რადიო თავისუფლებამ ამ სტატიაში შეკრიბა ყველა კითხვა, რომელთა გამოც გიგა ავალიანის ოჯახის წევრები და ახლობლები მიიჩნევენ, რომ საქმის გამოძიება უსამართლოდ და ხარვეზებით წარიმართა. ამ დეტალების დანახვა წარმოდგენას ქმნის არა მარტო ამ საქმის გამოძიების, არამედ, ზოგადად, სისტემის სისუსტეებსა და ხარვეზებზე.
ამ ვიდეოში ეკა კუპატაძე იხსენებს, რა წინააღმდეგობებს წააწყდა სამართლიანობის ძიებაში - ეს არის ამბავი მოქალაქესა და სახელმწიფოზე.
Your browser doesn’t support HTML5
ბარიერები, რომელსაც ეკა კუპატაძე სამართლიანობის ძიებისას წააწყდა
28 წლის მასწავლებელი გიგა ავალიანი თბილისში, თემქის დასახლებაში, არასრულწლოვანების თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა; ამ საქმეზე სხვადასხვა მუხლით ოთხი არასრულწლოვანი დააკავეს. მათგან ერთს, თავდასხმაში ბრალდებულს, ახალგაზრდა კაცისთვის ისეთი მძიმე დაზიანების მიყენებას ედავებიან, რომელსაც სიკვდილი მოჰყვა. ოჯახი მოითხოვს, რომ ეს საქმე შეფასდეს, როგორც ჯგუფური დანაშაული, რომელიც მასწავლებლის სიკვდილში პირდაპირ თუ ირიბად მონაწილეებს პასუხისმგებლობას დაუმძიმებს.
ყველაფერი ცემის შედეგად გარდაცვლილი მასწავლებლის საქმეზე წაიკითხეთ ამ ლინკზე.
პროკურატურის ზედამხედველობით, გიგა ავალიანის საქმეს გლდანი-ნაძალადევის პოლიცია იძიებდა.
ასევე ნახეთ რას ამბობენ არასრულწლოვნები ჩვენებებში - ყველაფერი მოკლული მასწავლებლის საქმეზეოჯახის ნაპოვნი ყურსასმენი და ქვა შემთხვევის ადგილზე
რა არ გააკეთა გამოძიებამ - ოჯახის პოზიცია
გამომძიებლებმა თავდასხმის ადგილზე ვერ იპოვეს გიგა ავალიანის ყურსასმენი, რომელიც მოგვიანებით მისმა ბიძამ აღმოაჩინა.
ვერ იპოვეს ვერც ქვა, რომელსაც ოჯახი მკვლელობის იარაღად მიიჩნევს. ეს ქვა, რომელიც ოჯახის ვერსიით სკვერიდანაა მოტანილი, ყურსასმენების მსგავსად ნათესავებმა იპოვეს.
ეკა კუპატაძის თქმით, პოლიციელებმა ამ ნივთმტკიცების დალუქვის სტანდარტი დაარღვიეს.
„ჩვენ დავუშვით, რომ ეს ქვა შესაძლოა მკვლელობის იარაღი ყოფილიყო, რადგან დაუჯერებელია, მხოლოდ მუშტით გატეხო [ადამიანის] შუბლის ძვალი. ვივარაუდეთ, რომ [ჩემს შვილს] რაღაც ჩაარტყეს... პოლიციის თანდასწრებით ვიპოვე მკვლელობის ადგილას მკვლელობის იარაღი, იაგო ტალახაძემ თანმხლებ პოლიციელს ხელი მოაკიდებინა ნივთმტკიცებაზე, ბიოლოგიური მასალის განზრახ დაზიანების რისკი შექმნა“, - იხსენებს ეკა კუპატაძე.
ადვოკატის თქმით, პოლიციამ არც ის ადგილი არ შეისწავლა, სადაც არასრულწლოვანები გიგა ავალიანს რამდენიმე დღე უთვალთვალებდნენ.
ეს არის სკამი, სადაც საქმის მასალების თანახმად, თავდამსხმელები გიგა ავალიანს ელოდებოდნენ.
