არაფორმალური მმართველობა ნესტორ ლაკობას აფხაზეთში - “პატრონების” და “კლიენტების” ქსელის ამბები

ეს არის ამბავი იმაზე, როგორ მართავდა აფხაზი ბოლშევიკი ნესტორ ლაკობა ეთნიკურ-კლიენტელური ქსელის ძალით ადრეულ საბჭოთა აფხაზეთს, სადაც მთავარი მოთამაშეები ე.წ. "პატრონები" და "კლიენტები" იყვნენ და როგორი იყო ეს არაფორმალური მმართველობა.

ეს არის ამბავი კაცისა, რომელიც ნეპოტიზმის, კორუფციის, ფლანგვის, გამოძალვის, მკვლელობების ბრალდების გამო, არაერთი სასამართლო პროცესის თუ საგამოძიებო კომისიების კვლევის ობიექტი გახდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ის და მისი გარემოცვა მრავალი წლის განმავლობაში, მაინც ახერხებდა ძლევამოსილი მფარველების დარწმუნებას თავიანთ შეუცვლელობაში.

1920-1930-იანი წლების აფხაზეთისა და იქ მოქმედი „პატრონებისა“ და „კლიენტების“ ქსელის ამბები საზოგადოებისათვის დღემდე უცნობ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით იკვლია და აღწერა ისტორიკოსმა და სამხრეთ კავკასიის მკვლევარმა ტიმოთი ბლაუველტმა თავის წიგნში „კლიენტელიზმი და ეროვნება ნესტორ ლაკობას საბჭოთა აფხაზეთში“, რომელიც ქართულად ქეთი ქანთარიამ თარგმნა და გამომცემლობა „ზიარმა“ დასტამბა. წიგნის პრეზენტაცია კი 6 თებერვალს, ლიტერატურის მუზეუმში გაიმართა.

ამ წიგნს, რომელიც თავდაპირველად ინგლისურ ენაზე, 2021 წელს დაიბეჭდა, ჰქვია „The trials of Nestor Lakoba“ - და როგორც ავტორი ამბობს, ეს სათაური შეიძლება სხვადასხვა მნიშვნელობით ითარგმნოს, როგორც „ნესტორ ლაკობას სასამართლოები“ ან „ლაკობას განსაცდელები“ - სწორედ ეს ამბები გასდევს წიგნს მთავარ ხაზად. ამბები მითიურ საბურველში გახვეული კომუნისტი ლიდერისა, ვისაც, მისი წარსულის მიუხედავად, აფხაზეთში მაინც უდგამდნენ ძეგლებს, მისი პორტრეტი კი დამოუკიდებლობის მოსურნე აფხაზეთის მარკებზე გამოსახეს.

თუმცა ნესტორ ლაკობას (1893-1936) სახელი მისი სამშობლოს გარეთ დიდხანს არავინ იცოდა. არაერთ კითხვას გაეცა პასუხი მას შემდეგ, რაც სტენფორდის უნივერსიტეტის ჰუვერის ინსტიტუტში, ლაკობას პირადი არქივი იპოვეს: დოკუმენტებითა და ფოტოებით სავსე სამი ყუთი, რაც ფასდაუდებელ მასალად იქცა ტიმოთი ბლაუველტის მომავალი წიგნისთვის.

ნესტორ ლაკობა, 1920-იანი წლები

ვინ იყო ნესტორ ლაკობა?

აფხაზი ბოლშევიკის, ნესტორ ლაკობას წარმატების და პირადი ძალაუფლების უკან მისი მფარველები, იოსებ სტალინი და სერგო ორჯონიკიძე იდგნენ.

„თქვენი უმცირესი ჟესტიც კი წმინდა კანონია ჩემთვის და მას უყოყმანოდ და უფიქრელად აღვასრულებ. გულის დაფარულ სიღრმეებშიც კი“ (ლაკობა - სტალინს).

თუმცა, როგორც წიგნის შესავალ წერილშიც ვკითხულობთ, დაკარგა თუ არა ეს მხარდაჭერა, ის ლავრენტი ბერიას მსხვერპლად იქცა. თუმცა იქამდე, ლაკობა თავისი მფარველების გამოყენებისა და პროტეჟეს განსახიერების დიდოსტატად მიიჩნეოდა.

აფხაზეთს, მისი მმართველობის დროს, „ლაკობისტანიც“ კი შეარქვეს.

