ინტერვიუ “აზოვსტალის” დამცველთან, რომელიც ტყვედ არ ჩაბარდა და მთელი წელი ატყუებდა ФСБ-ს

დენის სტოროჟუკი, უკრაინელი მესაზღვრე, ვიცე-პოლკოვნიკი. ილუსტრირებული ფოტო

როდესაც „აზოვსტალის“ ლეგენდარული დამცველები ტყვედ ჩაბარდნენ, დენის სტოროჟუკმა უარი თქვა დანებებაზე. მან საკუთარი სიკვდილი გაითამაშა, კანალიზაციის ლუკში დაიმალა და სამი კვირის შემდეგ მტრის ზურგში განაგრძო ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლა.

უკრაინის სასაზღვრო ძალების ვიცე-პოლკოვნიკი დენის სტოროჟუკი ქარხნის ქვეშ მდებარე საკანალიზაციო შახტში დაიმალა, რათა დამოუკიდებლად გასულიყო ოკუპირებული მარიუპოლიდან. რამდენიმე საათით ადრე მან და მისმა თანამებრძოლებმა გაანადგურეს მთელი შეიარაღება. სტოროჟუკმა, როგორც თვითონ იხსენებს, დანიშნა დაღუპულთა ცხედრები (მოამზადა ისინი შესაძლო ევაკუაციისთვის) და გამოსამშვიდობებელი წერილიც დაწერა.

შემდეგ მან რამდენიმე ყუმბარა ააფეთქა, რათა არავის შეჰპაროდა ეჭვი მის სიკვდილში. ვიცე-პოლკოვნიკი სტოროჟუკი ამბობს, რომ თავიდანვე არ აპირებდა დანებებას, რადგან კარგად ახსოვდა ტყვეობაში მყოფი თანამებრძოლების მონათხრობი. უკრაინელი მესაზღვრის თქმით, როდესაც გაქცევა გადაწყვიტა, ვერ წარმოიდგენდა, რომ მტრის ზურგში აღმოჩნდებოდა და თითქმის ერთი წელი იცხოვრებდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ინფორმაციას მიაწვდიდა უკრაინელ სამხედროებს, ხოლო ФСБ მასზე ნამდვილ ნადირობას გამოაცხადებდა, კრემლის პროპაგანდა კი ფილმს გადაიღებდა.

როგორ მოახერხა დენის სტოროჟუკმა აზოვსტალიდან გაქცევა? როგორ გადარჩა ის ოკუპირებულ ამვროსიევკაში და რა ნახა რუსეთის მიერ მიტაცებულ ტერიტორიაზე? როგორ დაეხმარა უკრაინელ ჯარისკაცებს და რატომ ჩავარდა ტყვედ?

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ვიცე-პოლკოვნიკმა დენის სტოროჟუკმა ამ და სხვა მრავალ საკითხზე რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში ისაუბრა.

ასევე ნახეთ ხულიგანი, ნეონაცისტი თუ რუსი პატრიოტი? - რუსი დენის კაპუსტინის ომი რუსეთის წინააღმდეგ

– დენის, რა არის თქვენი ყველაზე ნათელი მოგონება აზოვსტალთან დაკავშირებით?

– ჩემი მთავარი მოგონება დამალვის პირველი საათია. სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი. თავიდან ადრენალინი მომაწვა; ბოლომდე ვერ ვხვდებოდი, რა იქნებოდა თუნდაც რამდენიმე საათის შემდეგაც კი. საშინლად მიცემდა გული, უკიდურესად გამიმახვილდა სმენა (ნებისმიერი ჩქამი მესმოდა) და უცებ ლუქის ქვეშ ვარ, სახურავი გავასწორე და თავის ადგილზე მოვათავსე: აღმოვჩნდი პატარა თავშესაფარში. სწორედ აქედან იწყება ჩემი ყველა მოგონება.

— რატომ არ დანებდით?

— საქმე ისაა, რომ როდესაც მარიუპოლი უკვე ალყაში იყო მოქცეული, მივხვდი, რომ მაშინაც კი, თუ გასვლის უფლებას მოგვცემდნენ, ყველაფერი დამთავრდებოდა მორიგი ილოვაისკით ან რამე მსგავსით. როდესაც ილოვაისკი მოხდა, მე უკვე ჯარში ვმსახურობდი და იმ ადგილების მახლობლად ვიყავი, სადაც გასვლისას ჩვენს კოლონებს ცეცხლი გაუხსნეს და ბიჭები ჩაცხრილეს. ვინც შეძლო, მინდვრებით გამოვიდა... ჩემი თვალით ვნახე ეს საშინელება, ჩვენმა ბიჭებმა საკმაოდ დიდ მანძილზე იხოხეს უწყლოდ, საკვების გარეშე, მინდვრებში. ამიტომ ვიცოდი, რომ მაშინაც კი, თუ გაგვიშვებდნენ, კოლონების გასვლისას გაგვანადგურებდნენ.

