ანალიტიკოსი ნიკოლ გრაევსკი: უკრაინისა და სპარსეთის ყურის კონფლიქტები ერთმანეთს სულ უფრო ეჯაჭვება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაყჩი (მარცხნივ) და მისი რუსი კოლეგა, სერგეი ლავროვი წელს, თებერვალში თეირანში შეხვედრის შემდეგ

რუსეთისა და ირანის პარტნიორობა ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სტრატეგიულ პარტნიორობად იქცა დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში.

მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვსა და თეირანს ოფიციალური სამხედრო ალიანსი არ შეუქმნიათ, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მათი თანამშრომლობა გაღრმავდა დრონების, დაზვერვის, სანქციებისთვის თავის არიდებისა და შიდა უსაფრთხოების სფეროებში.

რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, ნიკოლ გრაევსკი, რუსეთ-ირანის ურთიერთობების ექსპერტი Sciences Po-სა და „კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდიდან“, განმარტავს, თუ როგორ იხლართება ერთმანეთში უკრაინასა და სპარსეთის ყურეში არსებული კონფლიქტები და რამდენად შორს შეიძლება წავიდეს რუსეთი ირანის მხარდასაჭერის საქმეში.

რადიო თავისუფლება: სპარსეთის ყურეში რეგიონული დაბომბვებისა და ზღვაზე ესკალაციის გამწვავების ფონზე, როგორ გავლენას ახდენს მოსკოვსა და თეირანს შორის გაღრმავებული პარტნიორობა როგორც უკრაინაში ომზე, ასევე ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოების უფრო ფართო კრიზისზე?

ნიკოლ გრაევსკი: რაც სრულიად აშკარაა ამ ომისა და უკრაინაში ომის შემთხვევაში, არის ის, თუ რამდენად გადაჯაჭვულია რუსეთ-ირანის ურთიერთობა და როგორ შეიცვალა ის.

მაგალითად, ირანმა რუსეთს მიაწოდა „შაჰედის“ ტიპის დრონები, რომლებიც საკმაოდ ფართოდ გამოიყენებოდა უკრაინაში. სამაგიეროდ, რუსეთი ირანს მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს, როცა საქმე ეხება სატელიტურ ფოტოებს, სამიზნეების დადგენას, ასევე წვრთნებს, ოპერატიულ დახმარებას და მონაცემთა გაზიარებას.

ამგვარად, არსებობს ერთგვარი სინერგია, რომელიც რეალურად უკრაინაში ომმა წარმოშვა და ხედავთ, რომ ეს აისახება ამჟამინდელ ომში. გარდა ამისა, ბევრი ის საფრთხე, რომლებსაც უკრაინელები ყოველდღიურად აწყდებიან, ამჟამად სპარსეთის ყურეში აშშ-ის მოკავშირეების წინაშეც დგას. ომის დროს უკრაინა დაუკავშირდა პარტნიორებს სპარსეთის ყურეში, როცა საქმე უპილოტო თვითმფრინავებისა და დრონების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს ეხებოდა.

ამ ორ ომს შორის ბევრი კავშირია და ვფიქრობ, შეცდომა იქნება, თუ მათ ერთად არ გავაანალიზებთ, რადგან ისინი განუყოფლად არიან დაკავშირებული როგორც ორი ჩართული მოქმედი პირის, ასევე ერთი და იმავე ტექნოლოგიებისა და რესურსების გაზიარების მხრივ.

რადიო თავისუფლება: ირანის დრონები და სარაკეტო ტექნოლოგიები გადამწყვეტი აღმოჩნდა უკრაინაში რუსეთის მიმდინარე კამპანიისთვის. თუმცა, როდესაც თეირანი სპარსეთის ყურეში მზარდი საფრთხეების წინაშე დგას, უპასუხებს თუ არა მას მოსკოვი მსგავსი ნაბიჯით, თუ, ის თავის სამხედრო რესურსებს უკრაინის ფრონტისთვის ზოგავს?

ნიკოლ გრაევსკი: გაურკვეველია, რა რუსული ტექნოლოგია იქნა გადაცემული და რა გამოჩნდა ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებში. თუმცა, სრულიად ცხადია, რომ ირანის სტრატეგია, ტაქტიკა და ოპერატიული მეთოდებიც კი გაუმჯობესდა და მათ გარკვეული მსგავსება აქვთ რუსეთის მიერ ამ სისტემების უკრაინაში გამოყენებასთან.