„უკან გამწვანებული ადგილია, დგას ხე და ხის გარშემო დეკორატიული ქვებია შემოვლებული, წრეში აკლია ქვა, არასტანდარტული ფორმისაა, წაწვეტებული... ადგილი რომ თავის დროზე დაეთვალიერებინათ, ოქტომბრის დასაწყისში მოიპოვებდნენ ამ ქვას და მეტი ინფორმაციულობა ექნებოდა, ვიდრე თვე-ნახევრის შემდეგ“, - ამბობს ადვოკატი დარეჯან სულაშვილი.
რა დაშავდა ამით?
შემთხვევის ადგილზე მოკლულის ნივთის ვერშემჩნევამ ოჯახს გამოძიების არაეფექტურობაზე ეჭვები გაუმყარა. ამ ერთმა დეტალმა ყველა სხვა საგამოძიებო მოქმედების სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
„შემთხვევის ადგილი რომ სტანდარტების დაცვით დაეთვალიერებინათ და ეპოვათ გიგა ავალიანის ყურსასმენი, მიხვდებოდნენ, რომ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ბრალდებული ტყუოდა, როცა ამბობდა, რომ სახლში მიმავალ ავალიანს დაუძახა, მან კი გამოხედა“, - ამბობს ავალიანის ბიძა ირაკლი კუპატაძე.
„მენაგვეები ხომ არ ვართ“, - ეს პასუხი მოისმინა პოლიციელისგან ირაკლი კუპატაძემ, როცა დაინტერესდა, რანაირად ვერ დაინახეს ყურსასმენი, ან თუ დაინახეს, რატომ დატოვეს.
„შემთხვევის ადგილი, რომ სტანდარტების დაცვით დაეთვალიერებინათ, იპოვიდნენ ქვას, რომელიც იმ მომენტში უფრო მდიდარი ინფორმაციის მატარებელი იქნებოდა მფლობელზე, ვიდრე თვე-ნახევრის შემდეგ“, - ამბობს ადვოკატი დარეჯან სულაშვილი.
დაგვიანებით, თუმცა მაინც ნაპოვნ დანაშაულის სავარაუდო იარაღს, ქვას, პოლიციამ კიდევ უფრო შეუმცირა ზედაპირზე ბიოლოგიური მასალის შენარჩუნების შესაძლებლობა, როცა პოლიციელი მას გადმოტრიალების მიზნით ხელთათმანის გარეშე შეეხო.
ოჯახი არაფერს ამტკიცებს, თუმცა არ სჯერათ პროკურატურის ვერსიის, რომ გიგა ავალიანის შუბლის ძვალი შესაძლოა მუშტს გაეტეხა. ეს საქმის მთავარი კითხვაცაა.
„პროკურატურამ ვერ დადო მკვლელობის სურათი, არ იციან როგორ მოკვდა გიგა“, - ამბობს ეკა კუპატაძე.
ამ ვიდეოში ეკა კუპატაძე ჰყვება, რა მიზეზით ვერ გახსნა გამოძიებამ გიგა ავალიანის ტელეფონი და რა (არ)გააკეთა გამოძიების ეტაპზე.
Your browser doesn’t support HTML5
„არ ვიცი რა ახსნა აქვს, ჩხრეკას რომ არ ჩაატარებ მკვლელთან“, - ეკა კუპატაძე მტკიცებულებების არასრულყოფილად შეგროვებაზე
გამოძიება ჩხრეკის გარეშე
რა არ გააკეთა გამოძიებამ - ოჯახის პოზიცია
გიგა ავალიანის ოჯახის ცნობით, პოლიციას არ გაუჩხრეკია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ბრალდებული არასრულწლოვანის საცხოვრებელი სახლი.
არ არის ამოღებული და დალუქული ის სამოსი, რომელიც თავდასხმის დროს ეცვათ, მათ შორის ფეხსაცმელი, რომლითაც, ეკა კუპატაძის თქმით, მის ძირს დაგდებულ შვილს ურტყამდნენ.
რა დაშავდა ამით?
ბრალდებულების ნივთების ექსპერტიზაზე გაგზავნის შემთხვევაში, შესაძლოა მიეგნოთ მტკიცებულებებისთვის, რომლებიც გამოძიებას დანაშაულის სურათის აღდგენაში დაეხმარებოდა.
ბრალდებულებმა თავიანთი ხელით მიიტანეს სამოსის ნაწილი პოლიციაში. ერთმა თქვა, რომ ჟაკეტი, რომელიც გარედან ეცვა, გაყიდა, მეორე ბრალდებულმა კი პოლიციას უთხრა, რომ ის ქუდი, რომელიც თავდასხმის დღეს მეხურა, დავკარგეო.
