ეს ინფორმაცია 20 იანვარს მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა, დარია სამოდუროვამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ადვოკატი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ 31 წლის მსჯავრდებულისთვის საპატიმროს ტიპის ცვლილების შესახებ შემთხვევით, ანასტასია ზინოვკინასთან რუსთავის ქალთა ციხეში შეხვედრისას შეიტყო.
ამ ცვლილების მიზეზი უცნობია პატიმრისთვისაც და ადვოკატისთვისაც.
დარია სამოდუროვა ამბობს, რომ პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, 15 იანვრის ბრძანებაში არაფერი წერია რატომ ჩათვალეს, რომ ანასტასია უფრო მკაცრი რეჟიმის პატიმრობაში უნდა გადაეყვანათ.
ბრძანებაში მხოლოდ ის წერია, რომ ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს „მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 2026 წლის 15 იანვრის საიდუმლო სხდომის ოქმი“.
განცხადებაში ანასტასია ზინოვკინა „საშიშროების მომეტებული რისკის მსჯავრდებულად“ არის მოხსენიებული, თუმცა რატომ პატიმრის ადვოკატისთვის უცნობია.
ნინო ანდრიაშვილი, ადვოკატი
„ასეთ სტატუსს ანიჭებენ იმ პატიმრებს, რომლებსაც ციხეში ყოფნისას უფიქსირდებათ რაიმე გადაცდომა, რომელიც, მაგალითად, პრობლემას უქმნის როგორც დანარჩენ პატიმრებს, ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციას. ამ შემთხვევაში, პენიტენციური სამსახური იღებს გადაწყვეტილებას, რომ მას მიენიჭოს საშიშროების მომეტებული რისკის მსჯავრდებულის სტატუსი.
ჩვენთვის უცნობია, რა გახდა ამ სტატუსის მინიჭების მიზეზი და ამ დეტალებს აუცილებლად მოვიკითხავ ხვალ, 22 იანვარს, როდესაც ციხეში შევალ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ანასტასია ზინოვკინას კიდევ ერთმა ადვოკატმა, „საფარის“ იურისტმა, ნინო ანდრიაშვილმა.
რადიო თავისუფლებამ ანასტასია ზინოვკინასა და პენიტენციური სამსახურის ცვლილებების შესახებ კითხვები დაუსვა პენიტენციურ სამსახურს, რომელმაც იუსტიციის სამინისტროსთან გადაგვამისამართა. იუსტიციის სამინისტროში კი გვითხრეს, რომ „საკითხს მოიკითხავენ“.
რა შეიცვალა ანასტასია ზინოვკინასთვის?
„არსებითი განსხვავება, ეს არის ზარებისა და პაემნების რაოდენობის მინიმუმამდე შემცირება. ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში ანასტასიას ჰქონდა ზარების განხორციელების უფლება განუსაზღვრელი რაოდენობით, ყოველდღიურად. მას შეეძლო ყოველ დღე დაერეკა ერთი ან რამდენიმე ადამიანისთვის. ახლა კი მას აქვს თვეში მხოლოდ სამი ზარის უფლება“, - ამბობს ადვოკატი დარია სამოდუროვა.
დარია სამოდუროვა, ადვოკატი
ადვოკატი გვეუბნება, რომ ანასტასია ზინოვკინას თავისუფლების აღკვეთის ტიპი ისე გაუმკაცრეს, რომ მისთვის საპატიმრო ან საკანი არ შეუცვლიათ. ის კვლავ ვიდეოსამეთვალყურეო კამერებით აღჭურვილ სივრცეში, მარტოა შესახლებული.
„როდესაც ადამიანი საკანში ისედაც მარტოა და ახლა მას შეუზღუდეს ზარების უფლებაც, ფაქტობრივად, ის სრულ იზოლაციაში მოაქციეს. გარდა იმისა, რომ ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში გავასაჩივრებთ, ჩვენ უკვე გასაჩივრებული გვაქვს ისიც, რომ ზინოვკინა სხვა პატიმრებისგან განცალკევებითაა და საკანში მარტო ცხოვრობს. ჯერჯერობით, სასამართლო სხდომა ამ საკითხზე არ დანიშნულა“, - ამბობს დარია სამოდუროვა.
ანასტასია ზინოვკინას ადვოკატები უკვე თვეებია ითხოვენ პატიმრისთვის სამედიცინო კვლევას, დიაგნოზის დასმასა და მკურნალობის დანიშვნას.