თუმცა, ჩვენ ვერ ვხედავთ რუსეთის მიერ ირანისთვის შეიარაღების თუნდაც ერთი ძირითადი სისტემის გადაცემას. ბოლო გადაცემის შესახებ ინფორმაცია Financial Times-ის რეპორტაჟი იყო Verba MANPADS-ის შეთანხმების შესახებ (ცნობილია, რომ 2025 წლის დეკემბერში ირანს რუსული წარმოების საჰაერო თავდაცვის გადასატანი რაკეტების შეძენის შესახებ შეთანხმება ჰქონდა). ომის შემდეგ შეიარაღების მთელი სისტემის პირდაპირი გადაცემა არ მომხდარა.

თუმცა, რადგან ირანს აქვს - ან, ყოველ შემთხვევაში, ომამდე ჰქონდა - თავდაცვის საკმაოდ ძლიერი ინდუსტრია და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, რუსეთს შეუძლია უზრუნველყოს კომპონენტები და ქვეკომპონენტები, რომლებიც ირანს საშუალებას მისცემს, კვლავ გააუმჯობესოს თავისი უპილოტო საფრენი აპარატები.

ამ კამპანიის შესახებ ჯერჯერობით ჩვენთვის ცნობილი ინფორმაციით, არსებობს გარკვეული მინიშნებები, რომ ეს ხდება, თუმცა არ არსებობს უტყუარი მტკიცებულებები იმისა, თუ კონკრეტულად რომელი კომპონენტები იქნა გადაცემული.

ირანის თავდაცვითი ელექტრონული საბრძოლო საშუალებების დიდი ნაწილი რუსეთიდან მოდის

რადიო თავისუფლება: თეირანი დიდი ხანია მოელის მოსკოვისგან მოწინავე საჰაერო თავდაცვისა და ელექტრონული საბრძოლო სისტემების მიღებას. უკრაინაში ომის მოთხოვნების გათვალისწინებით, კვლავ აქვს თუ არა რუსეთს ირანის თავდაცვის გასაძლიერებლად საჭირო შესაძლებლობები ან პოლიტიკური სურვილი?

ნიკოლ გრაევსკი: გააჩნია, რაზე ვსაუბრობთ, რადგან რუსეთი გარკვეულ სისტემებს უკეთ აწარმოებს. მაგალითად, ირანის თავდაცვითი ელექტრონული საბრძოლო საშუალებების დიდი ნაწილი რუსეთიდან მოდის და ჩვენ არ ვიცით, გადასცეს თუ არა რუსებმა შეტევითი ელექტრონული საბრძოლო საშუალებები, რომელთა შესახებაც უბრალოდ ჯერ არ არის ინფორმაცია.

ასევე გაურკვეველია, დაეხმარა თუ არა რუსეთი ირანს განადგურებული სარადარო სისტემების აღდგენაში, თუმცა ეს კიდევ ერთი სფეროა, სადაც მას დახმარების გაწევა შეუძლია.

ყველაზე დიდი პრობლემა - და აი, სწორედ აქ ვუბრუნდებით უკრაინაში ომს - საჰაერო თავდაცვის სისტემებია. რუსეთი რთულ მდგომარეობაშია მათი მიწოდების კუთხით, რადგან ისინი თავად სჭირდება და არც ირანს აქვს ფინანსური რესურსები მათი შესაძენად.

თუმცა, არსებობს სხვა გზებიც, რომლითაც რუსეთს შეუძლია ირანის შესაძლებლობების თანდათანობითი გაუმჯობესება. ეს შეიძლება მოიცავდეს მსუბუქ შეიარაღებას ან დრონების ქვეკომპონენტებს. ამიტომ, არ იქნება მთლად ზუსტი იმის თქმა, რომ რუსეთი იმდენად არის გაბმული უკრაინით, რომ ირანისთვის არაფრის მიწოდება არ შეუძლია. აუცილებელი თუ გახდება, მას მაინც შეუძლია ირანის მხარდაჭერა იმ სფეროებში, სადაც თეირანს ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

ნიკოლ გრაევსკი

რადიო თავისუფლება: თქვენ ამტკიცებდით, რომ სირიასა და ვენესუელაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, რუსეთი შესაძლოა იქცეს იმ პარტნიორად, რომელიც მხოლოდ კარგ ვითარებაში გიდგას გვერდში. თუ ირანი ეგზისტენციალური სამხედრო კრიზისის წინაშე აღმოჩნდება, ჩაერევა თუ არა მოსკოვი — თუ თეირანს ბედის ანაბარა დატოვებს?