ოჯახის თქმით, პოლიციას სახლის ჩხრეკისას შესაძლოა ეპოვა ან არ ეპოვა დანაშაულის იარაღი. თუმცა ახლა ეს უკვე მხოლოდ სპეკულაციის საგანი გახდა.
„იცით რა არგუმენტი მითხრეს? რა აზრი აქვს, გადააგდებდაო, სახლში ვინ ინახავს იარაღსო, მაგ ლოგიკით არცერთი დამნაშავის სახლი არ უნდა გავჩხრიკოთ“, - ამბობს დარეჯან სულაშვილი.
არასრულყოფილად აღწერილი დაზიანებები
რა არ გააკეთა გამოძიებამ - ოჯახის პოზიცია
გამომძიებელმა იაგო ტალახაძემ კლინიკაში უგონო მდგომარეობაში მყოფ გიგა ავალიანს ფოტო გადაუღო, თუმცა საქმის მასალებში მტკიცებულებად არ ჩადო.
ქართულ-ჰოლანდიური კლინიკის ექიმმა კი, ავალიანის ოჯახის თქმით, დაზიანებები ოფიციალურ სამედიცინო დოკუმენტაციაში არ ასახა.
რა დაშავდა ამით?
ეკა კუპატაძის თქმით, პოლიციელის გადაღებულ ფოტოზე ჩანს, რომ გიგა ავალიანს თავსა და ტანზე სისხლნაჟღენთები ჰქონდა, რაც ექიმების აღწერილს არ ემთხვევა.
„როცა მიხვდნენ, რომ ჩემ შვილს ვეღარ გადაარჩენდნენ, ექიმმა თავის გადარჩენა დაიწყო, ფორმა 100-ში ინფორმაცია მიზანმიმართულად სრულყოფილად არ შეიტანა, შეეშინდა...
... ფორმა 100-ის თანახმად, ექიმმა ვერ შეამჩნია ჰემატომა, კრუნჩხვა...მაგრამ რაც არის აღწერილი ფორმა 100-ში, ისიც მსუყეა იმისთვის, რომ პოლიცია მიმხვდარიყო, რომ ეს იყო ჯგუფური დანაშაული...“ -ამბობს ეკა კუპატაძე.
გამოძიებამ ფოტო საქმის მასალებს ორი თვის შემდეგ, მხოლოდ მაშინ დაურთო, რაც ადვოკატმა გამომძიებლის პატაკის კითხვისას ასეთი ფოტოს არსებობა აღმოაჩინა.
„18 ნოემბერს აღმოვაჩინე დეტექტივის პატაკი პოლიციის უფროსისადმი, პირველ ოქტომბერს გადავუღე ფოტო გიგა ავალიანს და გთხოვთ დაურთოთ მტკიცებულებადო... რისთვის ინახავდა პოლიცია ამ ფოტოს? იცოდა, რომ სხვა დაზიანებაც ჰქონდა, ინახავდა ტელეფონში და მერე გამოაჩინეს, როცა ეკამ დაიწყო ყვირილი?“ - ამბობს ადვოკატი დარეჯან სულაშვილი.
სად გაქრა ეჭვი ჯგუფურ დანაშაულზე?
რა არ გააკეთა გამოძიებამ - ოჯახის პოზიცია
თავდაპირველად, პოლიცია მომხდარს ჯგუფურ დანაშაულად განიხილავდა, გიგა ავალიანის გარდაცვალების შემდეგ კი ეს დამამძიმებელი კონტექსტი გამორიცხა.
ორი არასრულწლოვანისთვის წარდგენილ ბრალში ჯგუფური დანაშაული ნახსენები აღარ არის. ოჯახი კი ამ საქმესთან დაკავშირებულ ყველა არასრულწლოვანს, მათ შორის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულებსაც, ჯგუფური დანაშაულის მონაწილეებად მოიაზრებს.
რამდენიმე დღის წინ, 14 იანვარს, პროკურატურამ შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანებს ბრალი ჯგუფური დანაშაულით დაუმძიმა.
თუ პროკურატურა თავდაპირველად ამბობდა, რომ დემეტრე ჩიქოვანმა დანაშაულის შესახებ იცოდა, მაგრამ დაფარა, ახლა ამბობს, რომ ის ამზადებდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჯგუფურად, რაც განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულია.
