სიმფეროპოლისა და ყირიმის მიტროპოლიტი ტიხონი რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში დმიტრი მენდელეევის სახელობის პედაგოგიურ ცენტრს ქმნის. გარდა ამისა, ე.წ. ყირიმის მიტროპოლია რუს სამხედროებს უგზავნის შენიღბვის (კამუფლირებულ) ბადეებს. იმის შესახებ, კიდევ რა ინიციატივებს უჭერს მხარს პუტინის პირადი მოძღვარი, რადიო თავისუფლების პროექტი Krym.Realii წერს.
მიტროპოლიტ ტიხონის პოლიტიკური აქტივობა
4 ნოემბერს მოსკოვში, ცენტრალურ საგამოფენო დარბაზ „მანეჟში“ გაიხსნა თანამედროვე ქრისტიანული ხელოვნების გამოფენა - „ქრისტიანული ტრადიცია. ჩვენი დღეები“, რომელსაც თვით ვლადიმირ პუტინი ესტუმრა. რუსეთის პრეზიდენტს მასპინძლობა გაუწია სიმფეროპოლისა და ყირიმის მიტროპოლიტმა ტიხონმა, რომელიც ასევე არის კულტურის საპატრიარქო საბჭოს თავმჯდომარე.
„უპირველეს ყოვლისა, გამოფენის მისიაა, აჩვენოს ადამიანებს თანამედროვე ქრისტიანის ხედვა ადამიანისა და ღმერთის ურთიერთობაზე, ჩვენს ისტორიაზე, იმაზე, თუ რა არის სილამაზე, როგორია ჩვენი სამყარო და როგორია ადამიანის დამოკიდებულება ადამიანის მიმართ. სწორედ ეს არის ამოცანა როგორც მხატვრებისა, ისე ჩვენი, ვინც ეს კოლექცია მოვამზადეთ. გამოფენის მიზანია, სამშობლოს დიდი გმირები წარმოგვიდგინოს ჩვენს თანამედროვეებად, რომლებიც „ისტორიული მდინარის ერთ ნაკადში“ არსებობენ“, - აღნიშნა მიტროპოლიტმა ტიხონმა.
პუტინის სტუმრობიდან ორი დღის შემდეგ ე.წ. ყირიმის მიტროპოლიის ხელმძღვანელი კვლავ მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში. მიტროპოლიტმა ტიხონმა განაცხადა, რომ ყირიმში გეგმავს რუსი ქიმიკოსის, დმიტრი მენდელეევის სახელობის პედაგოგიური ცენტრის შექმნას.
„რუსეთის განათლების სამინისტროსთან ერთად მოვამზადეთ პროექტი, რომელიც ღრმად მართლმადიდებელი ადამიანის, ჩვენი თანამემამულის, დმიტრი ივანეს ძე მენდელეევის სახელობის პედაგოგიური ცენტრის შექმნას ითვალისწინებს“, - განაცხადა ტიხონმა.
სასულიერო პირმა განმარტა, რომ მენდელეევი სიმფეროპოლში მასწავლებლად მუშაობდა. მიტროპოლიტის თქმით, ქიმიკოსი ყირიმში სახალხო განათლების საქმესაც ემსახურებოდა.
ვინ არის მიტროპოლიტი ტიხონი?
მიტროპოლიტი ტიხონი, ერისკაცობაში გიორგი შევკუნოვი, რუსეთისა და მის მიერ ანექსირებული ყირიმის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს უფრო აქტიურად, ვიდრე ბევრი პროფესიონალი პოლიტიკოსი და საზოგადოებრივი აქტივისტი.
მაგალითად, 23 ოქტომბერს მიტროპოლიტმა ტიხონმა რუსეთის „სბერბანკის“ ხელმძღვანელ გერმან გრეფთან ერთად გახსნა „სბერუნივერსიტეტის“ კონფერენცია, რომლის ერთ-ერთ სესიაზე სიტყვით გამოსულმა შევკუნოვმა მკაცრად გააკრიტიკა ხელოვნური ინტელექტი:
მიტროპოლიტი ტიხონი. 2012 წ.
