სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში 17 862 აბიტურიენტი მოხვდა, კერძოში - 11 619.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 3 141-მა აბიტურიენტმა (1 322 - სახელმწიფო პროგრამებზე, 1 819 - კერძოზე).
ამ მონაცემების მიხედვით, ინსტიტუტისა და პროფსასწავლებლის გარეშე დარჩა 10 ათასამდე ადამიანი.
2025 წელს რეგისტრირებული იყო 39 ათასზე მეტი აბიტურიენტი, უმაღლესში (ბაკალავრიატი) ჩაირიცხა 31 704 ადამიანი.
შედეგების გამოქვეყნებასთან ერთად სოციალური ქსელები სტუდენტებისა და მათი მშობლების პოსტებით გადაივსო. უმეტესობას ჩარიცხვა უხაროდა, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვინც გარეთ დარჩა:
- „43-ქართული, 34-ინგლისური, 35-ისტორია, 34-მოქალაქეობა - სულ კერძოები მეწერა 17 ფაკულტეტი, ვერსად ვერ მოვხვდი“.
- „არაფერი ეშველება??? ეს რა უსამართლობააა!!!!!“
- „კაი მთავრობა რომ გვყავს და შეამცირა ადგილები და ფაკულტეტები, იმათთან არის მოსაკითხი. რა კვოტებიც არსებობდა naec-მაც ეგრე გადაანაწილა. იდიოტური რეფორმის ბრალია ასე რომ მოხდა“.
- „ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა, როდესაც ასეთი მაღალი ქულები მივიღეთ და მაინც ვერ მოვხვდით. იმედია, მომავალ წელს მაინც გაგვიმართლებს“.
- „ჩემი აზრით, ძალიან უსამართლობაა, რომ ამდენი ბავშვი გარეთ დავრჩით... იმედია, რამეს მოიმოქმედებენ.
- „არავინ არაფერს მოიმოქმედებს … 8 ათას აბიტურიენტს პირდაპირ გამოუცხადეს „ბოთლების მბერავები“ გვჭირდებაო … მართლა ვერ ხვდებით რა ხდება ქვეყანაში და თუნდაც ამ სფეროში თუ უბრალოდ კომფორტის ზონიდან არ გამოდიხართ, რომ ცოტა ფიქრს მიეცეთ?“
- „საშუალო კი არა, უმაღლესი ქულებითაც ვერ მოხვდება ადამიანი, თუ არასწორად დაალაგა პრიორიტეტები. ბევრია მაგაზე დამოკიდებული“.
განათლების ექსპერტი თამარ მოსიაშვილი განმარტავს, თუ რაზე მეტყველებს წლევანდელი შედეგები.
„წინა წლებში პირველკურსელთა რაოდენობა, ბაკალავრიატზე, იყო 34-40 ათასი, წელს დაახლოებით 30 ათასია. ეს იმას ნიშნავს, რომ სასწავლო ადგილები შემცირდა, არადა, თითქოს არ აპირებდნენ შემცირებას. შემცირდა იმის ხარჯზე, რომ ილიაუნს ძალიან ბევრი პროგრამა დაუხურეს. რა გზას უნდა დაადგნენ დანარჩენები? რით დასაქმდებიან ამ ერთი წლის განმავლობაში?" - კითხულობს თამარ მოსიაშვილი, - "ათასობით აბიტურიენტი დარჩა უმაღლესი განათლების გარეშე, ვინ არიან ისინი, როგორია მათი სოციალური სტატუსი. ჩემი ვარაუდით, მათი სოციალური მდგომარეობა დაბალი იქნება, ისინი კი, ვინც ჩააბარა, სავარაუდოდ 2-3 წელი მასწავლებლებთან დადიოდნენ მოსამზადებლად. იმ ბავშვებისთვის, რომლებიც დღეს გარეთ დარჩნენ, რამე პროგრამა არსებობს? ეს არის კითხვები, რომელსაც ეს რეფორმა, რომელსაც ხატოვნად დეფორმა უწოდეს, არ ითვალისწინებს“.
საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, სრული ზოგადი განათლების ხანგრძლივობა 11 წელია, მე-12 კლასის გავლა კი ნებაყოფლობითი გახდება. 2027-2028 სასწავლო წელს მე-11 და მე-12 კლასები ერთდროულად დაამთავრებენ სკოლას, ანუ ქვეყანაში აბიტურიენტების რაოდენობა თითქმის გაორმაგდება. ამას დაემატებიან ისინიც, ვინც წელს ვერ ჩააბარა და ბედს გაისად ცდის.
„უკვე სამმაგი კონკურენცია იქნება და უკვე ძალიან ბევრი დარჩება უმაღლესის გარეთ“, - ამბობს მოსიაშვილი.
განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ უნივერსიტეტს მიღმა დარჩენილი აბიტურიენტებისთვის რამე სპეციალური ღონისძიებები არ იგეგმება. თავიდანვე იყო შეთავაზებული ალტერნატივად პროფესიული სასწავლებლები და ნაწილმა ეს შანსი გამოიყენა კიდეც.
ასევე ნახეთ
აბიტურიენტების ნაწილი ვერ არკვევს, რამდენ ხანს მოუწევს სწავლაგანათლების რეფორმა „ქართული ოცნების“ მთავრობამ ერთი წლის წინ დაიწყო. საზოგადოებისა და ექსპერტების პროტესტის მიუხედავად, მოკლე დროში ძირფესვიანად შეიცვალა როგორც საშუალო, ისე უმაღლესი განათლების სისტემა. შეიკვეცა და გაუქმდა ფაკულტეტები, შეიცვალა სახელმძღვანელოები და სკოლაში ჩაცმის წესიც კი.
იგივე ტენდენციაა რუსეთშიც, სადაც უმაღლესი განათლების მიღება სულ უფრო რთული ხდება.
რუსეთში ბევრი მშობელი აცხადებს, რომ ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ მათი შვილები მეათეში აღარ მიიღეს. სკოლაში სწავლის გაგრძელების ნაცვლად მოსწავლეებს პროფესიულ სასწავლებლებსა და კოლეჯებს სთავაზობენ.
ასევე ნახეთ
განათლების რუსული რეფორმა: ნაკლები სტუდენტი, მეტი მუშა და მეტი ახალწვეულიროგორც განათლების ექსპერტები ამბობენ, ეს რუსეთის ხელისუფლებისთვის იმით არის მნიშვნელოვანი, რომ შეუძლიათ კოლეჯის დამთავრებისთანავე ახალგაზრდა ჯარში წაიყვანონ. ახალი კანონმდებლობა მათ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებისა და გაწვევის გადავადების საშუალებას არ აძლევს.