ა.ნ.-ს აქამდე პროკურატურა მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, ახლა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენეს ბრალი.
ეს ნაბიჯი გიგა ავალიანის ოჯახისთვის აღიარებაა, რომ პროკურატურა პირველად დაკავებულ ორ არასრულწლოვანს არასწორი მუხლებით ასამართლებს.
გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვანის საქმის განხილვა ორ ჯგუფადაა გაყოფილი.
17 წლის მოზარდს ინიციალებით ა.გ. ბრალი წარედგინა - ისეთი მძიმე დაზიანების მიყენება, რასაც სიკვდილი მოჰყვა [„ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“].
მეორე დაკავებულს, ინიციალებით გ.რ. ბრალი დასდეს იმაში, რომ ის მძიმე დანაშაულის მომსწრე გახდა, პოლიციას კი არ შეატყობინა [„მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა“].
დაკავებულების ამ ჯგუფში არც „ჯგუფური დანაშაულია სადმე ნახსენები და არც განსაკუთრებით მძიმე დანაშაული“.
რა დაშავდა ამით?
მაშინ, როცა საქმე უკვე არსებითი განხილვის ეტაპზეა სასამართლოში, პროკურატურას კანონი ბრალის დამძიმების უფლებას აღარ აძლევს.
მთავარი ბრალდებულების, ა.გ.-სა და გ.რ.-ს საქმე კი უკვე არსებითად განიხილება. მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილია.
ანუ გამოდის, რომ ის ორი არასრულწლოვანი, რომლებიც თავდასხმის მონაწილეები არიან, უფრო მსუბუქი მუხლით შეიძლება დაისაჯოს, ვიდრე ისინი, ვინც უშუალოდ ადგილზე არ იყვნენ, მაგრამ სხვადასხვა ფორმით შესაძლოა ჩართული იყვნენ დანაშაულის მომზადებაში.
რატომ შეძლო პროკურატურამ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანების მეორე ჯგუფში ბრალის დამძიმება? - იმიტომ, რომ ამ საქმეზე სასამართლოში არსებითი განხილვები ჯერ არ დაწყებულა და პროკურატურას კიდევ ორი თვე აქვს ბრალის დასაზუსტებლად.
გამოძიება დანაშაულის მოტივად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაკავებული ბიჭის „მეგობარ გოგონასთან ავალიანის არასასურველ კომუნიკაციასა და ეჭვიანობას“ ასახელებს. ნ.ი. [გოგო] გიგა ავალიანის მოსწავლე იყო. მოკლული მასწავლებლის ოჯახი გიგას მოსწავლეს დანაშაულის თანამონაწილედ მიიჩნევს და მის დაკავებას მოითხოვს. ეკა კუპატაძე დარწმუნებულია, რომ ავალიანის მოსწავლე დაგეგმილი ანგარიშსწორების შესახებ ინფორმირებული იყო.
აი, მისი არგუმენტები:
- „14 ოქტომბერს დაიკითხა ნ.ი. [გიგა ავალიანის მოსწავლე გოგონა] აქო და ადიდა გიგა მასწავლებელი, იმ დღეს ალიბის შესაქმნელად, 20 ლარი ჩარიცხა მისმა შეყვარებულმა [ა.გ] ჩემი შვილის ანგარიშზე, ,,გიგას დასახმარებლად!"
- „16 ოქტომბერს ა.გ. გარბის საქართველოდან! (მოსწავლე გოგოს დაკითხვიდან 2 დღის შემდეგ!“
- „მეორედ ნ.ი. დაკითხეს 20 ოქტომბერს, რადიკალურად შეცვალა ჩვენება, რომ გიგა არღვევდა მის პირად სივრცეს, ეუბნებოდა კომპლიმენტებს და 29 სექტემბერს შესთავაზა სახლში გაცილება, ამის შემდეგ აღარ მივიდა გაკვეთილზე, რადგან თავი იგრძნო შეურაცხყოფილად“.
