ზაზა ალექსიძე − ისტორიკოსი

ზაზა ალექსიძე

24 დეკემბერი, კვირა

არაფერი არ მომხდარა. ავედით მუხათწყაროს აგარაკზე. ცოტა მილაგება, ცოტა მტვრის გადაწმენდა, ცოტა წიგნების გადახედვა და ჟანგბადი უსასრულოდ, ულამაზესი ხედები, უსაზღვრო სიჩუმე. დავბრუნდით თბილისში სავსე მუხათწყაროს ჟანგბადით, სილამაზითა და სიჩუმით. აკი არაფერი მომხდარაო - ვინმე მკითხავს და სამართლიანადაც.

25 დეკემბერი, ორშაბათი

დილით გიგლა ბარამიძე მირეკავს, მოსვლა უნდა, ალბათ ახალი წლის მოსალოცად. გიგლა ჩემი სტუდენტი და შემდეგ ასპირანტი იყო. ეს ის დროა, როდესაც არმენოლოგიის კათედრა დახურვის პირასაა და მეც ახალი მისული ვარ. თუ სწორად მახსოვს, არმენოლოგიის განყოფილებაზე სულ ერთი კურსი იყო, ვგონებ მეოთხე, სამი სტუდენტით. გიგლაც სხვა ფაკულტეტიდან იყო გადმოსული. მე რომ მივედი კათედრაზე, პირველ კურსზე მივიღეთ სტუდენტები. აი, ამ ძალებით მინდოდა დამეწყო კათედრის შენარჩუნება და შემდეგში უფრო მეტის მიღწევა. გიგლა და ახალი სტუდენტებიდან ნინო აფციაური მაშინვე გვერდით დამიდგნენ.

დიდი ხანია აღარ მინახავს გიგლა. ახლაც იძულებული ვარ, შეხვედრა 4 საათისთვის გადავუდო, რადგან კლინიკაში მივდივარ მორიგ გამოკვლევებზე. სახლში რომ დავბრუნდი, თამრიკო ოთხმეზურმა დამირეკა, შემდეგ მოვიდა კიდეც. როგორც გამოირკვა, გიგლას იცნობს და მშვენიერი საუბარი გამოგვივიდა. წამყვანი თემაა გიგლას უცხოეთში გატარებული ფათერაკებით სავსე პერიოდი. თამრიკოც ოსტატურად ქსოვს ბადეს ჩემს დასაყოლიებლად, მონაწილეობა მივიღო რადიო „თავისუფლების“ დღიურებში. თამრიკოს რას ვერჩი. მეც დავინტერესდი, კიდევ თუ შეიძლება ვინმესთვის საინტერესო იყოს ჩემი ფიქრები.

დიდ ოთახში ჩემი ექვსი წლის შვილიშვილი სანდრო, რაღაცას საქმიანობს, მერე კარებსაც გვიკეტავს და არავის გვიშვებს. ბოლოს იღება „სეზამი“ და ყველას საზეიმოდ გვიწვევს მისი ნამუშევრის სანახავად. ნახვად კი ღირს: ბოლომდე აუწყვია მოზრდილი ხელოვნური ნაძვისხე, როგორც შეეძლო მოუკაზმავს და ამაყად ელის ჩვენს განაჩენს. ქებაც არ იგვიანებს! სხვათა შორის, სანდრო რომ დაიბადა, ალექსანდრე დაარქვეს: ალექსანდრე ალექსიძე კარგად ჟღერს, თანაც საგვარეულო სახელია. არ გამოვიდა. ალექსანდრე რომ დაუძახო, აუცილებლად შეგისწორებს, მე სანდრო ვარო.

26 დეკემბერი, სამშაბათი

შვებულებიდან ერთი სამუშაო კვირა მქონდა დარჩენილი და გამოვიყენე. მინდა დავამთავრო რამდენიმე დაწყებული სამუშაო. ყველას ვერა, მაგრამ „პეტრიწონის მონასტრის“ დამთავრებას თუ შევძლებ, კარგი იქნება. ეს არის ნაწილი კოლექტიური ნაშრომისათვის სახელწოდებით: „შუა საუკუნეების ქართული მწიგნობრობა ქრისტიანულ აღმოსავლეთსა და ბიზანტიაში“.