აფხაზეთის ფაქტორი და საბჭოთა დროის კლიენტელიზმი

ტიმოთი ბლაუველტი

ტიმოთი ბლაუველტი ჰყვება, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ის საბჭოთა აფხაზეთის კვლევით დაინტერესდა, ცეკას (საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის) პირველი მდივნის, აკაკი მგელაძის მემუარებია - წიგნი, სათაურით „სტალინი, როგორც მე მას ვიცნობდი“. მგელაძე ამ მემუარებში იხსენებს სტალინის სტუმრობებს აფხაზეთში, მასთან პირისპირ შეხვედრებს და „ამ ურთიერთობის წყალობით მოგვარებულ არაერთ პრობლემას“ (будет сделано!).

ისტორიკოსი შენიშნავს, რომ უმაღლეს ლიდერებთან პირისპირ საუბრის შესაძლებლობა დიდი პოლიტიკური კაპიტალი იყო - სტალინი კი ზაფხულის სამ თვეს ატარებდა 1920-იან წლებში, ელიტურ კურორტად ქცეულ აფხაზეთში, სადაც მასთან ერთად სხვა ხელმძღვანელი პირებიც ჩადიოდნენ. ნესტორ ლაკობასაც, ამის გამო, ხშირი ურთიერთობა ჰქონდა სტალინთან.

1934 წელს მისთვის გაგზავნილ წერილში ის მას ასე მიმართავს: „ძვირფასო კობა“. შემდეგ კი შეერთებულ შტატებში მოგზაურობის გეგმებს უზიარებს ციტრუსოვანი კულტურების შესაძენად.

ნესტორ ლაკობა „ლინკოლნზე“, 1920-იანი წლების დასაწყისი

აფხაზეთში ამ დროს 26 სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელი ცხოვრობს, თუმცა მათგან „სატიტულო“ ეროვნების აფხაზები უმცირესობაში არიან. აფხაზეთს, ჩრდილოეთის იმპერიის ამ სუბტროპიკულ მხარეს, დამატებით მნიშვნელობას ისიც სძენდა, რომ მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთვის, სწორედ იქ იწარმოებოდა საბჭოთა კავშირში წარმოებული თამბაქოს თითქმის ნახევარი.

ნესტორ ლაკობა მაშინ აფხაზეთის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა იყო. მას ყველა იცნობდა. როგორც წიგნის ავტორი გვიამბობს, მას სხვა საბჭოთა მმართველებისგან განასხვავებდა მმართველობის სტილიც - ის არ ყვიროდა, არ ილანძღებოდა. სტალინი მას „გლუხოის“ - ყრუს ეძახდა დაქვეითებული სმენის გამო.

„ლაკობა კარგ ჩამცმელად იყო ცნობილი, გონივრული მეტყველებითა და ორატორული ოსტატობით, აფხაზური ხალხური გამონათქვამების სიყვარულით გამოირჩეოდა. იგი თითქმის ყრუ იყო და დიდ ელექტრონულ სასმენ აპარატს არ იშორებდა. აფხაზ გლეხკაცობაში ლაკობა უდავო პოპულარობით სარგებლობდა და ჰქონდა საკუთარი, გამოკვეთილი სტილი, რომელიც ძლიერ განსხვავდებოდა სტალინისდროინდელი პარტიული ლიდერის ტიპური „ჰეროიკულ-ქარიზმატული“ სახებისგან“ (ამონარიდი წიგნიდან).

უცნობი დოკუმენტები ლაკობას გადარჩენილი არქივიდან

დღემდე უცნობია, როგორ მოხვდა ჰუვერის ინსტიტუტში ნესტორ ლაკობას არქივი. წიგნის ავტორის, ტიმოთი ბლაუველტის ვარაუდით, თავის დროზე ლაკობას არქივი გაიყიდა.

სამაგიეროდ, ვიცით, როგორ გადარჩა ეს არქივი - ნესტორ ლაკობას ცოლმა, სარიამ, 1937 წელს, სტალინური ტერორის პიკში, დემონსტრაციულად დაწვა ეზოში რაღაც დოკუმენტები, თუმცა ძირითადი არქივი საკუთარი ბინის იატაკქვეშ გადამალა. ეს დოკუმენტები და ფოტოები წლების შემდეგ იპოვა გულაგიდან დაბრუნებულმა მისმა უმცროსმა ძმამ.