ნიკოლ გრაევსკი: ეს მართლაც საინტერესო კითხვაა და ჩვენ ეს ამჟამინდელ ომში ნამდვილად არ გვინახავს, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ მომენტებში ირანის ისლამური რესპუბლიკა ეგზისტენციალური კრიზისის წინაშე იდგა.

რუსეთისთვის ირანი ძალიან განსხვავდება სირიისგან. ირანი დიდწილად დამოუკიდებელია. მას აქვს საკუთარი შესაძლებლობები და შეუძლია პირდაპირ დაუპირისპირდეს ამერიკის ძალას ისე, როგორც სირიას ან ვენესუელას არ შეეძლოთ. მას ასევე აქვს ძლიერი სამხედრო ბიუროკრატიული სისტემა და შედარებით მოწინავე სამხედრო ორგანიზაცია, რომელიც გავრცელებულია მთელ ქვეყანაში.

ასე რომ, ჩვენ არ შეგვინიშნავს რუსეთის საჭიროება ამ მხრივ. თუმცა, თუ ვითარება სამოქალაქო ომის ან ფართომასშტაბიანი ქაოსის ზღვარზე მივა, რეჟიმი დაინგრევა და მის ადგილას გაჩნდება იმ ვაკუუმის მსგავსი რამ, რაც სირიაში ვნახეთ, მაშინ კი, ვფიქრობ, რომ რუსეთი ჩაერთვება. ეს შეიძლება ნიშნავდეს სპეციალური ოპერაციების ძალებს ან პოტენციურად, კერძო სამხედრო კონტრაქტორებს.

არა მგონია, რომ რუსეთის სამხედრო ძალების ფართომასშტაბიანი განლაგება ან სირიის მსგავსი საჰაერო კამპანია ვიხილოთ. ეს იქნება ბევრად უფრო მოზომილი და ოპერატიული მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე ორიენტირებული ირანის მთავრობის იმ ნარჩენების მიმართ, რომლის მხარდაჭერაც აირჩია რუსეთმა.

რადიო თავისუფლება: ყურეში არასტაბილურობა ზრდის ნავთობის ფასებს მსოფლიოში, რაც რუსეთის სამხედრო ეკონომიკას უწყობს ხელს. ამავე დროს ფასდაკლებული რუსული ნავთობი პირდაპირ კონკურენციას უწევს ირანის ექსპორტს აზიაში. უშლის ხელს ენერგეტიკული კონკურენცია მოსკოვსა და თეირანს გახდნენ ნამდვილი ეკონომიკური მოკავშირეები?

ნიკოლ გრაევსკი: პრობლემა ის არის, რომ რუსეთ-ირანის ეკონომიკური ურთიერთობა არასდროს ყოფილა ნამდვილად ძლიერი. ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობა სინამდვილეში საკმაოდ მოკრძალებულია, თუმცა მნიშვნელოვნად გაიზარდა უკრაინის ომის შემდეგ.

ნაწილობრივ, მიზეზი ის არის, რომ ორივე ქვეყანა მსგავსი პროდუქტებით ვაჭრობს. საბოლოო ჯამში, ორივე ენერგო ექსპორტიორია, ამიტომ მათ რეალურად არ აქვთ ურთიერთშემავსებელი სავაჭრო სისტემები.

ენერგო ბაზრებზე კონკურენცია უკრაინის ომის შემდეგ ირანისთვის მტკივნეული საკითხი იყო. რუსეთი შევიდა შავ ბაზრებზე, სადაც ირანი ტრადიციულად ყიდდა თავის ნავთობს. ის ასევე გავიდა ჩინეთში ე.წ.” ჩაიდნის” ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ბაზარზე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ირანულისთვის მნიშვნელოვანი გასაღების სფერო იყო. რუსეთმა საკუთარი ჩრდილოვანი ფლოტის გაფართოებით ტანკერების სიმძლავრის ის ნაწილიც კი შეითვისა, რომელსაც ირანი ეყრდნობოდა.

ასე რომ, ამან, რა თქმა უნდა, დაძაბულობა შექმნა და ვფიქრობ, ეკონომიკური განზომილება ყოველთვის იყო ურთიერთობის ყველაზე სუსტი ნაწილი.

