ვლადიმირ პუტინი უცხოეთის ჟურნალ-გაზეთების გარეკანებზე

ჟურნალ "ტაიმის" 4 აგვისტოს ნომრის გარეკანზე წერია, რომ დასავლეთი მარცხდება "მეორე ცივ ომში" პუტინის "სახიფათო თამაშის" წინააღმდეგ.

"ნიუსუიკისთვის" პუტინი "დასავლეთის უმთავრესი საზოგადო მტერია".

როგორც ​უკრაინის ყოველკვირეული "ფოკუსი" აღნიშნავს, პუტინის "რუსულმა გაზაფხულმა" შუა ივლისში მოიტანა "ცივი ომი".

რუმინეთის გაზეთ "ადევარულის" 25 ივლისის ნომრის პირველ გვერდზე გამოსახულია ვლადიმირ პუტინი, რომელიც პოკერს ეთამაშება ევროპელ ლიდერებს. სათაურში ვკითხულობთ: "საიდან იღებს სათავეს ევროპის სიმხდალე რუსეთის წინაშე?" ამას მოჰყვება განმარტება: "ევროპა და რუსეთი ერთმანეთთან დაკავშირებული არიან სავაჭრო ურთიერთობით, რუსეთიდან იმპორტირებული ნავთობითა და გაზით. ასე რომ, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების შემოღება ევროკავშირის ეკონომიკასაც დააზარალებს."

"ახლავე შევაჩეროთ პუტინი!" - ვკითხულობთ გერმანიის ყოველკვირეულ "შპიგელის" გარეკანზე, სადაც მოთავსებულია აღმოსავლეთ უკრაინაში ჩამოგდებული "ბოინგის" დაღუპულ მგზავრთა სურათები.

პოლონეთის ყოველკვირეული "ნიეპოდლეგლა" 28 ივლისის ნომერში რუსეთის ლიდერს "ბლადიმირს" უწოდებს. ინგლისური სიტყვა "ბლად" (blood) სისხლს ნიშნავს.

ბრიტანეთის ჟურნალი "პრაივიტ აი" ბეჭდავს პუტინის ფოტოს "ბუკის" ტიპის საზენიტო სისტემის ფონზე. იქვეა რუსეთის ლიდერის წარმოსახვაში ნათქვამი სიტყვები: "მე ვიპოვი დამნაშავეებს და მათ რაკეტას მივცემ".

ბრიტანეთის ყოველკვირეულ "უიკის" აშშ-ის გამოცემა 1 აგვისტოს ნომერში ბეჭდავს პუტინის კარიკატურას სისხლიანი ხელებით. უკან "ბუკის" საზენიტო დანადგარია.

"ტყუილების აბლაბუდა" - ასე დაასათაურა ბრიტანეთის "ეკონომისტმა" თავისი მორიგი ნომერი.

კანადის ყოველკვირეული "მაკლინზი" სამგზავრო "ბოინგის" ჩამოგდებისთვის პასუხიმგებლობას პუტინს აკისრებს და წერს: "მკვლელობა, რომლისთვისაც არავინ ისჯება".

ავსტრალიის "სპეკტეიტორის" 26 ივლისის ნომრის გარეკანზე რუსეთს განასახიერებს უზარმაზარი დათვი, რომელსაც თათით თვითმფრინავის ფრთა უჭირავს.

გაზეთ "პოლსკას" 25 ივლისის ნომერში მოყვანილია "მალაიზიის ავიახაზების" კუთვნილ თვითმფრინავში დაღუპული ერთ-ერთი მგზავრის დედის ციტატა: "ბატონო პუტინ, თქვენ ერთადერთი შვილი მომიკალით".