როცა ფეხბურთი პოლიტიკას ვერ ემიჯნება - რა აჩვენა ბათუმში პოლიციისა და თურქი ქომაგების დაპირისპირებამ

ოპოზიციაში აღნიშნავენ, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ საქართველოს რეგიონში წონა დაუკარგა და ეს ბათუმის ინციდენტმაც დაადასტურა.

ბათუმში ფეხბურთის თურქ ქომაგებსა და ქართულ პოლიციას შორის დაპირისპირება 16 დაკავებულის გათავისუფლებით დასრულდა. “ქომაგების გადაჭარბებული ემოცია და აგრესია ცნობილია. ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა”, - უთხრა ჟურნალისტებს შსს მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა.

26 ნოემბერს, ბათუმის სტადიონი თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩს მასპინძლობდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 4 წარმომადგენელი თურქ ქომაგებთან დაპირისპირების დროს დაშავდა.

დაპირისპირებას სტამბოლიდან მკაცრი განცხადებები მოჰყვა ბრალდებები არაპროპორციული ძალის გამოყენების შესახებ და მოთხოვნა - დაკავებულების “დაუყოვნებლივ გათავისუფლება". თურქეთის მედია წერს, რომ პროცესი თავად თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოანის მითითებებით დაჩქარდა. თურქეთის შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა თუ იუსტიციის მინისტრები ტელეფონით ესაუბრნენ ქართველ კოლეგებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თურქეთის ელჩს შეხვდა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და ანალიტიკოსების შეფასებით, "ქართული ოცნების" პოლიტიკამ საქართველოს რეგიონში წონა და ავტორიტეტი დაუსუსტა

რატომ დათანხმდა საქართველო მატჩის მასპინძლობას?

“ალბათ, უნდოდა "ქართულ ოცნებას" ეჩვენებინა, რომ - “აი, ჩვენ ვართ მშვიდობის მტრედები, ყველანი ჩვენთან მოდიან, ერთმანეთს ელაპარაკებიან, ფეხბურთს თამაშობენ”, მაგრამ ეს ყველაფერი ნაცარში ჩაეყარათ, რაც მოსალოდნელი იყო… კიდევ ერთხელ ჩამოეხადა ფარდა ზღაპარს, რომ - ვითომ “ქართული ოცნება” მშვიდობის გარანტორი და მშვიდობის ჰაბია - ეს ასე არ არის”, - ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ თავის წონასა და ავტორიტეტთან შეუსაბამო ამბიცია გამოავლინა, როდესაც ერთმანეთთან მწვავედ დაპირისპირებული თურქეთისა და ისრაელის გუნდებს შორის მატჩის მასპინძლობა იკისრა.

ბატიაშვილის თქმით, საქართველოს წონა და ავტორიტეტი რეგიონში დიდწილად დასავლეთის მოკავშირეობით განისაზღვრებოდა, ხოლო ახლა ვითარება შეცვლილია - დასავლელი პარტნიორებისგან საქართველოს ჩამოშორების, რუსეთთან სალაპარაკოდ თბილისის წარმომადგენლის მინსკში ჩასვლისა და იქაც მარცხის განცდის შემდეგ.

“ყველა უყურებს, ვინ არის შენი მოკავშირე და საქართველო მოკავშირის გარეშეა დარჩენილი… ყველა ხედავს, როგორი აბნეულ-დაბნეული საგარეო პოლიტიკა აქვს “ქართულ ოცნებას”", - ზურაბ ბატიაშვილის აზრით, მატჩის მასპინძლობის გადაწყვეტილება “მერკანტილური ინტერესებით” იყო ნაკარნახები - დიდწილად კაზინოების ამუშავების იმედით, როცა კაზინოები აკრძალულია თურქეთსა და ისრაელში.

„ჩვენ შევთავაზეთ უნიკალური შესაძლებლობა ჩვენს თურქ მეგობრებს, რომ ქვეყნის გარეთ, მაგრამ - სავსე ტრიბუნებით ჩაეტარებინათ ეს საფეხბურთო მატჩი ჩვენს ქვეყანაში. სხვა ქვეყანაში მათ ამის შესაძლებლობა ვერ მიეცემოდათ“, - უთხრა “ქართული ოცნების” მთავრობის მეთაურმა კობახიძემ ჟურნალისტებს, 27 ნოემბერს და თქვა, რომ რაც მოხდა, გულდასაწყვეტია.

