რუსეთში დაფუძნებულ მოძრაობას „რუსულ-სლავური გაერთიანება და აღორძინება“ („რუსოვ“) კონტაქტები აქვს სერბეთისა და ბოსნიის ულტრამემარჯვენე დაჯგუფებებთან, ხოლო მოძრაობის ლიდერი ანდრეი როდიონოვი არაერთხელ ყოფილა ბალკანეთის ქვეყნებში. რა არის ამ თანამშრომლობის მიზნები და მასშტაბები?
აპრილში მოძრაობის ტელეგრამის არხზე გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც გამოსახულია ბოსნიის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ვიშეგრადის საკრებულოს დეპუტატი, სერბეთის სოციალისტური პარტიის (სპს) წევრი ველიბორ ზეკოვიჩი. ის ვიშეგრადის მახლობლად, ზაგლავაკის მთაზე, პოზირებს „რუსოვის“ დროშით ხელში. ვიშეგრადი შედის რეპუბლიკა სრპსკას შემადგენლობაში.
ზეკოვიჩს თან ახლავს ჟელკო ჯუროვიჩი, რომელიც დაახლოებით ათი წლის წინ თავს წარმოადგენდა სრულიად რუსული მოძრაობა „კოსოვოს ფრონტის“ სერბული განყოფილების ხელმძღვანელად. ეს ჯგუფი უკრაინის ხელისუფლებამ იმ ორგანიზაციების სიაში შეიყვანა, რომლებიც ბალკანეთის ქვეყნებიდან ხალხის რეკრუტირებასა და უკრაინის ფრონტზე გაგზავნას ახორციელებენ რუსეთის მხარეს საბრძოლველად. ჯუროვიჩის ქურთუკის სახელოზეც ჩანს ემბლემა „რუსოვის“ სიმბოლოთი.
ველიბორ ზეკოვიჩი და ჟელკო ჯუროვიჩი მოძრაობა „რუსოვის“ მოძრაობის დროშით.
ფოტოს აღწერაში ნათქვამია, რომ ზეკოვიჩი და ჯუროვიჩი „მოძრაობის სერბი მოკავშირეები“ არიან და იმყოფებიან „მემორიალურ ჯვართან, სადაც 1993 წელს რუსი მოხალისეები სერბებთან ერთად იბრძოდნენ და სისხლს ღვრიდნენ სერბული ბოსნიისთვის“.
კომენტარის სათხოვნელად რადიო თავისუფლების ზარებსა და შეტყობინებებს არც ველიბორ ზეკოვიჩმა, არც ჟელკო ჯუროვიჩმა და არც „რუსოვის“ მოძრაობამ არ უპასუხეს. ამ ფოტოსთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია არც სერბეთის სოციალისტურ პარტიას.
ბოსნიის პოლიტიკა და რუსეთის მემარჯვენეები
„პარადოქსი ის არის, რომ პარტიები, რომლებიც ფორმალურად საკუთარ თავს სოციალისტურს უწოდებენ, მემარჯვენე რადიკალურ ორგანიზაციებს ეფლირტავებიან“, ამბობს ბანია-ლუკელი ჟურნალისტი ჯორჯე ვუიატოვიჩი, რომელიც ბოსნია-ჰერცეგოვინაში უცხოური გავლენის საკითხებს აშუქებს. მისი თქმით, რუპუბლიკა სრპსკას პოლიტიკურ ფიგურებსა და რუსეთის ულტრამემარჯვენე ჯგუფებს შორის კონტაქტები გამონაკლისი კი არა, ჩვეულებრივი მოვლენაა.
