დიფერენცირებული პაკეტები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში

1 მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება. ცვლილებათა საბოლოო პაკეტი გუშინ განიხილეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე. ერთ-ერთი პოზიტიური სიახლე, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო აანონსებს, ისაა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 0-დან 100 000-მდეა, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაუფინანსდებათ.

Your browser doesn’t support HTML5

ეკონომიკის მიმოხილვა

სხვა მხრივ, ცვლილებებს, როგორც ადრე იყო ნათქვამი, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არასაყოველთაო რელსებზე გადაჰყავს. საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 000 ლარს, არჩევანის საშუალება მიეცემათ, ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეზღუდული სერვისებით ან კერძო სადაზღვევო პაკეტით. გარდა ამისა, ამ კატეგორიაში შემავალ მოქალაქეებს პროგრამის ფარგლებში, სულ ერთია, ექნებათ კერძო დაზღვევის პაკეტი თუ არა, შეუნარჩუნდებათ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, კერძოდ, ქიმიო და ჰორმონოთერაპია; ასევე, მშობიარობა/საკეისრო კვეთის მომსახურება.

დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე ნაკლებია, ასევე თვითდასაქმებულ, არარეგულარული შემოსავლის მქონე პირებს, მიუხედავად იმისა, ექნებათ კერძო დაზღვევა თუ არა,, შეუნარჩუნდებათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის უფლება, თუმცა მცირედ შეზღუდული პაკეტით. ასევე, მიეცემათ გარდამავალი ეტაპის პრივილეგია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ამ კატეგორიაში შემავალი მოქალაქე შეიძენს კერძო სადაზღვევო პაკეტს, პროგრამის ფარგლებში ურგენტული სერვისები მიეწოდებათ უცვლელად. ასევე, ხელმისაწვდომი რჩება ონკოლოგიური დაავადებების მართვა (ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპია) და მშობიარობა/საკეისრო კვეთის მომსახურება. სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 100 000-მდეა, და 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სერვისების მოცულობა უცვლელად შეუნარჩუნდებათ. ამასთან, არ შეეზღუდებათ კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის უფლება.

სამინისტრო მაღალი შემოსავლის მქონედ მიიჩნევს მოქალაქეებს, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარს აღემატება. ისინი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ. თუმცა აქვე სამინისტრო აზუსტებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისების მოცულობა განისაზღვრება ინდივიდუალური (და არა ოჯახის) შემოსავლის მიხედვით. პროგრამის ფარგლებში მშობიარობა ყველა ჯგუფს დაუფინანსდება. ასევე, ყველა ჯგუფი დარჩება ჯანდაცვის სახელმწიფო სხვა პროგრამების (მაგ: C ჰეპატიტის, ტუბერკულოზის, დიაბეტის მართვისა და ა.შ) მოსარგებლედ.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის გადახედვის გადაწყვეტილების შესახებ გასული წლის მიწურულს გახდა ცნობილი. დღეს უკვე დაზუსტებულია პაკეტები, რომელთაც ხელისუფლება მოსახლეობას სთავაზობს.