ილოვაისკის ბრძოლა - 2014 წლის აგვისტოში ილოვაისკის ბრძოლა ტრაგიკულად დასრულდა იმ მოვლენების გამო, რომლებსაც შემდეგ „ილოვაისკის ქვაბული“ ეწოდა. რუსეთის გენერალურ შტაბთან შეთანხმებული ე.წ. მწვანე დერეფანი სიკვდილის გზად იქცა: რუსეთის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ამ დერეფნით მოსარგებლე უკრაინელ სამხედროებს. ოფიციალური მონაცემებით, 366 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, 429 დაიჭრა და დაახლოებით 300 ტყვედ ჩავარდა.

— რა ხდებოდა ქარხანაში?

– ეს იყო როგორც საზღვაო, ასევე საჰაერო ძალების და არტილერიის გიგანტური შკვალი. ყველაფერი, რაც რუსებს იმ დროს ჰქონდათ, ჩვენკენ მოფრინავდა. ქარხნის რელიეფი ყოველ საათში იცვლებოდა: ყოველი იერიშის შემდეგ ქრებოდნენ შენობები. მხოლოდ ბეტონის კონსტრუქციებს ვაფარებდით თავს, თუმცა არტილერიის მუშაობის დროს ისინიც ქოხებივით ირწეოდნენ. ქალაქის დაცვის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩემს მეთაურსა და თანამებრძოლებსაც მისწვდა მტრის არტილერია: ჭურვმა ნამსხვრევებად აქცია შენობის ერთი ნაწილი, რომელმაც ის ნაწილიც ჩაიყოლა, რომელშიც ჩემიანები იმალებოდნენ. სწრაფად ვერ ამოვთხარეთ. ვერც თვითონ ვერ გამოვიდნენ ნანგრევებიდან, რადგან ხელები და ფეხები მოტეხილი ჰქონდათ. მაშინ მათი უმეტესობა დაიღუპა.

"აზოვსტალის" ქარხანა მარიუპოლის რუკაზე. მარიუპოლის დაცვა 86 დღეს გაგრძელდა - 2022 წლის 24 თებერვლიდან 20 მაისამდე. უკრაინული წინააღმდეგობის მთავარი ცენტრი მდებარეობდა აზოვსტალში, სადაც ათასობით ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს.

ყველაზე რთული იყო იმის გაცნობიერება, რომ ცოცხლები შინ ვერ დავბრუნდებოდით. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, დამოუკიდებლად გამოვსულიყავი - რადგან არ მჯეროდა, რომ ტყვედ ჩაბარების შემდეგ გადავრჩებოდი. ჩვენ - ქალაქის დამცველები - განვასახიერებდით ყველაფერს უკრაინულს. ამიტომ მტრისთვის მთავარი იდეოლოგიური მოწინააღმდეგეები ვიყავით.

– გახსოვთ ის მომენტი, როდესაც გადაწყვიტეთ არ დანებებულიყავით?

– ეს იყო სასაზღვრო დაცვის დღე, 30 მაისი. ჩემს მეთაურს, რომელიც, სამწუხაროდ, დაიღუპა, ვუთხარი, რომ ტყვედ არ ჩავბარდებოდი. პან კუცუკმა მიპასუხა: „კარგი, თუ წერტილი დაგვესმება, ასეც იყოს, მაგრამ ვიდრე არ იქნება შესაბამისი ბრძანება, ჩვენ, როგორც ქვედანაყოფი, ვაგრძელებთ თავდაცვას“. მეც ვუთხარი, რომ აბსოლუტურად ვიზიარებდი მის ამ პოზიციას. მაშინ უკვე ვრცელდებოდა ხმები, რომ თურქეთიდან მოვიდოდა გემი და ყველას ევაკუაციას მოახდენდა. მშვენიერი ზღაპარი, რომლის წყალობითაც კიდევ ერთი კვირა თუ ათი დღე გავძელით... მაგრამ მე მაშინვე მივხვდი, რომ ასე არ მოხდებოდა.

აფეთქება "აზოვსტალის" ტერიტორიაზე რუსული საჰაერო იერიშების დროს, 2022 წლის 11 მაისს.

— რა ხდებოდა იმ დღეს, როდესაც უარი თქვით დანებებაზე?

— მახსოვს ის დღე. ჩვენი მეთაური ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ დაბრუნდა და გვითხრა: „მოემზადეთ, ბიჭებო, ხვალ ტყვედ ვნებდებით“. იმავე დღესვე დაიწყეს დაჭრილების ევაკუაცია — ჯერ ცალ-ცალკე, მერე კოლონებად, შემდეგ კი თქვეს: „ხვალ ჩვენი ჯერია“.

