ანტიკორუფციული ბიურო: გზა ევროკავშირის რეკომენდაციებიდან გაუქმებამდე

რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიურო ოფიციალურად 2026 წლის 2 მარტს გაუქმდა

„იმედი ცოცხალია. კორუფციასთან ბრძოლა გრძელდება“, - დაწერა სოციალურ ქსელში რაჟდენ კუპრაშვილმა 27 თებერვალს. იმ დროს ის ჯერ კიდევ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი იყო. სამ დღეში მისი უწყება დაახლოებით 1190-დღიანი არსებობის შემდეგ ოფიციალურად გაუქმდა.

ბიურო, რომელიც ევროკავშირისთვის შეიქმნა

„ეს უწყება გადაიქცა სამოქალაქო საზოგადოების, ორგანიზაციების დევნის მექანიზმად”

ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა პირდაპირ უკავშირდებოდა იმ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა გადაედგა. მაშინ ევროკომისიამ ქვეყანას 12 რეკომენდაცია მისცა. ერთ-ერთი სწორედ ანტიკორუფციული მექანიზმების გაძლიერება იყო.

12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ანტიკორუფციული ბიურო შექმნა.

„ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმა კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ჟღერდა ამგვარად, რომ უნდა გაძლიერებულიყო ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც გააერთიანებდა ყველა ძირითად ანტიკორუფციულ ფუნქციას, განსაკუთრებით მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების მკაცრად განხილვის მიზნით.

მაგრამ, რეალურად, ეს უწყება როგორც ჩამოყალიბდა, ვერ პასუხობდა მოთხოვნებს, რადგან მას არ გააჩნდა დამოუკიდებლობის მთავარი საყრდენი. მას ასევე არ ჰქონდა დამოუკიდებლად საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უფლებამოსილება უშუალოდ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. მეორე მხრივ, ხელმძღვანელის დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხები იწვევდა კითხვებს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნონა ქურდოვანიძე, რომელიც წლების განმავლობაში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე იყო.

ანტიკორუფციული ორგანოს ხელმძღვანელის დანიშვნა-გათავისუფლება, ნაცვლად პარლამენტისა, დიდწილად დამოკიდებული იყო პრემიერ-მინისტრზე.

ბიუროს დაევალა თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მიღება, შენახვა და საჯაროობის უზრუნველყოფა.

ასევე ნახეთ ვინ დამალა ქონება? - ანიტკორუფციულმა საჯარო მოხელეების სია არ გამოაქვეყნა
ასევე ნახეთ ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დეკლარაციები „სასწრაფოდ უნდა გამოქვეყნდეს“

ასევე ბიურო უწევდა მონიტორინგს პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტების ფინანსურ საქმიანობას; მასვე უნდა დაეცვა მამხილებლები; შეემუშავებინა ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

საგამოძიებო მანდატი - ის, რაც ანტიკორუფციულ ბიუროს რეალურ ძალაუფლებას მიანიჭებდა მაღალი დონის და ელიტური კორუფციის შემთხვევების შესასწავლად, მას არ მისცეს.

2025 წელს ბიუროს უფლებამოსილებებს დაუმატეს უცხოური გრანტების თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების მონიტორინგი და „აგენტების კანონის“ აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები, რის შემდეგაც, ქურდოვანიძის შეფასებით, „ეს უწყება გადაიქცა სამოქალაქო საზოგადოების, ორგანიზაციების დევნის მექანიზმად”.

„რითაც ბიურომ თავი დაგვამახსოვრა, იყო ის, რომ ის ებრძოდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ითხოვდა მათგან ინფორმაციას, მათ შორის პერსონალურს და წარმოადგენდა დევნის ინსტრუმენტს“,- გვეუბნება „საიას“ ყოფილი თავმჯდომარე.

„სამწლიანი არსებობის განმავლობაში ანტიკორუფციულ ბიუროს არცერთი ფაქტი არ გამოუვლენია, რომელიც მაღალი დონის კორუფციის შემთხვევებს შეეხებოდა.“

დეკლარაციები, რომლებიც „თანხვედრაში მოდიოდა“

ანტიკორუფციულმა ბიურომ ვერ დაინახა შეუსაბამობები ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაციებში, რომლებშიც ის წლების განმავლობაში წერდა, რომ შემოსავლის სოლიდური ნაწილი მშობლებისგან საჩუქრად მიღებული თანხა იყო.

ღარიბაშვილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის [ფულის გათეთრება] 2026 წლის 12 იანვარს სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს. მან ბრალი აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა.

ბიურომ ასევე ვერ დააფიქსირა დარღვევები სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის დეკლარაციებში, რომელიც ახლა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

„მონიტორინგი გაიარა ყველამ: გრიგოლ ლილუაშვილმაც, ვახტანგ გომელაურმაც, ირაკლი ღარიბაშვილმაც. ყოველწლიურად გადის ეს ხალხი მონიტორინგს. არანაირი დარღვევები გამოვლენილი არ არის. მათი დეკლარაცია სრულიად მოდის თანხვედრაში…“,- თქვა რაჟდენ კუპრაშვილმა 2025 წლის ივლისში, მაღალჩინოსნების დაკავებამდე რამდენიმე თვით ადრე, როდესაც ჟურნალისტები მაღალჩინოსნების სავარაუდო კორუმპირებულობის შესახებ სვამდნენ კითხვებს.

„დეკლარაციაში ცდომილება თუ არ იყო რანაირად უნდა შეემჩნია. შეიძლება ობიექტური მიზეზი ჰქონდა ამის. ობიექტური მიზეზი თუ ჰქონდა, პასუხისმგებლობას როგორ მოვთხოვთ... თუ არ ჰქონდა ობიექტური მიზეზი, ყველას უნდა მოეთხოვოს. მე არ ვიცი, ასეთი ობიექტური საფუძველი, მგონია, რომ არ არსებობს“, - ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ BM.ge-ის კითხვას, დადგებოდა თუ არა დღის წესრიგში ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პასუხისმგებლობის საკითხი.

დღეს საქართველოში ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი და მინისტრების მოადგილეები კორუფციაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და ფულის გათეთრებაში არიან ბრალდებულები.

ასევე ნახეთ 2025 წელი - "ოცნება" ყოფილი ერთგული მაღალჩინოსნების წინააღმდეგ

„სამწლიანი არსებობის განმავლობაში ანტიკორუფციულ ბიუროს არცერთი ფაქტი არ გამოუვლენია, რომელიც მაღალი დონის კორუფციის შემთხვევებს შეეხებოდა. თუ ეს ყველაფერი ასე ხელის გულზე იდო, მაშინ ისმის კითხვა, სად იყო ანტიკორუფციული ბიურო?“, - ამბობს ნონა ქურდოვანიძე რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

„2022 წლიდან არსებობს ანტიკორუფციული ბიურო და მაშინ, როცა სუს-ის უფროსი კორუფციაში იყო გახვეული და ქოლცენტრები ჰქონდა, თავდაცვის მინისტრი ბიუჯეტის ფულს ჭამდა და პრემიერი ფულს ათეთრებდა, რაჟდენ კუპრაშვილის კანტორამ მე დამაჯარიმა, დეკლარაცია რატომ არ შეავსეო. თან საპარლამენტო მანდატზე უარი მქონდა ნათქვამი და მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ჩემი დეკლარაცია ისედაც ცარიელი ფურცელი იყო” - ამბობს ყოფილი დეპუტატი, ოპოზიციური კოალიცია „ცვლილებებისთვის” წევრი, ბორის „ჩელე“ ყურუა. დეკლარაციის შეუვსებლობის გამო ის 2025 წელს 1000 ლარით დააჯარიმა ანტიკორუფციულმა ბიურომ.

ამავე პერიოდში ანტიკორუფციულმა ბიურომ კიდევ რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი დააჯარიმა. მათ შორის: თენგიზ თევზაძე, ანა დოლიძე და ანი ქავთარაძე.

2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის ივნისამდე თანამდებობის პირთა დეკლარაციები „ტექნიკური ხარვეზის“ გამო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არ იყო.