სარია და ნესტორ ლაკობები, 1920-იანი წლები

ტიმოთი ბლაუველტმა ამ სამ ყუთში ფასდაუდებელი მასალა აღმოაჩინა - მათ შორის, აფხაზეთში ლევ ტროცკის ყოფნასთან დაკავშირებული მიმოწერა, ლაკობას მიერ ლავრენტი ბერიას კანდიდატურის მხარდასაჭერი წერილები, ლაკობას საქებარი სტალინისეული ჩანაწერები... ფოტოები. მათ შორის, ახალგაზრდა ბერიას ფოტო სტალინის ქალიშვილ სვეტლანა ალილუევასთან ერთად, პირადი წერილები და სხვა.

ეს მასალა, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის არქივში დაცულ დოკუმენტებთან ერთად, უკვე შესაძლებელს ხდიდა როგორც ლაკობას ფიგურაზე, ისე, ადრეული საბჭოთა პერიოდის აფხაზეთზე აქამდე მოუთხრობელი ისტორიის აღდგენას.

კლიენტელიზმი - "პატრონების" და "კლიენტების" საბჭოთა ქსელი

როგორც წიგნის ავტორი გვიამბობს, ბოლშევიკების ცენტრალურ ხელმძღვანელობას, საკუთარი პოლიტიკის გასატარებლად და დირექტივების აღსასრულებლად, ახალშექმნილი ეთნოტერიტორიული სისტემის ახალ, „ნაციონალურ“ რესპუბლიკებში, სანდო კლიენტელური ჯგუფები უნდა გაეძლიერებინა.

ასეთი ჯგუფების წევრები უნდა ყოფილიყვნენ მოცემული ტერიტორიის „სატიტულო“ ეროვნების წარმომადგენლები - ამ შემთხვევაში - აფხაზები. ეს ხალხი ატარებდა „ცენტრის“ პოლიტიკას და მოსახლეობას რეჟიმის ამოცანებს აცნობდა. სწორედ ერთ-ერთ ასეთ ქსელს ხელმძღვანელობდა ნესტორ ლაკობა აფხაზეთის პატარა რესპუბლიკაში.

როგორ ხდებოდა, რომ საბჭოთა კავშირში, სადაც ბოლშევიკები, მოსახლეობასთან შედარებით, უმცირესობაში იყვნენ, მაინც ახერხებდნენ მართვას და ყველაფერი კეთდებოდა ისე, როგორც მათ სურდათ? საბჭოთა კავშირის გარიჟრაჟზე ეს სწორედ არაფორმალური ქსელების და პირადი ნაცნობობის საშუალებით კეთდებოდა. ამ ქსელებს თავისი სახელებიც ჰქონდა - ადგილობრივ დაჯგუფებებს „გნეზდოს“ - ბუდეს ეძახდნენ. იერარქიულად უფრო მაღლა მყოფ ჯგუფებს კი „ხვოსტი“ - კუდი ერქვა.

მარცხნიდან მარჯვნივ: სტალინის ქალიშვილი სვეტლანა, ი.სტალინი, ნ. ლაკობა. უკანა პლანზე ლ, ბერია. სტალინის აგარაკი, 1930-იანი წლების დასაწყისი

„ცენტრს“ სჭირდებოდა აერჩია ადგილობრივი პირები, „კლიენტები“, ვისაც იმას გააკეთებინებდნენ, რაც სურდათ. ეს, როგორც წიგნის ავტორი გვიაბობს, რაღაცით ჰგავდა არასამთავრობო ორგანიზაციის მუშაობის პრინციპს: ის გასცემს გრანტს და აწესებს მოთხოვნებს, თუ რა უნდა გაკეთდეს ამ ფულით. ეს გრანტის გამცემს ძალაუფლებას ანიჭებს.

ასეთივე სისტემა არსებობდა „ცენტრსა“ და „კლიენტებს“ შორის. „ცენტრი“ წყვეტდა, ვინ იქნებოდა ადგილობრივი მმართველი, „პრინცი“, რომელსაც თავისი წილი ძალაუფლება ეძლეოდა.

