გამარჯვებული პარტიების სოციალურ-ეკონომიკური დაპირებები

ავტორი: ირინა გურული

პარლამენტში შემსვლელ პარტიათა ვინაობა საბოლოოდ გაირკვა. ცხადია, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ შესვლა პარლამენტში დიდი (მოსალოდნელია, კონსტიტუციური) უმრავლესობით, ყველაზე მეტ შესაძლებლობას აძლევს და მთავარ პასუხისმგებლობასაც სწორედ ამ პარტიას აკისრებს მისი წინასაარჩევნო დაპირებების რეალიზებაზე, თუმცა ისიც საინტერესოა, რას გააკეთებენ სხვა საპარლამენტო პარტიები საკუთარი დაპირებების კანონად საქცევად, მოამზადებენ თუ არა შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს და დაიცავენ თუ არა საკუთარ პოზიციებს საპარლამენტო ცხოვრებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ წინასაარჩევნოდ პარტიების პროგრამებისა და დაპირებების ანალიზს, არჩევნების შემდეგ კი მათი შესრულების მონიტორინგს ახორციელებს. მოკლედ გავიხსენოთ რას გვპირდებოდნენ დღეს უკვე პარლამენტში მყოფი პარტიები.

Your browser doesn’t support HTML5

გამარჯვებული პარტიების სოციალურ-ეკონომიკური დაპირებები

„ქართული ოცნების“ პროგრამის ეკონომიკური ნაწილიდან აღსანიშნავია: თავისუფალი ბიზნესგარემო; 200 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა; გადასახადების შემცირება. მაკროეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით „ქართული ოცნება“ ფისკალური დისციპლინის, უმუშევრობის შემცირების, საგარეო ვალის გონივრული მართვის, ფასების სტაბილურობისა და ეროვნული ბანკის დამოუკიდებელი ფულადი პოლიტიკის პრინციპების ერთგულია.

სოციალური პოლიტიკის ფარგლებში შემოთავაზებული ღონისძიებები კონცენტრირებულია სოციალური დაცვის სისტემის დახვეწაზე, დაგროვებითი საპენსიო სისტემის ახალი მოდელის დანერგვაზე, დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების ამაღლებაზე, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ნარკომანიისა და სხვა სოციალურად მავნე ჩვევებთან ბრძოლის გეგმებზე.

ამ ვალდებულებების შესრულებას და დაპირებებში თანმიმდევრულობას კარგად დაგვანახვებს პირველივე სოციალურ-ეკონომიკური ნაბიჯები, რომელთაც „ქართული ოცნება“ გადადგამს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო პროგრამაში უდიდესი ნაწილი დასაქმებისა და მაკროეკონომიკის საკითხებს ეთმობა. წარმოდგენილია საშემოსავლო გადასახადის დღეს არსებული 20 %-დან 4 საანგარიშო წელიწადში 10 %-მდე შემცირების ინიციატივა, ასევე გაუნაწილებელი მოგების 15 %-დან 10 %-მდე შემცირების წინადადება 2019 წლამდე, აქციზის გადასახადების შემცირების, მიკრობიზნესისა და ქონების გადასახადების შეღავათების გაფართოების, ასევე საფოსტო გზავნილებით შემოსული საქონლის დღგ-ით დასაბეგრი ღირებულების 300 ლარიდან 1 500 ლარამდე აწევა და სხვა.

„ნაციონალური მოძრაობა“ ახალი 45 000 და შემდგომში წლიურად დამატებითი 30 000 სამუშაო ადგილის შექმნას პირდაპირ უკავშირებს ყველა შემოთავაზებულ საგადასახადო ცვლილებას. სოციალური დაპირებების ნუსხა კი ასე გამოიყურება: პენსიის 50 ლარით გაზრდა; საარსებო შემწეობის აღდგენა სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის; სოციალური სამართლიანობის დანერგვა; ყველა მოქალაქის დაზღვევა მისთვის ფინანსურად დაუძლეველი ხარჯებისგან; შ.შ.მ პირების დასაქმება.

„პატრიოტთა ალიანსი“ მესამე პარტიაა, რომელიც პარლამენტში შედის და ეს საპარლამენტო აქტივობის მათი პირველი გამოცდილება იქნება. დაპირებებს შორის კი პარტიას ჰქონდა წვრილი და საშუალო მეწარმისთვის ფიქსირებული გადასახადის გადახდა; სახელმწიფო უნდა დაეხმაროს მეანაბრეებს და ზარალი აუნაზღაუროს იპოთეკარებს; ბიუჯეტიდან 4 %–ის გამოყოფით უნდა შეიქმნას ფონდი, რომელიც 8000–მდე ოჯახს დაეხმარება ბიზნესიდეის რეალიზებაში; სახელმწიფომ უნდა გასცეს 8-წლიანი უპროცენტო სესხი; ხალხმა უნდა გააკონტროლოს სახელმწიფო ბიუჯეტი; პენსია 240 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს; ბიუჯეტიდან 2 % გამოიყოს 4 000 სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ოჯახების დასახმარებლად; მამაკაცების საპენსიო ასაკი 60, ქალების – 55 უნდა იყოს, სურვილის შემთხვევაში. ხელმოკლე ოჯახები უნდა უზრუნველყონ სამოსით და საკვებით.

როგორც უკვე ვთქვით, „ნაციონალური მოძრაობა“ საკმაოდ მცირე წარმომადგენლობით შედის პარლამენტში, „პატრიოტთა ალიანსი“ კი - კიდევ უფრო მცირე გუნდით, რაც მათ დაპირებებზე სრულ პასუხისმგებლობას აცილებს, თუმცა მათ მიერ მომზადებული და პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტები ნაწილობრივ მაინც პასუხს გასცემს კითხვას, იყო თუ არა რეალური დაპირებები, რომელთაც პარტია ამომრჩევლებს უხვად ურიგებდა.