ასევე ნახეთ

კობახიძე ბათუმის მოვლენებზე: გულდასაწყვეტია, როცა გულშემატკივარი ასე იქცევა მეგობრულ ჟესტზე პასუხად

ოპოზიციაში აღნიშნავენ, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ საქართველოს რეგიონში წონა დაუკარგა და ეს ბათუმის ინციდენტმაც დაადასტურა.

  • “ბიძინა ივანიშვილს რომ პატივს აღარც ერთი ქვეყნის მთავრობა არ სცემს, იმედია კარგად გამოჩნდა თურქეთის მთავრობის წარმომადგენლების არაადეკვატური რეაქციით”, – დაწერა სოციალურ ქსელში „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა.
  • „ფულის გამო ყველა და ყველაფერი ფეხებზე დაიკიდეს და შედეგად ის მოიტანეს, რომ თავისი უპასუხისმგებლობით და უუნარობით, და შემდეგ უკვე მშიშრობით და ცვედნობით ქვეყანა დაამცირეს; ეროვნულ და რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივებას ხელი შეუწყვეს", - წერს სოციალურ ქსელში “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია.


დაკავებულების გათავისუფლებით ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა არ მოხსნილა, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში, სადაც თვალსაჩინოა თურქეთის მოქალაქეების ვნებათაღელვა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტურისტული კომპანიები საქართველოში სამოგზაურო ტურებს აუქმებენ.

ასევე ნახეთ

ისრაელის ელჩი ბათუმში მომხდარზე: „ტერორიზმი სპორტულ არენაზე“


"არაპროპორციული ძალა"

“გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო”, “ჩვენი მოქალაქეების ღირსეული პოზიციის წინააღმდეგ მიმართულ ჩარევებს მართებულად არ მივიჩნევთ”, - დაწერა სოციალურ ქსელში თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მუსტაფა ჩიფთჩიმ, 26 ნოემბერს, როდესაც ქართველ კოლეგასთან, სულხან თამაზაშვილთან სატელეფონო საუბრის ფრაგმენტი გამოაქვეყნა.

ტექსტში აღნიშნულია, რომ თურქი ერი “მთელი ისტორიის განმავლობაში ჩაგრულთა გვერდით და ჩაგვრის წინააღმდეგ იდგა” და “პალესტინის სამართლიანი საქმის მხარდაჭერა კაცობრიობის სინდისის საკითხია”.

თურქმა მინისტრმა გამოჯანმრთელება უსურვა “თავდასხმის მსხვერპლ” თურქეთის მოქალაქეებს და არაფერი უთქვამს ქართველი პოლიციელების შესახებ, რომლებიც, შს სამინისტროს ცნობით, თურქი ქომაგების ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდნენ.

მინისტრების საუბრის ჩანაწერის ფრაგმენტი თურქეთის მედიაშიც გავრცელდა. ერთ-ერთ ეპიზოდში თარჯიმანი უხსნის სულხან თამაზაშვილს თურქი მინისტრის სიტყვებს, რომ სტადიონის კადრებმა თურქეთში „ძალიან დიდი რეაქცია გამოიწვია” და “განსაკუთრებით იმან, [ქომაგებს] პალესტინის დროშას ხელიდან რომ ართმევენ“.

უკვე 27 ნოემბერს, თამაზაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ თურქ კოლეგასთან საუბარი მას არ ჩაუწერია, თორემ სრულად გამოაქვეყნებდა და გამოჩნდებოდა, რომ მას წინასწარ გატარებული ღონისძიებების შესახებ აცნობა - თუ როგორ ამოიღეს საზღვარზე “ძალიან ბინძური, პროვოკაციული შინაარსის” 100-მდე ბანერი, რომლებითაც ქომაგები სოციალურ ქსელებში პოზირებდნენ და ეს საქართველოსთვის იყო “შეურაცხმყოფელი”; ხოლო ეს ბანერები მატჩის დროს სტადიონზე რომ აღმოჩენილიყო - შესაძლოა, “პროცესები მართლაც უმართავი გამხდარიყო”.