ამას ემატებოდა „ნაციონალური“ საკითხიც:

„ამ კუთხით, საბჭოთა კავშირმა შექმნისთანავე ჩამოაყალიბა გარკვეული პოლიტიკა. საბჭოთა რეჟიმი ცდილოდა მოეხდინა ნაციონალიზმის დეპოლიტიზირება ნაციონალისტებისთვის იმის მიცემით, რაც მათ სურდათ. ეს ერთგვარი დადებითი დისკრიმინაციის პოლიტიკა იყო ე.წ. კორენიზაცია. და ამ პროცესში მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მათ მიერ არჩეული „კლიენტები“ „სატიტულო“ ეროვნებისა უნდა ყოფილიყვნენ - აფხაზეთის შემთხვევაში, აფხაზები, რომლებიც მშვენივრად ხედავენენ, რომ „ცენტრს“ ისინი თავისი მიზნების მისაღწევად სჭირდებოდა“, - ამბობს ტიმოთი ბლაუველტი.

ნესტორ ლაკობასა და მისი გარემოცვისთვის კი მთავარი იყო, „ცენტრს“ (და მაშინ ორი ასეთი „ცენტრი არსებობდა - თბილისი და მოსკოვი) მხოლოდ ისინი აერჩია და მათი მუდმივი მხარდაჭერა ჰქონოდა.

თუ წიგნში აღწერილ, ლაკობას „სასამართლოებს“ ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ ყოველი კრიზისის დროს, იქნებოდა ეს „რიფის ამბოხი“ (ლაკობას ზოგიერთი აფხაზი კლიენტის ამბოხი მის წინააღმდეგ, როცა 1925 წელს ლაკობა ძალაუფლებას კინაღამ ჩამოაშორეს), თამბაქოს წარმოების გარშემო ატეხილი „წებელდის სკანდალი“ თუ სხვა, ნესტორ ლაკობა ძალაუფლების შენარჩუნებას სწორედ თავისი თბილისური და მოსკოვური კავშირებით ახერხებდა.

ბერია და ლაკობა

სად იყო ამ დროს ლავრენტი ბერია?

ტიმოთი ბლაუველტი გვიჩვენებს სოხუმში გადაღებულ ერთ ჯგუფურ ფოტოს, რომელზეც ახალგაზრდა ლავრენტი ბერია ნესტორ ლაკობას გვერდით ზის და ყურში რაღაცას ეუბნება. ჰუვერის ინსტიტუტში აღმოჩენილ დოკუმენტებში ლაკობასა და ბერიას ურთიერთობის ამსახველი წერილობითი საბუთებიცაა დაცული, რომელიც აჩვენებს, როგორ იყენებდნენ ისინი ერთმანეთს და იმასაც, თუ რა როლი ითამაშა ნესტორ ლაკობამ ლავრენტი ბერიას კარიერულ აღზევებაში.

ლ. ბერია (შუა რიგის მარცხენა კიდეში), მის გვერდით ნ. ლაკობა (თეთრი პერანგითა და კეპით) და სხვები. დაცულია ჰუვერის ინსტიტუტის ნ.ა. ლაკობას კოლექციაში.

„ამიერკავკასიაში ერთადერთი, ვინც ნამდვილად მუშაობს, ბერიაა. ჩვენ შეიძლება მის მიმართ მიკერძოებულიც ვიყოთ“ (ლაკობა - სტალინს).

ტიმოთი ბლაუველტი გვიამბობს, რომ ლაკობას საქაღალდეებში დევს 1932 წლის ზაფხულში ლაკობას მიერ ბერიასთვის მიწერილი ორი წერილი. ამ პერიოდში, ბერია, რომელიც დააწინაურეს და საქართველოს კომპარტიის პირველ მდივნად დანიშნეს, ცდილობდა, რეგიონის უმაღლეს თანამდებობაზე ჩაენაცვლებინა მამია ორახელაშვილი, ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პირველი მდივანი. მიმოწერის შავ ვარიანტში, ლაკობა ბერიას წვრილად მოუთხრობს, რა საუბრები ჰქონდა მას სტალინსა და ორჯონიკიძესთან და სხვებთან ამ თანამდებობაზე მისი დანიშვნის შესახებ:

„ამ მიმოწერიდან ჩანს, რომ ლაკობა ბერიას არა მხოლოდ ინფორმაციას აწვდიდა, არამედ მანვე ითამაშა როლი ბერიას კანდიდატურის წამოწევაში“, - წერს ბლაუველტი.

