სტუმრად ჩვენს ეთერში: ნაზი ჯანეზაშვილი

ნაზი ჯანეზაშვილი

20 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრებში" მონაწილეობა მიიღო ნაზი ჯანეზაშვილმა, "საქართველოს მოსამართლეთა ერთობის" აღმასრულებელმა დირექტორმა. მან ილაპარაკა ორგანიზაციის 20 ოქტომბრის განცხადებაზე, რომლითაც "საქართველოს მოსამართლეთა ერთობა" ეხმაურება "რუსთავი-2"-თან დაკავშირებულ სასამართლო პროცესს, კერძოდ, ყურადღებას ამახვილებს "რუსთავი-2"-ის ხელმძღვანელის ნიკა გვარამიას განცხადებებზე და აცხადებს: "წარმოუდგენელია დემოკრატიული საზოგადოება, თუ ის არ ზრუნავს სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. ამ ინტერესის დასაცავად ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი დასაშვებად მიიჩნევს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასაც კი. ეს იმით არის განპირობებული, რომ გამოხატვის თავისუფლებისა და სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის და მიუკერძოებლობის კანონიერ ინტერესებს შორის ღირებულებათა კონფლიქტის დროს ”სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის და მიუკერძოებლობის” საჯარო ინტერესთან ერთად, კონფლიქტის ერთ მხარეს ექცევა ”სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციის დაცვის” ინტერესიც", - წერია "საქართველოს მოსამართლეთა ერთობის" განცხადებაში.