დილით, როგორც კი მზე ამოვიდა, ჩვენ დავშალეთ და გავანადგურეთ ჩვენი ყველა იარაღი და აღჭურვილობა. მაგრამ შემდეგ ვხედავდი, როგორ აამუშავეს ტექნიკის ნახევარი... შესაძლოა გაჭირვებით, მაგრამ რუსებმა მოახერხეს ტექნიკის ნახევრის ამუშავება. ჩვენ მისი დაწვის დროც კი არ გვქონდა.

ასევე ნახეთ სახელმწიფო ბიუჯეტი 2026 - საქართველო რეგიონში თავდაცვაზე ყველაზე ნაკლებს ხარჯავს

ჩვენი დაღუპული თანამებრძოლების ცხედრები პოლიეთილენის პარკებში მოვათავსეთ, შესაბამისი ეტიკეტები და მარკირება გავუკეთეთ. ჩვენი ჩაბარების შემდეგ უნდა მოსულიყვნენ ჰუმანიტარული მისიები, ქარხანა ნაღმებისგან გაეწმინდათ და ცხედრები შეეგროვებინათ, რათა შემდეგ ისინი ოჯახებისთვის გადაეცათ უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე. ბევრისთვის ამის გაკეთება ფსიქოლოგიურად ძალიან რთული იყო, მაგრამ რადგან უკვე შეგუებული ვიყავი საკუთარ სიკვდილს, სხვებთან შედარებით ადვილად დავძლიე ეს სირთულე. შემდეგ ჩანაწერი დავტოვე: „ჩემს სიკვდილში არავინ დაადანაშაულოთ. ნახვამდის“. ბოლოს რამდენიმე ყუმბარას რგოლი მოვხსენი, რათა ყველას გაეგონა აფეთქების ხმა და ეფიქრათ, რომ მე დავიღუპე. სულ ეს იყო და ეს. ამის შემდეგ, სიის მიხედვით შეიკრიბა პირველი ჯგუფი და ნელ-ნელა ფეხით გაუყვა გზას... ამ ყველაფერს ვუყურებდი და ვფიქრობდი: აი, პირველები წავიდნენ... ამის შემდეგ კი - საკანალიზაციო ჭის ლუკი.

დენის სტოროჟუკი ქალიშვილთან ერთად

- რამდენ ხანს იყავით აზოვსტალის საკანალიზაციო ჭაში?

- საერთოდ, თავდაპირველად ვაპირებდი ორი-სამი დღით დარჩენას. მეგონა, რამდენიმე დღით შემოვიდოდნენ, ქარხნის ტერიტორიას შეამოწმებდნენ, მათ შორის ძაღლებით, დრონებს გაუშვებდნენ და წავიდოდნენ. წყალი და საკვებიც დაახლოებით ორი-სამი დღე უნდა მყოფნოდა.

თან მქონდა პატარა სკამი. უფრო დიდი ნივთი არც მოთავსდებოდა. რომ გესმოდეთ, ეს არის ძალიან მცირე ზომის ჭა. მეგონა, სამ დღეს მომიწევდა, მაგრამ 3,5 კვირას დავრჩი. ხანდახან ამოვდიოდი და ვათვალიერებდი, რა ხდებოდა. დრონი დაფრინავდა ქარხნის თავზე. ერთი კვირა, ორი კვირა... მხოლოდ მესამე კვირას შეწყვიტა „ორლანმა“ ფრენა. ყველა ხმა მესმოდა: როგორ არჩევს ქარი ლითონის ნაჭერს, როგორც ჭრიალებს თუნუქის სახურავი. იცით, ეს ერთგვარი სიმფონია იყო.

მძიმედ დაავადებული მარიუპოლის დამცველების ევაკუაცია აზოვსტალიდან

სამი კვირის შემდეგ უკვე შემეძლო ტერიტორიაზე გადაადგილება. ვიპოვე ყველაფერი, რაც ჩვენებმა დატოვეს - ცოტა საკვები, რამდენიმე ნივთი. შემდეგ პერიმეტრის დათვალიერება დავიწყე, რათა გამერკვია, სად წავსულიყავი. ვხედავ ხალხს, რომელიც ჯგუფ-ჯგუფად დგას ხან „აქ“, ხან - „იქ“. ერთადერთი, რასაც ვერ ვხედავ და რაც მაინტერესებს: არის თუ არა პატრული წიდის გროვის მიღმა.

ასე ვფიქრობდი: „ცურვით შემოვუვლი და დავათვალიერებ. ზღვაში გავალ და შემდეგ ნაპირის გასწვრივ გავცურავ წიდის გროვისკენ. თუ იქ არავინ იქნება, ავალ ნაპირზე და უკვე ზურგში ვიქნები“. ეს იყო ჩემი გეგმა. წყლის ტემპერატურა შევამოწმე: ნაპირთან პატარა ყურე იყო და იქ წყალი თბილი მომეჩვენა. ივნისის დასაწყისი იყო. შემდეგ კამერა გავბერე - ჩვეულებრივი სატვირთო მანქანის კამერა.