თუმცა ლაკობას პოზიციები შესუსტდა ე.წ. კოლექტივიზაციის დაწყების შემდგომ.

1931 წელს, აფხაზეთში გუდაუთელი გლეხები კოლექტივიზაციის წინააღმდეგ აჯანყდნენ და პასუხი ნესტორ ლაკობას მოსთხოვეს: შენ მოიყვანე ეს ბოლშევიკები აქ, ისინი გვემუქრებიან და შენვე უნდა გვიშველოო!

ლაკობას კოლექციაში ინახება თბილისში გასაგზავნი ოფიციალური დეპეშის ხელით ნაწერი ვერსია, რომელშიც ლაკობა გლეხთა თავკაცებს კულაკებად, კრიმინალებად, ყაჩაღებად და რეციდივისტებად მოიხსენიებს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ მონაწილეთა უმეტესობა „მერყევ საშუალო შეძლებისა და ღარიბ გლეხობას წარმოადგენდა, რომელიც ჩაგვრის მსხვერპლია“.

ერთ-ერთი ვერსიით, რომელიც ტიმოთი ბლაუველტს გადაჭარბებულად მიაჩნია, ნესტორ ლაკობამ სტალინთან კავშირები აფხაზეთში კოლექტივიზაციის შესაჩერებლად გამოიყენა. ისტორიკოსი ამბობს, რომ რეალურად, რეჟიმმა მხოლოდ დროებით დათმო, ამბოხებული გლეხობა დაშალა, ამბოხის ყველა ლიდერი დააპატიმრა და კოლექტივიზაციის პროცესი დასახული მიზნის მიხედვით გააგრძელა.

ბერიასა და ლაკობას შორის კონფლიქტიც ამ პერიოდში იწყება.

1932 წელს, როგორც წიგნის ავტორი წერს, ბერიას ლაკობას მხარდაჭერა აღარ სჭირდებოდა. საჯაროდ კი აგრძელებდა ლაკობა ბერიას სავალდებულო ქებას, თუმცა „ორ ფიგურას შორის კულისებში ნელ ცეცხლად ღვივდებოდა დაპირისპირება, მეტოქეობა, რომელსაც, საფიქრებელია, რომ თვით სტალინი უწყობდა ხელს“.

მარცხნიდან: სერგო ორჯონიკიძე, ბუდიონი, პიატაკოვი, ნესტორ ლაკობა

საიდუმლოებით მოცული სიკვდილი

ნესტორ ლაკობას ბოლო მგზავრობა - თბილისში მივლინება იყო 1936 წლის დეკემბერში. ბერიამ ის პარტიულ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია. ისტორიას ეს ამბავი ასე შემორჩა: ბერიას რეზიდენციაში სადილობის შემდეგ, 27 დეკემბრის საღამოს, ოპერის სპექტაკლზე ლაკობა შეუძლოდ გახდა, დილით კი ის სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. მის სიკვდილზე ბევრი ვარაუდი გამოითქვა - მათ შორის ისიც, მოწამლა თუ არა იგი ბერიამ და თუ ასე მოხდა, იცოდა თუ არა ეს სტალინმა... ასე იყო თუ ისე, გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად გულის შეტევა დასახელდა.

ლაკობას ცხედარი აფხაზეთში სამგლოვიარო მატარებლით გადაასვენეს, რომელსაც კელასურის რკინიგზის სადგურში 5000 მუშა და კოლმეურნე დახვდა. ცხედარი სოხუმის სახელმწიფო თეატრში დაასვენეს და საჯარო დაკრძალვაც მოაწყვეს. ამ ცერემონიის ფოტოც არსებობს, სადაც ბერია მის კუბოსთან დგას.

ნესტორ ლაკობას დაკრძალვა

თუმცა ამ დღიდან რამდენიმე თვეში, ლაკობას ქსელის თითქმის ყველა „კლიენტი“ დააპატიმრეს. თავად ნესტორ ლაკობა სიკვდილიდან ერთ თვეში „ხალხის მტრად“ გამოაცხადეს.

ნესტორ ლაკობას ცოლისძმა, მუსტო ჯიხ-ოღლი (ჯიხაშვილი) კი თავის მემუარებში წერს, რომ საზოგადოების დამოკიდებულების ცვლაზე პირველი მინიშნება მაშინ მიიღო, როცა, მისდა გასაკვირად, დალაქმა მისი, როგორც „ხალხის მტრის“ ოჯახის წევრის მომსახურებაზე უარი თქვა.