„ვინც მას (ხელოვნურ ინტელექტს) ქმნის და ვინც მისი სწორად გამოყენება იცის, ის მართლაც ვითარდება როგორც ინტელექტუალურად, ისე გამოცდილების თვალსაზრისით. მაგრამ მათთვის, ვისაც აზროვნების ჰიგიენის შესახებ წარმოდგენა არ აქვს, ხელოვნური ინტელექტი უდიდეს საფრთხეს შეიცავს. უახლოეს მომავალში, და ამას უკვე ახლაც ვხედავ, მივიღებთ ინტელექტუალურ იდიოტებს - ადამიანებს, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს სრულყოფილად ფლობენ, ყველანაირად იყენებენ, თავად კი ამ დროს წარმოუდგენლად სწრაფად დეგრადირდებიან“.
„რაღაც ისეთი, მენდელეევის სახელობის პროპაგანდის ცენტრის მსგავსი“
ტიხონი ქიმიკოს დმიტრი მენდელეევს „ღრმად მართლმადიდებელ ადამიანად“ მოიხსენიებს და სწორედ ეს გარემოება მოჰყავს მისი სახელობის პედაგოგიური ცენტრის შექმნის ერთ-ერთ არგუმენტად. თუმცა ისტორიკოსებს, ისევე როგორც თავად მენდელეევს, ამ საკითხზე განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ.
აი, რას წერდა 2010 წელს არა რომელიმე საერო მედია, არამედ რუსული მართლმადიდებლური გამოცემა „პრავოსლავიე“: „დმიტრი ივანეს ძე მენდელეევი მართლმადიდებლურ რწმენაში აღიზარდა (მისი ბაბუა მღვდელი იყო), თუმცა მისი დამოკიდებულება რელიგიისა და ეკლესიის მიმართ რთული და ღრმად პირადი იყო და არ თავსდებოდა დოგმატური ღვთისმოსაობის ჩარჩოებში“.
ნათესავებისა და ბიოგრაფების მოგონებების თანახმად, მენდელეევს სწამდა უზენაესი გონისა და შემოქმედის („სულის გარეშე მატერია მკვდარია“), თუმცა ის არ ყოფილა დემონსტრაციულად ან ხაზგასმით მორწმუნე ადამიანი. სიცოცხლის ბოლო წლებში მენდელეევის სამუშაო კაბინეტში ქრისტეს გამოსახულება დიდი მეცნიერების პორტრეტებს შორის ეკიდა. ამის შესახებ, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინულ გამოცემა „ფაქტებთან“ ინტერვიუში ისაუბრა მენდელეევის შორეულმა ნათესავმა ნიკოლაი სმირნოვმა, მოსკოვის ოლქში მდებარე დ.ი. მენდელეევისა და ა.ა. ბლოკის სახელმწიფო მემორიალური მუზეუმ-ნაკრძალის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა.
დმიტრი მენდელეევი
მეცნიერ მენდელეევს ნაცნობობა ჰქონდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ტაძრის წინამძღვართან, რომელთანაც ინარჩუნებდა კორექტულ ურთიერთობას და დროდადრო მიმართავდა ეკლესიის საიდუმლოებებსაც (აღსარებასა და ზიარებას), თუმცა კრიტიკულად უყურებდა რიტუალების ბრმად შესრულებასა და ცრურწმენებს.
ბოლო ათი წლის განმავლობაში რუსული პროპაგანდისტული მედია მენდელეევს ლამის „რწმენის ბურჯად“ წარმოაჩენს და მის რელიგიურობასა და მართლმადიდებლობისადმი მხარდაჭერაზე წერს.