„საჭიროა დიაგნოზი და არა ტკივილის გაყუჩება“
31 წლის პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ცნობები გასული წლის ოქტომბრის ბოლოს გაავრცელა მისმა მეგობარმა ალიონა ზაიცევამ.
„არ არის განკუთვნილი სუსტი გულის მქონე ადამიანებისთვის“, - ასეთი გაფრთხილებით გაავრცელა ალიონამ პატიმარ მეგობართან სატელეფონო საუბრის შინაარსი სოციალურ ქსელში:
„ნასტიას ხერხემლის პრობლემები აქვს. მას რეგულარულად აძლევენ ტკივილგამაყუჩებლებს, მაგრამ ვერ მკურნალობენ. ორთოპედიულ მატრასს ან ბალიშს არ აძლევენ. ციხეში თავად სცადა მათი შოვნა. თავიდან დაჰპირდნენ, შემდეგ კი უთხრეს, რომ არ გამოვიდოდა...“
„დილით ექიმი მოვიდა და ინიექცია გაუკეთა. 12:30 საათზე მას წელის არეში ძლიერი ტკივილი დაეწყო, იმდენად ძლიერი, რომ ადგომა ვერ შეძლო. ის რვა საათის განმავლობაში ყვიროდა და ეძახდა მორიგეს... ნასტია სამარტოო საკანშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერავინ დაეხმარება მას ადგომაში. მორიგეებმა ფანჯარა როცა გააღეს, უთხრეს, რომ ვერ დაეხმარებოდნენ...“
„გუშინ შხაპის მიღების დღე იყო, მაგრამ [ზურგის მდგომარეობის გამო] შხაპის მიღება არ შეეძლო. მორიგეებმა დაწერეს, რომ მან შხაპის მიღებაზე უარი თქვა. ნასტია რვა საათის განმავლობაში იწვა, ვერც დგებოდა და ვერც ტუალეტში მიდიოდა“, - წერდა ზაიცევა.
ის ამბობდა, რომ საღამოს ცხრა საათისთვის პატიმართან ექთანი შევიდა, თუმცა წამოდგომაში არ დახმარებია: „საფენი ესროლა და წავიდა. ნასტიამ საფენის ჩასაცმელად ადგომა სცადა, იატაკზე დაეცა და შუაღამემდე, 12 საათამდე ასე იწვა“.
საპროტესტო აქციის მონაწილეები ანასტასია ზინოვკინას პორტრეტით, რუსთაველის გამზირი, 1 ნოემბერი, 2025 წელი
ამ ინფორმაციის გავრცელებიდან სამ დღეში, პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ანასტასია ზინოვკინას ჰქონდა ადეკვატური სამედიცინო მომსახურება, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი და სტაციონარულ ზედამხედველობა არ სჭირდებოდა.
„მას ჩაუტარდა სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია და რეკომენდებული ლაბორატორიული და ინსტრუმენტული, მათ შორის, მაღალტექნოლოგიური, კვლევები როგორც დაწესებულებაში, ისე სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში... მსჯავრდებული ანასტასია ზინოვკინა კონსულტირებულია რეაბილიტოლოგის მიერ და ჩატარებული აქვს სამკურნალო-სარეაბილიტაციო ვარჯიშები“, - წერდა პენიტენციური სამსახური 3 ნოემბერს განცხადებაში.
იურისტი ნინო ანდრიაშვილი სწორედ გასული წლის ოქტომბრიდან იცავს ანასტასია ზინოვკინას უფლებებს.
ადვოკატი ამბობს, რომ მისი მოთხოვნით, პროკურატურამ მოკვლევა დაიწყო ზინოვკინას დაკავებისას, მასზე განხორციელებული ძალადობისა და ასევე არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, რომელიც ციხის პირობებში, არასათანადო მკურნალობაში გამოიხატა.
დაკავების შემდეგ, ანასტასია ზინოვკინამ განაცხადა, რომ ერთ-ერთი პოლიციელი მას გაუპატიურებით ემუქრებოდა.
