მედიის ცნობით, საექსკურსიო ჯგუფში რვა ადამიანი იყო, მათ შორის ქალები და რვა წლის ბავშვი. ტურისტების მტკიცებით, მათ დაახლოებით 30 ადამიანი დაესხა თავს, მათ შორის საექსკურსიო მანქანების მძღოლები და კაფის თანამშრომლები.
დაზარალებულთა ვერსია
ერთ-ერთი დაზარალებულის, ვადიმ ჟუკოვის თქმით, კონფლიქტი ჯერ კიდევ ექსკურსიის დროს დაიწყო. მისი მონაყოლით, მძღოლმა ჯგუფთან შეუთანხმებლად მარშრუტს დამატებითი ლოკაცია დაუმატა, შემდეგ კი თითოეული ტურისტისგან დამატებით 1000 რუბლი მოითხოვა.
მოგვიანებით ჯგუფი რიწის ტბაზე მდებარე კაფე „გროტში“ მივიდა, სადაც ტურისტებმა საკვების ხარისხი და ფასები დაიწუნეს. თუმცა, მათივე მტკიცებით, შეკვეთის საფასური სრულად გადაიხადეს.
კაფე „გროტი“ რიწის ტბასთან.
დაზარალებულთა ვერსიით, ამის შემდეგ ერთ-ერთმა მძღოლმა ჯგუფის წევრი გვერდზე გაიხმო და სახეში დაარტყა. მის დახმარებას სხვა ტურისტები შეეცადნენ, რასაც მასობრივი ჩხუბი მოჰყვა.
ტურისტების მტკიცებით, მათ ცემაში დაახლოებით 30 ადამიანი მონაწილეობდა. დაზარალებულებს ურტყამდნენ ხელ-ფეხით, სკამებითა და ჭურჭლით. მათი თქმით, მომხდარს დაახლოებით ასი ადამიანი შეესწრო.
რუსული მედია დაზარალებულებზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ ჩხუბის დროს გაისმა შეძახილი - „დახოცეთ რუსები“. ტურისტების მტკიცებით, მათი ცემა გარკვეული დროის განმავლობაში მილიციის თანამშრომლების მისვლის შემდეგაც გაგრძელდა.
მედიის ცნობით, ერთ-ერთ დაზარალებულს ყბის მოტეხილობა დაუდგინდა, სხვებმა კი ტვინის შერყევა, სისხლჩაქცევები, ნაკაწრები და ჭრილობები მიიღეს.
„ყველა ეტაპზე - პოლიციელები, ექიმები, ტაქსის მძღოლები - გვეუბნებოდნენ: „ბიჭებო, გიხაროდეთ, რომ არ მოგკლეს. აჯობებს, აქედან წახვიდეთ“, - უთხრა რუსულ მედიას ერთ-ერთმა დაზარალებულმა.
რიწის ტბა, 2021 წლის ფოტო
რას ამბობს „შსს“
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო მასობრივი ჩხუბის ფაქტს ადასტურებს, თუმცა დაზარალებულების შესახებ უფრო მწირ ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, 26 აგვისტოს მოსკოვის მკვიდრი, 1988 წელს დაბადებული მამაკაცი ოჯახის წევრებთან ერთად რიწის ტბაზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა.
ე.წ. შსს-ს ინფორმაციით, კაფე „გროტში“ მომხდარი ჩხუბის შედეგად მამაკაცმა და მისმა ძმამ დაჟეჟილობები და ტვინის შერყევა მიიღეს. კონფლიქტში მონაწილე კიდევ ერთმა რუსეთის მოქალაქემ ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა.
თავდაპირველად გავრცელებულ განცხადებაში უწყება ამბობდა, რომ მიმდინარეობდა მოკვლევა, თვითმხილველების გამოკითხვა და ჩხუბში მონაწილე პირთა ვინაობის დადგენა. რამდენიმე საათში კი ცნობილი გახდა, რომ „ინციდენტის ყველა მონაწილის ვინაობა დადგინდა, სამი ადგილობრივი მცხოვრები ჩვენების მისაცემად მილიციის განყოფილებაში გადაიყვანეს“.
ამ ეტაპზე არ გაკეთებულა განცხადება სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ან ჩხუბში მონაწილე პირების დაკავების შესახებ.
ეს პირველი შემთხვევა არ არის
ბოლო წლებში ოკუპირებულ აფხაზეთში რუს ტურისტებზე თავდასხმის რამდენიმე გახმაურებული შემთხვევა მოხდა.
აგვისტოს დასაწყისში სოხუმში, კაფე-ბარ „ნემოსთან“, ტურისტი ქალის სასტიკად ცემის ბრალდებით ადგილობრივი მცხოვრები, 36 წლის ახრა კვეკვესკირი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, კვეკვესკირს რუსი ტურისტის გაცნობა სურდა, უარის მიღების შემდეგ კი კონფლიქტი წამოიწყო და მასზე ფიზიკურად იძალადა.
ასევე ნახეთ
რუსი ტურისტი ქალის ცემის გამო ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრები დააკავეს2024 წელს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის მოქალაქეები ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის შემთხვევაში მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გააფრთხილა. გაფრთხილების მიზეზი გახდა აფხაზეთის ე.წ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც რუსი ტურისტის გაუპატიურებისა და ძარცვისთვის გასამართლებული კაცისთვის სასჯელი შეამსუბუქა და ის პატიმრობიდან გაათავისუფლა.
დე ფაქტო შსს-ს მონაცემებით, 2026 წლის მაისიდან ივლისის ჩათვლით ტურისტების წინააღმდეგ 22 დანაშაული დარეგისტრირდა, რომელთაგან 15 გახსნილია.