ტერეზა მეის სენსაციური გადაწყვეტილება

თერეზა მეი

საერთაშორისო მასშტაბის სენსაციად იქცა ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის, გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ლონდონის ყოფილი მერისა და ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერის, ბორის ჯონსონის, დანიშვნის თაობაზე. თავად მეის, რომელიც ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ევალება ქვეყნის გაძღოლა იმ პერიოდში, როცა რთული მოლაპარაკება გაიმართება ბრიუსელთან ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის საკითხზე. ბორის ჯონსონი ამ მისიას, ალბათ, უფრო უკეთ გაუძღვება, ვიდრე მისი წინამორბედი ფილიპ ჰამონდი, რომელიც განახლებულ კაბინეტში ფინანსთა მინისტრის პოსტს დაიკავებს.

Your browser doesn’t support HTML5

თერეზა მეის სენსაციური გადაწყვეტილება

ბორის ჯონსონმა 14 ივლისს ჟურნალისტებთან საუბარში მაღალი შეფასება მისცა ტერეზა მეის საპროგრამო სიტყვას და განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივია მის კაბინეტში მუშაობა:

„რა თქმა უნდა, მე ძალიან დიდი მადლიერებითა და სიამაყით მივიღე ეს შემოთავაზება. მადლობას ვუხდი ტერეზა მეის მის მიერ 13 ივლისის შუადღისას წარმოთქმული შესანიშნავი სიტყვის გამო, რომელშიც მან ილაპარაკა ქვეყანასთან დაკავშირებულ საკუთარ გეგმებსა და კონსერვატიული მთავრობის ხედვებზე, მთავრობისა, რომელმაც ბრიტანეთი წინ უნდა წაიყვანოს. მე სრულიად ვიზიარებ მის დამოკიდებულებას არსებულ შესაძლებლობებსა და ადამიანებისათვის უკეთესი ცხოვრების შანსის მიცემაზე. და, ცხადია, ჩვენ ამ ქვეყანაში ახლა გვაქვს მდიდარი შესაძლებლობა იმისათვის, რომ ევროპასა და მსოფლიოსთან ახალი თანამშრომლობით დიდ წარმატებებს მივაღწიოთ. ამიტომ მე ძალიან გამიხარდა, როცა მივიღე შეთავაზება, მონაწილეობა მივიღო ამ ყველაფერში“.

ბორის ჯონსონი

რეპორტიორების შეკითხვაზე, აპირებს თუ არა იგი, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, ბოდიში მოუხადოს ბარაკ ობამას, რომელსაც ერთ დროს „ნახევრად კენიელი“ უწოდა, ჯონსონმა ალუზიას მიმართა და განაცხადა, „ამერიკა ბრიტანეთისათვის ყოველთვის ქვეყნების რიგის თავში იქნებაო“. ბორის ჯონსონს მხედველობაში ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვები, ნათქვამი ბრექსიტის რეფერენდუმის დროს: „თუ ბრიტანელები მხარს დაუჭერენ ევროკავშირიდან გასვლას, მაშინ ქვეყანა აშშ-თან სავაჭრო ურთიერობის საკითხში რიგის ბოლოში აღმოჩნდებაო“.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა კაბინეტის ახალი შემადგენლობა, ევროკავშირის ლიდერებმა მოუწოდეს ბრიტანეთის მთავრობას, დააჩქაროს ევროკავშირიდან გასვლის პროცესის დაწყება.

შესაბამისი ღია წერილით მიმართეს ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრს, ტერეზა მეის, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა და ევროკომისიის თავმჯდომარემ ჯან კლოდ იუნკერმა. ანალოგიური აზრი გამოთქვეს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, რომლებმაც სატელეფონო საუბარი გამართეს ტერეზა მეისთან და ყურადღება გაამახვილეს უსაფრთხოების სფეროში და მიგრანტთა კრიზისის მოგვარების თაობაზე თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობაზე.

ტერეზა მეიმ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ შეასრულებს ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე ბრიტანელთა ნებას, თუმცა, დასძინა, რომ ამ პროცედურისათვის ლონდონს გარკვეული დრო დასჭირდება.