თურქული მედია ავრცელებს ფოტოს, თუ როგორ გადაიღეს ბეშიქთაშის ფეხბურთელებმა მატჩის შემდეგ, ჯგუფური ფოტოსურათი დიდი ბანერის ფონზე, რომელსაც აწერია - "აჯანყება ოკუპაციის წინააღმდეგ - თავისუფლება პალესტინისთვის”. ქომაგების მიერ გაშლილი იგივე ბანერი ჩანს სხვა ეპიზოდშიც, სტადიონზე გადაღებულ კადრებში.

თამაზაშვილმა თქვა, რომ თურქ კოლეგას პალესტინის დროშის ჩამორთმევაზეც ელაპარაკა, თუმცა არ დაადასტურა - მანამდე მუსტაფა ჩიფთჩის მიერ ნათქვამი, რომ ქართულმა მხარემ პასუხისმგებლობა დროშის ეპიზოდზე უეფას დააკისრა.

“ის თანამშრომელი, ვინც მივიდა და მოუწოდა დროშის აღება, იყო თურქული ბეშიქთაშის მიერ დაქირავებული კერძო კომპანია”, - თქვა თამაზაშვილმა.

კადრებში, რომლებსაც თურქული მედია ავრცელებს, ჩანს, რომ ორ ადამიანთან, რომლებმაც პალესტინის დროშა გაშალეს, თავდაპირველად მიდის სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირი და სავარაუდოდ რაღაცას ეუბნება მათ; თუმცა შემდეგ ადგილზე სწრაფად მირბის 5-6 პოლიციელი და მათი რიცხვი მალევე იზრდება.

კადრებში ჩანს ისიც, რომ დროშა ქომაგებს ქართველმა პოლიციელებმა ჩამოართვეს.

დაპირისპირება სტადიონზე არ დაწყებულა. შს სამინისტროს ინფორმაციით, თურქი გულშემატკივართა ნაწილი პოლიციელებს სხვადასხვა ნივთს ესროდა და ფიზიკურად უპირისპირდებოდა მატჩამდე გამართული მსვლელობის დროსაც - ევროპის მოედნიდან სტადიონისკენ.

გავრცელებულ კადრებში მკაფიოდ ჩანს, რომ თურქი ქომაგები პოლიციელებს უტევენ, მჭიდრო დაპირისპირებაშიც - მუშტებით, წიხლებით.

შს სამინისტრომ დაადასტურა, რომ სპეციალური საშუალებები გამოიყენა.

"ქომაგებს აქვთ განსაკუთრებული აგრესია"

26 ნოემბერს დააკავეს მხოლოდ 16 ადამიანი, ადმინისტრაციული წესით და ისინიც უკვე გაათავისუფლეს.

დაკავებულების “დაუყოვნებელი გათავისუფლება” საქართველოს იუსტიციის მინისტრ პაატა სალიასგან მისმა თურქმა კოლეგამ, აქინ გიურლექიმ მოითხოვა.

ასევე ნახეთ

„განსხვავებული მოვლენაა“ - შს მინისტრი ბათუმში დაკავებული თურქი ქომაგების გათავისუფლებაზე

შინაგან საქმეთა მინისტრმა დაკავებულების გათავისუფლება ქომაგების ტრადიციული ემოციურობით ახსნა და კითხვაზე, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის შესახებ, რომელიც პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო სისხლის სამართლის წესით გაასამართლეს და დღემდე საპატიმროშია, ასე უპასუხა:

“სპორტული ღონისძიების ფარგლებში, ქომაგებს აქვთ განსაკუთრებული აგრესია და ემოციები, არის ასეთი პრაქტიკა. [...] ქალბატონმა მზიამ დემონსტრაციულად პოლიციას, განა ირაკლი დგებუაძეს, გაარტყა სილა. ის იყო დემონსტრაციული აქტი, პოლიციისთვის სილის გაწვნა, ესენი არიან ქომაგები...”, - უთხრა ჟურნალისტებს თამაზაშვილმა.

“ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებელს, მზია ამაღლობელი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. 2025 წლის 11 იანვარს, ბათუმში საპროტესტო აქციის დროს, პოლიციის სამმართველოს ღობეზე საპროტესტო სტიკერის გაკვრის შემდეგ დააკავეს. რამდენიმე საათში გაათავისუფლეს, თუმცა 12 იანვრის ღამეს ისევ დააკავეს - ბათუმის პოლიციის უფროსთან დაკავებების გამო მომხდარი ინციდენტის შემდეგ, როცა მას სილა გააწნა.
პროკურატურამ საქმე თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 353¹-ე მუხლით აღძრა, რომელიც პოლიციელზე თავდასხმას ეხება და 4-7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. სასამართლომ განაჩენის გამოტანისას ბრალი გადააკვალიფიცირა 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე — საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა
2025 წლის 6 აგვისტოს მას 2 წლით პატიმრობა მიესაჯა. სასჯელი 2025 წლის 12 იანვრიდან ითვლება. მისი გათავისუფლება 2027 წლის 12 იანვარსაა მოსალოდნელი.


წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდნენ.

„თუ დემონსტრაციულად გაარტყა თუნდაც სილა, მაშინ არანაირი დანაშაული არ არის, მაშინ მას წინააღმდეგობა სწორედაც რომ არ გაუწევია. ამიტომ გასაგებია, თურქული საფეხბურთო კლუბის გულშემატკივრები რატომაც გაათავისუფლეს და ისიც გასაგებია, მზია ამაღლობელის პატიმრობა რა მოტივებზე დგას“, - უთხრა “ნეტგაზეთს” ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა.


ასევე ნახეთ

ამაღლობელის ადვოკატი: მინისტრმა დაადასტურა, რასაც თავიდანვე ვამბობდით
  • „თურქი ქომაგის მუშტი ლოყას არ აწითლებს“
  • “საცოდავ ქართველ ქომაგებს ყველას ციხეში გაუშვებდნენ”
  • “მეტი რაღა უნდა გაეკეთებინათ ნეტა? მიდი აბა უქომაგე შენ თურქეთში მასე, რა მოგივა...”
  • “ფეხბურთის ქომაგების აგრესია მოსულა!!! სამშობლოს მოყვარულების აქცია კრიმინალია?”


ამაღლობელის გარდა, 2024–25 წლების საპროტესტო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით კიდევ, სულ მცირე შვიდი დემონსტრანტია მსჯავრდებული, მათ შორის - გიორგი ოკმელაშვილი, საბა ჯიქია, მათე დევიძე, რომელთაც 4-იდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

სოციალურ ქსელებში ვნებათაღელვა და უკმაყოფილება მოჰყვა დაკავებული თურქი ქომაგების გათავისუფლებას.

“არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა” - უთხრა ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, ყოფილმა ფეხბურთელმა და დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, - “ფეხბურთში ხდება ხოლმე ამ ტიპის ქმედებები ფანების მხრიდან”.

“ეს ხდება, მათ შორის ევროპულ ქვეყნებშიც. ევროპის ჩემპიონატების დროს არაერთი ასეთი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანო. არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა“, - კალაძე ვერ ხედავს პრობლემას, რომ მატჩი საქართველოში ჩატარდა.

“რა პრობლემაა, რატომ არ უნდა დათანხმებულიყო?” - ასე უპასუხა მან მედიის შეკითხვებს - რატომ დათანხმდა საქართველო თურქეთი-ისრაელის კლუბების მატჩის ბათუმში ჩატარებას.

ასევე ნახეთ

თურქეთში საქართველოს ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს - Anadolu

ბათუმში თურქეთის „ბეშიქთაშსა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ საფეხბურთო კლუბებს შორის მატჩის გარშემო განვითარებულ მოვლენებს პოლიტიკურ ფონს თურქეთ-ისრაელის ურთიერთობების მკვეთრი გაუარესება უქმნის. ღაზის ომის შემდეგ თურქეთი ისრაელს მკაცრად აკრიტიკებს, პალესტინის სახელმწიფოს შექმნას უჭერს მხარს და ისრაელთან ვაჭრობა აქვს შეჩერებული; ისრაელი კი ეჭვის თვალით უყურებს თურქეთის ჰამასთან კავშირებსა და ღაზის საკითხში ანკარის შესაძლო როლს. მატჩი უსაფრთხოების მიზეზით თურქეთიდან ბათუმში გადაიტანეს.

ასევე ნახეთ

ქომაგები VS პოლიცია: შეიძლებოდა დაპირისპირების თავიდან აცილება?