ისტორიის მოწმეები

ტაქსიმის მოედანზე მისვლისთანავე, სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილე ერთ-ერთმა ჯარისკაცმა მკითხა: „რა მოხდა, რატომ ვართ აქ?“. ვუპასუხე: „შენთვის აქ ყოფნა მალე სახიფათო გახდება, ახლავე უნდა წახვიდე აქედან“. ამ ფოტოსურათზე აღბეჭდილია მოედანზე მყოფი ის ჯარისკაცი, რომელიც ჯერ არ იყო დაკავებული.

„ძალიან დაძაბული ატმოსფერო იყო. მარცხნივ მდგომი მამაკაცი სპეცდანიშნულების რაზმის წევრია. ის ამბობს: „უნდა შეწყვიტო. მომეცი იარაღი“. ჯარისკაცი უპასუხებს: „არ გაძლევ ჩემს იარაღს. ბრძანებას ვასრულებ. თუ მის წართმევას შეეცდები, მაშინვე გესვრი“.

ეს დავა დაახლოებით ერთ წუთს გაგრძელდა, შემდეგ ის პოლიციის თანამშრომელმა დააკავა... იმ დღეს ბევრი ჯარისკაცი ფიქრობდა, რომ საწვრთვნელ დავალებას ასრულებდა. ალბათ ისინი ჯერაც ციხეში არიან. ძალიან სამწუხაროა.“

სედატ სუნა, EPA-ს ფოტოგრაფი აღწერს სცენას, რომელსაც ის შეესწრო სტამბოლში. ივლისის იმ ღამეს თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სცადეს.

მარტში, კუბაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ისტორიული ვიზიტისას, როიტერის სააგენტოს ფოტოგრაფმა ალბერტო რეიესმა ზუსტად იცოდა, სად უნდა მდგარიყო.

ის წერს, „მოტოციკლისტმა, რომელიც როიტერის სააგენტომ დაიქირავა, ზუსტად ის ადგილი მაჩვენა, საიდანაც თვითმფრინავი ასეთი რაკურსით გამოჩნდებოდა“.
 
„როგორც კი დავინახე თეთრი სახლის კუთვნილი მეწინავე თვითმფრინავები, რომლებიც  პრეზიდენტის თვითმფრინავს უსწრებდნენ წინ, უკვე ზუსტად ვიცოდი სად იყო ჩემი ადგილი. ქუჩაში ბევრი ხალხი გამოსულიყო თვითმფრინავის მოლოდინში. მრავალთათვის ეს მნიშვნელოვანი წუთები იყო. ვიდრე ძრავების ხმას გავიგებდი, ერთ-ერთმა იქაურმა დამიძახა, რომ თვითმფრინავი გვიახლოვდებოდა.

მისი ძახილი, გაოცებული ხალხი, თვითმფრინავის ძრავების გრუხუნი, თვითმფრინავის ზომა და მისი უკიდურესი სიახლოვე სახლებთან, ის ხანმოკლე დრო, რომელშიც ვიღებდი ფოტოებს - ჩემი ცხოვრების დაუვიწყარი მომენტებია.“
 

იღბლის წყალობით არსებობს ფოტო, რომელზეც ჩანს, თუ როგორ ეცემა მეტეორი რუსეთში, კამჩატკის ნახევარკუნძულზე მდებარე ვულკანს.

პეიზაჟისტი ფოტოგრაფის, ტომას ვან დერ ვეიდენის მოგზაურობა დაემთხვა ორი წლის მიძინებული ვულკანის, კლუჩევსკაია სოპკას ამოფრქვევას. როგორც კი ჯგუფმა, რომელთან ერთადაც ის მოგზაურობდა, ამ ამბის შესახებ შეიტყო, მაშინვე გაუდგნენ გზას ადგილისკენ, საიდანაც სანახაობა ყველაზე კარგად გამოჩნდებოდა, მაგრამ ღრუბლებში ჩაიკარგნენ. არაფერი აღარ ჩანდა.

„გადავწყვიტეთ, კიდევ ერთი საათი მოგვეცადა. უცბად ღრუბელი გაიხსნა და სიბნელეში ლავა დავინახეთ“ -, ამბობს ვან დერ ვეიდენი. ნიდერლანდელმა ფოტოგრაფმა პარატის დიაფრაგმა 15 წამით გახსნა. „მერე გამოჩნდა ეს თეთრი და მწვანე ნათება... ხალხი ყვიროდა... ვიფიქრე, იმედი მაქვს, მისი მოხელთება შევძელი-მეთქი. და მართლაც შევძელი. დიდებული მომენტი იყო.“
 

