შსს ლაშა ნაცვლიშვილს ფეისბუქში მეუფე იობის გინების გამო უჩივის - სხდომა ჩაინიშნა

ლაშა ნაცვლიშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტმა ლაშა ნაცვლიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული გინების გამო ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო.

ლაშა ნაცვლიშვილი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია და წლების წინ ამ პარტიის პიარ-კონსულტანტიც იყო.

სამართალდარღვევის ოქმი უკვე შედგენილია და სასამართლოშია შეტანილი. გამოძიება წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დაიწყო.

სხდომა ორშაბათს, 16 ნოემბერს ჩაინიშნა. მოსამართლე მანუჩარ ცაცუაა, სხდომა 41-ე დარბაზში ჩატარდება.

ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შსს-ის პრესსამსახურშიც დაუდასტურეს. უწყებაში დაგვიზუსტეს, რომ საუბარია ლაშა ნაცვლიშვილის ამ სტატუსზე:

„იობ ტვაიუ მაწ რა...

(რუსული შრიფტი გაიჭედა და ასე მომიწია დაწერა)“, - დაწერა მან 2026 წლის 11 ნოემბერს.

ეს ტექსტი მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობს მიემართებოდა, რასაც წინ უძღოდა სინოდის წევრის 10 ნოემბრის ქადაგება.

რა იქადაგა რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა

10 ნოემბერს მეუფე იობმა ქადაგებით მრევლს მიმართა და ხელისუფლება და ის სასულიერო პირები გააკრიტიკა, რომელთა „უმრავლესობა თანამდებობის პირებს დაემსგავსა“.

„დღეს რას ვხედავთ. დღეს ვხედავთ, რომ ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება, არაეკლესიური არის“, - თქვა მან და სასულიერო პირების კრიტიკით განაგრძო საუბარი.

„და რაში გამოიხატება ეს?! - გამოიხატება იმაში, რომ დაფინანსებას აძლევენ ეკლესიას და როდესაც კომფორტი იქნება სასულიერო პირებში, ძალიან რთული არის უკვე ჭეშმარიტების აღიარება. ძალიან რთული არის სულიწმიდის კარნახით იმოქმედოს სასულიერო პირმა. და ჩვენ ამაში დარწმუნებული ვართ. დღეს, ყველაზე არ ვიტყვი, მაგრამ სასულიერო პირთა უმრავლესობა თანამდებობის პირებს დაემსგავსა. თავისი პირობებით, თავისი მომსახურებით და მრავლისთვის რთული გასაგებია, ქადაგებ, რომ გაჭირვება, ქადაგებ სიღარიბე დაითმინო, ქადაგებ ვიღაცას დაეხმარო და შენ ამას არ აკეთებ - აი, როგორ შეისმენს მრევლი, სულიერი შვილები. ასე, დიდ კასტასავით ჩამოყალიბდა საქართველოში შერწყმით ხელისუფლებასთან. არაფრით არ შეიძლება“, - თქვა მან.

უცნობია, როდის შეადგინა შსს-მ სამართალდარღვევის ოქმი. დეტალები სასამართლო სხდომაზე გაირკვევა.

ლაშა ნაცვლიშვილის გამოქვეყნებულ ამ პოსტს საპატრიარქოს წარმომადგენლების კრიტიკა მოჰყვა.

განცხადებები მეუფე იობის ქადაგებაზე

მე-10 მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატს, მარიამ ლაშხს, ჟურნალისტებმა სთხოვეს, შეეფასებინა ეს ქადაგება, რომელიც ხელისუფლებას აკრიტიკებდა.

„ღმერთმა შეუნდოს“, - თქვა პასუხად დეპუტატმა.

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ნაცვლიშვილის სტატუსს სოციალურ ქსელში ასე გამოეხმაურა: „ბილწსიტყვაობა ცუდია და კანონი ყველასთვის თანაბარი უნდა იყოს“.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი საჯაროდ მიმართავს ლაშა ნაცვლიშვილს, „საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და შენდობა ითხოვოს მეუფე იობის წინაშე!“

„მივმართავ ლაშა ნაცვლიშვილს, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და შენდობა ითხოვოს მეუფე იობის წინაშე! სასულიერო პირის შეურაცხყოფა, მითუმეტეს მაღალიერარქის, ვერ ჩაჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. თქვენი სიტყვებისათვის პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ, ნუ დაიგროვებთ თქვენს თავზე ნაკვერჩხლებს!“, - დაწერა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა.

სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ლაშა ნაცვლიშვილს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

„მეუფე იობის ქადაგების შემდეგ ვნახეთ ზოგიერთი გამონათქვამი მის მისამართით, რომელიც შორს სცილდება ქრისტიანულ მორალს და ლექსიკას, მეტიც, ასეთი ლექსიკით იერარქის მოხსენიება, ზოგადად ეკლესიისადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს.

საერთოდ ადამიანის შეურაცხმყოფელი სიტყვით მიმართვა მიუღებელია ქრისტიანისთვის, ვინც არ უნდა იყოს ადრესატი.

აზრის გამოთქმა, თუნდაც კრიტიკა, კორექტული და არგუმენტირებული შეიძლება იყოს, შეურაცხყოფის გარეშე“, - დაწერა მან ფეისბუქზე.