მე კარგი გოგო ვარ!

ავტორი: თამთა ჯინჯოლავა

სიყვარულის დღეს სასიყვარულო სიტყვები, ლამაზი მელოდრამა და წვრილფეხა ჭიქაში ჩამოსხმული ღვინის წრუპვა უხდება, ასე გვკარნახობენ ჰოლივუდური ფილმებიდან, მაგრამდღეს ამ ბანალურ კადრებზე არ შევჩერდები, დღეს მე სიმართლეს მოგიყვებით,სიმართლეს სიყვარულზე !

ფინალურ კადრამდე გაფუჭებული კადრების მთელი წყებაა.

თქვენ, გოგონებო, რომლებსაც გგონიათ, რომ თქვენი თმის შავი ან ქერა კულულების გამო დაგშორდნენ ანფეხის სიგრძის ან სიმოკლის , ან თეძოების სიმსუქნის ან სიგამხდრის ანკიდევ უამრავი რამის გამო(რითაც ცილს სწამებთ თქვენს უნიკალურ სხეულს) მინდა გითხრათ, რომ ცდებით! მწარედ ცდებით!

სიყვარული გულისხმობს მიღებას. თუ ურთიერთობაში ერთ–ერთი ვერ/არ იღებს მეორეს და ამით წინააღმდეგობაშია საკუთარ თავთან,ის მიდის. მიდის სიყვარულისკენ. სიყვარულისკენ სწრაფვა ბუნებრივია. სასიყვარულო ობიექტში ჩვენ ყოველთვის ჩვენს თავს ვეძებთ , ჩვენს ბედნიერებასა და დაკარგულ ნატეხებს სისრულის შესაკოწიწებლად.

სიყვარული გულისხმობს კავშირს. როცა ურთიერთობაში ერთი უფრო გონიერია, ვიდრე მეორე ან ერთი მეორეზე გამბედავია, გრძნობს კავშირის დასასრულს და მიდის.წესით ეს ისეთივე ბუნებრივი უნდა იყოს, როგორც ტელეფონის გათიშვა საუბრის დასასრულის შემდეგ. მაგრამ ურთიერთობებში უფრო გვიან იგრძნობა გრძნობითი დეპოზიტის ამოწურვა, ვიდრე სატელეფონო ხაზზე.

სიყვარული სიმშვიდისკენ სწრაფვაა. თქვენ გშორდებიან მხოლოდ იმიტომ , რომ მათი სიყვარული თქვენში არ არის. გზააბნეულები მშვიდად ვერ იქნებიან. ჰოდა,როცა გტოვებენ, რა გაბრაზებთ?

სიყვარული წვრთნაა, რადგან ნამდვილი სიყვარული საკუთარი თავის გარდაქმნით იწყება: გრძნობის გამოზრდით, მოთმინებით, გულს მიყურადებით. ისევ ბრაზობთ?თქვენი არჩევანი გაბრაზებთ თუ მისი? თუ საკუთარ თავზე ბრაზობთ, გაბრაზდით,მაგრამ სხეულს თავი დაანებეთ!

ისინი გაჯერებენ რომ თქვენ სიყვარულს არ იმსახურებთ, მაგრამ ეს ტყუილია. თქვენი არსებობით თქვენ უკვე ატარებთ სიყვარულს. ის ერთხელაც გიპოვით და თქვენი სახის ნაკვთებში თავის სიყვარულს შეიცნობს . მაშინ კი ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჰოლივუდურ ფილმშია. თქვენ შეიგრძნობთ მის თითებს, მის სხეულს,მის გულს და თქვენი სული ისევ გამთელდება და სიყვარულის უშრეტ წყაროდ იქცევა.

სიყვარულის მთავარი კანონია: გიყვარდეთ საკუთარი თავი . საკუთარი თავის მიუღებლობით იმ ადამიანის სიყვარულს აკნინებთ, რომელიც მილიონობით ადამიანს შორის დაგეძებთ. დადექით სარკის წინ და გაიმეორეთ: მე კარგი გოგო ვარ!