„გენერალურ პროკურატურაში შევიტანე საჩივარი. გარდა გენერალური პროკურატურის გამომძიებლისა, ანასტასია [ნოემბერში] გამოჰკითხა პენიტენციური დაწესებულების მონიტორინგის სამსახურის გამომძიებელმაც. მოკვლევა დაწყებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ ჯერჯერობით, არანაირი გადაწყვეტილება პროკურატურას მისი გამოკითხვის მიღმა არ მიუღია“, - ეუბნება ნინო ანდრიაშვილი რადიო თავისუფლებას.
მისივე თქმით, რამდენიმეთვიანი მოთხოვნის შემდეგ, რუსთავის #5 ქალთა დაწესებულებიდან, 21 იანვარს მიიღო თანხმობა, რომ მას პატიმრის ჯანმრთელობის ბარათს გადასცემენ.
ის ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის ისტორიას ციხიდან ხვალ, 22 იანვარს წამოიღებს. შეხვდება პატიმარსაც:
„პენიტენციური დაწესებულება აცხადებდა, რომ მკურნალობის ნაწილში მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები და ყველაფერს აკეთებდნენ. თუმცა, ანასტასია ამბობს, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ ტკივილგამაყუჩებელს იღებს.
მას ფიზიკურადაც ეტყობა. მარჯვენა მხარე, ფაქტობრივად, წართმეული აქვს. უჭირს ჯდომა. ახლა უფრო გართულდა მისი მდგომარეობა. როდესაც გამომძიებელმა გამოჰკითხა ის, რამდენჯერმე გამოვაცხადეთ შესვენება, შედიოდა საკანში, უკეთებდნენ ნემსს ან იღებდა ტკივილგამაყუჩებელს და შემდეგ ვაგრძელებდით. ანუ გამომძიებლებისთვისაც ნათელი იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა“.
რაც შეეხება ჩატარებულ გამოკვლევებს, რომლებზეც პენიტენციური სამსახური მიუთითებდა ნოემბრის განცხადებაში, ნინო ანდრიაშვილი ამბობს, რომ ზინოვნიკას ეს გამოკვლევები დაკავებიდან მალევე ჩაუტარდა და დღეს ეს კვლევები, გართულებული ჯანმრთელობის ფონზე, უკვე მოძველებულია:
„სწორედ ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად მჭირდება სამედიცინო ბარათი, სადაც მისი ყოველდღიური დაკვირვება უნდა იყოს ასახული.
ვითხოვთ პენიტენციური დაწესებულებისგან, რომ ციხის ადმინისტრაციას დაევალოს მისი სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა, ვინაიდან ის კვლევები, რაც მას თვეების წინ ჩაუტარდა, მოძველებულია. მას უნდა ჩაუტარდეს ყველა საჭირო კვლევა, მიიღოს დანიშნულება და შემდეგ, თუკი ეს შესაძლებელია, ციხის პირობებში განაგრძონ მისი მკურნალობა, თუ არადა, მისი მკურნალობა გაგრძელდეს მე-18-ე სამკურნალო დაწესებულებაში ან სამოქალაქო კლინიკაში“, - ეუბნება ნინო ანდრიაშვილი რადიო თავისუფლებას.
გარდა ზურგის არეში ტკივილებისა, დარია სამოდუროვა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ანასტასია ზინოვკინას აქვს ალერგია სტაფილოზე: „ამბობს, რომ სტაფილო ყველა საკვებშია და ამის გამო ვერ იღებს იმ საჭმელს, რასაც ციხის ადმინისტრაცია სთავაზობს“.
ზეწოლა ადვოკატზე?
დარია სამოდუროვა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ქალთა მეხუთე პენიტენციური დაწესებულებიდან, 18 იანვარს, მისთვის უცნობი პატიმარი დაუკავშირდა და „მუქარანარევი ტონით“ ესაუბრა.
ადვოკატი ამბობს, რომ მან უკვე მიმართა პროკურატურას და საქმის კურსში ჩააყენა ადვოკატთა ასოციაციაც:
„აუცილებელია, დაიწყონ მოკვლევა ადვოკატის საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით, გამოავლინონ, იყო თუ არა ამ სატელეფონო ზარში დანაშაულის ნიშნები.