კიდევ ერთი სასამართლო - სიკვდილის შემდეგ

ლაკობას „ბოლო სასამართლო“ - ოღონდ უკვე ნამდვილი სასამართლო პროცესით, მისი სიკვდილიდან დაახლოებით ერთ წელიწადში, 1937-ის ნოემბერში გაიმართა. ლაკობას ოჯახის 13 წევრი და ახლობელი ადამიანი დააპატიმრეს და გაასამართლეს. ასევე დააპატიმრეს და დახვრიტეს მისი ასამდე კლიენტი და გარემოცვის წევრი.

დახვრეტილთა შორის იყვნენ ლაკობას ცოლი სარია და ვაჟი რაუფი.

1930-იანი წლებიდან აფხაზეთში ლაკობას ქსელს ბერიას ქსელი ანაცვლებს და ამ მოვლენას აფხაზეთში უკვე „ბერიავშჩინას“ უწოდებენ.

რით აიხსნებოდა ის, რომ ადამიანს ჯერ საპატიოდ კრძალავდნენ, შემდეგ კი მტრად აცხადებდნენ?

საბჭოთა წარსულის მკვლევარი და ტიმოთი ბლაუველტის წიგნის რედაქტორი ირაკლი ხვადაგიანი (წიგნის რედაქტორები და თანდართული ბიოგრაფიული ცნობების ავტორები არიან ირაკლი და დათო ხვადაგიანები) განმარტავს, რომ საბჭოთა რეჟიმისთვის დამახასიათებელი იყო სიკვდილის შემდეგ ადამიანების გასამართლება და არც ლაკობა ყოფილა გამონაკლისი.

ნესტორ ლაკობას მეუღლე სარია და ვაჟი რაუფი, რომლებიც დახვრიტეს

საბჭოთა საქართველოში ასეთი სხვა არაერთი მაგალითიც არსებობდა. მაგალითად, ძველი ბოლშევიკისა და მაღალი რანგის ფუნქციონერის, სიმონ ჯუღელის შემთხვევა. ისიც, ლაკობას მსგავსად, საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა 1935 წელს - ჯერ მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს (მისი სახელი ცოტა ხნით ზესტაფონსაც კი დაარქვეს), თუმცა 1937 წელს, დიდი ტერორის დროს, ის კონტრრევოლუციური ცენტრის ერთ-ერთ ლიდერად დაასახელეს, ნეშტი კი ამოთხარეს და მისი საფლავი დღემდე უცნობია.

„ისევე, როგორც ლაკობას საფლავი, რომელიც თავიდან პომპეზურად დაკრძალეს, შემდეგ ორჯერ გადამალეს და საბოლოოდ გააქრეს“, - გვიამბობს ირაკლი ხვადაგიანი.

შინსახკომის ქართველი ოფიცრის, რაჟდენ განგიას აღიარებაში ეწერა: „მე პირადად ვმონაწილეობდი ლაკობას გადასვენებაში... მისი ნეშტი მიხეილის სასაფლაოზე გადაასვენეს და ბოტანიკურ ბაღში საფლავი გადაასწორეს“.

წიგნის ავტორი, ტიმოთი ბლაუველტი შენიშნავს, რომ დღეს, აფხაზურ ეროვნულ მეხსიერებაში, ნესტორ ლაკობა გამითიურებული პერსონაა. ხოლო მისი მმართველობის პერიოდი აფხაზებისთვის სამოთხედ არის მიჩნეული - დროდ, როცა ეს სამოთხე მათ ეკუთვნოდათ და დღემდე აქვთ განცდა, რომ ეს სამოთხე მათ ბერიას, „ბერიევშჩინას“ გამო დაკარგეს.

ტიმოთი ბლაუველტი ფიქრობს, რომ ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო რამ, რაც ამ წიგნს შეუძლია გააკეთოს, სწორედ ის არის, რომ ისტორიულ მოვლენებსა და ადამიანებს ეს მითოლოგიური საბურველი შემოაცალოს.

ასევე ნახეთ ამოწყვეტილი ოჯახი და ღამე ამოთხრილი მიცვალებული - აფხაზეთში ნესტორ ლაკობას მუზეუმს აღადგენენ