნანა ფანცულაია

14 თებერვალს მსოფლიოში პირველად ტარდება გლობალური კამპანია, სახელწოდებით „მილიარდი ამბოხებული“, რომლითაც მის ავტორებს სურთ მთელ მსოფლიოს უჩვენონ ქალთა სოლიდარობა და ქალების ერთობლივი ძალისხმევა თავიანთი უფლებების დასაცავად. ამ კამპანიას უერთდება საქართველოც. ესტონეთის საელჩოს მხარდაჭერით, ”ქალთა ფონდისა” და ორგანიზაცია ”იდენტობის” თანამონაწილეობით, ქალთა უფლებების დასაცავად თბილისსა და ზესტაფონში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. იმაზე სასაუბროდ, თუ როგორ გააპროტესტებენ ქალები თავიანთ უფლებრივ მდგომარეობას და რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში, ეკა ქევანიშვილმა რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში ”ქალთა ფონდის” აღმასრულებელი დირექტორი ნანა ფანცულაია და ორგანიზაცია ”იდენტობის” საველე ოფიცერი ნათია ხარატიშვილი მიიწვია.