რუმინეთის პარლამენტის არჩევნებში ლიდერობს სოციალ-დემოკრატიული პარტია

საარჩევნო პლაკატები ბუქარესტში

რუმინეთში 11 დეკემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ხმების 46%-ით ლიდერობს სოციალ-დემოკრატიული პარტია. მეორე ადგილზეა ნაციონალ-ლიბერალური პარტია, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 20% მიიღო.

წინასწარი მონაცემებით, 5%-იანი ბარიერი გადალახა წელს შექმნილმა პარტიამ, „რუმინეთის ხსნის კავშირმა.“ საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გასული სოციალ-დემოკრატები ახალი მთავრობის ფორმირებას დაიწყებენ. ბოლო ერთი წელია რუმინეთს მართავს ე.წ. ტექნიკური მთავრობა, რომელიც პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან ვიქტორ პონტას გადადგომის შემდეგ შეიქმნა. 2015 წლის შემოდგომაზე, მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა ბუქარესტის ერთ-ერთ ღამის კლუბში გაჩენილი ხანძრის შედეგად 64 ადამიანის დაღუპვას. დემონსტრანტები მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებდნენ და მის გადადგომას მოითხოვდნენ. საპროტესტო გამოსვლების გამო, ვიქტორ პონტა და მისი კაბინეტის წევრები იძულებულნი გახდნენ თანამდებობები დაეტოვებინათ.