„ქონებრივ დეკლარაციებზე დაყრდნობით არაერთი ჟურნალისტური გამოძიება მოგვიმზადებია, მათ შორის იმაზე, რომ თანამდებობის პირები მალავდნენ ოჯახის წევრებსა და მათ სახელზე გადაფორმებულ ქონებას. ასევე, როცა დეკლარაციებში არასწორად იყო მითითებული ქონება ან აშკარა აცდენა იკვეთებოდა შემოსავლებსა და ხარჯებს შორის. ანტიკორუფციული ბიუროს მიერ დეკლარაციების დახურვა გამოძიებების მომზადების პროცესში სერიოზულ ხელის შემშლელ ფაქტორად იქცა“, - გვიყვება „მონიტორის“ გამომძიებელი ჟურნალისტი, ნინო რამიშვილი.

ჟურნალისტის თქმით, იმ პერიოდში, როცა დეკლარაციებზე წვდომა შეზღუდული იყო, კონკრეტული თანამდებობის პირების დეკლარაციების მოთხოვნით ანტიკორუფციულ ბიუროს წერილობითაც მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

„დეკლარაციებზე წვდომის შეზღუდვის პერიოდში ჩვენ ანტიკორუფციულ ბიუროს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მივმართეთ და კონკრეტული თანამდებობის პირების დეკლარაციების მოწოდება ვთხოვეთ. ბიურომ გვიპასუხა, რომ დეკლარაციები საჯაროდ იყო გამოქვეყნებული და მათი ნახვა ვებგვერდზე შეგვეძლო, თუმცა იმ დროს დეკლარაციები დახურული იყო. მოგვიანებით, რაჟდენ კუპრაშვილთან ინტერვიუს ჩაწერისას, მან თავადაც დაადასტურა, რომ ვებგვერდს „ტექნიკური პრობლემა“ ჰქონდა“, - იხსენებს ნინო.

ასევე ნახეთ ანტიკორუფციულმა ბიურომ რადიო თავისუფლებას საჯარო მოხელეების დეკლარაციები არ მისცა

გაუქმება

ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმების შესახებ ცნობილი 2025 წლის 17 ნოემბერს გახდა. სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გამოაცხადა, რომ ბიუროს უფლებამოსილება გადაეცემოდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, როგორც „უფრო მაღალ და უფრო დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს.“

შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ ბიუროს ძირითადი საქმიანობა - თანამდებობის პირების, პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დეკლარაციების შეგროვება და მონიტორინგი საჯარო მმართველობის კონსტიტუციურ ჩარჩოში უკეთ შეესაბამებოდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

ანგარიშის ბოლო სიტყვები

„ჩვენმა გუნდმა კორუფციასთან სისტემური ბრძოლის გზაზე უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადადგა…“ - წერია რაჟდენ კუპრაშვილის მიმართვაში, რომელიც ანტიკორუფციული ბიუროს უკანასკნელ, 2025 წლის საქმიანობის შემაჯამებელ 31-გვერდიან ანგარიშს ერთვის.

„რამე კომენტარი გააკეთა რაჟდენ კუპრაშვილმა იმასთან დაკავშირებით, რომ ყველაზე უმაქნისი ინსტიტუტის უფროსი იყო და მის ცხვირწინ დატრიალებული ათასი კორუფციული სქემიდან ერთიც რატომ ვერ გაშიფრა?

ისედაც ყველამ იცის, რა და როგორ ხდებოდა. აგერ სუს-საც ევალებოდა კორუფციასთან ბრძოლა, მაგრამ მათი უფროსი თავად ზის ციხეში ქრთამის აღების ბრალდებით“, - ამბობს ბორის „ჩელე” ყურუა.

რადიო თავისუფლება რაჟდენ კუპრაშვილთან დაკავშირებას და კითხვების დასმას შეეცადა. მივწერეთ, ყოფილა თუ არა შემთხვევები, როდესაც საგამოძიებო ორგანოებმა მაღალი თანამდებობის პირთა წინააღმდეგ გამოძიება სწორედ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გამოვლენილი ფაქტების ან მონიტორინგის შედეგების საფუძველზე დაიწყეს, და თუ ასეთი შემთხვევები არსებობდა, დაახლოებით რამდენი იყო.

რაჟდენ კუპრაშვილმა გვიპასუხა, რომ ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს შეიკავებს.