ამავდროულად, სანქციებისთვის თავის არიდებამ თანამშრომლობის სრულიად ახალი ფორმები შექმნა. ეს არის ამ ურთიერთობაში ერთ-ერთი წინააღმდეგობა.

კერძოდ, რუსეთმა ბევრი რამ ისწავლა ირანის ხანგრძლივი გამოცდილებიდან სანქციებისთვის გვერდის ავლის კუთხით.

რადიო თავისუფლება: ჩინეთი დიდი რაოდენობით ყიდულობს როგორც რუსულ, ასევე ირანულ ნავთობს. როგორ მოქმედებს სპარსეთის ყურის ენერგომომარაგების შეფერხებები პეკინის ზეგავლენაზე მოსკოვსა და თეირანზე? მოქმედებს თუ არა ჩინეთი შემაკავებელი ძალის როლში?

ნიკოლ გრაევსკი: ჩინეთის ურთიერთობა ორივე ქვეყანასთან გადამწყვეტია მათი გადარჩენისთვის. მან უზრუნველყო მნიშვნელოვანი კომპონენტები და ფინანსური მხარდაჭერა, რაც დაეხმარა როგორც რუსეთს, ასევე ირანს შესაბამისი კონფლიქტების დაძლევაში.

მაგრამ ჩინეთი არ ხეირობს ჰორმუზის სრუტეში არასტაბილურობით ისე, როგორც ამას რუსეთი აკეთებდა. პეკინს აქვს ფართო სავაჭრო ურთიერთობები ყურის მონარქიებთან და მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რეგიონიდან ენერგიის მიწოდებაზე.

ამიტომ, ზოგიერთ სფეროში ჩინეთი უფრო თავშეკავებული იყო და ცდილობდა დაძაბულობის შემცირების გზების პოვნას. რუსეთს რეალურად არ შეეძლო ამ როლის შესრულება, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ის აღარ სარგებლობს იმავე განწყობით ყურეში, რაც ომამდე ჰქონდა.

ვფიქრობ, ყურეში საკმაოდ ნათელია, რომ რუსეთის ერთგულება ახლა ირანთან ბევრად უფრო ახლოს აღიქმება, თუმცა ყურის ქვეყნებს კვლავ სურთ მოსკოვთან პრაქტიკული ურთიერთობების შენარჩუნება. რთული ვითარებაა.

ამასობაში, ჩინეთი კონკურენციას ქმნის, რადგან როგორც რუსეთს, ასევე ირანს ჩინეთის ბაზარზე ხელსაყრელი წვდომის შენარჩუნება სურთ. თუმცა, საერთო ჯამში, პეკინმა ესკალაციასთან დაკავშირებით გაცილებით ზომიერი პოზიცია დაიკავა.

რადიო თავისუფლება: თქვენს ბოლო კვლევაში აღწერეთ, თუ როგორ ეხმარება მოსკოვი ირანის პოლიტიკური სისტემის შენარჩუნებას შიდა არეულობის პერიოდებში. რამდენად მნიშვნელოვანია რუსული ექსპერტიზა ინფორმაციის კონტროლისა და შიდა რეპრესიების საკითხებში ისლამური რესპუბლიკის გადარჩენისთვის?

ნიკოლ გრაევსკი: ირანელებმა ბევრი რამ ისწავლეს რუსეთისგან, ფერადი რევოლუციებისა და რუსეთის შიდა პროტესტების დროიდან მოყოლებული, განსაკუთრებით ავტორიტარული კონტროლის მეთოდებთან დაკავშირებით. მათ ასევე საკმაოდ ბევრი რამ ისწავლეს ჩინეთისგან ინტერნეტის გათიშვის შესახებ.

რუსეთის მხრიდან ირანის მხარდაჭერის უმეტესი ნაწილი დამაჯერებელი უარყოფის ნიღბით ხორციელდება.

საპროტესტო აქციების ბოლო ტალღის დროს ირანმა გაცილებით მეტი გააკეთა, ვიდრე ადრე. მან განახორციელა ინტერნეტის გაცილებით შერჩევითი გათიშვა, ამავდროულად შეინარჩუნა კრიტიკული შიდა სერვისები - რაც ადრე უჭირდა.

აქ რუსეთის ან ჩინეთის დახმარების ნიშნები. რუსეთსა და ირანს ასევე აქვთ შეთანხმებები შიდა უსაფრთხოების სამსახურებს შორის დაახლოებით 2014 წლიდან და დროთა განმავლობაში ეს შეთანხმებები გააფართოვეს. ინფორმაციული უსაფრთხოების შეთანხმება (2021 წლის რუსეთ-ირანის კიბერუსაფრთხოების თანამშრომლობის პაქტი) მოიცავს მხარდაჭერისა და მონაცემთა გაზიარების დებულებებს.

