Turkish Cargo-მ სტამბოლსა და ერევანს შორის რეგულარული სატვირთო ფრენები დაიწყო

თურქეთსა და სომხეთს შორის სამგზავრო ფრენები მარტში აღდგა, რასაც ნოემბრიდან რეგულარული სატვირთო რეისები დაემატა. თუმცა სახმელეთო საზღვარი კვლავ ჩაკეტილია.

თურქეთის სახელმწიფო ავიაკომპანია Turkish Airlines-ის სატვირთო დანაყოფმა, Turkish Cargo-მ სტამბოლსა და ერევანს შორის რეგულარული სატვირთო რეისების შესრულება დაიწყო.

სტამბოლი-ერევანი-სტამბოლის მარშრუტზე პირველი ასეთი რეისი კვირას, 2026 წლის 15 ნოემბერს შესრულდა. ამის შესახებ თურქული საავიაციო ინდუსტრიის პლატფორმები HavaSosyalMedya და Aeroportist იუწყებიან.

გამოცემების ცნობით, ახალი რეისი ამოქმედდა „თურქული ავიაკომპანიის რეგიონული მენეჯმენტისა და ოპერაციების გუნდის კოორდინაციით“.

რეგულარული ფრენების მიზანია „სომხეთსა და თურქეთს შორის ტვირთების ეფექტიანი და საიმედო გადაზიდვების უზრუნველყოფა“ და კომპანია Turkish Cargo-ს „გლობალური ლოგისტიკური ქსელის გაფართოება“.

პლატფორმა havasosyalmedya-ს ფოტო

მარტში აღდგა სამგზავრო რეისები

რეგულარული სატვირთო ფრენების დაწყებას წინ უძღოდა Turkish Airlines-ის მიერ ამავე მიმართულებით – სტამბოლ-ერევანი-სტამბოლის – სამგზავრო რეისების დაწყება 2026 წლის მარტიდან.

ამჟამად რეგულარული ფრენები აქვს Pegasus Airlines-საც.

თუმცა ორ ქვეყანას შორის სახმელეთო საზღვარი კვლავ არ არის გახსნილი.

სომხეთსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები სამ ათწლეულზე მეტია არ არსებობს.

ანკარამ სომხეთთან სახმელეთო საზღვარი 1993 წელს, აზერბაიჯანის მხარდაჭერის ნიშნად ჩაკეტა, - მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო.

ასევე ნახეთ

ბაქოში მასშტაბურად აღინიშნა მთიანი ყარაბაღის ომში გამარჯვების მეორე წლისთავი, ალიევმა ერდოანს უმასპინძლა
  • ორმა ქვეყანამ ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი 2021 წლის ბოლოს დაიწყო.
  • მათ დანიშნეს ურთიერთობების აღდგენისა და საზღვრის გახსნის საკითხებზე მოლაპარაკებებისთვის სპეციალური წარმომადგენლები.

ასევე ნახეთ

სომხეთის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები გააგრძელებენ ძალისხმევას კავშირების ნორმალიზებისთვის

ამას წინ უძღოდა აზერბაიჯანის მიერ, სომხეთთან ექვსკვირიანი ომის შედეგად, ამ ტერიტორიის დიდი ნაწილის დაბრუნება.

2022 წელს მხარეები შეთანხმდნენ, რომ სომხეთ-თურქეთის საზღვარს მესამე ქვეყნების მოქალაქეებისა და დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის გახსნიდნენ, თუმცა შეთანხმება ამ დრომდე არ შესრულებულა.

ასევე ნახეთ

წყაროების ცნობით, თურქეთი მომდევნო 6 თვეში გეგმავს სომხეთთან სახმელეთო საზღვრის გახსნას - Bloomberg

ფაშინიანი-ერდოანის შეხვედრები

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანი პირველად ერთმანეთს 2022 წლის 6 ოქტომბერს პრაღაში შეხვდნენ.

შეხვედრა სხვა ლიდერებთან ერთად გაიმართა – უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიკტორ ორბანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად, თუმცა ამას იმავე დღეს მოჰყვა მათი პირისპირი, ორმხრივი შეხვედრა

ნიკოლ ფაშინიანი 2023 წელს სტამბოლში ერდოანის ინაუგურაციას დაესწრო, 2025 წელს კი ოფიციალური ვიზიტითაც ეწვია თურქეთს ერდოანთან შესახვედრად.

ასევე ნახეთ

ისტორიული ვიზიტი - რისთვის ჩავიდა ფაშინიანი თურქეთში?

ლიდერები 2024 წელსაც შეხვდნენ ერთმანეთს აშშ-ში, ნიუ-იორკში, გაეროს 79-ე გენერალური ასამბლეის კულუარებში.

ბოლოს მათი შეხვედრა 2026 წლის 11 ნოემბერს, ანტალიაში, გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში გაიმართა.

ასევე ნახეთ

ერდოანმა და ფაშინიანმა ნიუ-იორკში „მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს“ ნორმალიზაციის გზაზე

თურქეთის პრეზიდენტმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის მიმდინარეობა განიხილეს.

ასევე, გაუსვეს ხაზი „ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოების აუცილებლობას“.

საზღვის გახსნამდე – სამშვიდობო შეთანხმება

საზღვრის უახლოეს მომავალში გახსნის იმედები მას შემდეგ გაიზარდა, რაც სომხეთმა და აზერბაიჯანმა 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მედიაციით მიაღწიეს შეთანხმებას „ტრამპის მარშრუტზე“ (TRIPP-ზე).

იმავე სამიტზე ორმა ქვეყანამ მოახდინე სამშვიდობო შეთანხმების საბოლოო ხელმოწერის ინიციირება – რაც ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის დასრულებისა და მშვიდობის დამყარებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა ინსტიტუციურ დონეზე.

ასევე ნახეთ

ავაშენებთ გზატკეცილს, რომელიც იქნება უმოკლესი გზა ცენტრალური აზიიდან ევროპამდე - ფაშინიანი

სამშვიდობო შეთანხმება ჯერ არ გაფორმებულა – ბაქო ელის სომხეთის კონსტიტუციის ცვლილებას და, თავისი ხედვით, „ტერიტორიული პრეტენზიების“ კონსტიტუციის პრეამბულიდან გაქრობას.

პარარელურად, ანკარა კვლავ აცხადებს, რომ სომხეთთან სახმელეთო საზღვრის გახსნა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების ოფიციალურ ხელმოწერაზეა დამოკიდებული.