სრულიად უცხო პატიმარმა დამირეკა, რომ ჩემზე განეხორციელებინა ფსიქოლოგიური ზეწოლა. მეუბნებოდა, რატომ ვმართავთ აქციებს, რატომ ვუჩივით ციხეს, რომ დირექტორი არაჩვეულებრივი ქალია, ცხოვრობენ მშვენიერ პირობებში და თუკი რაიმე არ მოსწონთ, არ უნდათ, რომ ეს გახმაურდეს. დაინტერესდა, მყავს თუ არა მშობელი, შვილები, სად არის ჩემი ოფისი. რა თქმა უნდა, ამაზე პასუხი არ მიუღია. ამ ყველაფერს ახლდა ხმამაღალი, მუქარის შემცველი ტონი. საკმაოდ უსიამოვნო საუბარი იყო, დაახლოებით 9 წუთის განმავლობაში გაგრძელდა“, - ეუბნება დარია სამოდუროვა რადიო თავისუფლებას.
რატომ არ შემოუშვეს ზინოვკინას დედა საქართველოში?
ანასტასია ზინოვკინას 10 თვეა, დედა არ უნახავს. დარია სამოდუროვა ამბობს, რომ ეს კიდევ უფრო მეტად ართულებს პატიმარი ქალის მდგომარეობას:
„დაკავების შემდეგ მხოლოდ ერთხელ ნახა დედა, გასული წლის მარტში. ეს საკმაოდ მძიმედ აისახება ანასტასიას ემოციურ მდგომარეობაზე, რადგან როგორც თვითონ ამბობს, დედაა ერთადერთი ადამიანი, რომელიც მას დაამშვიდებს, დააწყნარებს, ჩაეხუტება. ჩანს, რომ დედასთან ღრმა ემოციური კავშირი აქვს“.
ანასტასია ზინოვკინას დედას საქართველოში შემოსვლაზე უარი გასული წლის 30 ივლისს უთხრეს. მას აგვისტოს დასაწყისში შვილთან ე.წ. ხანგრძლივი პაემანი ჰქონდა დანიშნული.
საერთაშორისო აეროპორტის მესაზღვრეებმა თავდაპირველად ქალს უთხრეს, რომ მას გზის გადაკეტვისთვის ჯარიმა ჰქონდა გადასახდელი და ამის გამო არ უშვებდნენ ქვეყანაში. შემდეგ კი განუმარტეს, რომ რომც გადაეხადა ჯარიმა, ის შემოსვლას მაინც ვერ შეძლებდა.
„ამ ჯარიმის არსებობის შესახებ მას არანაირი ინფორმაციას არ ჰქონდა. ედავებოდნენ, რომ თითქოს გზა გადაკეტა 10 მარტს, არადა, ქალმა საქართველო დატოვა 9 მარტს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ადვოკატი.
ასევე ნახეთ საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული რუსი აქტივისტის, ანასტასია ზინოვკინას დედაზინოვკინას დედისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის გადაწყვეტილება დარია სამოდუროვას თბილისის საქალაქო სასამართლოში აქვს გასაჩივრებული. სხდომა 27 იანვარსაა დანიშნული. საქმეს მოსამართლე ივანე აღნიაშვილი განიხილავს.
„გაოგნებული დავრჩი მისი მდგომარეობით“ - ზურაბ ცეცხლაძე
პროევროპულ აქციებზე დაკავებული კიდევ ერთი პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამამ მოინახულა ანასტასია ზინოვკინა ციხეში რამდენიმე დღის წინ.
ზურაბ ცეცხლაძემ სოციალურ ქსელში დაწერა:
„გაოგნებული დავრჩი მისი მდგომარეობით, მისი ფიზიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობით.
რამდენიმე საათი დავრჩი მასთან სასაუბროდ და მთელი ამ ხნის განმავლობაში ვერ დაჯდა, ხერხემალში ტკივილების გამო.
ეს 30 წლის გოგო ავადმყოფობისა და ციხეში არსებული აუტანელი მდგომარეობის გამო 60 წლის ქალს დამსგავსებია. ძალიან დასუსტებულია, ფაქტობრივად, დაუძლურებულია და გამორიცხული არ არის, მისი განადგურებული ჯანმრთელობა ციხის პირობებს ვეღარ გაუძლებს და ფატალურად დასრულდება მისი პატიმრობა“.
ვინ არის ანასტასია ზინოვკინა
რუსეთის მოქალაქეები, ანასტასია ზინოვკინა და მისი შეყვარებული, არტიომ გრიბული სამართალდამცავებმა 2024 წლის ბოლოს, პროევროპული აქციების ფონზე, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.