ასევე ნახეთ
„ისტორიაში პირველად“: როგორ არღვევს უკრაინა სახმელეთო ოპერაციების გარეშე რუსეთის ლოგისტიკას ყირიმშიისინი პოპულიზმის ტალღაზე არიან და რუსეთთან კავშირების კარტს ათამაშებენ
„წარსულში იყო შემთხვევები, როდესაც მაღალი რანგის [ბოსნიელი სერბი] ჩინოვნიკები და თანამდებობის პირები ესწრებოდნენ ღონისძიებებს, რომლებშიც მონაწილეობდა ალექსანდრ ზალდოსტანოვი („ქირურგი“), აშშ-ში შავ სიაში შეტანილი რუსული მოტოკლუბის, „ღამის მგლების“ ლიდერი,“ ამბობს ვუიატოვიჩი და ხაზგასმით აღნიშნავს: „რეპუბლიკა სრპსკას ძირითადი პოლიტიკური ისტებლიშმენტი რუსეთის ფედერაციასთან არის დაკავშირებული“.
ამასთან, რესპუბლიკაში საზოგადოებრივი აზრიც მნიშვნელოვანწილად კეთილგანწყობილია ვლადიმირ პუტინის პოლიტიკის მიმართ. „პოლიტიკოსებმა გაიგეს, რომ ეს ძალაუფლების მოსაპოვებლად მომგებიანია, ისინი პოპულიზმის ტალღაზე არიან და ათამაშებენ რუსეთთან ისტორიული კავშირების, პანსლავიზმისა და მართლმადიდებლობის როგორც გამაერთიანებელი ფაქტორის, კარტს“, აღნიშნავს ვუიატოვიჩი.
მეორე მხრივ, ეს ემთხვევა რუსეთის ულტრამემარჯვენეების სწრაფვას, საკუთარი იდეები რუსეთის ფარგლებს გარეთ გაავრცელონ. „ისტორიული კავშირების გამო ბალკანეთი ამ საქმიანობისთვის საუკეთესო სივრცეა“, მიიჩნევს რადიო თავისუფლების რესპონდენტი.
ფრონტის ერთ მხარეს
ზეკოვიჩმა და ჯუროვიჩმა რუსული ორგანიზაციის დროშა გაშალეს თვითნაკეთი ჯვრის გვერდით. ჯვარი დამზადებულია ყუმბარმტყორცნების ცარიელი მასრებისგან და დგას იმ ადგილზე, სადაც 1990-იან წლებში, ბოსნია-ჰერცეგოვინის ომის დროს, მოქმედებდნენ რუპუბლიკა სრპსკას არმიის მებრძოლები და რუსი მოხალისეები.
რეპუბლიკა სრპსკას ვეტერანთა გაერთიანებები მრავალი წლის განმავლობაში აღნიშნავენ „რუსი მოხალისეების დღეს“. წინა წლებისგან განსხვავებით, წელს ბოსნია-ჰერცეგოვინის ცენტრალურმა ხელისუფლებამ მოხალისეებს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა. ამიტომ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ რეპუბლიკა-სრპსკას ვეტერანთა გაერთიანებების წარმომადგენლები და რუსი მოხალისეების ნათესავები.
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის მხარდამჭერი ერთ-ერთი აქცია, რომელიც სერბულმა ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა მოაწყვეს ბელგრადში.
იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც ქვეყანაში შესვლა აეკრძალათ, იყო ალექსანდრ კრავჩენკო - დამფუძნებელი ორგანიზაცია „კოსოვოს ფრონტისა“, რომელთანაც ჟელკო ჯუროვიჩია დაკავშირებული. ეს ორგანიზაცია აქტიურად მოქმედებდა ჯერ კიდევ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე, დონბასის კონფლიქტის დროს. უკრაინის ხელისუფლებამ „კოსოვოს ფრონტი“ ბალკანეთში მოხალისეების რეკრუტირებით დაკავებული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა, თუმცა კრავჩენკო ამას ადრე უარყოფდა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.
ჯორჯე ვუიატოვიჩის აზრით, რუს და სერბ აქტივისტებს შორის კონტაქტები ბოსნია-ჰერცეგოვინის შიდა უსაფრთხოების თვალსაზრისით განსაკუთრებულ შეშფოთებას არ იწვევს. თუმცა ის აღნიშნავს, რომ სახელმწიფო იშვიათად იყენებს სანქციებს იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც საზღვარგარეთ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობენ.