პეტრიწონი ამ მხრივ თავისებურია: აქ სამწიგნობრო საქმიანობის შესახებ, პირდაპირი მნიშვნელობით, თითქმის არაფერია შემორჩენილი. მაგრამ გვაქვს შემონახული ქართულ და ბერძნულ ენებზე გრიგოლ ბაკურიანის ძის მიერ პანაგიის მონასტრის ტიპიკონის მიხედვით შედგენილი ტიპიკონი. მიუხედავად ამისა, ტიპიკონი ძალიან საინტერესო და თავისებური სტრუქტურისაა, სავსეა ქართული თავისებურებებით. ამას გარდა მან შემოინახა ქართული და ბერძნული წიგნების სია, რომელიც ძმებს გრიგოლ და აბაზ ბაკურიანებს, როგორც ჩანს, ძირითადად ათონის ივირონის მონასტრიდან წამოუღიათ და პეტრიწონის მონასტრისათვის შეუწირავთ. მონასტერში თავიდანვე შეიქმნა სემინარია, რომელსაც სერიოზული მოძღვარი ხელმძღვანელობდა. შესაძლოა, უფრო მოგვიანებით, აქვე მოღვაწეობდა იოანე პეტრიწიც. მართალია, დღეს ეს საკითხი საკამათოა, განსაკუთრებით პეტრიწის მოღვაწეობის ხანა, მაგრამ ამ ზედწოდების („პეტრიწის“) შემთხვევით გაჩენა წარმოუდგენელია.

ტიპიკონის ბერძნულ ვერსიაში ნათქვამია, რომ არსებობდა გრიგოლ ბაკურიანის ძის მიერ დაწერილი ტიპიკონის სომხური რედაქციაც მის მიერ „სომხური ასოებით“ ხელმოწერილი. ერთი სიტყვით, ინტრიგა დიდია. ამ საკითხებზე ჩვენში ბევრი და სერიოზული ნაშრომია შექმნილი, მაგრამ გამოირკვა, რომ კიდევ ყოფილა სამსჯელო და საკვლევი.

ჩვენმა სომეხმა კოლეგებმა ბევრი სტატია და წიგნი დაწერეს ქართული მონასტრის დამაარსებლის, გრიგოლ ბაკურიანის ძის სომხური წარმომავლობის შესახებ. ყველაფერი კი ნიკო მარისგან დაიწყო, რომელმაც სპეციალური კვლევის გარეშე გამოაცხადა: „მტკიცებაც არ უნდა იმ ფაქტს, რომ გრიგოლის გვარის ფორმა (ბაკურიან) სომხურიაო“. ასე იოლად გადაწყვიტა მან პრობლემა: „ბაკურიანი“ გვარია და არა მამის სახელი, თანაც სომხურია და არა ქართული! ნიკო მარმა ვერ გაითვალისწინა, რომ ძველ სომხურში არცერთი -იანზე დაბოლოებული გვარი არა გვაქვს. მთელი V-XI საუკუნეების მანძილზე მასთან მიახლოებული მხოლოდ „მამიკონიანია“. ისიც იწერება როგორც „მამიკონეანი“ და არა „მამიკონიანი“. გვიან ხანაში დიფთონგი -ეანი იკითხება როგორც -იანი, მაგრამ როდიდან - ძნელი სათქმელია. ვინმემ შეიძლება გასომხებულ სტეფანოზ ორბელიანზე მიგვითითოს, მაგრამ ის რომ სომხეთში გადახვეწილი ქართული საგვარეულოს წარმომადგენელია, ხომ კარგად არის ცნობილი.

ქართულში კი -იანზე დაბოლოებული წარჩინებული გვარები უხვადა გვაქვს: საბანიანი, ბედიანი, ბივრიტიანი, დადიანი, ორბელიანი, მარუშიანი, ფარჯანიანი, ჯუანშერიანი, ტბელიანი, სპანდაღუდიანი. ყველა ეს გვარი ყოველთვის იწერებოდა ისე, როგორც იკითხებოდა. ძველ სვანეთში კი, სადაც ბარიდან გახიზნული ქართველი დიდგვარიანებიც ცხოვრობდნენ, გვარები უმეტესად -იანზე ბოლოვდებოდა.