Your browser doesn’t support HTML5
ეკა კუპატაძე სკოლასა და საზოგადოებაზე - გიგა ავალიანის საქმე
დაზარალებულის დარღვეული უფლებები
საქმის მასალებზე უარი გაუქმებულ კანონზე მითითებით
ავალიანის ოჯახს საქართველოს პროკურატურამ საქმის მასალების ასლები 100-დღიანი ლოდინის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ გადასცა. ეკა კუპატაძე ახლა კითხულობს 10-ტომიან საქმეს. მისთვის გაუთქმელობის დოკუმენტზე ხელის მოწერა აღარ უთხოვიათ, არადა პროკურატურა საჯაროდ გამოქვეყნებულ განცხადებაში არგუმენტად სწორედ ამ პირობას ასახელებდა.
პროკურორი ოჯახს საქმის მასალების გადაცემაზე უარს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ ნორმაზე მითითებით ეუბნებოდა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ ჯერ კიდევ 5 წლის წინ გააუქმა.
ეს განცხადება დაურთეს ამ პროკურორის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნის შესახებ პროკურატურაში შეტანილ მოთხოვნას გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატებმა.
გიგა ავალიანის საქმე ათი ტომია.
„პროკურორმა მიხეილ კუპრაშვილმა გაუქმებულ, არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმაზე დაყრდნობით უთხრა უარი დაზარალებულ მხარეს საქმის მასალების ასლების გადაცემაზე", - განმარტავს ხატიაშვილი და ამატებს, რომ ამ პროკურორის უკანონო მოქმედებად გამოიწვია ის, რომ ეკატერინე კუპატაძე საქმის ასლებს ვერ გაეცნო“.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად ცნო ის საკანონმდებლო ნორმა, რომელიც გამორიცხავს დაზარალებულის შესაძლებლობას, მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს ასლის სახით.
გიგა ავალიანის ოჯახის წევრების მთავარი პრეტენზიები მიემართება პოლიციელ იაგო ტალახაძეს და პროკურორ მიხეილ კუპრაშვილს. ეკა კუპატაძის თქმით, მათ გამოძიების სხვადასხვა ეტაპზე სამსახურებრივი გულგრილობა გამოიჩინეს.
სამსახურებრივი გულგრილობა ანუ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით შინაპატიმრობით ან სულაც პატიმრობით. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სიმძიმის ზიანი მოჰყვა გულგრილობას.
- იაგო ტალახაძე გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მაღალჩინოსანია.
- მიხეილ კუპრაშვილი კი გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორი.
გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატებმა პროკურატურაში განცხადება შეიტანეს და მათ წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება მოითხოვეს.
ბრალდება ექიმების დაგვიანებულ რეაგირებაზე
Your browser doesn’t support HTML5
ეკა კუპატაძე მისი შვილის, გიგა ავალიანის საქმეში ექიმების პასუხისმგებლობასაც ხედავს
ოჯახმა ჯანდაცვის სამინისტროს მარეგულირებელ ორგანოსაც მიმართა, მიაჩნიათ, რომ გიგა ავალიანს ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში მკურნალობა დაუგვიანდა. მოკვლევა ამ დრომდე გრძელდება.
ოჯახის ცნობით, მათ ივარაუდეს, რომ უგონოდ მყოფი გიგა ავალიანი, რომელიც ქუჩაში დაგდებული თემქელმა ბიჭებმა იპოვეს და სასწრაფოს გამოუძახეს, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო.
„ბავშვს თავი რომ ამოებერა, შეშუპება რომ დაიწყო და ფორმა შეეცვალა, ატეხეს ყვირილი დედამ და ბიძამ, ნახეთ, კატე სასწრაფოდო, [მანამდე] კაციშვილს ყური არ გაუბერტყია [რადიოლოგის გაშიფრულს ელოდნენ, არ შეხედეს დამატებით]... ოპერაციაც დაგვიანდა და კატეზე გამოჩნდა, რომ შუბლის ძვალია გატეხილი“, - ამბობს ადვოკატი.
გიგა ავალიანის ბიძის, კახა კუპატაძის თქმით, კლინიკაში მყოფი ორი პოლიციელი მათ უმტკიცებდა, რომ გიგა ავალიანი ნარკოლოგიური თრობის შედეგად დაეცა და იმიტომ ჰქონდა დაზიანებები, არადა „ტვინმა გამოჟონა, მე და ნიკამ [ავალიანის ძმა] დავინახეთ“, - იხსენებს ეკა კუპატაძე.