უკრაინის დამცველები მარიუპოლში მდებარე "აზოვსტალის" ქარხანას ტოვებენ. ალყაში მყოფი უკრაინელი სამხედროები ქარხნის პერიმეტრს იცავდნენ 86 დღის განმავლობაში.

— გახსოვს თარიღი, როდესაც თავშესაფრის დატოვება გადაწყვიტეთ?

— მგონი, 6 ივნისი იყო. როდესაც ზღვაში შევცურე, წყალი უფრო ცივი აღმოჩნდა, შემდეგ დინებამაც გამიტაცა, მერე ავტომატის ჯერის ხმა გავიგონე. მეგონა, წიდის გროვიდან პატრული მესროდა, რომელიც ვერ შევამჩნიე. არ ვიცოდი, გროვის იქით რა ხდებოდა. ასევე ვიფიქრე, იქნებ თერმული კამერით დამინახეს-მეთქი. ამიტომ გადავწყვიტე უკან დავბრუნებულიყავი, რადგან წყალში აუცილებლად ჩამცხრილავდნენ. ნაპირთან რომ მოვედი, მეგონა პატრული დამხვდებოდა. ღამის სამი საათი იქნებოდა. ვზივარ და ველოდები, მაგრამ არავინ ჩანს. ტანსაცმლის გამოცვლაც მოვასწარი. მერე მივხვდი, რომ არავინ მოვიდოდა. როცა დავმშვიდდი, გავიაზრე, რომ ძალიან შორიდან ისროდნენ და შესაძლოა ისე, რომ ვერც კი მხედავდნენ. და თუ ვერ მხედავდნენ, მაშინ თამამად წასვლაც შემეძლო, თანაც არა წყლით, არამედ ქარხნის პერიმეტრით.

ასევე ნახეთ “ტიტანებთან ერთად ვიბრძოდი”- დმიტრო კოზაცკი, აზოვსტალის მემატიანე

მოვემზადე და მეორე დღეს ფეხით გავეშურე. ნანგრევებად ქცეული ქალაქი მიწასთან იყო გასწორებული. პირველივე ავტოფარეხში, რომელიც დავინახე, ყველაფერი ერთმანეთზე იყო დახვავებული. სწორედ იქ ჩავიმალე. თან მქონდა დანა, პისტოლეტი, ხელყუმბარები - მოკლედ, აუცილებელი ნივთების ნაკრები.

როდესაც ავტოფარეხებში ხალხი დავინახე, გადავწყვიტე დავლაპარაკებოდი... აღმოჩნდა, რომ ადგილობრივები საკვებს ეძებდნენ. გამოველაპარაკე. ორი-სამი კარტოფილი მაჭამეს. ქალაქში არსებული მდგომარეობის შესახებ ვკითხე - მითხრეს, სად იყო საკონტროლო პუნქტები, რომ ქალაქში გადაადგილება შეიძლებოდა. მაჩვენეს, სად უნდა გამევლო ფილტრაციის პროცესი ტალონის ასაღებად, რათა შემდეგ თავისუფლად მევლო ქალაქში. თუმცა ფილტრაციის გავლა არ დამჭირვებია. ტალონი თვითონ დავუხატე ჩემს თავს. ასე რომ, სკოლაში კარგად უნდა ისწავლოთ — ოდესმე გამოგადგებათ.

წიდის მთა და "აზოვსტალის" მეტალურგიული კომიბინატი მარიუპოლში. 2022 წელი, 5 მაისი

– რამდენი ხანი გაატარე მარიუპოლში და რას საქმიანობდი?

– მარიუპოლში ფაქტობრივად რამდენიმე დღე გავატარე. ამის შემდეგ დავუკავშირდი ნაცნობს და ჩემი ისტორია მოვუყევი, რომ ჯარისკაცი არ ვიყავი, რომ დახმარება მჭირდებოდა. ისიც დამეხმარა და გამიყვანა. ვალენტინა ზაიარნაია ძალიან გულისხმიერი ქალი იყო, რომელიც ეხმარებოდა ყველას სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენაში. მისთვის რომ არაფერი დაეშავებინათ, მოვიგონე ამბავი, რომ სამხედრო არ ვიყავი და რომ მარიუპოლში რამდენიმე ბინა მქონდა, რომ აქ ჩავრჩი და წასვლა არ შემეძლო: დოკუმენტები დამეწვა, ავტომობილი არ მყავდა, ვშიმშილობდი... ამიტომ, თავაზიანად ვკითხე: „შემიძლია ცოტა ხნით თქვენთან დავრჩე?“ მეგონა, რომ მართლა „ცოტა ხანს“ დავრჩებოდი. ვალენტინა დღემდე ტყვეობაში იმყოფება. უცნობია, როდის დაბრუნდება. უარი არ მითხრა, შემიფარა ცოტა ხნით, მაგრამ ეს „ცოტა ხანი“ ერთ წელს გაგრძელდა.