ამ დროს, რუსულ გამოცემა „არგუმენტი ი ფაქტის“ 2014 წლის 12 თებერვლის პუბლიკაციაში მოტანილია დიდი ქიმიკოსის გამონათქვამი რელიგიის შესახებ. გამოცემა იმასაც აღნიშნავს, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა ამ სიტყვებს თანამედროვე რუსეთში. ექსპერტთა თქმით, დღევანდელი გაგებით, მენდელეევი იყო სრულიად არაპოლიტკორექტული ადამიანი, რომელსაც დღეს მოქმედი კანონებით, პასუხისგებაში მისცემდნენ თუნდაც შემდეგი ფრაზისთვის, რომელიც შეიძლება განმარტებული იქნას, როგორც მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფა: „ნებისმიერი რელიგია უხეში და პრიმიტიული ცრურწმენაა, რომელიც ცოდნას არ ეფუძნება. მეცნიერება ცრურწმენებს ებრძვის ისე, როგორც სინათლე - სიბნელეს“.
რუსეთის ფედერაციაში ეკლესია სახელმწიფოსგან მხოლოდ კონსტიტუციით არის გამიჯნული, სინამდვილეში კი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე და აქტიურად მონაწილეობს რუსეთის პროპაგანდაში. ამის შესახებ სევასტოპოლში მცხოვრები საერთაშორისო მოძრაობა #LIBERATECRIMEA-ს აქტივისტი (რომელიც ყირიმის გათავისუფლებისთვის იბრძვის) ანონიმურობის პირობით ესაუბრა ჟურნალისტებს.
ასევე ნახეთ
მილიტარიზმის პატრიარქი„ერთი შეხედვით, რა კავშირი უნდა ჰქონდეს ეკლესიას პედაგოგიურ ცენტრთან? მაგრამ მას არა მხოლოდ აქვს კავშირი, არამედ, ეჭვი არ შეგეპაროთ, მომავალშიც მიიღებს მონაწილეობას მის საქმიანობაში. ყირიმის ქალაქებში მართლმადიდებელი მღვდლები თითქმის ყველა საზოგადოებრივ ღონისძიებაზე ჩნდებიან, მათ შორის საშუალო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში. ეს სხვა რა არის, თუ არა რელიგიური პროპაგანდა? ამასთან, ისინი ასევე ეწევიან ომის პროპაგანდასაც“, - ამბობს აქტივისტი.
სევასტოპოლში მცხოვრები აქტივისტის თქმით, მენდელეევის სახელი იმიტომ შეარჩიეს, რომ ის, როგორც დიდი მეცნიერი, ფაქტობრივად ყველასთვის ცნობილია - დაწყებული საშუალო სკოლის მოსწავლეებიდან, დამთავრებული პენსიონერებით.
„ამ შემთხვევაში მენდელეევი ცნობადი ბრენდივითაა, რომლის სახელითაც შეიძლება რუსეთის პროპაგანდის მიზნებისა და, ამავდროულად, რუსული მართლმადიდებლობის გავრცელება. საბოლოოდ მივიღებთ „მენდელეევის სახელობის პროპაგანდის ცენტრის“ მსგავს რაღაცას“, - ასკვნის #LIBERATECRIMEA-ს აქტივისტი.
როგორ იქცა გიორგი შევკუნოვი მიტროპოლიტ ტიხონად
გიორგი ალექსანდრეს ძე შევკუნოვი - ყირიმისა და სიმფეროპოლის მომავალი მიტროპოლიტი ტიხონი დაიბადა 1958 წლის 2 ივნისს მოსკოვში.
1982 წელს დაამთავრა საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სცენარისტების ფაკულტეტი, სპეციალობით „ლიტერატურული საქმიანობა“. სწავლის დასრულებისთანავე მოინათლა და მიაშურა ფსკოვ-პეჩორის ღვთისმშობლის მიძინების მონასტერს, სადაც ჯერ სტიქაროსნად, შემდეგ კი მორჩილად მსახურებდა.
