რუსული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 2 ივლისი

გაზეთი „კომერსანტი“ ევროკავშირის ახალი თავმჯდომარე ქვეყნისა და მისი გეგმების შესახებ წერს. სტატიის მიხედვით, პირველად ბალტიის ქვეყნების ისტორიაში, ლიტვა 6 თვის განმავლობაში (1 ივლისიდან 31 დეკემბრამდე) უხელმძღვანელებს 28 ქვეყნისაგან შემდგარ საბჭოს, ხოლო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ალგირდას ბუტკიავიჩუსი მისი თავმჯდომარის მოვალეობას შეასრულებს. სტატიის მიხედვით, ლიტვის ერთ-ერთი პრიორიტეტი აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირთან დაახლოება იქნება. საუბარია უკრაინაზე ბელორუსიაზე, აზერბაიჯანზე, სომხეთსა და საქართველოზე. სპეციალისტები არ მოელიან ამ პერიოდში რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის რადიკალურ გაუმჯობესებას.

პოლიტოლოგ პაველ სვეტიაკოვის აზრით, გარდა იმისა, რომ რეალური ძალაუფლება ევროკავშირის პრეზიდენტ ჰერმან ვან რუმპეს ხელშია, ევროკავშირის გადაწყვეტილება დიდწილად წამყვანი ქვეყნების - გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის - პოზიციებზეა დამოკიდებული. კიდევ ერთი რუსი პოლიტოლოგის, დე-სე-თე-ს ქვეყნების ინსტიტუტის წარმომადგენლის მიხაილ ალექსანდროვის ვარაუდით, ვილნიუსი მთელ რიგ საკითხებში აშკარად ანტირუსულ პოზიციას დაიკავებს: "ლიტვა აპირებს გამოიყენოს თავმჯდომარეობა რუსეთისათვის საკუთარი მოთხოვნების წარსადგენად. ცნობილია, რომ წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება გვაქვს მთელ რიგ საკითხებში, მათ შორის, საქართველოს მიმართაც. ასე რომ, გასაკვირი არ იქნება, თუკი პრობლემები ამ მიმართულებითაც შეგვექმნება".
"გენერალური შტაბი ომის დაწყების შემთხვევაში მოძრავ შტაბკონტეინერს მიიღებს" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გაზეთი "იზვესტია", რომლის მიხედვითაც რუსეთის გენერალურმა შტაბმა შეიარაღებული ძალებისათვის შეუკვეთა მობილური საშტაბო მოდული, კავშირგაბმულობის მძლავრი საშუალებებით. გარდა ამისა, კომპლექსი აღჭურვილია ჯარების მართვის ავტომატიზებული ტერმინალითა და ავტონომიური კვების წყაროთი, რომელიც ოფიცრებს საშუალებას აძლევს იმუშაონ 50-დან +50 გრადუსის ტემპერატურულ დიაპაზონში. დისლოკაციის ადგილზე გადასროლის შემთხვევაში მოდული 10-15 წუთში მზად იქნება. შეკვეთის შემსრულებლის, კორპორაცია "პროექტ-ტექნიკის“ აღმასრულებელი დირექტორის იგორ ბეკბულატოვის თქმით, ახალ კომპლექსს გამოიყენებს გენშტაბის ოპერატიული ჯგუფი როგორც ომის, ასევე საგანგებო ვითარების დროს:

"საქართველოსთან ხუთდღიანი ომის დროს თავდაცვის სამინისტროს მართვის ბრიგადა, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს მართვის პუნქტებს შორის, სამხრეთ ოსეთში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ ჩავიდა, არადა, მუდმივი დისლოკაციის ადგილი ომის დაწყებისთანავე დატოვა. შედეგად, გენშტაბის ოპერატიული ჯგუფი ოპერაციის ადგილზე აღმოჩნდა კავშირის საშუალებებისა და სამუშაო ადგილების გარეშე. ამ მოდულს კი ჩატვირთავენ თვითმფრინავში და განათავსებენ ოპერაციის ადგილიდან უახლოეს აეროპორტში". მოდული ორი ხუთ და ექვსმეტრიანი კონტეინერისგან შედგება. თითოეულ კონტეინერში კი 4 ან 5 სამუშაო ადგილია.
საქართველოს შესახებ საინტერესო ბლოგ-პოსტი გამოქვეყნდა რადიოსადგურ "ეხო მოსკვის" ვებსაიტზე. ბლოგერი გრიგორი ლოლიში იმ სავალალო შედეგებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც, მისი აზრით, საქართველოს პოლიტიკური ლიდერების - პრეზიდენტ სააკაშვილისა და პრემიერ ივანიშვილის - პიროვნულმა დაპირისპირებამ გამოიწვია. ავტორის აზრით, ბიძინა ივანიშვილი ოპონენტის ჯიბრზე იღებს გაუაზრებელ გადაწყვეტილებებს, რომელთა შედეგად ირღვევა ის მყიფე ბალანსი, რომელიც წინა ხელისუფლების ძალისხმევით შეიქმნა და რომელიც საქართველოს ზედაპირზე დარჩენის საშუალებას აძლევდა.

"სააკაშვილის დროს საქართველოს რუსეთთან საზიზღარი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ იმავე პერიოდში საქრთველომ შეძლო ამერიკისა და ევროკავშირის პარტნიორად ჩამოყალიბება. ამჟამად რუსეთთან ურთიერთობა იმავე დონეზე დარჩა, ხოლო ამერიკასა და ევროკავშირთან დაიძაბა. ყოველივე ეს შეიცავს უდიდეს ხიფათს საქართველოსათვის, რადგანაც მისი გეოპოლიტიკური ვითარება ძალიან მძიმეა", ვკითხულობთ "ეხო მოსკვის" ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ბლოგ-პოსტში.