ვალენტინა ზაიარნაია - დონეცკის ოლქში ოკუპირებული ამვროსიევკის მკვიდრი და ინგლისურის მასწავლებელია. 2023 წელს ის რუსეთის უსაფრთხოების ძალებმა დააკავეს უკრაინელი მესაზღვრის, დენის სტოროჟუკის საქმეზე. 2025 წლის 16 დეკემბერს, რუსეთის სასამართლომ 65 წლის მასწავლებელს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის, ასაფეთქებელი ნივთიერებების შენახვისა და ტერაქტის მომზადების ბრალდებით. ვალენტინა ზაიარნაია პროცესის დასრულებამდე უარყოფდა დანაშაულში მონაწილეობას.

ვალენტინა ზაიარნაია

– არ გიცდიათ არაოკუპირებულ ტერიტორიაზე გაქცევაზე?

– დიახ, რა თქმა უნდა, ბევრი ასეთი ფიქრი მომდიოდა თავში. როდესაც ჩვენს ბიჭებს ვესაუბრებოდი - ეს იყო 2022 წლის ზაფხულში - ვკითხე: როგორ გამოვიდე აქედან, რა გავაკეთო? მტრის ზურგში მომუშავე დაზვერვის ბიჭებმა მითხრეს: არა, იქ ვეღარ გადახვალ; უკვე ძალიან რთულია. მაგრამ შემდეგ დაიწყო კონტრშეტევა - ხარკოვსა და ხერსონში - და გავიფიქრე: მაგარია, ჩვენი ძალები წინსვლას იწყებენ, ამიტომ აქაც უნდა მოვემზადოთ-მეთქი.

მაშინ რუსეთს ამდენი მობილიზებული არ ჰყავდა. ვხედავდი რამდენი დანაყოფი ჰყავდათ. არც ისე ბევრი; მათი ზურგი პრაქტიკულად ცარიელი იყო. თუ ჩვენი ძალები პირველ ხაზს გაარღვევენ, უმეტეს შემთხვევაში დაცვის მეორე ან მესამე ხაზი უბრალოდ არ ჰქონდათ. ამიტომ ვფიქრობდი, რატომ უნდა წავიდე სადმე, როცა შემიძლია აქ დაველოდო? სწორედ ამისთვის ვემზადებოდი.

ასევე ნახეთ ოკუპირებული მარიუპოლის აღდგენა - "რუსული ვაშლი დამპალი აღმოჩნდა"

– რა ნახეთ ოკუპაციაში?

– ხალხი იმდენად შეშინებულია, რომ საკუთარი ჩრდილისაც კი ეშინია. ისინი სრულიად განსხვავებული ადამიანები არიან. მათ არა მხოლოდ საუბრის, არამედ ფიქრისაც ეშინიათ. ასეთ პირობებში, სიტუაციის ფხიზელი შეფასებისა და დასკვნების გამოტანის უნარი გამორთულია. ამიტომ მათ მხოლოდ ჩუმად ყოფნა და თავის დაქნევა შეუძლიათ. აქ, კიევში, ასე არ არის - ხალხი აქ ფიქრობს და ცხოვრობს. დღის უმეტეს ნაწილს ვარჯიშში ვატარებდი, რათა შემენარჩუნებინა გამძლეობა და ძალა. ასევე მუდმივად ვაკვირდებოდი სიახლეებს, ახალ ამბებს - რა ხდებოდა უკრაინაში, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთში.

ასევე მქონდა სამუშაო: ვაკვირდებოდი გადაადგილებებს - ვინ სად და რა რაოდენობით გადაადგილდებოდა. როცა ღამის მატარებელს ვხედავდი, ვაგონების რაოდენობასა და მოძრაობის მიმართულებას ვადგენდი.

— უფრო ზუსტად, რა იყო თქვენი სამუშაო?

— მათი სამხედრო დანაყოფები დისლოცირებული არიან სოფლებში, ტყეებში. მოვიდნენ, დგანან და ელოდებიან ბრძანებებს. მათი უმეტესობა სვამს, ზოგი სათევზაოდ დადის. ისინი არ აკონტროლებენ პერიმეტრს, არ აქცევენ ყურადღებას თვიანთ ტექნიკას. მე კი ვიცი, როგორ იწვის ბალახი - ერთხელ უკვე ვცადე. მივედი. არავინ არის. არადა დგას თვითმავალი ქვემეხი. ერთი გაკვრა და მორჩა, დამთავრებულია საქმე. ამისთვის თითქმის არაფერია საჭირო, ასანთის ან სანთებელას გარდა.