„საზღვარგარეთ, საომარ მოქმედებათა თეატრებში გამგზავრება ისჯება, მაგრამ სახელმწიფო ამაზე რეაგირებას არ ახდენს, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ზოგიერთმა ამ ადამიანმა რუსეთის მოქალაქეობა მიიღო“, ამბობს ვუიატოვიჩი.
საზღვარგარეთ, საომარ მოქმედებათა თეატრებში გამგზავრება ისჯება, მაგრამ სახელმწიფო ამაზე რეაგირებას არ ახდენს
ზუსტი რაოდენობა ბოსნია-ჰერცეგოვინის მოქალაქეებისა, რომლებიც უკრაინის ფრონტზე გაემგზავრნენ დაქირავებულ მებრძოლად, უცნობია. თუმცა 2025 წელს ევროპოლმა დამატებითი დეტალების მითითების გარეშე განაცხადა, რომ რუსეთის კერძო სამხედრო კომპანიების, „ვაგნერისა“ და „რედუტის“, ასობით გამოვლენილ წევრს შორის ბოსნია-ჰერცეგოვინის მოქალაქეებიც არიან.
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურაა დავორ სავიჩიჩი - ბოსნიელი სერბი, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს (უფრო ცნობილია როგორც გრუ) პოლკოვნიკია. უკრაინის ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა სამხედრო დანაშაულებში ბრალდებით.
2023 წლის დამდეგს ტელეგრამში გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ნიღბიანი ორი ჯარისკაცი სერბულ ენაზე აცხადებს, რომ უკრაინაში შეუერთდნენ რუსეთის ჯარებს, კერძოდ, ბატალიონ „სუდოპლატოვს“. მათ თავი წარმოადგინეს მეტსახელებით „დუნაი“ და „სავა“და საკუთარ თავს მოიხსენიებდნენ „სერბ პატრიოტებად და რუსოფილებად“, რომლებიც თავიანთი „რუსი ძმების“ დასახმარებლად ჩავიდნენ.
ამ ორი პირის ვინაობა ოფიციალურად არ არის დადასტურებული. თუმცა ბოსნია-ჰერცეგოვინის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ისინი ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან და მათ ინტერპოლი დაეძებს სისხლის სამართლის დანაშაულებთან დაკავშირებით. ვიდეოში, სადაც „დუნაი“ და „სავა“ გამოდიოდნენ, მათ ტანსაცმელზე მოძრაობა „რუსოვის“ ემბლემები ჩანდა.
ასევე ნახეთ
უთანხმოება და უკმაყოფილება კოსოვოში ზელენსკის ბელგრადში ვიზიტის შემდეგოქროსფერი არწივი მზის ჯვრით - გამოსახულება, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული ულტრამემარჯვენე ჯგუფების სიმბოლიკაში - ასევე ჩანს დროშაზე, რომლის დემონსტრირებასაც ახდენდნენ ველიბორ ზეკოვიჩი და ჟელკო ჯუროვიჩი 2026 წლის აპრილში.
რა არის „რუსოვი“?
მოძრაობა „რუსოვი“ 2012 წელს შეიქმნა. მისი დამფუძნებელი ანდრეი როდიონოვი არაერთხელ ყოფილა ბალკანეთში, რასაც სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტოებიც ადასტურებს.
თავის ოფიციალურ მანიფესტში მოძრაობა ერთ-ერთ მთავარ მიზნად ასახელებს „ისტორიული რუსეთის აღდგენას - სლავების დამცველის, ტრადიციული ღირებულებების საყრდენისა და სოციალურად სამართლიანი საზოგადოების მშენებლობის გარანტისა“.