რადიო თავისუფლება: ცნობების თანახმად, რუსეთმა ირანს თანამგზავრული სამიზნე ინფორმაცია გაუზიარა. რამდენად შორს შეუძლია რუსეთს წავიდეს ამ მხრივ - ირანის სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებისას დასავლეთთან პირდაპირი დაპირისპირების პროვოცირების გარეშე?

ნიკოლ გრაევსკი: რუსეთის მხრიდან ირანის მხარდაჭერის უმეტესი ნაწილი დამაჯერებელი უარყოფის ნიღბით ხორციელდება. რუსეთმა უარყო თანამგზავრული მხარდაჭერის შესახებ ბრალდებები ან უბრალოდ ხუმრობდა, რომ ეს არაფრით განსხვავდება აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარებისგან.

მოსკოვი არ იყო მზად ღიად განეცხადებინა, რომ ის ამ კონფლიქტშია ჩართული, რაც ლოგიკურია სპარსეთის ყურის ქვეყნებთან მისი ურთიერთობების გათვალისწინებით.

ამავდროულად, რუსეთის რიტორიკა სპარსეთის ყურის მონარქიების მიმართ შესამჩნევად უფრო კრიტიკული გახდა, განსაკუთრებით მათში აშშ-ის სამხედრო ბაზების განთავსების საკითხთან დაკავშირებით, თუნდაც 12-დღიან ომთან შედარებით.

მე რუსეთს პასიურს არ ვუწოდებდი. პირიქით, ის მხარდაჭერას უწევს პარტნიორს ისეთი გზებით, რომლებიც უარყოფის შესაძლებლობას ტოვებს. თანამგზავრული სურათები და მონაცემთა გაზიარება არ არის იგივე, რაც იარაღის პირდაპირი მიწოდება. თქვენ ვერ ხედავთ რუსეთის ჯარებს ადგილზე.

სამაგიეროდ, რუსეთი ირანის შესაძლებლობების თანდათანობით განახლებას ახორციელებს - განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა კოსმოსური დაზვერვა, სადაც ირანს მნიშვნელოვანი ხარვეზები აქვს. თუმცა, მოსკოვი არ ემზადება კონფლიქტში ჩასართავად როგორც სამხედრო კოალიციის ნაწილი.

რადიო თავისუფლება: და ბოლოს, რეალურად აკავებს თუ არა დასავლეთის სანქციები და რუსეთისა და ირანის იზოლირების მცდელობები ორ ქვეყანას - თუ ისინი აძლიერებენ გრძელვადიან სტრატეგიულ პარტნიორობას?

ნიკოლ გრაევსკი: ერთი რამ, რაც ძალიან ნათელია, არის ის, რომ სანქციების მოხსნა რთულია მათი ამოქმედების შემდეგ, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში. რუსეთისთვის სანქციების გაუქმება მოხდა - ამის მაგალითია ირანთან ომთან დაკავშირებული ნავთობის სფეროში გარკვეული სანქციების გაუქმება - მაგრამ საერთო ჯამში, სანქციები ძალაში რჩება.

ირანი გაცილებით ფართო სანქციების ქვეშ იმყოფებოდა, ვიდრე რუსეთი, მაგრამ ორივე ქვეყანა ახლა საერთაშორისო დონეზე მსგავს მდგომარეობაშია.

გარკვეულწილად, დიახ, ისინი იზოლირებულები გახდნენ. მაგრამ მათ ასევე იპოვეს თანამშრომლობის ახალი გზები. მათი თანამშრომლობა სანქციებისგან თავის არიდების საკითხში მნიშვნელოვნად გაფართოვდა და ეს ურთიერთობის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა.

ძნელი სათქმელია, პირდაპირ აახლოებს თუ არა სანქციები მათ, მაგრამ მათ უდავოდ შექმნეს თანამშრომლობის ახალი სფეროები. კერძოდ, რუსეთმა ბევრი რამ ისწავლა ირანის ხანგრძლივი გამოცდილებიდან სანქციებისთვის გვერდის ავლის კუთხით.

ასევე ნახეთ

ტრამპი: პუტინი და სი ძინპინი ამბობენ, რომ არ აწვდიან ირანს იარაღს