პროკურორი ასევე აცხადებს, რომ იმ პირებს, - ვისზე თავდასხმების გამოც ახალი ბრალი წაუყენეს ავალიანის საქმეზე ბრალდებულებს, - ინციდენტების შემდეგ სამართალდამცავებისთვის არ მიუმართავთ.
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ძალადობის კიდევ ოთხ ეპიზოდთან დაკავშირებითაც შეუფარდეს „წინასწარი პატიმრობა“. პროკურორი აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა წრე გაიზარდოს.
„ნეონაცისტური დაჯგუფება“?
- გიგა ავალიანს 2025 წლის 1 ოქტომბერს დაესხნენ თავს. მან 23 დღე იცოცხლა და 24 ოქტომბერს გარდაიცვალა. ადგილზე ორი არასრულწლოვანი იყო, თუმცა მესამეც დააკავეს დანაშაულის დაგეგმვის ბრალდებით.
- პროკურატურამ 10 თებერვალს განაცხადა, რომ გიგა ავალიანის საქმეზე სამივე ბრალდებული 2025 წელს თბილისში, დიდ დიღომში მომხდარი ჯგუფური ძალადობის კიდევ ოთხ ეპიზოდში მონაწილეობდა.
- გამოძიების ვერსიით, ისინი წინასწარ შერჩეულ ადამიანებს სოციალური ქსელით, გოგონების სახელით, შეხვედრაზე იტყუებდნენ, თავს ესხმოდნენ, სცემდნენ და ძალადობის ვიდეოებს თავად იღებდნენ და ავრცელებდნენ.
დღეს, 11 თებერვალს, რადიო თავისუფლების რეპორტიორის კითხვაზე, ხომ არ იკვეთება ავალიანის საქმეზე ბრალდებულთა საქმეში ნეონაცისტურ იდეოლოგიასთან ან დაჯგუფებასთან კავშირი ან შესაბამისი სიმბოლიკა, პროკურორმა ქეთი სონიძემ განაცხადა:
„ცალსახად შემიძლია გიპასუხოთ, რომ ის ბრალდებულები, რომელთა სხდომაზეც დღეს ვიმყოფებოდით, ნამდვილად მონაწილეობდნენ კარგად ჩამოყალიბებულ, ორგანიზებულ, ძალადობრივ ჯგუფებში, თუმცა მათ რამდენად აქვთ კავშირი ე.წ. ნეონაცისტურ ორგანიზაციებთან და რამდენად გააჩნიათ საკუთარი სიმბოლიკა და იდეოლოგია, ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ისევ გამოძიება და შესაძლებელია ახალი დეტალები დადგინდეს“.
ასევე ნახეთ ავალიანის საქმეზე ბრალდებულებს ძალადობის სხვა ოთხ ეპიზოდთან დაკავშირებითაც შეუფარდეს პატიმრობაძალადობის ვიდეოების გადაღება და სოცქსელებში გავრცელება ახასიათებთ რეზონანსულ საქმეებს, რომელიც უკავშირდება დაჯგუფებებს, რომლებსაც გამოძიება ახასიათებს, როგორც „ნეონაცისტური“/„ფაშისტური“ იდეოლოგიის მქონე ჯგუფებს.
- მაგალითად, 2026 წლის 16 იანვარს ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ დააკავა 16 ადამიანი, მათ შორის 10 არასრულწლოვანი - შსს-ის თანახმად, „ძალადობრივი ჯგუფის წევრები“ თავს მოიხსენიებდნენ „ნეონაცისტებად“ და „ხელმძღვანელობდნენ ფაშისტური იდეოლოგიით“;
- მანამდე, 2025 წლის ივლისში სხვა პირებმა იძალადეს 15 წლის ბიჭზე; მათ - 9 ბრალდებულს, მათ შორის, 6 არასრულწლოვანს - 2025 წლის 30 დეკემბერს პატიმრობა მიუსაჯეს.
„პოლიციისთვის არ მიუმართავთ“
რადიო თავისუფლების კითხვაზე, მიმართეს თუ არა ახლად გამოვლენილ საქმეებში დაზარალებულმა პირებმა სამართალდამცავებს 2025 წელს მომხდარ ოთხ სხვადასხვა ინციდენტთან დაკავშირებით, - პროკურორმა განაცხადა:
„არავის მხრიდან არ ყოფილა მომართვა. რომ ყოფილიყო, ამას მიეცემოდა სათანადო სამართლებრივი რეაგირება. სამწუხაროდ, არავის მოუმართავს მსგავს ძალადობასთან დაკავშირებით, თორემ შესაძლოა, ამ შედეგების წინაშე არ აღმოვჩენილიყავით“, - განაცხადა მან.
პროკურორმა დააზუსტა, რომ გულისხმობს იმ დაზარალებულებს, რომლებიც ფიგურირებენ პროკურატურის მიერ 10 თებერვალს გავრცელებულ ვიდეოებში.
პროკურორის თქმითვე, „საზოგადოებაში მუსირებდა აზრი, თითქოს პოლიცია არ აძლევდა სათანადო რეაგირებას და ეს ძალადობრივი ჯგუფები საზოგადოებაში თარეშობდნენ“, რაც, მისი თქმით, ასე არ ყოფილა.
„სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი არ მოკვდებოდა. იმ დალეწილი ხალხის მშობლებო, რატომ გეძინათ?“ - ასე გამოეხმაურა 10 თებერვალს გავრცელებულ სიახლეებს ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე.
ასევე ნახეთ "სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი არ მოკვდებოდა" - გიგა ავალიანის დედა პროკურატურის განცხადებას ეხმაურება- 11 თებერვალს გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ძალადობის კიდევ ოთხ ეპიზოდთან დაკავშირებითაც შეუფარდეს „წინასწარი პატიმრობა“.
- პროკურორმა განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა წრე გაიზარდოს.