ჯანდაცვის სამინისტროში რადიო თავისუფლებას დაჰპირდნენ, რომ სიახლის შემთხვევაში, დაგვიკავშირდებიან. პასუხი სტატიაში აისახება. კლინიკაში კი მოკვლევის დასრულებამდე კომენტარის გაკეთება არ სურთ.
არაპროფესიონალიზმი თუ ინტერესი?
პროკურატურა სახელმწიფო ბრალმდებელია. ის სასამართლოში დაზარალებული მხარის ინტერესებს იცავს. ავალიანის ოჯახი დაზარალებული მხარეა.
როცა ბრალდებულები აკრიტიკებენ პროკურატურას, ეს იშვიათად უკვირთ ხოლმე, დაზარალებული მხარის კრიტიკა კი არ შეიძლება ბუნებრივი იყოს.
ეს იგივეა, ბრალდებულმა თავისი ადვოკატი აკრიტიკოს, თუმცა მას შეუძლია ადვოკატი შეცვალოს.
რა ინტერესი აქვს პროკურატურას, არ გამოიძიოს გიგა ავალიანის საქმე, რომელიც მას რეპუტაციულად აზიანებს?
პროკურატურასთან აქციებზე მისულების დიდი ნაწილი მასწავლებელია, სიტყვით გამოდიან სხვა შვილმოკლული ოჯახები და საგამოძიებო სტრუქტურას ბრალდებებს უყენებენ. ეკა კუპატაძეს საზოგადოების დიდი მხარდაჭერა აქვს.
გიგა ავალიანის ოჯახსა და ადვოკატებს ზუსტი პასუხი არ აქვთ და პროკურატურის ქმედებებს რამდენიმე მიზეზით ხსნიან, ეს შეიძლება იყოს:
- ვიღაც გავლენიანის ინტერესი - ვისი, ჯერ ხელში რაიმე ფაქტი არ უჭირავთ;
- ან არაპროფესიონალიზმი, უპასუხისმგებლობასა და სამსახურებრივ გულგრილობასთან ერთად.
ზაზა ხატიაშვილის თქმით, ორივე მიზეზი სისტემურ პრობლემაზე მიანიშნებს და დაუსჯელობის სინდრომის შედეგია.
„ევროსასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებზე არავინ რეაგირებს.. პროკურორები, რომლებიც ასეთ საქმეებს აყალბებენ, ციხეში არ სხედან, არავის აკავებენ იმ საქმეებზე, რომელზეც სტრასბურგმა უფლებების დარღვევა დაადგინა... რაც იყო პროკურატურა, ის უკანონო დარჩა“, - ამბობს ხატიაშვილი.
პოლიციელი და მოქალაქე - ამ ვიდეოში ეკა კუპატაძე ჰყვება თავის გამოცდილებაზე, რომელმაც ღირსება შეულახა.
Your browser doesn’t support HTML5
პოლიციელი და მოქალაქე - ეკა კუპატაძე თავის გამოცდილებაზე ჰყვება
გიგა ავალიანის ოჯახის ბრძოლის შედეგი
მას შემდეგ, რაც მოკლული მასწავლებლის ოჯახმა საპროტესტო აქციები დაიწყო და არასრულყოფილ გამოძიებაში პროკურატურა და პოლიცია ამხილა, საგამოძიებო უწყებამ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა.
- ოჯახს საქმის მასალების ასლი გადასცა;
- ბრალი დაუმძიმდა შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ორ არასრულწლოვანს.
ბრალდებულ დემეტრე ჩიქოვანის ოჯახი პროკურატურის ამ ნაბიჯს აპროტესტებს, არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ მთავარი პროკურორი გიორგი გვარაკიძე „საქმის ჩაფარცხვას“ მისი შვილის გაწირვით ცდილობს.
ასევე ნახეთ ბრალი დაუმძიმეს გიგა ავალიანის საქმეზე შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ორ არასრულწლოვანსპროკურატურა რადიო თავისუფლებასთან ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. აცხადებენ, რომ სიახლეები არის, თუმცა პასუხისთვის დრო სჭირდებათ. საკითხავი ისიცაა, ავალიანის ოჯახის მოთხოვნების დაკმაყოფილება ბრალდებულების ოჯახებსაც ხომ არ გამოიყვანს ქუჩაში.
დემეტრე ჩიქოვანის დედამ სოფო ჩიქოვანმა თქვა, რომ 17 იანვარს პროკურატურასთან აქციას გამართავს.