აბირ სულთანს ადგილობრვი კავშირები დაეხმარა ფოტოს გადაღებაში, რომელიც იერუსალიმში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ყოველწლიურ სასწაულს ასახავს. „პატრიარქის თანაშემწეს კარგად ვიცნობ, ვთხოვე ტაძრის ყველაზე მაღალ წერტილში ასვლის და ცერემონიისთვის იქიდან თვალის დევნების უფლება მოეცა“ - ამბობს EPA-ს ფოტოგრაფი. როდესაც მართლმადიდებელი ქრისტიანების რიტუალის დროს ქრისტეს საფლავის სახურავზე კაცი აძვრა, სულთანმა იცოდა, რომ რაღაც განსაკუთრებული მოიხელთა.“

„ის მიწაზე დაეცა, დაახლოებით ისე, როგორც მუსლიმები ლოცულობენ... ეს სულ ერთ წამს გაგრძელდა.“ - იხსენებს ის.

სულთანს მუშაობის პროცესში გვერდზე ედგნენ მონაზვნები, რომლებსაც ხელში ეჭირათ დაუნთებელი სანთლები. „ცერემონიის მონაწილეებს სწამთ, რომ ღვთიური ნათელი მათთანაც მიაღწევს. ეს კურთხევასავით არის. მონაზვნები ცეცხლისგან შორს, 30 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდნენ. ცეცხლი მათ სანთლებამდეც ვერ მივა. თუმცა ამ რიტუალისას ისინი ყოველთვის იქ დგანან და ღვთის კურთხევას ელოდებიან“.
 

რობინ როიმ ინტერნეტი აალაპარაკა, როდესაც გავრცელდა ფოტო, რომელიც ასახავს მის მოულოდნელ შეხვედრას აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატთან, დონალდ ტრამპთან იანვრის წინაასარჩევნო ტურნეს დროს. ფოტო გადაიღო როიტერის სააგენტოს ფოტოგრაფმა, ბრაიან სნაიდერმა.
 
ამ ფოტოზე დაყრდნობით უამრავი კოლაჟი შეიქმნა. „ბოსტონ გლოუბთან“ საუბარში როიმ აღნიშნა, რომ თავდაპირველად, მისთვის უსიამოვნო იყო ის ყურადღება, რომელიც ფოტომ მიიქცია.
 
„მაგრამ იცით ახლა რას ვფიქრობ? ტრამპი იმდენად მიყვარს, რომ სულაც არ მაინტერესებს, რას ფიქრობს ხალხი. იმედი მაქვს, რომ ის ყველა დანაპირებს შეასრულებს, გააერთიანებს ქვეყანას და შეაჩერებს პოლიტიკურ ნონსენსს“.

“რატომ მოკლა?“ - იკითხა ინსტაგრამის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ფოტოს შესახებ, რომელიც რუსმა ფოტოგრაფმა მაქსიმ ავდეევმა გადაუღო სატვირთო მანქანის ციმბირელ მძღოლს, რომელსაც მხარზე გაყინული მგელი შემოუდვია.
 
ავდეევის განმარტებით, მგელი რამდენიმე დღის წინ მოკლეს სატვირთო მანქანის სხვა მძღოლებმა. ვინაიდან რამდენიმე დღე უნდა ყოფილიყვნენ გზაში, გადაწყიტეს დაემარხათ ძირფასი ლეში და უკანა გზაზე ამოეთხარათ.
 
იმდენი სივრცეა, თოვლის ქვეშ რასაც გინდა, შეინახავ. უბრალოდ საჭიროა, რომ დაიმახსოვრო ხე ან ჩაინიშნო GPS-ის კოორდინატები. სატვირთოს მძღოლები მგელს ხელისუფლებას ჩააბარებენ. იაკუტიაში მოქმედებს პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ხელისუფლება მოკლულ მგელში თანხას იხდის, რადგან მგელი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს მეირმეთათვის“ - განმარტავს ფოტოგრაფი.
 
თითოეული მოკლული მგლისთვის ხელისუფლება დაახლოებით 500 დოლარს იხდის, რაც მნიშვნელოვანი თანხაა რეგიონისთვის.

მიმდინარე წლის მაისში საფრანგეთის ქალაქ ლიონს გადაუარა ძალადობრივმა საპროტესტო ტალღამ, რომელიც მიმართული იყო ქვეყნის შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის წინააღმდეგ. საპროტესტო გამოსვლების გასაშუქებლად „ფრანს პრესის“ ფოტოგრაფმა ჟან-ფილიპ კსიაზეკმა ჩაფხუტი და აირწინაღი მოირგო.
 