მარიუპოლი. 2022 წ. 3 აპრილი

— ცდილობდით ლეგიტიმაციის მიღებას ერთდროულად ორივე მხრიდან - ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარკვეული დოკუმენტების მიღებას და ამავდროულად კონტაქტის შენარჩუნებას უკრაინელ სამხედროებთან, რომლებსაც პასპორტი უნდა გამოეგზავნათ. რა მოხდა არასწორად? როდის დაგაკავეს?

— ზუსტად მაშინ დამაკავეს, როდესაც უნდა მოსულიყო ამანათი პასპორტით და ყველაფრით, რაც მჭირდებოდა ჩვენი კონტრშეტევის მხარდასაჭერად გეგმების განსახორციელებლად. როდესაც ამანათი ქალაქში ჩამოვიდა, ვიეშმაკე და ვალენტინა ზაიარნაიას ვთხოვე, მას აეღო - რადგან მართლა არაფერი არ იცოდა და შესაბამისად ბრალსაც ვერ წაუყენებდნენ.

მაგრამ ФСБ უკვე აკვირდებოდა ამ ამანათს, რომლის ასაღებად მისულ ვალენტინას მე ტელეფონით ვაძლევდი მითითებებს. მესმის, როგორ შედის ის შენობაში და იწყება ერთი ამბავი: ბრახ, ბრუხ... მივხვდი, რომ დააკავეს. თუმცა იმედი მქონდა, რომ გაუშვებდნენ.

მის შვილს, კოსტიას, ვუთხარი: სასეირნოდ მივდივარ და თუ საღამოს ყველაფერი კარგად იქნება, კარის სახელურს თეთრი ნიშანი შეაბი, რომ ვიცოდე, ყველაფერი კარგადაა. რამდენიმე სახლის იქით, მიტოვებულ ბეღელში მქონდა დამალული ბინოკლი, ტანსაცმელი, აღჭურვილობა. ვიცოდი, რომ შეიძლება მოსულიყვნენ.

ასევე ნახეთ "ბოროტი ექიმი", რომელმაც უკრაინელი სამხედრო ტყვეები აწამა მორდოვეთის ერთ-ერთ ყველაზე დახურულ კოლონიაში (გამოძიება)

სამალავიდან ვუყურებდი, როგორ მოიყვანეს ვალენტინა ФСБ-ს თანამშრომლებმა. მერე სახლში შევიდნენ და იქ მელოდებოდნენ. მაგრამ მალე გამოვიდნენ და წავიდნენ. ვიფიქრე, შესაძლოა ვიღაც სხვა მოიყვანეს. ტელეფონი არ მქონდა. ვუყურებ კარს, ვხედავ თეთრ პაკეტს. ვფიქრობ, იქნებ ყველაფერმა ჩაიარა?! უკვე ღამეა, ფეხაკრეფით მივდივარ ფანჯარასთან და ოთახში ვიყურები: ვხედავთ ჯგუფს, რომელსაც მე უნდა დავეკავებინე. ვუყურებ: არა, არ მეჩვენება, ნამდვილად ისინი არიან.

მორჩა, მივდივარ ჩემს „სარეზერვო აეროდრომზე“, მიტოვებულ შენობაში და იქ ვიმალები. მეორე დღეს ქალაქში გავდივარ და ყველგან ვხედავ ჩემს ფოტოს ФСБ-ს "ცხელი ხაზის" ნომრით. ვხვდები, რომ აქედან უნდა წავიდე. ქალაქი სავსეა პატრულით, ყოველ ნაბიჯზე ბლოკპოსტია მოწყობილი. ერთი კვირა მიტოვებულ შენობაში ვიმალები. ვხედავ, რომ ვითარება არ იცვლება. ამიტომ წასვლა გადავწყვიტე. ამვროსიივკიდან ფეხით უნდა ჩავიდე ყირიმამდე და იქიდან გავაგრძელო გზა. ამასობაში ზაფხულიც ძალაში შევა და დათბება. შეიძლება დნეპრიც კი გადავცურო. მოკლედ, გამოვედი, საკონტროლო პუნქტებს გვერდი ავუქციე და ფერმამდე მივედი. წვიმს და მინდვრები არც ისე კომფორტულია, მაგრამ როგორმე უნდა აღვიდგინო ძალები.


სკრინშოტი კრემლის მხარდამჭერი Telegram-არხიდან. 2023 წლის 31 მარტი

– ვის დაურეკეთ? ვის დაუკავშირდით?

– ჩემი მეგობრის მამა იყო. მასთან გავჩერდი. ვიფიქრე, ერთ-ორ დღეში დავისვენებ, ამასობაში წვიმაც გადაიღებს და წავალ-მეთქი. მაგრამ სადილის დროს კაკუნის ხმა გაისმა. როგორც კი კარი გავაღე, სახეში ავტომატის კონდახი მომხვდა. სპეცრაზმი, დაპატიმრება, თავზე ტომარა, გარეთ გაყვანა. სადღაც სარდაფში ჩამიყვანეს. ვინც მეძებდა, ოცი-ოცდაათი ადამიანი, ყველა ცდილობდა ჩემს ცემას. ბოლოს გონება დავკარგე. შემდეგ მაჩვენეს კაცის ფოტო - იმ ადამიანის ფოტო, ვისგანაც უნდა მიმეღო დოკუმენტები.