1986 წლიდან შევკუნოვი მუშაობდა მოსკოვის საპატრიარქოს საგამომცემლო საბჭოში, სადაც დიდად გამოადგა საერო ცხოვრებაში მიღებული განათლება. 1991 წელს ბერად აღიკვეცა მოსკოვის დონის მონასტერში და სახელად მიიღო ტიხონი. სწორედ ამის შემდეგ ვითარდება სწრაფად მისი საეკლესიო კარიერა.
1993 წელს ტიხონი დაინიშნა წინამძღვრად ფსკოვ-პეჩორის მონასტრის მოსკოვის მეტოქში (მონასტრის კუთვნილი დაქვემდებარებული ეკლესია მამულით), რომელიც ბოლშაია-ლუბიანკაზე მდებარე ყოფილ სრეტენსკის მონასტერში იყო განთავსებული. 1995 წელს წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ტიხონი დაინიშნა სრეტენსკის მამათა მონასტრის მოძღვრად. ამასთან დაკავშირებით პატრიარქმა ალექსი II-მ მას იღუმენის ხარისხი მიანიჭა. 1998 წელს ტიხონი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანეს, 1999 წელს კი ის ახლად დაარსებული სრეტენსკის უმაღლესი მართლმადიდებლური სამონასტრო სასწავლებლის რექტორი გახდა. 2002 წელს სასწავლებელი სრეტენსკის სასულიერო სემინარიად გადაკეთდა.
მიტროპოლიტი ტიხონი (მარცხნივ) და ყირიმის რუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი აქსიონოვი
შევკუნოვი ვლადიმირ პუტინს პირველად შეხვდა 2000 წლის აგვისტოში, როდესაც ბიზნესმენ სერგეი პუგაჩოვთან ერთად რუსეთის პრეზიდენტს ფსკოვ-პეჩორის მონასტერში კერძო ვიზიტისას ახლდა.
2003 წლის სექტემბერში ტიხონი ახლდა პუტინს აშშ-ში ვიზიტის დროს, სადაც პუტინმა პატრიარქ ალექსი II-ის რუსეთში მიპატიჟება გადასცა საზღვარგარეთ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პირველიერარქს, მიტროპოლიტ ლავროსს.
შევკუნოვის კარიერა არ შეჩერებულა და მან თანდათანობით საეკლესიო სფეროდან საზოგადოებრივ საქმიანობაშიც გადაინაცვლა.
2010 წლის 5 მარტს წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ტიხონი რუსეთის საპატრიარქოს კულტურის საბჭოს პასუხისმგებელ მდივნად დაინიშნა. 2010 წლის 31 მაისიდან ის რუსეთის სამუზეუმო საზოგადოებასა და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ურთიერთობის კომისიას ხელმძღვანელობს, ხოლო 2011 წლის 22 მარტიდან რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი საეკლესიო საბჭოს წევრია.
2023 წლის 11 ოქტომბერს ტიხონი დაინიშნა სიმფეროპოლისა და ყირიმის მიტროპოლიტად, ყირიმის მიტროპოლიის ხელმძღვანელად.
2000-იანი წლების დასაწყისიდან რუსული მედია შევკუნოვს ვლადიმირ პუტინის სულიერ მოძღვრად და პირად აღმსარებლად მოიხსენიებს. თავად მიტროპოლიტს რუსეთის პრეზიდენტთან სიახლოვე არც დაუდასტურებია და არც უარუყვია. 2013 წელს ტიხონთან საუბრის შემდეგ გამოცემა The Financial Times-მა დაწერა: „ბევრი ამტკიცებს, რომ სწორედ ტიხონმა მოაქცია ქრისტიანულ რწმენაზე КГБ-ს ყოფილი პოლკოვნიკი".
კრემლი არ უარყოფს, რომ ტიხონი პუტინის სულიერი მოძღვარია. „ეს წმინდა პირადი საკითხია. უბრალოდ, საქმის კურსში არ ვარ“, - ასე გამოეხმაურა ამ თემას რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი.