ისტორიული რუსეთის აღდგენა - სლავების დამცველის, ტრადიციული ღირებულებების საყრდენისა
მოძრაობა „რუსოვი“ პრორუსული ორიენტაციის სეპარატისტებს უჭერდა მხარს, როცა 2014 წელს უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტი დაიწყო. ანდრეი როდიონოვის საკუთარი განცხადებით, მან დააარსა ქვედანაყოფი „ფენიქსი“, რომელიც „ფანტომის“ ბრიგადის შემადგენლობაში იბრძოდა. როგორც რადიო თავისუფლება იტყობინებოდა ადრე, ამ ბრიგადაში სერბეთიდან ჩასული რამდენიმე მოხალისეც შედიოდა.
ფოტოზე, რომელიც, როგორც ამტკიცებენ, 2015 წელს არის გადაღებული ე.წ. „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ ტერიტორიაზე, სამხედრო კამუფლაჟის ფორმაშია გადაღებული. სხვა მამაკაცთან ერთად მას უჭირავს წითელი დროშა ულტრამემარჯვენე სიმბოლოთი - ბორბლის ან მზის ჯვრით, რომელიც ასევე „სლავური სვასტიკის“ სახელითაც არის ცნობილი.
Андрей Родионов и "Сербские соколы"
ანდრეი როდიონოვი და „სერბი შევარდნები“
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ როდიონოვმა ტელეგრამში გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებზეც სამხედრო ფორმაში და იარაღით არის გამოსახული. მისი განცხადებით, ის 2023 წელს შეუერთდა რუსეთის მოხალისეთა მოიერიშე კორპუსს.
ჩრდილოეთ მაკედონიელმა გამომძიებლებმა ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ 2017 წლიდან როდიონოვი ამ ქვეყანას რამდენჯერმე ეწვია, ხოლო 2018 წელს სკოპიესთან ახლოს მოაწყო ბანაკი „ძველი რუსეთის საბრძოლო ხელოვნებისა და სულიერი ტრადიციების“ შესასწავლად.
სერბეთში როდიონოვი კონტაქტს ინარჩუნებს არარეგისტრირებულ ულტრამემარჯვენე ჯგუფ „სახალხო პატრულთან“, რომელიც ცნობილია მიგრანტთა საწინააღმდეგო აქციებით. 2021 წელს როდიონოვი შეხვდა ამ ჯგუფის ლიდერს, დამიან კნეჟევიჩს. თავის მხრივ კნეჟევიჩმა იმავე წელს მოინახულა მოსკოვი.
„რუსოვმა“ კონტაქტი დაამყარა ასევე ჯგუფ „სერბ შევარდენთან“ - ნაკლებად ცნობილ ულტრამემარჯვენე ორგანიზაციასთან, რომელმაც 2024 წლის ივლისში ნოვი-სადში მოაწყო ღონისძიება, რომელიც „სრებრენიცის გათავისუფლებას“ მიეძღვნა. ეს აშკარა მინიშნება იყო 1995 წელს სრებრენიცაში მომხდარი გენოციდის წლისთავზე, რომელიც რეპუბლიკა სრპსკას ძალებმა რატკო მლადიჩის მეთაურობით ჩაიდინეს ანკლავის აღების დროს.
2025 წლის მაისში „სერბი შევარდნის“ ინსტაგრამის ანგარიშზე გამოქვეყნებულ ფოტოზე ანდრეი როდიონოვი გადაღებულია სამ ნიღბიან, სამხედრო ფორმიან და იარაღიან მამაკაცთან ერთად. მათ უკან ჩანს „რუსოვისა“ და „სერბი შევარდნის“ დროშები. ფოტოს აღწერაში ნათქვამია: „რუსი თანამებრძოლები „სერბ შევარდნებთან“ ერთად მართლმადიდებლობის დაცვის წინა ხაზზე“. გეოტეგი კი მიუთითებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკზე.
მოძრაობა „რუსოვის“ სიმბოლიკიანი დროშები ასევე ჩანდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდამჭერ აქციებზე, რომლებიც ბელგრადში არაერთხელ მოაწყვეს რადიკალურმა ჯგუფებმა.