6 ამბავი კარლ ლაგერფელდის შესახებ

85 წლის ასაკში გარდაიცვალა მოდის გამოჩენილი დიზაინერი კარლ ლაგერფელდი. ის სხვადასხვა პერიოდში სათავეში ედგა მოდის სახლებს - „ჟან პატუს“, „ქლოეს“, „ფენდის“, 80-იან წლებში კი „შანელის“ ბრენდის მორიგი ოქროს ხანა სწორედ მისი კრეატიული დირექტორობით დაიწყო.

ლაგერფელდი 1933 წელს გერმანიის ქალაქ ჰამბურგში დაიბადა. კარიერის დასაწყისში შეგირდად მუშაობდა პიერ ბალმანთან და თანამშრომლობდა ივ სან ლორანთან. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ აღიარებული დიზაინერი ფოტოგრაფიითა და რეჟისურითაც იყო გატაცებული. აი, რამდენიმე ფაქტი მისი ცხოვრებიდან:

„ფენდი“ სიცოცხლის ბოლომდე

კლასიკური ქალის სილუეტითა და დახვეწილობით გამორჩეული „შანელის“ პარალელურად, ლაგერფელდი სიცოცხლის ბოლომდე რჩებოდა იტალიური „ფენდის“ კრეატიულ დირექტორად. მან ამ ბრენდში 52 წელი გაატარა (1967 წლიდან). ტანისამოსის კოლექცია, ბეწვისა და ტყავის აქსესუარები, რომელიც ამ ბრენდის ქვეშ იქმნებოდა, ყოველთვის ახალგაზრდა თამამ ქალზე იყო მორგებული.

“შანელის“ოქროს ხანა

დღეს რომ „შანელი“ მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ელიტური ბრენდია, სწორედ კარლ ლაგერფელდის დამსახურებაა. 1983 წელს, როცა ის ბრენდში მივიდა, „შანელი“ დაღმასვლას განიცდიდა. დიზაინერი ახალი ენერგიით შეუდგა ბრენდის გამოცოცხლებას. მას უკავშირდება “შანელის” ლოგოს ამ სახით არსებობაც. წლების განმავლობაში სწორედ “შანელის” სამოსს ირჩევდნენ მსოფლიო ვარსკვლავები და პოლიტიკოსები.

კარლ ლაგერფელდის დროს "შანელი" აღარ იყო შუა ხნის მდიდარი ქალების ბრენდი. ბოლო წლების განმავლობაში მის ჩვენებებზე ახალგაზრდა მოდელები ირგებდნენ ფერად პიჯაკებსა და მოკლე ქვედაბოლოებს. ამ ჩვენებებისთვის საგანგებოდ ეწყობოდა ინფრასტრუქტურა: სარკეებიანი დარბაზები, ეგვიპტე, ზღვის სანაპიროები, ბერძნული კოლონადები და გამზირები იმიტირებული პროტესტის მოსაწყობად.

როგორც ცნობილია, ბრენდში ლაგერფელდის ადგილს ვირჯინი ვიარდი დაიკავებს, რომელიც „შანელში“ 30 წელია მუშაობს და მის სტუდიას ხელმძღვანელობს.

კარლის დიდი სიყვარული

კარლ ლაგერფელდი არ იყო დაქორწინებული. ის 30 წელი მარტო ცხოვრობდა - მას მერე, რაც დიდი სიყვარული, ჟაქ დე ბაშე, გარდაიცვალა. ისინი ბოლოს უკვე აღარ იყვნენ ერთად, თუმცა მძიმედ დაავადებულ ჟაქზე ლაგერფელდი ბოლო წუთამდე ზრუნავდა. დიზაინერი არ მალავდა, რომ ჟაქ დე ბაშემ მას ივ სან ლორანთან უღალატა. სწორედ ეს გახდა დაშორების მიზეზი, რის შემდეგაც კარლ ლაგერფელდი და ჟაქ დე ბაშე 18 წელი, უბრალოდ, მეგობრები იყვნენ.

„ლაგერფელდის დიეტა“

კარლ ლაგერფელდმა 41 კგ დაიკლო. მკაცრ, მაგრამ წარმატებულ დიეტას ის „სასჯელად“ მოიხსენიებდა. მისი წონაში მატებაც მისი დიდი სიყვარულის დაკარგვას უკავშირდება, თუმცა 2000 წელს მან ისევ დაიბრუნა ფორმა. ეს ნაბიჯი, რა თქმა უნდა, მოდამ და სტილმა აიძულა.

„1 ნოემბერს გადავწყვიტე, რომ აღარ მომწონდა საკუთარი გარეგნობა. მანამდე ჩემი მოჭარბებული წონით კარგად ვგრძნობდი თავს, არ მქონდა ჯანმრთელობის პრობლემები. თუმცა უცებ გამიჩნდა სურვილი დიზაინერ ედი სლიმანის ტანისამოსი მეტარებინა (ედისან ლორანთან მუშაობდა და ახლა დიორის კოლექციებს ქმნის), მაგრამ ეს სტილი ბიჭის გამხდარ აღნაგობას მოითხოვდა, რის გამოც წონაში დაკლება გადავწყვიტე“, ამბობდა ის.

კარლ ლაგერფელდის „მუზები“

კარლ ლაგერფელდის მუზები ბოლო დროს იყვნენ ახალგაზრდა მოდელები, თამამი იმიჯით: ლილი როუზ დეპი, კარა დელევინი, ფრეა ბეჰა ერიქსონი, ქაია გერბერი და სხვები.

ლაგერფელდის მუზა იყო ბრიტანელი მსახიობი კირა ნაითლიც. მან დიზაინერის რეჟისორობით შექმნილ მოკლემეტრაჟიან ფილმში კოკო შანელის როლი შეასრულა.

ლაგერფელდის შექმნილი ტანისამოსი ჩვენებებზე 90-იანებში არაერთ ტოპ მოდელს მოურგია, „ფენდისთვის“ შექმნილ ჩვენებაზე კი, 1993 წელს, მოდელები სტრიპტიზის მოცეკვავეებითა და იტალიელი პორნო ვარსკვლავით ჩაანაცვლა.

კარლის მემკვიდრეები

ლაგერფელდის მრავალმილიონიან მემკვიდრეობას შუაზე გაყოფენ. ის ჯერ კიდევ სიცოცხლეში ამბობდა, რომ ქონებას თავის კატა შუპეტეს დაუტოვებდა, რომელიც ლაგერფელდთან ერთად ცხოვრობდა პარიზში დაა ხშირად ხვდებოდა მოდური ჟურნალების ფურცლებზეც. კიდევ ერთ პოტენციურ მემკვიდრედ მისი ნათლული ჰადსონი სახელდება.