ასევე ნახეთ
როგორ დაემხობა პუტინის „მარადიული“ რეჟიმი?თანამედროვე რუსეთის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი
2019 წელს მიტროპოლიტი ტიხონი გახდა რუსეთის სახელმწიფო დუმის კულტურის კომიტეტთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს წევრი.
რუსი თეოლოგისა და ფილოსოფოსის, ანდრეი კურაევის აზრით, შევკუნოვს „პროსამთავრობო და ანტიდასავლური შეხედულებები“ აქვს. რელიგიათმცოდნე სერგეი ჩაპნინი კი შენიშნავს, რომ შევკუნოვი „ერთ-ერთია იმ იდეოლოგთაგან, რომლებმაც დასავლეთის, როგორც რუსეთისა და მართლმადიდებლობის მტრის ხატი შექმნეს“.
უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე საუბრისას შევკუნოვი ავრცელებდა რუსეთის ანტიუკრაინული პროპაგანდის ნარატივებს და აცხადებდა, რომ „რუსეთი იქ ებრძვის ველურ, საშინელ, ინფერნალურ (ჯოჯოხეთურ) ფაშიზმს, ნაცისტებს“.
შევკუნოვი ასევე მიიჩნევს, რომ უკრაინაში შეჭრის მიზეზი „ცხოვრებისეული აუცილებლობა“ იყო და რომ რუსეთის პრეზიდენტი „სხვა ცხოვრებისეული გარემოებების შემთხვევაში“ ომს არ დაიწყებდა. ამასთან, ტიხონი პუტინს პეტრე პირველს ადარებს. ტიხონის მოძღვრების თანახმად, რუსეთი, რომელიც „ღმერთმა ბიზანტიის მემკვიდრედ გამოარჩია, მოწოდებულია, იყოს დედამიწაზე ღვთიური მეუფების ხატი, თუმცა ეშმაკის მიერ შთაგონებული მტრების სიუხვის გამო მუდმივად განსაცდელში იმყოფება“.
ანექსირებულ ყირიმში ტიხონმა იდეოლოგიური საქმიანობა მიტროპოლიტად დანიშვნამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. 2015 წლის 11 აგვისტოს შევკუნოვი ყირიმის მაშინდელი რუსი ხელმძღვანელის, სერგეი აქსიონოვის მიერ იმავე დღეს შექმნილი საექსპერტო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი გახდა.
რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე აქტიურად საქმიანობს ჰუმანიტარული მეცნიერებების მხარდაჭერის რუსული ფონდი „ჩემი ისტორია“ (Моя история), რომლის ხელმძღვანელობასაც მჭიდრო კავშირი აქვს მიტროპოლიტ ტიხონთან.
სამუზეუმო-სატაძრო კომპლექსი "ახალი ხერსონესი". 2024 წ. აგვისტო
მიტროპოლიტი პუტინზე: “რუსეთის მხსნელი”
2021 წლის 25 ოქტომბერს, როცა ტიხონი ფსკოვისა და პორხოვის მიტროპოლიტი იყო, განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინის მემკვიდრის მოძებნა რთული იქნება და რომ ეს „ჩვენი პრობლემაა“, რადგან „ადამიანი უკვდავი არ არის“.
მაშინ მიტროპოლიტმა პუტინს უწოდა „საქმის კაცი“, რომელიც „არანაირ მადლიერებას არ ეძებს“ და „საკუთარ თავს აბსოლუტურად არ ეკუთვნის“. მისი თქმით, პუტინის ერთადერთი ამოცანა „რუსეთის გადარჩენაა“.
„პუტინის დროს რუსეთმა საერთაშორისო ასპარეზზე აღზევება შეძლო. ამან კი თავად პუტინიც ჩამოაყალიბა. ამიტომ ბევრი უყურებს მას და კითხულობს: „კიდევ ვინ არის ისეთი, ვისაც საერთაშორისო ასპარეზზე ასე მუშაობა შეუძლია? კიდევ ვინ შეძლებს ქვეყნის შიგნით ვითარების შეკავებას?“ მაგრამ ეს ჩვენი პრობლემაცაა - ადამიანი ხომ უკვდავი არ არის“, - განაცხადა ტიხონ შევკუნოვმა.