ნასროლი ქვებისა და საღებავების გარდა, ახალი ამბების გამოცდილმა ფოტოგრაფმა შეამჩნია, რომ მიწაზე ეგდო ყვავილების თაიგული, რომელიც აქციის მონაწილე ახალგაზრდა გოგონებს დაუვარდათ. „დავიხარე, რომ თაიგულისთვის ფოტო გადამეღო. ამ დროს, ბიჭმა ყვავილები დიდი ხელებით აიტაცა ჩემი კამერის თვალწინ. წამოვდექი და ფოტო მას გადავუღე...ჩვენ, ფოტოგრაფები ყოველთვის ვამაყობთ ისეთი ფოტოებით, რომლებიც დროს უძლებს. რამდენ ფოტოს ვიღებთ და მათ ხშირად ივიწყებენ“.
 
გამოსვლების მიუხედავად, საფრანგეთის მთავრობამ მაინც გაიტანა სადავო შრომითი კანონმდებლობა, რაც დამსაქმებელს მუშახელის დაქირავებას და გათავისუფლებას უადვილებს.

ვეტერანმა ომის ფოტოგრაფმა გორან ტომასევიჩმა იცოდა რა მოჰყვებოდა საჰაერო შეტევას ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მოსულისთვის ბრძოლის პროცესში. მან როიტერის სააგენტოში მომუშავე კოლეგას უთხრა, რომ ბრძოლებს შორის დროებითი სიმშვიდისას სამოქალაქო პირები ქუჩაში გამოვიდნენ, როდესაც დაბალ სიმაღლეზე გამაყრუებელი ხმაურით გადაიფრინა სამხედრო თვითმფრინავმა.
 
„ძალიან ახლოს იყო, რამაც საყოველთაო პანიკა გამოიწვია. ხალხი ყვიროდა, წელში მოხრილი გარბოდა, იქვე კი ბოლქვებად ადიოდა კვამლი.
 
სწრაფად გარბოდნენ, რომ სადმე შეეფარებინათ თავი... ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება და შენც გიწევს, რომ სწრაფად იმოქმედო. პირველ რიგში, უნდა დარწმუნდე, რომ უსაფრთხოდ ხარ, შემდეგ საჭიროა კონცენტრირება ისე, რომ გადაღება შეძლო. ამზადებ აპარატს და სიმშვიდეს ინარჩუნებ“.

ბატონ რუჟში გამართული საპროტესტო აქციის დროს დაკავებული იეშია ევანსი ერთგვარი სიმბოლო გახდა აშშ-ში მოქმედი მოძრაობისა - „Black Lives Matter”.
 
როიტერის ფოტოგრაფი ჯონათან ბახმანი, რომელმაც ეს მომენტი აღბეჭდა, კოლეგასთან საუბარში ჰყვება: „მოვტრიალდი, მარჯვნივ გავიხედე და დავინახე გზაზე მდგომი ქალი. მაშინვე მივხვდი, რაც მოხდებოდა.
 
სწრაფად მოვემზადე და ფოტო გადავიღე. როდესაც მანქანაში დავბრუნდი და ფოტოები გადავათვალიერე, მივხვდი რომ ძლიერი სურათი მქონდა“ - უთხრა მან საინფორმაციო სააგენტოს. „თუმცა არ მოველოდი, რომ ჩემი ფოტო ასეთი პოპულარული გახდებოდა. მადლიერი ვარ, რომ ამ ფოტომ ხელი შეუწყო ქვეყანაში არსებული მნიშვნელოვანი საკითხის გარშემო დისკუსიას.“​

„ჩემი მოგზაურობის წარმატება დამოკიდებული იყო იმაზე, გადავიღებდი თუ არა ეშვის ფოტოს. ამიტომ დროის უდიდესი ნაწილი გავატარე გათხრებიდან გათხრებს შორის მოძრაობაში, რათა უახლესი ამბები გამეგო. როგორც იქნა შევიტყვე, რომ ეშვს მიაგნეს და მას მიწიდან იღებდნენ. გავიქეცი ტყისკენ გვირაბის მიმართულებით, სადაც ორი კაცი მუშაობდა. შევძვერი შიგნით და მომესმა ექო, რომელიც გვირაბიდან მოდიოდა. ხელოვნურად დამონტაჟებული განათებების ფონზე დავინახე, რომ როგორ ამოჰქონდათ ეს ლამაზი ეშვი ტალახიდან სინათლეზე. მუშებმა ის ბალახით გაწმინდეს. მერე, როცა ეშვი ნავისკენ წაიღეს, ავედევნე და იმდენი ფოტო გადავიღე, რამდენიც შემეძლო. ბედმა გამიღიმა, ვინაიდან ეშვის ამოთხრას და ნავზე დატვირთვას სულ რაღაც 20 წუთი დასჭირდა. არასდროს დამავიწყდება ეს მომენტი. ეშვი იმდენად კარგად იყო შენახული, რომ მამონტის სუნიც კი იგრძნობოდა“.

ფოტობლოგის ავტორი ამოს ჩეპლი აღწერს, როგორ გადაიღო ციმბირის ყინულოვან რეგიონში მამონტის ეშვების უკანონო მოპოვების პროცესი.