— იაროსლავ ანიკას გულისხმობთ?

— დიახ, იაროსლავ ანიკა, რომელიც "დნრ-ის" (ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკა) „დეპუტატია“. ადრე უკრაინელი სამხედრო იყო; 2014 წელს მტრის მხარეს გადავიდა. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან უყვარდა ომზე ხელის მოთბობა, დროთა განმავლობაში ის გახდა ინფორმაციის წყარო, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იყო ექსკლუზიური ინფორმაციის მიღება მათ არმიაში შექმნილი ვითარებისა და „დნრ-ის" მოწყობის შესახებ. სწორედ ამ ძველი კავშირების გამოიყენება მინდოდა.

ფსბ-ს თანამშრომლები მიყვიროდნენ: „შენ გინდოდა დეპუტატის აფეთქება!“ ნავთობის საცავის აფეთქების ისტორია მათთვის უინტერესოა. „დეპუტატის აფეთქება“ უკეთ ჟღერს. ყველაფერზე დავთანხმდი. ხელი მოვაწერე რაღაც ქაღალდებს, რათა ცემა და ელექტროშოკი ცოტა ხნით შეჩერებულიყო.

ასევე ნახეთ "მსოფლიო დიდი კონფლიქტისთვის ემზადება" - გეორგ აიკჰოფი მადუროს გატაცებასა და კოლონიალიზმის დაბრუნებაზე

რამდენიმე დღის შემდეგ - დაახლოებით 8 აპრილს - გადამიყვანეს დროებითი დაკავების იზოლატორში ზაიარნაიასთან ერთად. თქვეს, რომ ჩვენ ვიყავით ერთიანი დივერსიული ჯგუფი, რომელიც „დეპუტატის“ მკვლელობას გეგმავდა. სინამდვილეში ზაიარნაია არაფერ შუაში იყო. ჩემს საქმესთან მისი ერთადერთი კავშირი ის იყო, რომ მან თავისთან დარჩენის უფლება მომცა და ჩემი ამანათის ასაღებად წავიდა. ვნანობ, რომ ის ამ ამბავში გავხვიე. გამოძიებას ყველაფერი მოვუყევი, ავუხსენი, რომ ის არაფერ შუაში იყო. რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე მისთვის ბრალდების მოსახსნელად.

– რუსმა პროპაგანდისტებმა თქვენზე ფილმი გადაიღეს და „ზელენსკის ერთ-ერთ საუკეთესო ჯაშუშად“ გამოგაცხადეს. კადრებში ФСБ-ს ოფიცრები იმასაც კი ამბობენ, რომ აღფრთოვანებულნი არიან თქვენით, როგორც სამხედრო მოსამსახურით, იმის გამო, თუ როგორ ჩაიფიქრეთ და შეასრულეთ ეს ყველაფერი. იგრძენით ეს აღფრთოვანება?“

– როდესაც პირველად დამაკავეს, ყველას, ვინც მოვიდოდა, ჩემი ცემა უნდოდა. არადა, მართლაც ბევრნი იყვნენ. შემდეგ შემთხვევით მოვკარი ყური, რომ ჩემი დაკავების ოპერაციაში ჩართული იყო დაახლოებით ორი ასეული, რომლის წევრებმა მთელი რაიონი მოაქციეს ალყაში. დაკითხვისას აინტერესებდათ: როგორ გამოვედი "აზოვსტალიდან"; როგორ გადავრჩი; მარიუპოლიდან როგორ მოვხვდი ამვროსიევკაში და ა.შ. ყველაფერი ავუხსენი. მაგრამ მათ არ სჯეროდათ, რომ ეს შესაძლებელი იყო, რომ ამ როლის თამაში ამდენ ხანს შეიძლებოდა. გაოცებას ვერ მალავდნენ. ადვილი მართლაც არ იყო. მუდმივი კონტროლი, მუდმივად უნდა გეფიქრა იმაზე, რომ არაფერი ზედმეტი არ გეთქვა.

კადრი დენის სტოროჟუკის შესახებ გადაღებული რუსული ფილმიდან

– როგორ გადაიღეს ეს ფილმი?

– ეს იყო ვიდეოები, ნაწილობრივ გადაღებული დაკითხვების დროს. სიუჟეტის ძირითადი ნაწილი კი გადაიღეს "აზოვსტალის" ქარხანაში. იქ ჩაატარეს თავისი ოპერატიული მოქმედებები და გადაიღეს საჭირო კადრები.

— პატიმრობაში გაწამებდნენ?