მიტროპოლიტი ტიხონი ასევე მიიჩნევს, რომ მონარქია რუსეთისთვის „სრულიად ბუნებრივი მდგომარეობაა“. თუმცა, მისი თქმით, ამ ბუნებრივ მდგომარეობას რომ დაუბრუნდეს, ქვეყანამ „თავის სულიერ მდგომარეობაში ძალიან ბევრი რამ უნდა შეცვალოს“. ამასთან, მიტროპოლიტმა ტიხონმა აღნიშნა, რომ თავად პუტინი „ირონიით“ უყურებს იმას, რომ მას ზოგჯერ მეფეს ადარებენ, თუმცა სერიოზულად ეკიდება „მმართველის ჯვარს“, რომელიც საკუთარ თავზე იტვირთა.
მიტროპოლიტი ტიხონი (მარცხნივ), ვლადმირ პუტინი, პატრიარქი კირილე (მარჯვნივ). 2017 წ.
სასულიერო პირის აზრით, პუტინს ასევე „უყვარს ადამიანები“, მიუხედავად იმისა, რომ „ხელმძღვანელები არსად უყვართ, განსაკუთრებით კი რუსეთში”:
„ყველგან ლანძღავენ, ყველაფერში მათ ადანაშაულებენ, მაგრამ, ვფიქრობ, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩს ამ მხრივ არანაირი ილუზია არ აქვს: მას ადამიანები უყვარს და ეს ყველაზე მთავარია. უყვართ თუ არა თავად პუტინი, ამის გამო, დამიჯერეთ, დიდად არ წუხს. ის თავის საქმეს აკეთებს და სულ ეს არის“, - განაცხადა ტიხონმა.
ამასთან, ტიხონ შევკუნოვი რუსეთის ინტელიგენციას ადანაშაულებს დამანგრეველი ტენდენციების ხელშეწყობაში. 2021 წლის ოქტომბერში მან გაიხსენა, რომ თებერვლის (1917 წ.) რევოლუციის შემდეგ რუსეთში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე თავისუფალი და ყველაზე სამართლიანი არჩევნები ჩატარდა:
„და რა მივიღეთ შედეგად? დეპუტატების 91% ტერორისტული პარტიების - ესერები და ბოლშევიკები - წევრი აღმოჩნდა. ჩვენ თვითონ ავირჩიეთ ეს 91% და მერე გვიკვირს, საიდან გაჩნდა ჩვენთან ტერორი. დიახ, ჩვენ ავირჩიეთ, ჩვენ თვითონ გადავწყვიტეთ მისი მოწვევა, ჩვენ თვითონ მოვუხმეთ ტერორს, - განაცხადა ტიხონმა. – ამ ტერორის ბებიაქალი კი ჩვენი შესანიშნავი, კრეატიული რუსული ინტელიგენცია იყო - თავისუფლად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც მომავლის მშვენიერ რუსეთზე ოცნებობდნენ“.
„ყირიმი იქცა პუტინიზმის იდეოლოგიის ვიტრინად“
„სწორედ შევკუნოვი იდგა სევასტოპოლში, ძველი ხერსონესის ნანგრევებზე, პროპაგანდისტული კომპლექსის, „ახალი ხერსონესის“ შექმნის უკან. ჯერ კიდევ მშენებლობის დაწყებამდეც ამ ტერიტორიაზე უზარმაზარი სცენა და მაყურებელთა ტრიბუნები დაამონტაჟეს, გამართეს კონცერტები და ფესტივალები, რომლებსაც პუტინიც ესწრებოდა. იუნესკოს წესებით აკრძალულია ძველი ისტორიული ძეგლების ნანგრევებზე მსგავსი ობიექტების განთავსება, მაგრამ აქ ხომ საქმე პროპაგანდას ეხება. მათ ხომ სევასტოპოლში, არც მეტი არც ნაკლები, „მართლმადიდებლური მექის“ შექმნა გადაწყვიტეს“, - განუცხადა ჟურნალისტებს სევასტოპოლში მცხოვრებმა საერთაშორისო მოძრაობის, #LIBERATECRIMEA-ს აქტივისტმა, რომელიც ყირიმის გათავისუფლებისთვის იბრძვის.