ბაკურიანი რომ მამის სახელია, ამას უყოყმანოდ ადასტურებს ტიპიკონის ორივე ვერსია. მაგალითად, ტიპიკონის ბერძნულ ვერსიაში ვკითხულობთ: „მე გრიგოლმა, ღვთის ნებით სევასტოსმა და მთელი დასავლეთის დომესტიკოსმა, ღვიძლმა შვილმა ნეტარი ბაკურიანის, ბრწყინვალე ერისთავთ-ერისთავისა...“ და ა.შ. ხომ ცხადია, რომ ყველა სხვა ვარაუდი ამ სიტყვებთან შედარებით, გამოგონილია.

დღეს უნივერსიტეტში წარმოადგინეს გიორგი ჭეიშვილის წიგნი „ქუეყანა ანისისა“. ესეც ქართულ-სომხური ურთიერთობების საკითხებს ეხება და მათ შორის ერთ-ერთი საუკეთესოა. ვურჩევ მათ, ვისაც ქართულ-სომხური ურთიერთობები აინტერესებს, წაიკითხოს.

27 დეკემბერი, ოთხშაბათი

დილიდან შევუდექი „პეტრიწონის მონასტრის“ ზოგან შევსებას, ზოგან შესწორებას და ა.შ. მაინც საკვირველია, ჩვენი კოლეგა სომეხი მეცნიერის დაჟინება, როგორმე გააცალკევოს გრიგოლი და ბაკურიანი, რომ ცალ-ცალკე უფრო ადვილად მოერიოს. მაგალითად, ვ. არუთიუნოვა-ფიდანიანმა გადაწყვიტა გრიგოლის მამად გამოაცხადოს ვინმე სომეხი დიდებული ალუზი. მერე რა, რომ გრიგოლი ტიპიკონის ქართულსა და ბერძნულ ვერსიებში მრავალგან იხსენიებს ბაკურიანს, როგორც თავის მამას და ვინმე ალუზის ხსენებაც არ არის. მერე რა, რომ ბერძნულ ვერსიაში გრიგოლი „ღვიძლ მამას“ უწოდებს ბაკურიანს. მერე რა, რომ ბავშვობის ამბებს რომ ჰყვება, თავისი მამის, ბაკურიანის ადრეულ გარდაცვალებასაც არ ივიწყებს, უწესებს მოსახსენებელ დღეებს. ალუზი კი ვინ არის? ეს პიროვნება იხსენიება მხოლოდ თომა არწრუნის „ისტორიის“ XIII ს-ის გამგრძელებელთან. მას ჰყოლია შვილი გრიგორი, რომელსაც თავისი ქალიშვილი მიუთხოვებია ვინმე აბდლ-მსეჰისთვის. რა შუაშია აქ გრიგოლ ბაკურიანის ძე, რომელსაც გაუთავებელ ომებში გართულს არც ცოლი ჰყოლია და არც შვილი?!

დღეს 5 საათიდან ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში საახალწლო დღესასწაულია. წავალთ მალე მე და სანდრო. ჩემი ყოფილი მოწაფეები და დღეს კოლეგები გველოდებიან!

ჩამეშალა გეგმა. სანდრომ მიღალატა და კვლავ თავისი ნაძვის ხის შემკობა არჩია. წავედი მარტო. ძალიან კარგი და მხიარული საღამო იყო. ძველი და ახალი თაობა ერთიანად ხალისით მონაწილეობდა თამაშებში, საჩუქრების გადაცემაში. ბოლოს ყველამ მიიღო ცენტრის მიერ მომზადებული, კარგად შერჩეული საჩუქრები, მათ შორის ორი უახლესი წიგნი: გიორგი მთაწმიდლის „დიდი სვინაქსარი“ (მანანა დოლაქიძე და დალი ჩიტუნაშვილი) და „მეტაფრასული კრებულები“ (ლია ახობაძე). ერთიც და მეორეც ფიზიკურად მძიმე და უზარმაზარია, მაგრამ ასეთივეა გამოცემის ხარისხით, შინაარსით და აკადემიურობითაც.

28 დეკემბერი, ხუთშაბათი

12 საათზე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში ვიყავი, აკადემია ხელს აწერდა კერძო უნივერსიტეტების ასოციაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმზე. პრეზიდიუმის წევრები ვესწრებოდით.