— დაკავებისას ელექტროშოკით მაწამეს. თან მცემდნენ და თან მახრჩობდნენ. მახსოვს, გონება დავკარგე. როდესაც წინასწარი დაკავების იზოლატორში წამიყვანეს - როგორც სამხედრო დამნაშავე, და არა როგორც სამხედრო ტყვე - მკითხეს: „საიდან ხარ?“ ვუთხარი, დონეცკელი მესაზღვრე ვარ-მეთქი. „რა გააკეთე?“ ასაფეთქებელ ნივთიერებებს ვინახავდი-მეთქი. „აჰა, გასაგებია, - მითხრეს, -ე.ი. მოგვატყუე!“ და ისევ მისაღებში დამაბრუნეს.

თავიდან ეგონათ, რომ „რუსი სამხედრო დამნაშავე“ ვიყავი. ასეთებისთვის განსხვავებული პირობებია: შეგიძლია შენი ნივთები გქონდეს, არ გიწევს ამ პოზებში დგომა, შეგიძლია მოწიო, ისაუბრო, ურთიერთობა გქონდეს მათთან, ვინც სასჯელს იხდის და შენს „ზედამხედველებთანაც“ კი. მაგრამ თუ „უკროპი“ (კნინ. უკრაინელი) ხარ, მაშინ შენი პატიმრობის პირობები სრულიად განსხვავებულია. ეს ნიშნავს გაშიშვლებას, ცემას. ამის შემდეგ, დაახლოებით ორი თვის განმავლობაში, ვერ ვიძინებდი გვერდზე ან მუცელზე, რადგან ყველაფერი დალურჯებული და დამტვრეული მქონდა. ეს, რა თქმა უნდა, შოკი იყო.

– როდის შეიტყვეთ, რომ გაცვლას გიპირებდნენ?

– მხოლოდ ვარაუდი შეიძლებოდა. 13 სექტემბერს შევიტყვე, ზუსტად მაშინ, როცა ავტობუსში აგვიყვანეს.

ტყვეობიდან გათავისუფლება. 2024 წლის სექტემბერი

– იმის გამო, რომ არ დაემორჩილეთ ხელმძღვანელობას და არ ჩაბარდით ტყვედ, თქვენ წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

– საქმე ჯერ კიდევ 2022 წელს აღიძრა, მას შემდეგ, რაც ჩაბარებაზე უარი ვთქვი.

– ფორმალურად, ამას დეზერტირობა ჰქვია, არა?

– დიახ, ეს არის 408-ე მუხლი - დეზერტირობა. უხეშად რომ ვთქვათ, მე ტყვეობიდან დეზერტირებულად ვითვლები. საქმე არ იხურება, რადგან უკრაინის სახელმწიფო გამოძიების ბიურო (SBI) იძიებს. მათ უამრავი რაოდენობის საქმე აქვთ. საგამოძიებო მოქმედებები პრაქტიკულად არ ჩატარებულა. ერთადერთი დაკითხვა გასული წლის ოქტომბერში შედგა. ამის შემდეგ სრული სიჩუმეა. ცოტა სასაცილოა ეს.

– როგორ მოქმედებს ეს საქმე თქვენს ცხოვრებაზე ახლა?

– პირველ რიგში, აღარ ვარ სამშობლოს სამსახურში. ჩემი საბანკო ანგარიშები გაყინულია. სხვა სამსახურის შოვნა არ შემიძლია, რადგან ამისათვის ტერიტორიულ გაწვევის ცენტრში უნდა ვიყო დარეგისტრირებული (ასე ჰქვია უკრაინაში სამობილიზაციო ცენტრებს). ტერიტორიული გაწვევის ცენტრი არ მარეგისტრირებს, რადგან არ ვარ მოხსნილი ჩემი სამხედრო ნაწილის აღრიცხვიდან - სამხედრო ნაწილს არ შეუძლია ჩემი გათავისუფლება, რადგან გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. ეს მანკიერი წრეა. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შემიძლია, დროებითი სამუშაოს ძებნაა. ასევე არ მაქვს წვდომა სამხედრო მოსამსახურეების დასვენებისა და რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამებზე. რა თქმა უნდა, ვისურვებდი სამხედრო სამსახურში დაბრუნებას. ჩემი სამსახური ჯერ არ დასრულებულა. მე მჯერა, რომ რადგან ასეთ პირობებში შევძელი გადარჩენა და დაბრუნება, ე.ი. უნდა მოვასწრო იმის გაკეთება, რაც ჯერ არ გამიკეთებია.

– რა გაქვთ მხედველობაში?

– ჩვენ უნდა მოვიგოთ ომი. სხვა ყველაფერს ეშველება.

ასევე ნახეთ ქარვაში გაჭედილი მწერები - ინტერვიუ ომის ყოფილ ტყვესთან, მაქსიმ ბუტკევიჩთან