ჟურნალისტებმა ლოს-ანჯელესის (აშშ) ლოიოლა-მერიმაუნტის უნივერსიტეტის პროფესორს, არქიმანდრიტ კირილოს (ჰოვორუნს), მიმართეს თხოვნით, კომენტარი გაეკეთებინა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ყირიმის მიტროპოლიის როლზე.
არქიმანდრიტი კირილო (სერჰი ჰოვორუნი)
„ყირიმის ტერიტორიაზე, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ის უკრაინის კონტროლქვეშ იყო, რამდენიმე ეპარქია შეიქმნა. 2014 წლის ანექსიის შემდეგაც კი ისინი ფორმალურად უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში რჩებოდნენ. ეს ეპარქიები ნახევარკუნძულზე ერთ-ერთი უკანასკნელი სტრუქტურები იყო, რომლებმაც დეუკრაინიზაცია განიცადეს. მათი დეუკრაინიზაციის საბოლოო ეტაპი მიტროპოლიტ ლაზარეს (შვეცის) გათავისუფლებითა და მის ნაცვლად მოსკოვიდან მიტროპოლიტ ტიხონის (შევკუნოვის) დანიშვნით დასრულდა. თუ მიტროპოლიტ ლაზარეს მმართველობის პერიოდში ყირიმის საეკლესიო ცხოვრების რუსიფიკაცია შედარებით ნელი ტემპით მიმდინარეობდა, მისი მემკვიდრის დროს ყირიმმა „რუსული სამყაროს“ ფორპოსტად გარდაქმნა დაიწყო. არსებითად, ნახევარკუნძული პუტინიზმის იდეოლოგიის ვიტრინად იქცა. ამ პროცესს შესაძლოა ხელი შეუწყოს ახლახან გახსნილმა პროპაგანდისტულმა კომპლექსმაც - „ახალმა ხერსონესმა“, - განაცხადა პროფესორმა ჰოვორუნმა.
2026 წლის ივნისში ევროკავშირმა სიმფეროპოლისა და ყირიმის მიტროპოლიტ ტიხონს (შევკუნოვი) სანქციები დაუწესა.
2026 წლის სექტემბერში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ) და უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ტიხონ შევკუნოვს დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალი. რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფასა და რუსეთის შეიარაღებული აგრესიის გამართლებას ედავებიან.
ყირიმის ეპარქიის ჰუმანიტარულმა ცენტრმა ფრონტზე მყოფ რუს სამხედროებს კამუფლირების 100 ბადე გაუგზავნა. ტელეარხ Крым 24-ის ვიდეოკადრის სკრინშოტი.
უკრაინის გამოძიების მონაცემებით, შევკუნოვი „კრემლის რეჟიმის ერთ-ერთი წამყვანი იდეოლოგია და ვლადიმირ პუტინის მთავარ სულიერ მოძღვრად მიიჩნევა“. ტიხონი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას დაუჭირა მხარი და საზოგადოებას აგრესორი სახელმწიფოს შეიარაღებული ფორმირებებისთვის დახმარების გაწევისკენ მოუწოდა.
8 ნოემბერს ყირიმის მიტროპოლიის ჰუმანიტარულმა ცენტრმა რუსეთის სამხედროებისთვის ფრონტზე შენიღბვის (კამუფლირებული) 100 ბადე გაგზავნა, - იტყობინება ტელეარხი „ყირიმი 24“.