დღეს რთული დღე მაქვს. 5 საათზე გელათის მეცნიერებათა აკადემიაში უნდა ვიყო. ფილოლოგის ადგილი განთავისუფლდა და ამ ადგილზე განცხადება შემოტანილი აქვს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს, მეცნიერებათა დოქტორს, მაია რაფავას. მაია ცნობილი მეცნიერია და დარწმუნებული ვარ ხმათა საჭირო რაოდენობას, და მეტსაც, თავისუფლად შეაგროვებს, პრობლემა მხოლოდ ის არის, რომ სხდომა დანიშნულია ხუთ საათზე და იმავე ხუთ საათზე საჯარო ბიბლიოთეკის (უფრო სწორად, პარლამენტის ბიბლიოთეკის) დარბაზში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წლევანდელ გამოცემათა წარდგენაა დანიშნული.

ახლა კი ვზივარ სახლში საწერ მაგიდასა და კომპიუტერთან, ვწერ ამ სიტყვებს და თან ვფიქრობ, როგორ მოვასწრო ორივეგან მისვლა, თანაც ახლანდელი მოძრაობის გადამკიდე.

რა თქმა უნდა, თითქმის დროზე მივედი საპატრიარქოში. თითქმის იმიტომ, რომ ცოტა მაინც დავიგვიანე. ზოგმა ჩემზე მეტად დაიგვიანა ისევ ტრანსპორტის გამოისობით და მეც გულზე მომეშვა. არ მიყვარს დაგვიანება. მაია რაფავა ერთხმად ავირჩიეთ გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრად.

უფრო ძნელი აღმოჩნდა წიგნების წარდგენაზე მისვლა. მცირედ დაგვიანების ილუზია არა მქონდა, მაგრამ მისწრების იმედი მაინც მქონდა. ასეც მოხდა.

მინდა, რამდენიმე სიტყვა ვთქვა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი, სულ ახლახან გამოცემული წიგნის შესახებ. მე მგონია, რომ მას საუკუნის გამოცემაც შეიძლება ეწოდოს. ეს არის ჩვენს საგანძურში დაცული ხუთი ათასამდე პალიმფსესტური ხელნაწერი ფურცლის ამოკითხვა, იდენტიფიკაცია და კატალოგის შედგენა. პალიმფსესტი არის ორჯერ და ხან მეტჯერ გადაფხეკილ და გადარეცხილ პერგამენტის ხელნაწერზე დაწერილი ახალი ტექსტი. ზედა ტექსტის წაკითხვა პრობლემა არ არის, მაგრამ ქვედა გადაფხეკილი ტექსტი ან ტექსტების ამოკითხვა ქვის კოდვასა ჰგავს. ქვედა ამოკითხვას, იდენტიფიკაციასა და დათარიღებას მახვილი თვალის გარდა ქართული (თუ ქართულია ქვედა ტექსტი) ფილოლოგიისა და ისტორიის ბევრი (თუ ყველა არა) დარგის სრულყოფილად ცოდნა სჭირდება.

სულ მალე 100 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც ივანე ჯავახიშვილმა და აკაკი შანიძემ დაინახეს პალიმფსესტების ქვედა ტექსტების მნიშვნელობა ქართული პალეოგრაფიისათვის (თავშეკრული გრაფემები) და უძველესი ქართული ტექსტების გრამატიკულ თავისებურებათა ასახსნელად (ხანმეტობა და ჰაემეტობა). ამის შემდეგ პალიმფსესტების შესწავლის ინტერესი ძალიან გაიზარდა ჩვენშიც და უცხოეთშიც. ხელნაწერთა ინსტიტუტის დაარსებისთანავე დაიგეგმა პალიმფსესტების კატალოგის შედგენა და ცალკეულ თხზულებათა ამოკითხვა. მაგრამ ის, რაც ჩვენმა ხუთმა ახალგაზრდა მეცნიერმა, დიდი ენერგიისა და ცოდნის მქონე დალი ჩიტუნაშვილის მეთაურობით, გააკეთა სამ წელიწადში, წარმოსადგენადაც კი ძნელია.

