„საქართველო აქტიურად იცავს და უზრუნველყოფს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების შესრულებას. ეს ეხება საავიაციო სექტორსაც“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
10 სექტემბრის მდგომარეობით, ირანული ავიაკომპანიები, რომლებსაც აშშ-მა 8 სექტემბერს სანქციები დაუწესა, საქართველოში ფრენებს აგრძელებენ. დღეს თეირანიდან თბილისში დაგეგმილია Varesh Airlines-ისა და Qeshm Air-ის რეისები, ხოლო ბათუმში - Taban Air-ისა და Sepehran Airlines-ის ფრენები. ოთხივე ავიაკომპანიის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები მოქმედებს.
სააგენტოს განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, როდიდან შეიძლება შეიზღუდოს ირანული ავიაკომპანიების ფრენები საქართველოში.
უწყების ცნობით, უცხოური ავიაკომპანიების საქართველოს საავიაციო ბაზარზე დაშვებისას ქვეყანა ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) სტანდარტებითა და ორმხრივი თუ მრავალმხრივი საერთაშორისო შეთანხმებებით.
სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველო ითვალისწინებს ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ დაწესებულ სასანქციო მექანიზმებს.
„მგზავრთა, ადგილობრივი საავიაციო ბაზრისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო წლებია, დამატებითი მონიტორინგის მექანიზმის სახით, ხელმძღვანელობს ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის სანქცირებულთა სიით - Specially Designated Nationals and Blocked Persons List (SDN List) - და OFAC-ის მიერ ადმინისტრირებული ყველა სხვა სასანქციო ნუსხით“, - აცხადებს სააგენტო.
უწყების ინფორმაციით, ამ მექანიზმის ფარგლებში საქართველოს წარსულშიც ჰქონდა შეზღუდული რამდენიმე ავიაკომპანიის ოპერირება და მომავალშიც გაგრძელდება საერთაშორისო მოთხოვნებისა და შესაბამისი სასანქციო მექანიზმების დაცვა.
„ვინაიდან აშშ-ის მიერ გაჟღერებული გაფართოებული სასანქციო ნუსხა მოიცავს ავიაკომპანიებს, რომლებიც დღეის მდგომარეობით ასრულებენ საჰაერო მიმოსვლას საქართველოსა და ირანს შორის, ქართული მხარე, როგორც სხვა შემთხვევებში, ახლაც იმოქმედებს საერთაშორისო სანქციების რეჟიმის სრული დაცვით“, - ნათქვამია განცხადებაში.
ფრენები ირანიდან
თბილისსა და ბათუმში პირდაპირ ფრენებს ექვსი ირანული ავიაკომპანია ასრულებს:
- Qeshm Air,
- Varesh Airlines,
- Sepheran Airlines,
- Fly Kish Airlines,
- Taban Airlines,
- AVA Airlines.
ასევე ნახეთ
ჯო უილსონი: ჩინეთის „ინვესტიციები“ ყოველთვის საზიანოასანქციები ირანულ ავიაკომპანიებს
8 სექტემბერს OFAC-მა ირანის საავიაციო სექტორის მხარდაჭერისთვის 36 კომპანია და ორგანიზაცია დაასანქცირა. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ირანის ხელისუფლება საავიაციო სექტორს იარაღის, პერსონალისა და უკანონო ტვირთების გადასაზიდად იყენებს.
სანქციები შეეხო 27 ირანულ ავიაკომპანიას. მათ შორის არიან კომპანიები, რომლებიც საქართველოს მიმართულებით რეისებს ასრულებენ.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, სანქციების სამიზნეში მოხვდნენ ასევე ფარული კომპანიები, უცხოელი შუამავლები და მარშრუტები, რომლებსაც ირანი ამერიკული წარმოების თვითმფრინავებისა და ტექნოლოგიების მოსაპოვებლად იყენებს. ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის ქსელმა (FinCEN) კი საფინანსო ინსტიტუტებს ირანის საავიაციო ინდუსტრიის მხარდამჭერი შესყიდვების ქსელების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისკენ მოუწოდა.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო ასევე აფრთხილებს უცხოურ კომპანიებსა და პირებს, რომლებიც სანქცირებულ ირანულ ავიაკომპანიებს ეხმარებიან, მათ შორის თვითმფრინავების გადაცემის, ტვირთების მომსახურებისა და გაყიდვების აგენტის მომსახურების გზით. ვაშინგტონის განცხადებით, ასეთ კომპანიებსა და პირებს „სერიოზული შედეგები“ ემუქრებათ.
სანქციები „ოპერაცია ეკონომიკური მოკვეთის“ (Operation Economic Outcast) ნაწილია, რომელიც აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ აგვისტოში დაიწყო. კამპანიის სამიზნე სფეროებს შორისაა ავიაცია, ტექნოლოგიები, ციფრული აქტივები, ოქრო და გადაზიდვები.
2026 წლის აგვისტოს ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის წინააღმდეგ სანქციების ახალი ტალღა გამოაცხადა, რომელიც, ვაშინგტონის შეფასებით, თეირანს შემოსავლის მთავარ წყაროებს შეუზღუდავდა.
ირანის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ წარმოებული კონფლიქტი, რასაც ენერგომატარებლების ფასების გლობალური ზრდა მოჰყვა, უკვე მეშვიდე თვეშია. მძიმე ბრძოლები ამჟამად შეწყვეტილია, თუმცა ომის დასრულებისთვის დიპლომატიური ძალისხმევა წინ ვერ მიიწევს, ხოლო ჰორმუზის სრუტეში ნავთობისა და ნედლეულის გადაზიდვა კვლავ შეფერხებულია.
ასევე ნახეთ
აშშ-მა ხუთი ირანული ტანკერი გაანადგურა. ირანმა კი ამერიკულ გემებს ცეცხლი გაუხსნა- 2023 წლის მაისში საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა. საქართველოს ხელისუფლება მაშინ აცხადებდა, რომ ქვეყანაში ფრენებს მხოლოდ ის ავიაკომპანიები და საჰაერო ხომალდები შეასრულებდნენ, რომლებიც საერთაშორისო სანქციების ქვეშ არ იმყოფებოდნენ.
- საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2023 წლის 15 მაისს განაცხადა, რომ ეს იყო საქართველოს „მტკიცე პოზიცია“ და ავიაკომპანიების განაცხადები სანქციებთან შესაბამისობის კუთხით შემოწმდებოდა. იმავე პერიოდში მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ამბობდა, რომ საქართველოში არც სანქცირებული ავიაკომპანია არ იფრენდა და არც სანქცირებული თვითმფრინავი.