დასაქმებულთა პროტესტი

3 აპრილს რადიო თავისუფლების„დილის საუბრების“ სტუმარი იყო პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი. მან ილაპარაკა დასაქმებულთა საპროტესტო აქციებზე.

ბათუმის პორტში გრძელდება საპროტესტო აქცია, აქციის მონაწილეების პროტესტის მიზეზი ბათუმის საზღვაო ნავსადგურში მოსალოდნელი ცვლილებებია, რომელსაც ახალი გენერალური დირექტორი გეგმავს. მოშიმშილეები ამბობენ, რომ მიმდინარე წლის თებერვალში საპენსიო ასაკს მიღწეული 26 თანამშრომელი გაათავისუფლეს, პირველი აპრილიდან კი გათავისუფლების მეორე ეტაპი იგეგმებოდა. მეტროს მემანქანეები დღიური ანაზღაურების გაზრდას მოითხოვენ, ჭიათურაში მაღაროელები ხელფასების გაზრდას და კოლექტიური ხელშეკრულების დადებას მოითხოვენ. გრძელდება საპროტესტო მუხტი „აგარის შაქრის“ გათავისუფლებულ თანამშრომლებს შორის. რაისა ლიპარტელიანის თქმით, მნიშვნელოვანია დამსაქმებლებმა წარმოადგინონ საქმიანობის ეკონომიკური ანგარიში, ვინაიდან მხოლოდ განცხადება, რომ კომპანიას ფინანსური პრობლემების გამო უწევს თანამშრომლების დათხოვნა, ღირებული არგუმენტი არ არის. ამასთან, მან ისაუბრა სასამართლო პროცესზე, რომელიც რუსთავის „აზოტის“ 50-ზე მეტი გათავისუფლებული თანამშრომლის სახელით აწარმოა პროფკავშირების გაერთიანებამ და რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოში მათი გამარჯვებით დასრულდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანიის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას თანამშრომლთა აღდგენა და განაცდური დღეების ანაზღაურება დაეკისრა. ჯერჯერობით უცნობია გაასაჩივრებს თუ არა სასმართლოს გადაწყვეტილებას „აზოტის“ ხელმძღვანელობა. რაისა ლიპარტელიანის თქმით, დასაქმებულთა უფლებების დასაცავად მნიშვნლოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, თუ კომპანიები თანამშრომლებთან კოლექტიურ ხელშეკრულებებს გააფორმებენ, თუმცა ამის მიღწევა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

Your browser doesn’t support HTML5

დასაქმებულთა პროტესტი