წელსვე ხელნაწერთა ცენტრმა გამოსცა ბიბლიის ძველი აღთქმის კრიტიკული ანუ სამეცნიერო გამოცემა. გათვალისწინებულია ყველა ხელნაწერის ჩვენება X ს-დან მოკიდებული. ეს სამუშაო (როგორც ბევრი სხვაც) ილია აბულაძის დაწყებულია და ლამის სამოც წელს ითვლის. ამიტომ მომდევნო თაობამაც არ უნდა დაივიწყოს „ვისი გორისაა“. ხელნაწერთა ინსტიტუტი ხომ ილია აბულაძემ დააარსა. არავის იმდენი არ გაუკეთებია ხელნაწერთა დაცვა-შესწავლისათვის, რამდენიც ილია აბულაძემ გააკეთა. ეს შენობაც, სადაც დღეს თავი გვაქვს შეფარებული, ხომ ილია აბულაძის აშენებულია. ჩვენ ყველანი ილია აბულაძის მოწაფეები ან მოწაფეთა მოწაფენი ვართ. ამიტომ მთელი 2018 წელი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მისი სახელით უნდა მიმდინარეობდეს, ზაფხულში განზრახული საიუბილეო საერთაშორისო კონფერენციაც მისი სახელით უნდა ჩატარდეს.

29 დეკემბერი, პარასკევი

დღეს ჩემი უმცროსი ვაჟი გიორგი ჩამოდის საზღვარგარეთიდან და ჩამოაქვს ჩემთვის „აიმაკი“, მონიტორი, რომელიც კომპიუტერის ყველა ფუნქციას ასრულებს და აქვს დიდი მეხსიერება. „აიმაკი“ ათავისუფლებს ჩემ საწერ მაგიდას ახლა უკვე ზედმეტი ნივთებისაგან, პირველყოვლისა ლეპტოპისაგან. თითქმის ოცდაათი წელია მხოლოდ პირდაპირ კომპიუტერით ვფიქრობ და ვწერ ყველაფერს, ამიტომ ვხუმრობ ხოლმე, კალმით მარტო ხელის მოწერაღა ვიცი-მეთქი.

გუშინ პალიმფსესტებზე ვწერდი. დღესაც მინდა გავაგრძელო ამ თემაზე საუბარი. საიდან ჩნდებოდა პალიმფსესტების ასეთი დიდი რაოდენობა. საქმე ის არის, რომ პერგამენტი (ახალგაზრდა შინაური ცხოველის ტყავი) ძალიან ძვირი იყო. ამიტომ იყო სპეციალური ჯგუფები, რომლებიც ხმარებიდან გამოსულ ხელნაწერებს რეცხავდნენ, ფხეკდნენ (ტყავის დაუზიანებლად ამის გაკეთება ყველას არ შეეძლო) და ინახავდნენ. საჭიროება რომ შეიქმნებოდა, გადამწერლები მასალას მათგან ყიდულობდნენ. პერიფერიებში, მაგალითად, სინას მთაზე, პერგამენტის დიდი დეფიციტი იყო და როდესაც სათანადოდ დამუშავებულ საწერ მასალას ვეღარ შოულობდნენ, აიღებდნენ არშიების მქონე ხელნაწერს, შემოაჭრიდნენ დაუწერელ ადგილებს, შეკერავდნენ ხელახლა და მიიღებდნენ ახალი ხელნაწერისთვის მართალია უხეშ, მაგრამ მაინც მასალას. ამის დიდოსტატი იყო ცნობილი იოანე ზოსიმე, რომელიც ხელნაწერის შექმნის მთლიან პროცესს ფლობდა.