ასევე ნახეთ უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეები ქართულ ციხეში - რატომ მიიჩნევენ თავს პოლიტპატიმრებად?ანასტასია ზინოვკინა 2012 წლიდან აქტიურად იყო ჩართული რუსეთში, პუტინის ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციებში.
ახალგაზრდა ქალს ხან საპროტესტო ბანერის გაშლის გამო დევნიდა პოლიცია, ხან გზის გადაკეტვისა თუ პოლიციის დაუმორჩილებლობისა და ხულიგნობის მუხლებით იწყებოდა მის წინააღმდეგ გამოძიება. გავრცელებული ცნობების თანახმად, ის დაკავებულიც იყო.
ანასტასია ზინოვკინა მოსკოვში, საპროტესტო აქციაზე
ანასტასია ზინოვკინას ჩვენების თანახმად, ის 2023 წელს წამოვიდა რუსეთიდან, ჯერ სომხეთში ჩააკითხა შეყვარებულს, იქიდან კი საქართველოში წამოვიდნენ.
ანასტასია ამბობდა, რომ საქართველოდან ისინი ბრაზილიაში წასვლას გეგმავდნენ:
ანასტასია ზინოვკინა და ანტონ გრიბული თბილისის საქალაქო სასამართლოში
„რეპრესიებმა კი არ მაიძულა [რუსეთიდან] გავმგზავრებულიყავი, არამედ რუსეთში ცხოვრების გაუსაძლისობამ. მე ჯანმრთელობის პატარა პრობლემა მაქვს, კისრის მალა მაქვს გადაადგილებული...ახლაც ცუდად ვგრძნობ თავს და, სიმართლე გითხრათ, სამკურნალოდ მივდიოდი ლათინურ ამერიკაში“, - თქვა ანასტასია ზინოვკინამ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე გასული წლის აგვისტოში.
12 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მასაც და მის შეყვარებულს, არტემ გრიბულსაც.
ისინი თავს პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევენ და დარწმუნებული არიან, რომ ისჯებიან 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ანტისამთავრობო დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო.
დარია სამოდუროვა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ანასტასია ზინოვკინას არ მიუმართავს მიხეილ ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით და მისი ინფორმაციით, ამას არც გეგმავს: „როგორც ჩემთვის ადრე აქვს ნათქვამი, არც აპირებდა, რადგან ის დანაშაულს არ აღიარებს და მით უმეტეს, "ოცნების" არჩეულ პრეზიდენტსაც არ სთხოვს შეწყალებას“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება, გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში. სხდომა, სადაც დაცვის მხარე შუამდგომლობებს წარადგენს, 11 თებერვალს გაიმართება.
ქალების მიმართვა სახალხო დამცველსა და ციხეს
საპროტესტო მოძრაობა "300 ქალის" წევრები ქალთა მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებასთან, 18 იანვარი, 2026 წელი
საპროტესტო მოძრაობა "300 ქალი" პატიმარ ანასტასია ზინოვკინას სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას ქალთა მეხუთე პენიტენციური დაწესებულების დირექტორს, ნესტან ვერულაშვილს აკისრებს და მას მოქმედებისკენ მოუწოდებს. 18 იანვარს მოძრაობის წევრები ქალთა პენიტენციურ დაწესებულებასთან შეიკრიბნენ.
21 იანვარს კი ქალმა აქტივისტებმა, პოლიტიკოსებმა და იურისტებმა სახალხო დამცველს მიმართეს ზინოვკინას ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მოთხოვნით. მათ სახალხო დამცველის აპარატის ოფისში ოფიციალური განცხადება შეიტანეს.
ანასტასია ზინოვკინასთან ერთად ისინი მოითხოვენ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ნანა სანდერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლასა და მონიტორინგს.
27 იანვარს, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან იგეგმება საპროტესტო აქცია, სადაც აქციის მონაწილეები სახელმწიფოსგან მოითხოვენ კანონით დაკისრებული ვალდებულებების დაუყოვნებლივ შესრულებას, მათ შორის, პატიმარი ქალებისთვის სრული სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებას, მკურნალობას შესაბამის სამოქალაქო კლინიკაში, ხოლო შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში, №18 სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში. ისინი მოითხოვენ, შეწყდეს "ღირსების შემლახავი და არაადამიანური მოპყრობა პატიმართა მიმართ".