ზვიად რატიანის საქმე და დაუცველობის განცდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ზვიად რატიანის საქმეზე გადაწყვეტილება 29 დეკემბერს უნდა გამოაცხადოს. შს სამინისტრო ბრალდებულს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლის მიხედვით ადანაშაულებს, თუმცა უწყების მიერ სასამართლოში 27 დეკემბრის სხდომაზე მტკიცებულების სახით წარდგენილი ვიდეომასალა, იურისტების შეფასებით, ზვიად რატიანის ბრალეულობას არ ადასტურებს. ამასთან, ჩანაწერი არასრულია და ის უკანონოდ არის მოპოვებული. ვიდეომასალა არც ზვიად რატიანის ცემის ფაქტს ასახავს, არადა, ბრალდებული ნაცემია და მას სერიოზული დაზიანებები აღენიშნება. უფლებადამცველების ნაწილი მიიჩნევს, რომ წარსულის პრაქტიკა გრძელდება და სახელმწიფო მანქანა მოძალადეებისთვის ხელის დაფარებას ცდილობს. ზვიად რატიანის კოლეგები და მეგობრები დაუცველობის განცდაზე ლაპარაკობენ.