ამიტომ არის სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტრის ბიბლიოთეკა ერთ-ერთი მდიდარი საცავი ჩვეულებრივ ხელნაწერებთან ერთად პალიმფსესტებითაც. აქ აღმოჩნდა პალიმფსესტური ხელნაწერი, რომელშიც ზედა ტექსტი ქართული იყო, ხოლო ქვედა, საუკუნეების წინ დაკარგული კავკასიის ალბანელთა მწერლობის ძეგლი, რომლის გაშიფვრაც ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ შესაძლებელი გახდა. ამ აღმოჩენამ ისეთი ეფექტი მოახდინა ევროპელ და ამერიკელ მეცნიერებზე, რომ შექმნეს სპეციალური კომიტეტი, ცენტრით ვენაში, დიდი დაფინანსებით, სინას მთის ყველაენოვან პალიმფსესტთა გადმოსაღებად, შესასწავლად და მოსამზადებლად. კომიტეტში შედის სხვადასხვა ქვეყნის ოცი მეცნიერი, დასპეციალებული სხვადასხვა ენაზე (ენა ბევრია) პალიმფსესტების ამოკითხვაში (მაგალითად, იტალიელი კავალო და გერმანელი დიტერ ჰარლფიგენგერი ბერძნულში, ინგლისელი სებასტიან ბროკი სირიულში და სხვა). კომიტეტში ამდენივე სპეციალისტია, რომლებიც უახლესი ტექნოლოგიებით, სხვადასხვაგვარი განათებით (თითო გვერდს ათჯერ იღებენ) ციფრულ ფოტოებს ამზადებენ. ეს ყველაფერი დიდ შესაძლებლობას იძლევა, რომ ტექსტები ამოიკითხო, დაათარიღო, იდენტიფიცირება მოახდინო და შედეგები გადასცე კომიტეტს ინტერნეტში გამოსაქვეყნებლად. სამუშაოები უკვე სრულდება და აპრილში საბოლოოდ ვიკრიბებით ვენაში კომიტეტის სხდომებზე შედეგების განხილვისათვის. აქვე მინდა დავუმატო, რომ დალი ჩიტუნაშვილმა სინური პალიმფსესტების შესწავლის ყველა საფეხურზე იმდენად კარგად იმუშავა, რომ კომიტეტის წევრად აირჩიეს.

30 დეკემბერი, შაბათი

მინდა შაბათის დღიური ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ან ძველებურად ხელნაწერთა ინსტიტუტს დავუთმო. მიზეზიცა მაქვს. ორი დღის შემდეგ ილია აბულის მიერ ინსტიტუტის დაარსების წელი იწყება, ჩვენი დიდი საგანძურის მცველ და შემსწავლელ დაწესებულებას 60 წელი უსრულდება.

დაარსებიდან სამი თვის შემდეგ, ილია აბულაძის გადაწყვეტილებით, მეც მივედი ხელნაწერთა ინსტიტუტში. მაშინ მუზეუმის შენობაში სულ რამდენიმე ოთახი გვეკავა. მაგალითად, იმ პატარა ოთახში, რომელშიც მე გამამწესეს, რვანი ვისხედით და ერთმანეთთან არაჩვეულებრივი მეგობრობა გვქონდა. მაშინ იყვნენ ისეთი ადამიანები ხელისუფლებაშიც და აკადემიაშიც, ხელნაწერთა ინსტიტუტის საჭიროებაც რომ ესმოდათ და ილია აბულაძის უმწიკვლო სახელსაც დიდ ანგარიშს რომ უწევდნენ. ამიტომ ძალიან მალე დაიწყო და დამთავრდა ახალი შენობა, ის შენობა, რომელშიც დღემდე ვიმყოფებით. მაგრამ ცოტა მოგვიანებით იმასაც მივხვდით ყველანი, რომ ეს შენობა არ იყო მასში განლაგებული საგანძურის შესაფერისი. დღემდე მახსოვს ლადო გუდიაშვილის მემუარებში შეშფოთებული ჩანაწერი: ამ შენობაში როგორ შეიძლება ხელნაწერი მემკვიდრეობის გადატანაო.

დაიწყო ფიქრი და მოძრაობა ინსტიტუტისათვის ახალი ტერიტორიის მოსაძებნად. ეს ძიება განსაკუთრებით გაძლიერდა ელენე მეტრეველის დირექტორობის დროს. მაგრამ ტერიტორიის მოძებნა თბილისში არ არის ადვილი, მიწისქვეშა წყლებისა და განსაკუთრებით გოგირდოვანი წყლის შიშით. ბოლოს მაინც მოინახა კარგი ადგილი. ეს იყო დღევანდელ შენობასთან შედარებით ახლოს, მტკვარს რომ კლდე გადაჰყურებს, იმ ტერიტორიაზე. საკმაოდ მალე კარგი პროექტიც შეიქმნა. ამ ხანებში პროექტის განხილვაში მეც ვმონაწილეობდი, როგორც ახლად დანიშნული და შემდეგ არჩეული ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორი. ეს იყო 1988 წლის ნოემბერი და შემდეგ. ქ-ნი ელენე მხედველობის სისუსტის გამო უკვე ვეღარ ახერხებდა მონაწილეობის მიღებას პროექტის განხილვაში. სახელმწიფომ ხუთი მილიონიც გამოყო მშენებლობის დასაწყებად, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა, შეიცვალა ხელისუფლებაც, შეიცვალა სახელმწიფო წყობაც და მეც, ჩემს კოლეგებთან ერთად, მეტი იმედი მომეცა, რომ თავისუფალი საქართველოს ხელისუფლება ეროვნული საგანძურის ბედს უფრო მალე გადაწყვეტდა.

