სტიქია ადიგენში

ძლიერმა სეტყვამ და ქარმა მუნიციპალიტეტის ცხრა სოფელი მნიშვნელოვნად დააზარალა. განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ხეხილი, დახოცილია შინაური ფრინველი. სტიქიის ზონაში უკვე მუშაობს სპეციალურად შექმნილი ზარალის დამთვლელი კომისია.

,,11 სული ქათამი მყავდა და დამიხოცა სუყველა. 100%–იანი რბილად ნათქვამია კიდევ, ვართ კრედიტის ამარა. აღარც ხეხილი გვაქვს და აღარც სარჩო-საბადებელი. შიფერი გადახადა, სარდაფები დაგვიტბორა, ასეთი ძლიერი სეტყვა უხუცესებსაც არ ახსოვთ. ვინ გვიშველის...“ – ამბობს რევაზ ქამაშიძე.

განადგურებული ბოსტნეული და ხეხილის ბაღები, მოშლილი ინფრასტრუქტურა და დახოცილი ფრინველი - ასე გამოიყურება ადიგენი სტიქიიდან მეორე დღეს. სოფელ ლელოვანში მცხოვრები გუბელაძეების ოჯახი ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც ძლიერმა სტიქიამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაუნადგურა და შინაური ფრინველი დაუხოცა, საცხოვრებელი სახლის სახურავი და ფანჯრები კი მნიშვნელოვნად დაუზიანა. 14 სექტემბერს დაფიქსირებული ძლიერი სეტყვისა და ქარის შედეგად ყველაზე დიდი ზარალი სწორედ სოფელ ლელოვნის მცხოვრებლებმა მიიღეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ზამთრის სარჩოს გარეშე დარჩნენ.

,,ყანები სულ მოსპო, წვიმა ჩამოვიდა სახლში, მინები ჩამიმსხვრია, აღარაფერი აღარ არსებობს. ხალხი მოსავლის იმედზეა და დაგვტოვა მშრალად. უმუშევრებს გვაქვს ბანკის კრედიტები“, – განმარტავს მზია გუბელაძე

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია 14 სექტემბერს შეიქმნა. სტიქიისაგან დაზიანებული სახლები და მიწის ნაკვეთები ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოინახულა. სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის აკაკი მაჭუტაძის შეფასებით, მუნიციპალიტეტში მდგომარეობა მძიმეა. მისი თქმით, მომხდარზე რეაგირება მოხდება შესაბამის უწყებებში ზარალის დათვლისა და შედეგების გადაგზავნის შემდეგ.

,,უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა. ხალხი ძალიან გაჭირვებულია, ამ სარჩო–საბადებლის იმედი ჰქონდათ. როგორც კი კომისია დადებს ციფრებში გამოსახულ ინფორმაციას, გადავაგზავნით და დაველოდებით რეაგირებას“, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა სამცხე-ჯავახეთში აკაკი მაჭუტაძემ.

,,ფაქტიურად, 100 %–ით არის განადგურებული ყველაფერი. შექმნილია სპეციალური კომისია, მიმდინარეობს ზარალის დათვლა და კვირის ბოლოს დაახლოებით გვეცოდინება, რა ოდენობის ზარალი მოგვაყენა სეტყვამ“, – აცხადებს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე.

ადიგენში ძლიერი სეტყვა და ქარი 14 სექტემბერს დაფიქსირდა, რის შედეგადაც მუნიციპალიტეტის 9 სოფელი დაზარალდა. სოფლების კახარეთის, დიდი და პატარა სმადის, ჩორჩნის, სამყრეს, ამხერის, ლელოვნის, იმერთუბნისა და ღორძეს მოსახლეობა მოსავლის გარეშე დარჩა. ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ ზარალი გაცილებით ნაკლები იქნებოდა, სოფლებში სანიაღვრე არხები მოწესრიგებული რომ ყოფილიყო. უხვმა ნალექმა დააზიანა საცხოვრებელი სახლის სახურავები, დატბორა სარდაფები.

„უცებ მოვიდა სეტყვა, დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა. მთლიანად განადგურდა მოსავალი, წყალი ჩაგვივარდა სარდაფებში, სოფელს არ აქვს სანიაღვრე არხები და ზემოდან წამოსულმა ნიაღვარმა დაბლა მცხოვრებლებს გადაგვიარა“, – იხსენებს სიმონ აფრიამაშვილი.

სეტყვის შედეგად, მწყობრიდან გამოვიდა ინფრასტრუქტურაც. როგორც ადიგენის ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რამდენიმე სოფელში ჩაიხერგა მისასვლელი გზები. სტიქიის ზონაში ამ დროისათვის სპეციალურად შექმნილი ზარალის დამთვლელი კომისიის ათკაციანი ჯგუფი მუშაობს ინფრასტრუქტურული და სოფლის-მეურნეობის მიმართულებით.