ორჯერ სცადა ზვიად გამსახურდიამ ხელნაწერებისთვის ყოფილი იმელის შენობა ჩვენთვის გადმოეცა, სათანადო ბრძანებულებაც გამოსცა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. შევარდნაძის დროს და მასთან შეთანხმებით მოვიდა ჩვენთან ზურაბ ჟვანია და რადგან იმელი მთავრობას ეკავა, შემოგვთავაზა აქვე შეგვექმნა სათანადო შენობა. მაშინ აკადემქალაქი სულ თავისუფალი იყო, წითელი ხაზით ჩვენ საკმაოდ დიდი ტერიტორია გვეკუთვნოდა და გადაწყდა შენობა აქვე აშენებულიყო. შეიქმნა კომისია მშენებლობის მინისტრის მეთაურობით, გაკეთდა ძალიან კარგი პროექტი და მაკეტი. ჩვენს სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა, მაგრამ... ბიუჯეტის შექმნისას გამოიყოფოდა მშენებლობისთვის თანხა, რომელიც წლის ბოლოს შეიკვეცებოდა ხოლმე. ჩაიშალა ეს გეგმაც.

კიდევ ერთხელ შეიცვალა ხელისუფლება. ზურაბ ჟვანიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავა და კვლავ წამოიჭრა ხელნაწერთა ინსტიტუტის იმელის შენობაში გადაყვანა. უკეთესი ვარიანტი არც არსებობდა. შედგა ინსტიტუტის ახალი წესდება და პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი... ზურაბ ჟვანია დაიღუპა. კიდევ გავიბრძოლე რამდენჯერმე და მივხვდი, რომ ყველაფერი დამთავრდა.

როდესაც ორიოდე წლის წინ ახალმა ხელისუფლებამ ხელნაწერთა საგანძურისთვის ძველი ბანკის შენობა გადმოგვცა, კიდევ ერთხელ ავღელდი, მაგრამ ძველმა გამოცდილებამ ეჭვი მაინც დამიტოვა. ასეც მოხდა. უკვე მოცემული შენობა უკან დაგვაბრუნებინეს! ახალი წელი მოდის და მაინც მინდა მჯეროდეს სასწაულისა, საქართველოს უპირველესი საგანძურის ღირსეული დაბინავებისა.

31 დეკემბერი, კვირა

ხვალ ახალი წელი შემოდის. ერთი შეხედვით უფროსი ადამიანისთვის ჩვეულებრივი დღე უნდა იყოს, მაგრამ ასე არ არის. ბავშვებს რომ სჯერათ და საჩუქრებს ელიან თოვლის პაპისგან, ჩვენც გულწრფელები ვხდებით და ვიჯერებთ. ერთმანეთს რომ ვულოცავთ, ახალ წელს და ბედნიერებას ვუსურვებთ (ზოგჯერ უცნობსაც), ხომ მართლები ვართ იმ წუთში და იმ დღეს. მით უფრო, რომ ყველაფერი ეს მეორდება ძველითაც. ასე გროვდება ჩვენში ახალი წლის მადლით წვეთ-წვეთად სიმართლე და სიკეთე.

ჩემთან სახლში ახალ წელს ოჯახის წევრები ვიკრიბებით, რაც უნდა შორიდან მოგვიწიოს დაბრუნება. ორშიც, ბედობას, გვაქვს ტრადიცია ჩემთან შეკრებისა. უკვე მრავალი წელია მოდიან ჩემი ყოფილი სტუდენტები, ასპირანტები, დოქტორანტები, ახლა უკვე კოლეგები, ან გვირეკავენ დედამიწის რომელ კიდეზეც არ უნდა იმყოფებოდნენ. ესეც ავსებს ადამიანს ერთმანეთის სიყვარულით, სიკეთითა და სიმართლით.

მოდი და ნუ დაიჯერებ!